შესავალი 2021 წლის 2 ივნისს დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, თუმცა, როგორც საჯარო დოკუმენტს, მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, რომლებიც ასახავენ რუსეთის პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია რიგით მეხუთე ასეთი დოკუმენტია. პირველ დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს დაამტკიცა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბ. ელცინმა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეწოდებოდა. 2000 წლის დასაწყისში ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა ვლ. პუტინმა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. შემდგომ, უკვე 2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა პრეზიდენტმა დ. მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა ოფიციალურად „სამხრეთ ოსეთში კონფლიქტს“ მიეძღვნა. შედეგად, 2009 წლის მაისში დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 2020 წლამდე, მაგრამ ამ სტრატეგიის მოქმედება 2020 წლამდე არ გაგრძელებულა - 2015 წლის ბოლოს ჩანაცვლდა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიით, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის შემდეგ შეიმუშავეს. ამ მოვლენებმა შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რამაც ასევე დაძაბა ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც აისახა კიდეც 2015 წლის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მკაცრ ტონში დასავლეთის მიმართ. რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, მისი შემუშავება მოხდა „რუსეთის ფედერაციაში სტრატეგიული დაგეგმვის თაობაზე“ ფედერალური კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც 2014 წელს მიიღეს. ამ კანონის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება რუსეთის ფედერაციაში ყოველ 6 წელიწადში უნდა მოხდეს. სწორედ ამ კანონის 6-წლიანი პერიოდის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა უკვე ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება 2021 წლის 2 ივლისს. პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში არსებითი ცვლილები არ შესულა. როგორც არაერთი მიმომხილველი აღნიშნავს, იგი ძირითადად იმეორებს იმ თეზისებს, რომლებიც ასახული იყო ზემოთ ნახსენებ მის წინამორბედ, 2015 წლის, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. ბუნებრივია, ეს თეზისები ისე აღწერენ რეალობას, როგორც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნახსენები არ არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, მაგრამ ნახსენებია მისი ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. კერძოდ, ნათქვამია, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაღრმავება რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია (გვ. 40). ჩვენი წინამდებარე წერილის მიზანი არ არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შინაარსისა და ძირითადი დებულებების მიმოხილვა. ჩვენი მიზანია სტრატეგიის შინაარსი მივუსადაგოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო აქტივობებს, მის ხედვებს და ამოცანებს მიმდინარე ეტაპზე. ამავდროულად, ჩვენ შევეცდებით სტრატეგიის შინაარსში ყურადღება გავამახვილოთ იმ ასპექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის. რუსეთის ხედვა საერთაშორისო წესრიგის თაობაზე ახალი სტრატეგიის თანახმად, საერთაშორისო წესრიგის თაობაზე რუსეთის ხედვა უცვლელია. რუსეთში უკვე კარგა ხანია მიიჩნევენ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დამყარებული ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი დასრულდა და მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება. ეს ხედვა ასახული იყო როგორც 2015 წლის სტრატეგიაში, ისე მის წინამორბედ დოკუმენტებში. ერთადერთი განსხვავება ამ შემთხვევაში ისაა, რომ 2015 წლის სტრატეგია იყენებდა ტერმინს „პოლიცენტრული მსოფლიო“, მის წინამორბედ დოკუმენტებში კი იმავე მნიშვნელობით გამოიყენებოდა „მრავალპოლუსიანი მსოფლიო“. თუმცა, შინაარსობრივად ამ ტერმინებს იდენტური დატვირთვა ჰქონდათ. მართალია, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში არცერთი ეს ტერმინი აღარ არის ნახსენები, თუმცა იგი არაერთ ადგილას იმეორებს მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის თაობაზე რუსეთში დამკვიდრებულ ხედვას. ასე, მაგალითად, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ თანამედროვე მსოფლიო ტრანსფორმირდება, იზრდება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების რაოდენობა, ახალი გლობალური და რეგიონული ლიდერების პოზიციათა გამყარება იწვევს მსოფლიო წესრიგის ცვლილებას, ახალი არქიტექტურის, მსოფლიოს მოწყობის ახალი წესებისა და პრინციპების ფორმირებას (გვ. 3). ცხადია, რომ ახალ გლობალურ ლიდერებში რუსეთი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოიაზრებს. შესაბამისად, მის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მათ შორის საქართველოზე ექსკლუზიური გავლენის მოპოვება და მისი, როგორც გლობალური ლიდერის სტატუსის აღიარება სხვა მოთამაშეების მიერ. ის, რომ ამ საკითხში მოსკოვი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ კვლავ დასავლეთს მიიჩნევს და მკვეთრად უპირისპირდება მას, ნათლად იკვეთება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შინაარსიდან. ამასთან, ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს ისიც, რომ რუსეთი არ აპირებს არც საერთაშორისო ასპარეზზე და, მით უმეტეს, არც პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი დესტრუქციული აქტივობის შემცირებას. დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ მიმომხილველთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია კიდევ უფრო მეტად ხისტია დასავლეთის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედი დოკუმენტი იყო. ეს უკვე საყურადღებო გარემოებაა, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ ზემოთ, 2015 წელს შემუშავებული დოკუმენტი დასავლეთის მიმართ საკმაოდ ხისტი ტონით გამოირჩეოდა. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თანახმად, დასავლეთი მიჩნეულია რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ. ამასთან, რუსეთისთვის არსებული საფრთხეების დიდი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიჩნეულია რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად. კერძოდ, ნათქვამია, რომ სანქციების მეშვეობით ხორციელდება პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთსა და მის პარტნიორებზე, რათა მოპოვებულ იქნეს მათზე უპირატესობა (გვ. 5). გამეორებულია უკვე კარგა ხნის წინ დამკვიდრებული მიდგომა ნატოს მიმართ, კერძოდ, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს დასახელებულია რუსეთის მიმართ არსებულ ერთ-ერთ საფრთხედ (გვ. 12). რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახალ სტრატეგიაში აღარ არის ჩანაწერის ევროკავშირთან და აშშ-სთან რაიმე ფორმით თანამშრომლობის თაობაზე, რაც მის წინამორბედ, 2015 წლის, დოკუმენტში ჯერ კიდევ არსებობდა. კერძოდ, 2015 წლის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მხარს უჭერდა ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ასევე გამოხატავდა ინტერესს თანმხვედრი ინტერესების საფუძველზე აეგო სრულფასოვანი პარტნიორობა აშშ-სთან. ასეთი ჩანაწერების გაქრობა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიიდან არის რუსეთის მხრიდან ე.წ. წითელი ხაზების პოლიტიკის მკაფიო დემონსტრირების მცდელობა დასავლეთის წინაშე. კერძოდ, რუსეთს ამით სურს დასავლეთს აჩვენოს, რომ იგი რაიმე დათმობებზე წასვლას არც კი განიხილავს, მხარეებს შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაციის მიუხედავად. რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების კონტექსტში, 2015 წლის სტრატეგიასთან შედარებით, თვალშისაცემია კიდევ ერთი ცვლილება. ახალ სტრატეგიაში არაერთ ადგილას უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული ტრანსნაციონალური კორპორაციები. ასე, მაგალითად, ისინი დადანაშაულებული არიან სახელმწიფოს როლის შეზღუდვაში (გვ. 3), ინტერნეტის ქსელში მონოპოლიის გამყარებაში (გვ. 19), სულიერ და მორალურ, ასევე კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებზე თავდასხმაში (გვ. 37). სტრატეგიის საერთო კონტექსტიდან იკვეთება, რომ მოსკოვი ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მიიჩნევს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ მთავარ იარაღად. ამ საკითხთან მიმართებით საყურადღებოა, რომ, ზოგადად, ბოლო წლებში რუსეთში ძალიან აქტიური პროპაგანდა დაიწყო საერთაშორისო სოციალური ქსელების, მათ შორის, განსაკუთრებით, FaceBook-ის და Twitter-ის წინააღმდეგ. ამავე თემას უნდა დავუკავშიროთ ისიც, რომ ახალი სტრატეგიის თანახმად, უსაფრთხო საინფორმაციო სივრცის განვითარება და რუსული საზოგადოების დაცვა