X

უსაფრთხოების მიმოხილვა

თურქეთისა და ირანის ინტერესები ავღანეთში: საფრთხეები და გამოწვევები

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2021 წლის ზაფხულში, აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის ფონზე, სწრაფად შეიცვალა ძალთა ბალანსი ქვეყანაში და უკვე 15 აგვისტოს თალიბანმა, თითქმის უბრძოლველად, შეძლო დედაქალაქ ქაბულის დაკავება.

7 სექტემბერს თალიბანმა ჩამოაყალიბა ახალი „მთავრობა“, რომელიც იხელმძღვანელებს შარიათის კანონებით. თალიბებმა დასახელება შეუცვალეს ქვეყანასაც, მათი განცხადებით, ამიერიდან ავღანეთს ეწოდება „ავღანეთის ისლამური საემირო.“ ახალ მთავრობაში არ არიან ქალები და შიიტური უმცირესობის წარმომადგენლები. ჯერ კიდევ არასრულად დაკომპლექტებული „მთავრობის“ 33 წევრიდან მხოლოდ სამი ეკუთვნის ეთნიკურ უმცირესობებს.           

FBI-ის მიერ ძებნილი სირაჯუდინ ჰაქანი

საინტერესოა, რომ ქვეყნის ოთხი ახალი „მინისტრი“ გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია, სადაც ისინი სასჯელს ტერორიზმის ორგანიზების ბრალდებით იხდიდნენ. FBI-ის მიერ კი ამავე ბრალდებით ახლაც იძებნება ავღანეთის ახალი „მთავრობის“ „შინაგან საქმეთა მინისტრი“ სირაჯუდინ ჰაქანი. მასზე 5 მილიონი აშშ დოლარის ჯილდოა დაწესებული.

ავღანეთში უკვე შეიქმნა ჰუმანიტარული კატასტროფისა (იწურება სურსათი) და არასტაბილურობის (შიდა დაპირისპირება) საფრთხე. ათეულ ათასობით ავღანელი ტოვებს საკუთარ სახლს. ბევრი მათგანი ირანისა და თურქეთისკენ მიემართება. ეს კი არაერთ საფრთხესა და გამოწვევას უქმნის ამ ქვეყნებს, მით უმეტეს, რომ მათ საკუთარი ინტერესებიც აქვთ ავღანეთში.

 

თურქეთის ინტერესები, საფრთხეები და გამოწვევები

მას შემდეგ, რაც თურქეთმა აქტიური და ამბიციური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო, მისი ინტერესის სფეროში მოექცა არა მხოლოდ უშუალო სამეზობლო, არამედ ავღანეთიც.

უპირველეს ყოვლისა, ანკარა დაინტერესებულია ავღანეთში სტაბილური სიტუაციის შექმნით, რათა თავიდან აიცილოს ლტოლვილთა ახალი ნაკადების ქვეყანაში შედინება.

თურქეთში დღემდე მილიონობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების წინაშე მდგომ ქვეყანას არაერთ დამატებით პრობლემას უქმნიან (მათი შენახვა  სახელმწიფოს უკვე 40 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა; გააქტიურდა კრიმინალი, ტრეფიკინგი და ნარკოტრეფიკი; გახშირდა არალეგალური დასაქმება, რის გამოც თურქეთის მოქალაქეები სამუშაო ადგილებს კარგავენ; გაძლიერდა ნაციონალისტური და ანტისახელისუფლებო განწყობები; საზოგადოებაში ფეხს იკიდებს რადიკალური რელიგიური მიმართულებები; იმატა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვის შემთხვევებმა;  ბევრ რეგიონში შეიცვალა დემოგრაფიული სურათი და ა.შ.).

სირიელების გარდა, თურქეთში 200 000-დან 600 000-მდე ავღანელი ლტოლვილიც ცხოვრობს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ლტოლვილთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე. ფაქტია ისიც, რომ ავღანეთში თალიბანის მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების პარალელურად, თურქეთში   ავღანელი ლტოლვილების რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა. ბოლო ხანებში, ყოველდღიურად 500-დან 2000-მდე ლტოლვილი არალეგალურად კვეთს ირან-თურქეთის საზღვარს.

