X

უსაფრთხოების მიმოხილვა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2020 წლის 10 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ დაამტკიცა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ამ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2019 წლის 17 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებულებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით და მასვე დაევალა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის შემუშავება ერთი წლის ვადაში.

წინა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საკმაოდ დიდი ხნის წინ, 2007 წლის 26 იანვარს, იყო დამტკიცებული სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ. 13 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება, პრინციპში, ადრე უნდა მომხდარიყო. ასეთი ხანგრძლივი პაუზა ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი სათანადოდ არ მიმდინარეობს.

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, გამოკვეთოს ძირითადი განსხვავებები სომხეთის 2007 და 2020 წლების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებს შორის და ასევე, 2020 წლის სტრატეგიაზე დაყრდნობით, შეაფასოს სომხეთის საგარეო უსაფრთხოების გარემო.


ძირითადი განსხვავებები სომხეთის 2007 და 2020 წლების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებს შორის

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვიდრე მის წინამორბედი. ამაზე განსაკუთრებით ორი გარემოება მიუთითებს:

  1. 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას წინ უძღვის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა. ამ მიმართვაში ჩამოყალიბებულია ნაციონალური ღირებულებები, ნაციონალური მიზნები და თანაარსებობის საერთო-სომხური წესები.
  2. 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დასკვნით დებულებებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფუნდამენტური მნიშვნელობა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის როლი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვის წესი. კერძოდ:
  • სომხეთის უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ყველა დარგობრივი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კომპონენტებს, გამომდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ძირითადი დებულებებიდან და ლოგიკიდან (გვ. 38);
  • სახელმწიფო მმართველობის ორგანოები ყოველწლიურად მიაწვდიან ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს სტრატეგიაში გაწერილი ეროვნული უსაფრთხოების დებულებების რეალიზაციის თაობაზე. ეს ინფორმაცია შეჯერებული ფორმით მიეწოდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს (გვ. 38);
  • სტრატეგია უნდა გადაიხედოს, სულ მცირე, 5 წელიწადში ერთხელ და ასევე, საჭიროების შემთხვევაში – თუკი ამის აუცილებლობა გაჩნდება სომხეთსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და პრიორიტეტებების ცვლილების გამო (გვ. 38);

უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას არ ახლდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირის მიმართვა. იგი გამოქვეყნდა სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის – რობერტ კოჩარიანის აპარატის უფროსის სახელით. არც მკაფიოდ გაწერილ დებულებებს შეიცავდა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის თაობაზე. მისი გამოქვეყნება  დაემთხვა რობერტ კოჩარიანის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას. 2008 წლის 19 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს სერჟ სარგსიანი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ განახლებულა. შესაბამისად, 2007 წლის 26 იანვარს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ერთგვარად გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის დოკუმენტია, რაც მის პოლიტიკურ მნიშვნელობას არ წაადგა.              

სომხეთის 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სტრუქტურა განსხვავდება 2007 წლის  დოკუმენტისგან. ასე, მაგალითად, 2007 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობოდა მთიან ყარაბაღს. რაც შეეხება 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, მასში მთიან ყარაბაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მართალია, მხოლოდ ქვეთავშია მიმოხილული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ეთმობა. პირიქით, 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების პრობლემატიკა ხაზგასმულად ერთიან კონტექსტშია მიმოხილული. 

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ მთიანი ყარაბაღის ნაცვლად, ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გამოყენებულია მისი სომხური სახელწოდება – არცახი. ამით, ხაზგასმით არის წინ წამოწეული სომხეთის პოზიცია, რომ ისტორიულად ეს რეგიონი სომხეთის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, მართალია, დიდი ყურადღება ეთმობა მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებას, მაგრამ მის სახელმწიფოებრიობაზე ნაკლებად კეთდება აქცენტი. 2007 წლის უსაფრთხოების სტრატეგიისგან განსხვავებით, მთიან ყარაბაღთან მიმართებით არც ტერმინი რესპუბლიკაა გამოყენებული.

აქედან გამომდინარე იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ  ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია პოლიტიკურად ეხმიანება 2019 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სტეპანაკერტში, მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას - „არცახი სომხეთია და მორჩა“. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ფრაზა გაიმეორა 2020 წლის 5 მაისს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა. 

2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დღეისათვის აქტუალურ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესება და ჰიბრიდული ომები, რომლებიც ამ დოკუმენტის თანახმად, „სამხედრო კომპონენტთან ერთად მოიცავს ეკონომიკურ ბერკეტებს, კიბერშეტევებს, ფეიკნიუსებსა და დეზინფორმაციას“ (გვ. 5).

2007 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისგან განსხვავებით, 2020 წლის დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ჩინეთი. კერძოდ, ნათქვამია, რომ „თანმიმდევრულად გაღრმავდება მეგობრული ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალ სხვადასხვა სფეროში ფართო და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარების მეშვეობით (გვ. 12). ჩინეთის ცალკე გამოყოფა, ერთი მხრივ, უკავშირდება ამ ქვეყნის როლის გაძლიერებას საერთაშორისო პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი – მის სულ უფრო აქტიურად შემოსვლას სამხრეთ კავკასიაში.   

