უკანასკნელ ხანებში ხშირია დისკუსია საერთაშორისო პოლიტიკაში აშშ-ის გავლენის შესაძლო შესუსტებაზე. ამის პარალელურად, ლაპარაკია განსაკუთრებით ჩინეთისა და, ასევე, რუსეთის გააქტიურებაზე და მათი გავლენის გაზრდაზე საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ქვეყნებსა და აშშ-ს შორის მზარდი დაპირისპირება ასევე გადაქცეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. ამ ფონზე ხშირია საუბარი, რომ იცვლება მსოფლიო წესრიგი და ყალიბდება მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სისტემა, რასაც მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება მოჰყვება, რაც ჩინეთისა და რუსეთის როლის გაზრდას გამოიწვევს. აშშ-ის გასვლა ავღანეთიდან მიიჩნევა იმ მასშტაბის მოვლენად, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზემონახსენებ საერთაშორისო პროცესებზე და, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებას ამ თვალსაზრისითაც იპყრობს. გარდა ამისა, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების ასპექტების კუთხით ავღანეთში შექმნილი ვითარება უშუალოდ ეხება ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელთა შორის არიან რეგიონის დიდი ქვეყნები - ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ირანი და თურქეთი, რომლებიც რეგიონულ დონეზე თუ საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამ ქვეყნების ინტერესები, მათ შორის ავღანეთთან მიმართებით, ზოგ შემთხვევაში თანმხვედრია და ზოგ შემთხვევაში კი - ურთიერთსაწინააღმდეგო. ამ ეტაპზე მეტწილად ბუნდოვანია, როგორ შეიძლება განვითარდეს თალიბების მიერ შექმნილი ავღანეთის ისლამური საემიროს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. ექსპერტები განსაკუთრებით არასახარბიელოდ აფასებენ ავღანეთ-ინდოეთისა და ავღანეთ-ირანის ურთიერთობების პერსპექტივას. თალიბანის დაბრუნება ავღანეთის სათავეში ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხითაც. ამ შემთხვევაში შეშფოთების მთავარი საგანი საერთაშორისო ტერორიზმის გააქტიურების საფრთხეა. ყოველივე ზემოთქმული ავღანეთში შექმნილი ვითარების მნიშვნელოვანი ასპექტების არასრულ ჩამონათვალია, რაც მთლიანობაში კომპლექსურ და მრავალგანზომილებიან სურათს ქმნის. რუსეთისთვისაც, შესაბამისად, ავღანეთს არ გააჩნია მხოლოდ ერთი კონკრეტული განზომილება. იგი, ერთი მხრივ, ქმნის გარკვეულ შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციისთვის, რათა მან მოახერხოს საკუთარი გავლენის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავე დროს, მოსკოვის ყურადღების მიღმა, ბუნებრივია, ვერ დარჩება ის საფრთხეებიც, რომლებიც გაზრდილია ავღანეთში შექმნილი ახალი რეალიებიდან გამომდინარე. ავღანეთის თემა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რუსეთის ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე თავის მთავარ მოწინააღმდეგედ აშშ-ს მიიჩნევს, მუდმივად ეძებს დამატებით არგუმენტებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვაშინგტონის დისკრედიტაციისთვის. ამ თვალსაზრისით, ავღანეთსა და ერაყს შორის მსგავსება ძალიან დიდია. 2003 წელს ერაყში აშშ-ის განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას და შემდგომში დაწყებულ სამხედრო მისიას ამ ქვეყანაში არ მოჰყოლია ხელშესახები შედეგები არც თავად ერაყის სტაბილურ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების და არც რეგიონული სტაბილურობის მხრივ. ამიტომაც გადაიქცა ერაყი მოსკოვისთვის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, რომლის გამოყენებითაც იგი განუწყვეტლივ ცდილობს ვაშინგტონის დისკრედიტაციას. მოსკოვი ავღანეთის თემასაც ჯერ კიდევ აშშ-ის მიერ ამ ქვეყნის დატოვებამდე კარგა ხნით ადრე აშშ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდა. თუმცა, მოსკოვის არგუმენტები ამჯერად კიდევ უფრო გაძლიერდა სხვადასხვა გარემოების გამო. ჯერ კიდევ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლამდე თალიბანმა მოახერხა პრაქტიკულად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება და შევიდა ქაბულში. ავღანეთის მთავრობა და სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად უბრძოლველად ჩამოიშალა. ამით დადასტურდა, რომ დასავლეთის მხრიდან ავღანეთში ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებისა და თავდაცვის ძლების ჩამოყალიბებისთვის გაღებული საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ძალისხმევა ფაქტობრივად ფუჭი აღმოჩნდა. აშშ-ის პრესტიჟი ასევე დააზიანა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვამ, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის სირთულეებმა და სამწუხარო ინციდენტებმა იჩინეს თავი. