X

უსაფრთხოების მიმოხილვა

უსაფრთხოების მიმოხილვა: შავი ზღვის უსაფრთხოება

ავტორი: გიორგი სურმავა, ზურაბ ბატიაშვილი, დავით ბატაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი

წინამდებარე კრებული ეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახდა, რაც კრემლმა აქტიურად დაიწყო როგორც ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა.

რუსეთ-უკრაინის ომს მალევე მოჰყვა რუსეთის აქტიური ჩარევა სირიის კონფლიქტში, რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა, რამდენადაც სწორედ შავი ზღვის მეშვეობით უჭერდა მხარს რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს და კავშირს ამყარებდა სირიაში განთავსებულ რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზასთან.

შავ ზღვაში რუსეთის გააქტიურებამ გამოიწვია რეგიონისადმი ნატოს ინტერესის გაზრდაც. ბოლო წლებში ნატოს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ე.წ. „შავი ზღვის განზომილებას“, ანუ რეგიონთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რაც ზღვაში ნატოსა და მისი ცალკეული წევრი ქვეყნების შესაძლებლობების ზრდაში, ადგილობრივ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში, ზღვაში სამხედრო გემების ვიზიტების გახშირებასა და, ზოგადად, რუსეთის სამხედრო დომინირებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში უნდა გამოიხატოს.

შავ ზღვაში ვითარების გამწვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თურქეთისათვის. მონტროს კონვენცია თურქეთს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ეს ქვეყანა ცდილობს, ერთი მხრივ, ეს როლი შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ კი, მას არ შეიძლება არ აშფოთებდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში.

ამ ვითარებაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ? რა გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის შავი ზღვის დაბრუნება მსოფლიოს სტრატეგიულ რუკაზე?

წინამდებარე კრებულში რონდელის ფონდის ოთხი ექსპერტის მოსაზრებებია წარმოდგენილი: გენერალი გიორგი სურმავა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს მიმოიხილავს, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის მიდგომებს გაგვაცნობს, დავით ბატაშვილი რუსულ პერსპექტივაზე მსჯელობს, ხოლო ალექსი პეტრიაშვილი - დასავლეთის მიდგომასა და საქართველოს როლზე.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.