მხოლოდ ერთ დღეში თურქეთში დაკავებული 300 არალეგალი ავღანელი ლტოლვილი, რომლებიც სატვირთო მანქანით გადაჰყავდათ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთის მიმართულებით.

მართალია, ბევრი ავღანელისთვის საბოლოო მიზანი ევროპაში ჩაღწევაა, მაგრამ, ბუნებრივია, მათი უმეტესობა ამას ვერ ახერხებს და შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე ცდილობს დამკვიდრებას. აქ კი იგივე პრობლემები იჩენს თავს, რაც სირიელ ლტოლვილებზე საუბრისას ვახსენეთ.

მართალია, ანკარამ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ირან-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ე.წ. „უსაფრთხოების კედლის“ მშენებლობა დაიწყო და  სასაზღვრო დაცვის პირადი შემადგენლობაც გააძლიერა, მაგრამ როგორც წინა წლებში თურქეთ-სირიის საზღვარზე აგებული კედლის მაგალითმა დაგვანახა, ეს მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს პრობლემას. როგორც წესი, საზღვრის კვეთის მცდელობის აღკვეთის შემდეგ, მალევე ჩნდება  დაბრკოლების გადალახვის არაერთი ალტერნატიული გზა (კიბეები, გვირაბები, მესაზღვრეების მოსყიდვა და ა.შ.) ანუ, საერთო ჯამში, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.

 

ე.წ. „უსაფრთხოების კედლის“ მშენებლობა თურქეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ

მოსალოდნელია, რომ ავღანეთში არასტაბილურობისა და ეკონომიკური სირთულეების გახანგრძლივების შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი დატოვებს 40 მილიონიან ავღანეთს (შედარებისთვის, 2000 წელს ავღანეთის მოსახლეობა მხოლოდ 20 მილიონი იყო, ანუ ბოლო ოც წელიწადში დემოგრაფიული აფეთქების შედეგად ქვეყნის მოსახლეობა გაორმაგდა, რაც ზრდის პოტენციური ლტოლვილების რაოდენობას), რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე – ევროპას.

ევროკავშირმა გაითვალისწინა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების პერსპექტივა და  თურქეთის ხელისუფლებას მიანიშნა, რომ იმ პირობით გაუწევს მატერიალურ დახმარებას, თუ ავღანელი ლტოლვილები თურქეთის ტერიტორიაზე დარჩებიან და არ მიეცემათ ევროპაში გადასვლის საშუალება (2016 წელს ასეთივე პირობით გაფორმდა ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმება სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ).

თუმცა, თურქეთში ძლიერია ანტიმიგრაციული განწყობები. ბევრ მოქალაქეს მიაჩნია, რომ მიგრანტები სამუშაო ადგილებს ართმევენ მათ. ამიტომ 2023 წლის არჩევნების მოახლოების ფონზე თურქეთის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ისინი აღარ მიიღებენ ახალ ლტოლვილებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ანკარას ავღანეთთან მიმართებაში აინტერესებს, თურქული მხარის მიერ ქაბულის აეროპორტის შესაძლო ოპერირების თემაა.

ჯერ კიდევ 2021 წლის 14 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში  ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრისას, თურქულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, საკუთარი შეიარაღებული ძალებით უზრუნველეყო  ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება.

ქაბულის აეროპორტის გაკონტროლების შემთხვევაში, თურქეთის ხელთ აღმოჩნდებოდა ავღანეთის და მისი ხელისუფლების გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საჰაერო გზა, რაც ანკარისათვის სერიოზული ბერკეტი იქნებოდა გავლენის გასაძლიერებლად.