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამძაფრა შთაბეჭდილება მთლიანად ავღანეთის ოპერაციის კოლაფსის შესახებ და დააზარალა ბაიდენის ადმინისტრაციის იმიჯი. ამგვარად, ავღანეთი გადაიქცა კიდევ უფრო სოლიდურ არგუმენტად მოსკოვის საგარეო პოლიტიკისთვის. მათ შორის, იგი გახდა კიდევ უფრო „მსუყე თემა“ რუსული პროპაგანდისთვის, რომელიც მოსკოვის საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო ხანებში უკვე დაფიქსირდა რუსეთის გააქტიურება ავღანეთის თემით მანიპულირების მიზნით, რაშიც გამორჩეულ როლს პრორუსი ტროლები ასრულებენ. გარდა ამისა, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ მას შეუძლია პოზიტიურად იმოქმედოს ავღანეთში შექმნილი ვითარების გამო წარმოქმნილი სირთულეების დარეგულირებისა და ახალი საფრთხეების განეიტრალების მხრივ. ამას მოსკოვის პოლიტიკური ინტერესებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ავღანეთში აშშ-ის მისიის ჩავარდნის შემდეგ. გარკვეული პლაცდარმი ამისთვის უკვე არსებობს. მოსკოვი იყო ბოლო ხანებში ავღანეთთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის აქტიური მონაწილე, აშშ-სთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ავღანეთიდან გასვლის შემდეგ მოსკოვი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ აშშ-ის პოზიციები ავღანეთთან მიმართებით მთლიანობაში შესუსტდება. შესაბამისად, მისი გადასახედიდან იქმნება ხელსაყრელი წინაპირობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს თავად რუსეთის და რეგიონის სხვა დიდი ქვეყნების როლი ავღანეთის გარშემო შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. მოვლენათა ასეთი განვითარება მოსკოვისთვის მომგებიანია, ვინაიდან ეს თავსდება მის საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციაში, რომელიც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის გავლენის შემცირებას გულისხმობს და მეორე მხრივ - რეგიონალური აქტორების გავლენის გაზრდას. რუსეთის ურთიერთობები „თალიბანთან“ „თალიბანი“ 2003 წლიდან რუსეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად და, შესაბამისად, მისი საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, მოსკოვს ამ ორგანიზაციასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვს, რომელთა დამყარება ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო. 2011 წელს შეიქმნა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელზეც გამოცდილი დიპლომატი ზამირ კაბულოვი დაინიშნა. რუსეთის კავშირები თალიბანთან პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. პირველი მოიცავს ოფიციალურ კონტაქტებს „თალიბანის“ პოლიტიკურ ოფისთან, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობს. ამ ურთიერთობების ფარგლებში, 2018 წლიდან მოყოლებული გაიმართა „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი მოსკოვში. ბოლო ვიზიტი ამა წლის ივლისის დასაწყისში ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში „თალიბანის“ დელეგაციამ შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. მათ ასევე პირველად მიეცათ პრესკონფერენციის მოწყობის შესაძლებლობა. ასეთი ქმედებებით მოსკოვი მიზანმიმართულად უწყობდა ხელს „თალიბანის“ ლეგიტიმაციას და ცდილობდა მასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მოსკოვის კავშირი „თალიბანთან“, ცხადია, მხოლოდ ზემოხსენებული ოფიციალური ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა. როგორც ჩანს, უკვე კარგა ხანია დამყარდა პირდაპირი კავშირები ორგანიზაცია „თალიბანის“ იმ ნაწილთან, რომელიც უშუალოდ ავღანეთის ტერიტორიაზე საქმიანობდა და სამხედრო ოპერაციებს ატარებდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. პირველად ამის თაობაზე 2018 წლის მარტში ისაუბრა აშშ-ის არმიის გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, რომელმაც რუსეთი ღიად დაადანაშაულა ავღანეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა ასევე 2020 წლის ივნისშიც, რომლის თანახმადაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა გასული იყო კავშირზე „თალიბანთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც კოალიციის ძალების განადგურების სანაცვლოდ სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. „თალიბანთან“ სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო არხების არსებობას რუსეთის ოფიციალური პირებიც არ უარყოფენ. ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ზამირ კაბულოვის განცხადებით, მოსკოვმა ურთიერთობების დამყარება „თალიბანთან“ შვიდი წლის წინ დაიწყო. ზემოხსენებული კონტაქტების წყალობით, რუსეთი ამ ეტაპზე საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს თავს, რაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ იგი ჩინეთთან ერთად არის იმ მცირე ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც არ განუხორციელებიათ საკუთარი საელჩოების ევაკუაცია ქაბულიდან, რადგან უსაფრთხოების მყარი გარანტიები უშუალოდ „თალიბანისგან“ მიიღეს. „თალიბანთან“ მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რუსი ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი არ იჩქარებს ამ ორგანიზაციის აღიარებას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი დაელოდება „თალიბანის“ მიერ შექმნილი მთავრობის