X

უსაფრთხოების მიმოხილვა

რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და მისი მნიშვნელობა აფხაზური საზოგადოებისა და ოფიციალური თბილისისათვის

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

2020 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ვებგვერდებზე და არაღიარებული აფხაზეთის კუთვნილ ინტერნეტრესურსებზე გავრცელდა დოკუმენტი, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების გეგმა“. დოკუმენტი ხელმოწერილია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის მიერ. დოკუმენტი შედგება 45 პუნქტისგან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა და უძრავი ქონების საკითხი. დოკუმენტში ყველა პუნქტთან მითითებულია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყება და მისი განხორციელების სავარაუდო წლები. შეთანხმების პუნქტთა უმრავლესობა ითვალისწინებს რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. აღნიშნული დოკუმენტი არის ლოგიკური გაგრძელება 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და მის შემდგომ ხელმოწერილი ხელშეკრულებებისა. ამ ხელშეკრულებებიდან აღსანიშნავია 2014 წლის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება“, რომელიც, ბევრ სხვა პუნქტთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების რუსეთის გენშტაბის დაქვემდებარებაში გადასვლასაც ითვალისწინებს.

ზემონახსენებ დოკუმენტს აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ჟურნალისტი და გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი დადებითად უყურებს ამ შეთანხმების ფარგლებში პენსიებისა და საბიუჯეტო ხელფასების ზრდის პერსპექტივას, თუმცა სიფრთხილით ეკიდება დოკუმენტის რამდენიმე პუნქტს.

დოკუმენტი შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში გარკვეულ შიშს აღძრავს. აქედან ყველაზე მტკივნეულია უძრავი ქონების საკითხი. ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს აქვს. ამ შეზღუდვის გამო უცხოელები, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები, ვერ ახერხებენ უძრავი ქონების შეძენას ტურისტულ ადგილებში. აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობის მიღება კი საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, სადაც უპირატესობა, როგორც წესი, თურქეთისა და სირიის აფხაზურ დიასპორას და აგრეთვე ყარაჩაი-ჩერქეზეთში მცხოვრებ აბაზებს ენიჭებათ. აფხაზეთის მმართველ ელიტაში ამ სადავო საკითხის მოსაგვარებლად ცდილობენ შუალედური გზების მონახვას. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის თავმჯდომარე ნათელა აკაბა აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში წინმსწრები განვითარების ტერიტორიების შექმნის ინიციატივით გამოდის. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიებზე სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნაა განსაზღვრული, ასევე გათვალისწინებულია საცხოვრებელი აპარტამენტების აშენებაც, სადაც უძრავი ქონების შეძენა უცხოელებსაც შეეძლებათ. ამგვარი ტერიტორიების განვითარების ერთ-ერთ პოტენციურ ადგილად გულრიფშის რაიონში მდებარე ქართველებისგან დაცლილი ზღვისპირა სოფელი ვარჩა სახელდება, რომლის გასაყიდი მიწის ნაკვეთების განცხადებები აქტიურად ვრცელდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის აფხაზურ ვებგვერდებზე. უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის ნებართვის გაცემა ორ ძირითად შიშს აღძრავს აფხაზურ საზოგადოებაში, პირველი არის ეთნიკური რუსების მოსალოდნელი დემოგრაფიული ექსპანსია და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასიმილაციური პროცესების დაჩქარება. აფხაზეთის ტერიტორიაზე 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აფხაზთა რაოდენობა 124 ათას კაცს და მთლიანი მოსახლეობის 50.71%-ს აღწევდა. თუმცა, ამ ციფრების სანდოობაში დემოგრაფიის ექსპერტებს დიდი ხანია ეჭვი შეაქვთ და მიიჩნევენ, რომ აფხაზთა რეალური რაოდენობა უფრო ნაკლებია, ხოლო სომეხთა კი - უფრო მეტი. აფხაზური საზოგადოება შიშობს, რომ უძრავ ქონებაზე შეზღუდვის გაუქმებით აფხაზები შესაძლოა კვლავაც უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ამან მათი სუვერენიტეტის შემდგომ საერთაშორისო აღიარებასა და განმტკიცებას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. მეორე საკითხი, რასაც აფხაზეთში შიშობენ, არის რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველ დევნილთა დაბრუნება ან რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ უძრავი ქონების შეძენა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ინტერვიუში დასვა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველებისა და აგრეთვე მარტოხელა ეთნიკური რუსი პენსიონერების საკითხი. აფხაზები შიშობენ, რომ რუსეთის მოქალაქე ქართველები ოფიციალური მოსკოვის ზურგით ისარგებლებენ და გამოყენებული იქნებიან ზეწოლის მექანიზმად.

