X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 62, 9 - 15 ნოემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

9 ნოემბრის ღამით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, 10 ნოემბრის დილის საათებში, რუსული დანაყოფები გაიგზავნა მთიან ყარაბაღში, სამშვიდობო ძალების მანდატით, რომელიც ორივე დაპირისპირებულმა მხარემ აღიარა. რუსული კონტინგენტის ოფიციალური ოდენობა 1960 ჯარისკაცს შეადგენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი უმეტესობა სირიაშია ნამსახურები. სამხედროების უმეტესობა მე-2 არმიის (შტაბ-ბინა სამარაში) მე-15 მექანიზებულ ბრიგადას (როშჩინსკი, სამარას ოლქი) მიეკუთვნება. სამშვიდობო კონტინგენტს მხარს უჭერს საარმიო ავიაცია, Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენების ჩათვლით, და უპილოტო საფრენი აპარატები. ასევე, სამშვიდობო კონტინგენტისთვის გაიგზავნა ელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემა Leer-3. 15 ნოემბრისთვის, რუსებს ყარაბაღის ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელსაც 27 სექტემბერი-9 ნოემბრის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების მიუხედავად სომხური მხარე გააკონტროლებს, განთავსებული ჰქონდათ 25 სამხედრო პოსტი. რუსულ კონტინგენტს გააჩნია ყარაბაღში დარჩენის 5-წლიანი მანდატი. ამასტან, ისინი შეიძლება დარჩნენ განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი ან მეორე მხარე 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მათ გასვლას არ მოითხოვს. ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განთავსებით, რუსეთს ახლა უკვე საკუთარი სამხედრო დანაყოფები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გააჩნია. ძალები, რომლებიც როგორც სომხეთისთვის ისე აზერბაიჯანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან არეალში განთავსდა, მოსკოვის მიერ გამოყენებული იქნება როგორც ბერკეტი ორივე სახელმწიფოზე ზეგავლენისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული რუკა, სადაც აღნიშნულია რუსული სამხედრო პოსტები ყარაბაღში

რუსული მედიის მტკიცებით, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაახლოებით 500 მებრძოლი გაიგზავნა ყარაბაღში ნოემბრის დასაწყისში, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ბოლო ეტაპზე. მედიის ცნობით, „ვაგნერის“ მებრძოლები მოქმედებდნენ ყარაბაღის ჩრდილოეთით და მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის შეტევის მოგერიებაში აღნიშნული მიმართულებით. 

რუსეთი აფრიკაში - რუსეთმა სუდანთან მიაღწია შეთანხმებას ქვეყანაში არსებული სამხედრო საზღვაო ბაზის გამოყენებაზე, წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქ პორტ-სუდანში, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია სუეცის არხსა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს შორის. შეთანხმება ითვალისწინებს კონტინგენტის ლიმიტს, რომელიც 4 სამხედრო გემსა და 300 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

ომი სირიაში - 9-15 ნოემბრის კვირაში, რუსეთის საჰაერო ძალებმა არაერთი საჰაერო იერიში განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ცნობით, 13 ნოემბერს, ხმელთაშუა ზღვაში მოქმედი რუსული სამხედრო გემიდან გაშვებულ იქნა რაკეტები ქალაქ იდლიბის დასავლეთით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისისთვის, ხმელთაშუა ზღვაში ოპერირებდნენ შემდეგი რუსული სამხედრო გემები: „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) ფრეგატი „ადმირალ ესენი“ და „ბუიან-მ” კლასის (პროექტი 21631) სარაკეტო კორვეტები „ინგუშეტია“ და „ორეხოვო-ზუიევო“.

ომი უკრაინაში - 11 ნოემბერს, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიჭრა 1 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

იაპონიის გამანადგურებლებმა, იაპონიის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს რუსულ A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

კალინინგრადთან ახლოს არსებულმა ბალტიის ფლოტის 841-ე რადიო-ელექტრონული ბრძოლის ცენტრმა, გავრცელებული ცნობით, მიიღო ახალი „დივნომორიე-ს“ ტიპის ელექტრონული ბრძოლის სიტემა.

სამხრეთის სამხედრო ოლქმა Ka-52 ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე შვეულმფრენების განახლებული მოდელების პირველი პარტიის მიღება დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი პოლკის შტატით გათვალისწინებული ოდენობის S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პარტია გადაეცა. აღნიშნული სისტემების მიწოდება წელს უკანასკნელად მოხდა.

ახალი TOS-2 ტიპის თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის პირველი ნიმუშები გადაეცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. აღნიშნული სისტემები ამ ეტაპზე ექსპერიმენტულ რეჟიმში გამოიყენება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.