ამავე დროს, ანკარას ქაბულის აეროპორტზე კონტროლის დაწესებით სურს „საჭირო“ პარტნიორი გახდეს ვაშინგტონისთვის, რომელთანაც ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემა დაუგროვდა (ანკარის მიერ რუსული წარმოების S-400-ების შეძენა და ამის გამო ვაშინგტონის მიერ შემოღებული სანქციები, ვაშინგტონის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება, განსხვავებული მიდგომები სირიის, ირანის, ისრაელის საკითხების მიმართ და ა.შ.). ეს შესაძლებლობა კი გარკვეულ დადებით იმპულსს შეიტანდა ორმხრივ ურთიერთობებში.

თალიბანი, პირველ ეტაპზე, თურქეთის მიერ ქაბულის აეროპორტის გაკონტროლების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, სექტემბრის დასაწყისში ამ ორგანიზაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ თურქეთისა  და კატარის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქაბულის აეროპორტმა განაახლოს მუშაობა. ეს ბუნებრივიცაა, თალიბანს სჭირდება კავშირი გარესამყაროსთან, მაგრამ, მას აეროპორტის ოპერირებისთვის აუცილებელი ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია და ამ საქმეში უცხოური დახმარება ესაჭიროება.

უფრო მეტიც, გამოცემა Middle East Eye-ის მონაცემებით, თურქული ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა. თურქი სპეციალისტები პირველ სექტემბერს ჩავიდნენ ქაბულის აეროპორტში და უკვე შეუდგნენ მუშაობას. იმავე გამოცემის ინფორმაციით, მათ უსაფრთხოებას თურქული უსაფრთხოების ჯგუფი  დაიცავს.

შექმნილ სიტუაციაში თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ ანკარის ამბიცია, გააკონტროლოს ქაბულის აეროპორტი, სერიოზულ საფრთხეებსა და რისკებს შეიცავს.

უმთავრესი რისკი კი უსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება. 2021 წლის 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულ დაჯგუფება IS-K-ის მიერ მოწყობილი ტერაქტები ადასტურებს, რომ ავღანეთში შექმნილია სერიოზული სახელისუფლებო ვაკუუმი, რითაც ადვილად სარგებლობენ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფები, რომელთა სამიზნე უცხოელი სამხედროები არიან (ამ ტერაქტს 170-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა).

აეროპორტი, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ ის ადვილად ხელმისაწვდომია ტერორისტებისთვის. საფრთხის გაუვნებელყოფა კი მხოლოდ 4,6- მილიონიანი ქალაქის სრული კონტროლის შემთხვევაშია შესაძლებელი, რისი საშუალებაც თურქეთს არ გააჩნია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტიც. თურქეთს პრაგმატული თანამშრომლობა აკავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, ინდოეთთან, საუდის არაბეთთან და პაკისტანთან. ეს ქვეყნები ღიად არ შეწინააღმდეგებიან თურქეთის ზემოხსენებულ სურვილს. თუმცა, ცხადია, რომ მათი ნაწილი უკმაყოფილო იქნება რეგიონში თურქეთის პოზიციების გაძლიერების პერსპექტივით.    

გასათვალისწინებელია ლოგისტიკური საკითხებიც. ანკარიდან ქაბულამდე მანძილი 2690 კმ-ია. საგანგებო ვითარებაში, რომელშიც ავღანეთში მყოფი თურქული სამხედრო კონტინგენტი შეიძლება აღმოჩნდეს, ამ მანძილის დაფარვა რამდენიმე საათშია შესაძლებელი. თუმცა, არავინ იცის, რა პოზიციას დაიკავებს ორ ქვეყანას შორის მდებარე ირანი. თუ თეირანი თავის საჰაერო სივრცეს არ გაუხსნის თურქეთს, მისთვის ქაბულის აეროპორტამდე მიღწევა ფინანსურად გაცილებით უფრო ხარჯიანი და დროში გაწელილი იქნება.