დესტრუქციული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური გავლენისგან დასახელებულია ერთ-ერთ პრიორიტეტად (გვ. 8). ხოლო უშუალოდ ინფორმაციული უსაფრთხოების ქვეთავში ნათქვამია, რომ იზრდება საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენება ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის, მათი სუვერენიტეტის მოშლისა და ტერიტორიული მთლიანობის მორღვევის მიზნით (გვ. 19). ყოველივე ზემოთ თქმული გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს, მინიმუმ, გარკვეულ საერთაშორისო სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას რუსეთის მოსახლეობისთვის. ამავდროულად, ეს ირიბად მიუთითებს, რომ პუტინის რეჟიმი ქვეყანაში არასტაბილურობის გარკვეულ რისკებს ხედავს და საზოგადოებრივი აზრის ტოტალური მართვა ამ რისკების თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია. რუსეთი, როგორც დასავლეთის ალტერნატივა დასავლეთი და ლიბერალური ღირებულებები უკვე კარგა ხანია გახდა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამიზნე. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში რუსეთს შემდეგი მიზნები აქვს:
ამ მიმართულებით რუსეთის აქტივობები ძალზე სახიფათოა, რადგან:
რამდენად შედეგიანია რუსეთის მუშაობა ამ მიმართულებით, კარგად მეტყველებს სულ ცოტა ხნის წინ, ა.წ. ივლისის დასაწყისში, საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. კერძოდ, ამ მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად ეფექტიანად მოახერხა რუსეთმა საქართველოში საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში დასავლეთის დისკრედიტაცია, მისი LGBTQ საზოგადოების ინტერესების დამცველად წარმოჩენის მეშვეობით. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა ორჯერ, ა.წ. 5 და 6 ივლისს, ჩამოხსნეს საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა, რაც დასავლეთის მიმართ მათი დამოკიდებულების ღია დემონსტრირება იყო. ეს თემა რუსეთისთვის რომ მნიშვნელოვანია, კარგად მეტყველებდა 2015 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სულიერ და მორალურ ფასეულობებს. ეს მიდგომა, ბუნებრივია, აისახებოდა რუსეთის სამოქმედო გეგმებში, სხვადასხვა, მათ შორის საქართველოს, მიმართულებით. დროთა განმავლობაში რუსეთი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება მისთვის განსაკუთრებით მომგებიანია. ამას ადასტურებს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც სულიერ და მორალურ ფასეულობებზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი კეთდება. გარდა იმისა, რომ ეს თემა გამორჩეულად ხშირად არის ნახსენები, მას ახალ სტრატეგიაში უკვე ცალკე ქვეთავი ეძღვნება (გვ. 35). კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამ ქვეთავში უკვე პირდაპირი ტექსტით ედება ბრალი აშშ-სა და მისი მოკავშირეებს სულიერი და მორალური ფასეულობების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში (გვ. 36).
დასკვნა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი გააგრძელებს ხისტი პოლიტიკის გატარებას საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გავლენის გასაზრდელად. ამ ბრძოლაში იგი თავის მოწინააღმდეგედ დასავლეთს მიიჩნევს. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე, განსაკუთრებით, რუსეთის უშუალო სამეზობლოში უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან ანტიდასავლური საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ამ საქმიანობის შედეგები უკვე ხილულია. ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პროცესები ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენა ტრადიციული ღირებულებების დამცველად და ანტიდასავლური პროპაგანდა თანდათანობით სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში. შესაბამისად იზრდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების რისკები, რაც დესტაბილიზაციის პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს. ასეთი პროცესების ინიცირების შემთხვევაში ძალზე მაღალია საქართველოს იმიჯის შელახვისა და მისი არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენის საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მოვლენების ამგვარი განვითარება ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა შეასუსტოს საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერა და ამავე დროს, გააძლიეროს დასავლეთის დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში. |