მეორე საკითხი, რომელსაც აფხაზეთში სიფრთხილით ეკიდებიან, არის ენერგეტიკა. ამჟამად აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება ენგურჰესიდან ხორციელდება. ვინაიდან ენგურჰესის ინფრასტრუქტურის ნაწილი განლაგებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ნაწილი კი - გალის ტერიტორიაზე, ქართული მხარე და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სიტყვიერი შეთანხმებით თანაბრად ინაწილებენ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგოგანაწილებას ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებთან დაკავშირებული კომპანია „ჩერნომორენერგო“ განაგებს. ენგურჰესიდან მიღებული ელექტროენერგია საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად მიეწოდება ადგილობრივ მოსახლეობას. ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მძვინვარებს ენერგოკრიზისი, რასაც განაპირობებს კრიპტოვალუტის მოპოვება (ე.წ. მაინინგი). მაინინგის ფართოდ გავრცელებას, თავის მხრივ, განაპირობებს ელექტროენერგიის სიიაფე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მაინინგფერმების მფლობელებად სახელისუფლებო წრეებთან და ხელშეუხებელ კლანებთან დაახლოებული პირები სახელდებიან, რის გამოც ვერ ხერხდება ამ საქმიანობის შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, დღეს აფხაზეთის მოსახლეობას დენი მიეწოდება გრაფიკით. არსებობს რისკი, რომ ღრმა ენერგოკრიზისისგან ერთადერთი გამოსავალი „ჩერნომორენერგოს“ და აფხაზეთში არსებული სხვა ენერგოობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება იქნება. გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრით აფხაზური ელიტები დაკარგავენ კონტროლს ენერგოობიექტებზე, პრივატიზაციის შემთხვევაში, სულ მცირე, ექვსჯერ გაიზრდება ელექტროენერგიის ფასი, რაც დამატებით ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

მესამე საკითხი არის ის პუნქტი, რომელიც ნებას დართავს რუსეთის მოქალაქეებს მიიღონ დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეობა. გარდა იმისა, რომ ისინი ამით უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ, მათ  ხმის მიცემის უფლებაც მიეცემათ, რითაც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედება შეეძლებათ. ყოველივე ამას შესაძლოა დაემატოს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ბიზნესინტერესების კიდევ უფრო აქტიური დაცვა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სხვადასხვა სახის კორუფციული და თაღლითური სქემა, რომლებსაც ადგილობრივ ელიტებთან დაკავშირებული კლანები და ჯგუფები მფარველობდნენ.

დაბოლოს, შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი. შეთანხმების 37-ე პუნქტის მიხედვით, გათვალისწინებულია ისეთი „მემორანდუმისა და გეგმა-გრაფიკის შედგენა, რომელიც, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციებისა და უცხოელი აგენტების რეგულირების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს“. შეთანხმების ეს პუნქტი პირდაპირ იღებს მიზანში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური დონორებისაგან ფინანსდებიან. რუსეთში ამ კანონის შემოღებამ საგრძნობლად შეაფერხა არასამთავრობო სექტორის ფუნქციონირება და დონორებთან მუშაობა. რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, პირველ რიგში, აფხაზეთში არსებულ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუქმნის საფრთხეს, რომლებსაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლელ დონორებთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. შესაძლოა აგრეთვე შეიზღუდოს აფხაზური სამოქალაქო სექტორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ გაეროს წარმომადგენლობას შორის საქმიანი კავშირები. „უცხოელ აგენტთა“ კატეგორიაში შესაძლოა მოექცნენ თურქეთიდან რეპატრირებული აფხაზების ის ნაწილი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ თურქეთის პოლიტიკურ, ბიზნეს და რელიგიურ წრეებთან და აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეწარმეო თუ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან. დაბოლოს, შეთანხმების ამ პუნქტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ-აფხაზურ სახალხო დიპლომატიას და მკაცრად შეზღუდოს აფხაზი სამოქალაქო აქტივისტების კონტაქტები ქართველ კოლეგებთან.

დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი მოიცავს საბაჟო სფეროსაც. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ხვდება დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, ხოლო გალის მუნიციპალიტეტიდან კი შედის თხილი და კონტრაბანდული სიგარეტი. აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია განიხილავენ ამ სავაჭრო-ეკონომიკური პრაქტიკის კონტროლქვეშ აყვანას. ჯერ კიდევ აფხაზეთის წინა დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა გამოდიოდა ენგურის ხიდზე საბაჟო-გამშვები პუნქტის გამართვისა და არსებული იატაკქვეშა ვაჭრობის ლეგალიზების ინიციატივით. ახალი შეთანხმების მიხედვით, ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს და მდინარე ენგურის ორივე მხარეს მყოფ მოვაჭრეებს ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი განბაჟების გადასახადის გადახდა მოუწიოთ. ყოველივე ამან, შესაძლოა გარკვეულწილად შეაფერხოს გალისა და სამეგრელოს რეგიონების მკვიდრებს შორის არსებული არაფორმალური ვაჭრობის პრაქტიკა.

ცალკე განიხილება გალის რაიონში მცხოვრები ქართველების საკითხიც. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი წნეხის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე გალის მკვიდრებისთვის აფხაზური პასპორტები გაეუქმებინა, რამაც რეგიონში მცხოვრები ქართველები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. დღესდღეობით გალის მკვიდრთა უმრავლესობა დროებითი ბინადრობის საბუთს, ე.წ. „ფორმა 9-ს“ იყენებს, რომლის გაუქმებაც, როგორც წესი, დე ფაქტო ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება რუსეთისა და აფხაზეთის საიმიგრაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ეს კიდევ უფრო გაართულებს ენგურის ხიდზე მოქალაქეთა მიმოსვლას და გალის მოსახლეობას მუდმივად დააყენებს დეპორტაციის რისკის წინაშე. საკანონმდებლო ბერკეტებთან ერთად, შესაძლოა სხვადასხვა არაფორმალური გზებითა და შეზღუდვებით წახალისდეს გალელ ქართველთა ნებაყოფლობითი მიგრაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მართალია, სამხედრო სფერო ირიბად არის მოხსენიებული რამდენიმე პუნქტში, თუმცა მოსალოდნელია აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოება, განსაკუთრებით კი, მის აღმოსავლეთ ნაწილში. ყარაბაღის ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლოა, რუსეთმა გარკვეული სახის დამატებითი ტექნიკა და ტაქტიკური ინოვაცია გამოიყენოს.

დაბოლოს, ბჟანიასა და ანქვაბის მიერ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა და მისი გარკვეული პუნქტების სისრულეში მოყვანა, პირველ რიგში, იქნება აფხაზეთის მმართველი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბის მმართველი გუნდის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ენერგოდეფიციტმა და პანდემიამ. ნაციონალისტურ და ომის ვეტერანთა წრეებში ასევე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბასა და ასლან ბჟანიას განცხადებებმა თბილისთან უპირობო დიალოგის დაწყების სურვილთან დაკავშირებით და აფხაზეთში ქართული პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტმა და ილორის მონასტრისთვის ხატის შეწირვამ. დოკუმენტის ზოგიერთი საკამათო პუნქტის აღსრულება კი შესაძლოა მმართველი გუნდის მიმართ „აფხაზეთის სუვერენიტეტის დასუსტების“ ბრალდება გააჩინოს. ამ ყველაფრის ფონზე, აფხაზეთში შემდგომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ბჟანია-ანქვაბის პოლიტიკური გუნდი კიდევ უფრო ნაკლები პოლიტიკური კაპიტალით შეხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე ძლიერი პოზიციები თბილისისადმი ხისტად განწყობილ რაულ ხაჯიმბას გუნდს აქვს, ამან შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს თბილისთან კონსტრუქციული დიალოგის ალბათობა.

ერთი სიტყვით, ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის გეგმაზომიერ და ხანგრძლივ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელიც აფხაზეთის რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში შთანთქმას ისახავს მიზნად. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, რუსეთმა განავრცო თავისი გავლენის სფეროები კავკასიის რეგიონში და სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებით მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთი ქვეყანა გაჩნდა, სადაც რუსული საჯარისო ნაწილები დგანან. ამ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია რუსეთის გაძლიერება აფხაზეთში და ბოლო დოკუმენტიც ამ ხანგრძლივი პროცესის ერთ-ერთი ნაწილია.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.