ვინაიდან ქაბულის აეროპორტის კონტროლის მისია საკმაოდ სერიოზულ რისკებს შეიცავს, გაჩნდა მოსაზრება, რომ თურქეთმა ავღანეთში გასაგზავნად  სირიის ჯიჰადისტური ოპოზიციის მებრძოლები გამოიყენოს, ისევე, როგორც ეს  ლიბიის შემთხვევაში გააკეთა. თუმცა, საკითხის ასეთ გადაწყვეტას, შესაძლოა უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

 

ირანის ინტერესები, საფრთხეები და გამოწვევები

თეირანში ყოველთვის ყურადღებით ადევნებენ თვალს მეზობელ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებს. ირანის სასიცოცხლო ინტერესებშია როგორც ავღანეთში მცხოვრები რამდენიმემილიონიანი შიიტური უმცირესობის (ძირითადად ეთნიკური ხაზარების) უფლებების დაცვა, რომელსაც სუნიტური თალიბანი ხშირად ავიწროებს, ისე სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება-გაღრმავება. ირანი ავღანეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია მკაცრი ეკონომიკური სანქციებით შეზღუდული ირანისთვის.

ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან ნებისმიერი არეულობა თითქმის ავტომატურად იწვევს როგორც ლტოლვილთა ახალი ნაკადის დაძვრას ირანისკენ, ისე ორმხრივი ვაჭრობის შემცირებას.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის პარალელურად ირანმა ავღანეთის საზღვარზე, რომლის საერთო სიგრძე 945 კმ-ია, დამატებითი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. თუმცა, ამას დიდად არ შეუფერხებია ავღანელი ლტოლვილები.

ირანში უკვე ცხოვრობს 3 მილიონზე მეტი ავღანელი მიგრანტი, რომელთა რჩენაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია, რადგან სანქციების ფონზე, ირანის  ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. ეკონომიკური პრობლემები კი, როგორც წინა წლების გამოცდილებაც გვიჩვენებს, არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური საპროტესტო გამოსვლების მიზეზი.

თეირანში იმაზეც წუხან, რომ სავარაუდოდ,  მოიმატებს ქვეყანაში ავღანური ოპიუმის შედინება, რაც თალიბანის შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო წლების განმავლობაში და რისი მოყვანაც ავღანელებმა შესაძლოა გაზარდონ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე. საგულისხმო ფაქტია, რომ თეირანის მიერ გატარებული მკაცრი ზომების მიუხედავად, ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების რაოდენობით.

ავღანეთის რელიგიური ჯგუფების ამსახველი რუკა. მუქი მწვანე ფერით აღნიშნულია შიიტებით დასახლებული ტერიტორიები

ავღანეთის სტაბილურობა ყოველთვის იყო თეირანის პრიორიტეტი. ეს კარგად ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ ერაყისა და სირიისგან განსხვავებით, პროირანულ ძალებს არასოდეს მიუტანიათ იერიში ავღანეთში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

აღსანიშნავია, რომ ირანი თვალყურს ადევნებდა თალიბანის გაძლიერებას ავღანეთში და ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში შეეცადა მასთან მოლაპარაკებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 7-8 ივლისს უმასპინძლა ავღანეთის მაშინდელი მთავრობისა და თალიბანის დელეგაციებს იმ მიზნით, რომ შეემზადებინა ნიადაგი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, ამ შეხვედრას რეალური შედეგები არ მოჰყოლია.

სექტემბერში კი უკვე გამოიკვეთა, რომ თეირანისა და თალიბანის გზები საგრძნობლად დაშორდა ერთმანეთს. ირანი საკმაოდ გაღიზიანდა ავღანეთში სუნიტური პაკისტანის პოზიციების გაძლიერებით, რაც ყველაზე ნათლად გამოიხატა ახალი „მთავრობის“ დაკომპლექტების პროცესში შიიტების ჩართვაზე უარის თქმით. ამ ფაქტისა და დაუმორჩილებელ ფანჯშირის ხეობაზე განხორციელებულ შეტევაში პაკისტანის მონაწილეობის გამო უკმაყოფილება უკვე გამოთქვა ოფიციალურმა თეირანმა.