პირველ ნაბიჯებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ავღანეთში და რას გადაწყვეტენ სხვა გავლენიანი საერთაშორისო აქტორები. შესაბამისად, „თალიბანთან“ კავშირების მიუხედავად, მოსკოვს არ სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, რათა საკუთარ იმიჯი არ დააზიანოს. უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთს ავღანეთთან მიმართებით, ცხადია, უსაფრთხოების გამოწვევებიც აქვს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ტერორისტული საფრთხის შესაძლო გააქტიურებას. კერძოდ, მოსკოვი შიშობს, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარების გამო იქაურობა შესაძლოა გახდეს სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის თავშესაფარი. მათ შორის, მოსკოვი განსაკუთრებულ საფრთხეს „ისლამური სახელმწიფოში“ ხედავს. „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელთა ბოლო ვიზიტისას ოფიციალურმა მოსკოვმა, როგორც ჩანს, მიიღო დამატებითი გარანტიები, რომ „თალიბანი“ არ დაუშვებს „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას ავღანეთის ტერიტორიაზე. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შესწევს „თალიბანს“ იმის უნარი, რომ ეს პირობა შეასრულოს. ამ ორგანიზაციას აშკარად არ გააჩნია იმის რესურსი და გამოცდილება, რომ ეფექტიანად მართოს ქვეყანა და შექმნას ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ან/და სხვა ორგანიზაციის რიგებში შედიან, გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და ნაკლებად დაექვემდებარებიან „თალიბანის“ კონტროლს. გარდა ამისა, უშუალოდ თალიბანიც არ წარმოადგენს ერთიან, მონოლითურ ორგანიზაციას. მის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფებაა, რომელთა ნაწილი შედარებით უფრო რადიკალური პოზიციით გამოირჩევა. ასეთ დაჯგუფებებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების საკმაოდ სერიოზული პოტენციალი აქვთ. უსაფრთხოების კიდევ ერთ გამოწვევას რუსეთისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიაზე ავღანეთიდან სხვადასხვა დაჯგუფების შემოღწევა წარმოადგენს. რუსი ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ასეთი რისკები ყველაზე უფრო მაღალია ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. ორივე ეს ქვეყანა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან და შესაბამისად, რუსეთს მათ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. შესაბამისად, ივლის-აგვისტოს თვეებში, ავღანეთში სიტუაციის გამწვავების პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. მათ შორის, გაიზარდა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზების საბრძოლო მზადყოფნაც. რუსეთის ქმედებები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ბოლო პერიოდში რეგიონში რამდენიმე სამხედრო სწავლება ჩატარდა, რომელთა საბრძოლო ამოცანას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განადგურება წარმოადგენდა. ამავე დროს, ყურადღება დაეთმო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ტაჯიკეთ-ავღანეთის მონაკვეთზე, რომელიც, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების სასაზღვრო მონაკვეთებისგან განსხვავებით, შედარებით დაუცველია. ამასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას, რათა არ მოხდეს ექსტრემისტული დაჯგუფებების შეღწევა და მათი საქმიანობის გააქტიურება ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში.
დასკვნა ავღანეთში ახალი რეალობის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გამო რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში და რა გავლენას მოახდენს რეგიონულ თუ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ხელისუფლების დაბრუნება პოტენციურად უფრო ზიანის მომტანი მოვლენაა უსაფრთხოებისთვის, ვიდრე პირიქით. რუსეთი ამ ეტაპზე საკმაოდ თავდაჯერებულია, რადგან, ერთი მხრივ, მჭიდრო კონტაქტები აქვს „თალიბანთან“, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის და რუსეთის პოზიციათა თანხვედრა ამ საკითხში, რადგან ჩინეთის როლი როგორც მთლიანად რეგიონში, ისე ავღანეთთან მიმართებით საკმაოდ სერიოზულია. აშშ-ის გასვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩინეთი შეეცდება კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი გავლენა რეგიონში. ამისთვის იგი დაიწყებს ავღანეთში სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის განხორციელებას. მათ შორის, ავღანეთს მოაქცევს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში. ჩინეთისგან განსხვავებით, რეგიონულ ჭრილში რუსეთისთვის ავღანეთი უსაფრთხოების კუთხით არის მნიშვნელოვანი. თავდაჯერების მიუხედავად, მოსკოვშიც კარგად აცნობიერებენ უსაფრთხოების რისკების გაზრდას. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაატაროს თანმიმდევრული პოლიტიკა, რათა რეგიონალურ დონეზე არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გააქტიურების შედეგად შეამციროს ზემოთ ხსენებული უსაფრთხოების რისკები. |