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის  ქვეყნებიდან გამოყოფილია საფრანგეთი და გერმანია და ხაზგასმულია, რომ სომხეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას (გვ. 12). ამით, სავარაუდოდ, გამოხატულია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ევროპული ვექტორის გაძლიერების სურვილი. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ 2020 წლის სტრატეგიაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ეთმობა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის დოკუმენტში დსთ-ის პოზიტიური როლი ცალკე ქვეთავად იყო გამოყოფილი (გვ. 18).

ამის ერთგვარ კომპენსაციად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პოზიტიურ კონტექსტშია მოხსენიებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (გვ. 19 და გვ. 34). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება არც ამ ორგანიზაციას ეთმობა, რაც საკმაოდ საგულისხმოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს პუტინის რეჟიმი მთავარ ინტეგრაციულ პროექტად განიხილავს, რომელმაც მასში შემავალ ქვეყნებზე რუსეთის გავლენა უნდა განამტკიცოს.        


სომხეთის საგარეო უსაფრთხოების გარემო 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე დაყრდნობით

2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია იმეორებს 2007 წლის დოკუმენტის ძირითად პოსტულატებს საგარეო უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით. მთავარ საფრთხეებად დასახელებულია აზერბაიჯანი და თურქეთი. კერძოდ, ნათქვამია, რომ „აზერბაიჯანის მხრიდან ძალის გამოყენება ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში წარმოადგენს ძირითად საფრთხეს სომხეთისთვის“ (გვ. 15).

2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, „თურქეთი ატარებს არაკეთილმეზობლურ პოლიტიკას სომხეთის მიმართ, აგრძელებს მის ბლოკადას, უარს ამბობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე წინაპირობების გარეშე, უარყოფს და ზოგიერთ შემთხვევაში ამართლებს სომხების გენოციდს“ (გვ. 6). „ამავდროულად, თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული სამხედრო-პოლიტიკური დახმარება კიდევ უფრო აძლიერებს აზერბაიჯანის სურვილს სამხედრო გზით გადაჭრას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“ (გვ. 6).  

ზემოხსენებულთან დაკავშირებით საყურადღებოა ერთი ფრაგმენტი 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან, სადაც ნათქვამია, რომ  „აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში“ (გვ. 6). იგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ, როგორც ჩანს, მასში არა თურქეთი, არამედ სხვა ქვეყნები იგულისხმება, რადგან შემდეგ თურქეთზე ღია ტექსტით არის საუბარი. მართალია, ნახსენები არ არის, მაგრამ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიმწოდებელ ქვეყნებში რუსეთიც უნდა იგულისხმებოდეს, რაც ბოლო წლებში სომხეთში საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას იწვევს.         

რაც შეეხება  აზერბაიჯანსა და თურქეთს, 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საფრთხედ არიან მოხსენიებული სომხეთისათვის მოწყობილი ბლოკადისა და რეგიონალური პროგრამებიდან მისი იზოლირების მცდელობის გამო (გვ. 33).

სომხეთის მთავარ მოკავშირედ, 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, რუსეთის ფედერაცია რჩება. კერძოდ, ნათქვამია, რომ „სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მოიცავს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ეფუძნება ისტორიულ მეგობრობას ორ სახელმწიფოს შორის (გვ. 11).

რუსეთთან ერთად სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად შენარჩუნებულია აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება (გვ. 12). საყურადღებოა ასევე ისიც, რომ 2007 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მსგავსად, ახალ სტრატეგიაშიც, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის მონაწილეობის მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება ეთმობა ნატოსთან თანამშრომლობასაც (გვ. 19).

რაც შეეხება საქართველოს, ისევე, როგორც 2007 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ირანთან ერთად პოზიტიურ კონტექსტშია მოხსენიებული. კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოსთან და ირანთან ურთიერთსასარგებლო, განსაკუთრებით კეთილმეზობლური ურთიერთობების მეშვეობით სომხეთი განავითარებს ეფექტიან თანამშრომლობას ამ ქვეყნებთან სხვადასხვა მიმართულებით და ამავდროულად დაიცავს მათ გარეშე გეოპოლიტიკური გავლენებისგან (გვ. 12).         


დასკვნა

ზემოთ ნახსენები საკითხების გარდა, სომხეთის რესპუბლიკის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია  ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხსაც მოიცავს. მათ შორის ისეთებს, როგორიცაა სომხური დიასპორა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ენერგეტიკა, დემოგრაფია და სხვა.

მთლიანობაში, სომხეთის რესპუბლიკის 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მკაფიოდ ასახავს უსაფრთხოების იმ რთულ გარემოს, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია შექმნილი. იგი სომხეთისთვის კიდევ უფრო გართულებულია ორ უშუალო მეზობელთან – აზერბაიჯანსა და თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო. ეს დაძაბულობა დიდწილად გამოწვეულია ყარაბაღის კონფლიქტით, რომლის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს და ეს ობიექტური გარემოება რჩება სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირზე მოქმედ უმთავრეს ფაქტორად. შესაბამისად, რუსეთთან სტრატეგიული ალიანსი სომხეთის საგარეო პოლიტიკის ბუნებრივი არჩევანია. თუმცა, ისევე, როგორც ადრე სომხეთისთვის, პრიორიტეტულად რჩება ე.წ. კომპლემენტარიზმის პოლიტიკის ფარგლებში საგარეო ურთიერთობების გაფართოება სხვა დიდ ქვეყნებთან. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.