ურთიერთობების გაუარესების პირობებში, ირანის მხრიდან გარკვეული სამხედრო ჩარევაც არ არის გამორიცხული. ოღონდ ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პრიორიტეტული იქნება არა პირდაპირი სამხედრო ჩარევა, არამედ ბრძოლა ე.წ. Proxy-ების (ადგილზე საკუთარი მომხრეები) საშუალებით. ასეთ ძალებს თეირანი იყენებს სირიაში, სადაც მისი პოზიციების გასაძლიერებლად აქტიურად იბრძვიან ირანში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილებით დაკომპლექტებული შენაერთები. ავღანეთში მსგავსი სამხედრო ჩარევის შესახებ მინიშნებები უკვე გაჩნდა თეირანის პროსახელისუფლებო მედიაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირანი ავღანეთში წინა ომების დროსაც იყენებდა ასეთ ტაქტიკას.

 

დასკვნები  

  • ავღანეთში ადგილობრივ და გარე ძალთა ინტერესთა ჭიდილის ფონზე არ არსებობს მხარეთა ფართო თანხმობა თითქმის არცერთ საკითხზე. ეს კი ძნელად პროგნოზირებად სიტუაციას ქმნის, რაც  კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობის წინაპირობაა. ასეთი მდგომარეობა კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეებსა და გამოწვევებს როგორც ავღანეთისთვის, ისე – მეზობელი ქვეყნებისთვის;
  • ცხადია, რომ ავღანეთი მალე ვერ დასტაბილურდება და ეს პროცესი დროში გაიწელება,  რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის მიგრაციის საფრთხეს ქმნის;
  • ავღანელი ლტოლვილების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება როგორც თურქეთისა და ირანისთვის, ისე – ევროპისთვის;
  • ლტოლვილების შედინების შემთხვევაში, ამ ქვეყნებში მოიმატებს პრობლემები,  მათ შორის, მოსალოდნელია, რომ გაძლიერდება კრიმინალი, ტრეფიკინგი, ნარკოტრეფიკი, არალეგალური დასაქმება, ნაციონალისტური და ანტისახელისუფლებო განწყობები, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა, საზოგადოებაში რადიკალური რელიგიური განწყობები და ა.შ.;
  • ირანსა და თურქეთს გააჩნიათ საკუთარი ინტერესები ავღანეთში და ისინი შეეცდებიან ამ ინტერესების (მათ შორის, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე თალიბანთან გარიგების საშუალებითაც) მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. თუმცა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ვითარება იქნება საკუთრივ ავღანეთში;
  • შესაძლოა, უახლოეს ხანში ვიხილოთ ავღანეთის თემატიკით დაინტერესებული ქვეყნების ახალი გადაჯგუფება. ამ ეტაპზე კი იკვეთება, ერთი მხრივ, ირან-ინდოეთ-ტაჯიკეთის (შესაძლოა რუსეთის) ალიანსი, მეორე მხრივ კი – თალიბან-პაკისტან-ჩინეთ-თურქეთ-კატარის დაჯგუფების კონტურები (თუმცა, ეს კონფიგურაცია  მომავალში შეიძლება შეიცვალოს კიდეც);
  • ამ ეტაპზე საქართველო არ არის დასავლეთისკენ (ირანი-თურქეთი-ევროპა) დაძრული ავღანელი ლტოლვილებისთვის პრიორიტეტული ქვეყანა. თუმცა, თუ მათთვის არასასურველი სიტუაცია შეიქმნება თურქეთსა და ირანში, მაშინ ერთ-ერთ მიმართულებად შესაძლოა, საქართველოც განიხილებოდეს;
  • ასევე, შესაძლებელია პრობლემატური გახდეს რადიკალური რელიგიური განწყობებისა და იდეოლოგიის გაძლიერება. როგორც სირიის შემთხვევამ აჩვენა, ამ თემებს საქართველოშიც აქვს გააქტიურების პოტენციალი;

მოსალოდნელია, რომ ავღანეთში თალიბანის პოზიციების გაძლიერების პარალელურად, გაძლიერდება საერთაშორისო ნარკოტრეფიკი და ეს პრობლემა აქტუალური გახდება არა მხოლოდ მისი უშუალო მეზობლებისთვის, არამედ შედარებით მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.