პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა სურთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

ბოლო პერიოდში ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ხშირად ახსენებენ ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების ფაქტორს (მაგრამ, ძირითადად, დეტალების გარეშე). ვინ არიან ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები და რა განწყობები აქვთ?

ირანის ეთნოკონფესიური რუკა

ირანში აზერბაიჯანელები ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი რაოდენობა ამ ქვეყანაში დაახლოებით 20 მილიონია (ეს მაშინ, როცა თავად აზერბაიჯანში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს). ისინი ამავე დროს ყველაზე კარგად ინტეგრირებული ჯგუფია ამ სახელმწიფოში, რისი ყველაზე ნათელი მაგალითიც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია (რამდენადაც ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, სულიერი ლიდერი ქვეყნის პირველი პირია), რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანელები მრავლად არიან წარმოდგენილი ირანის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

ასე იყო ისტორიულადაც. 1925 წლამდე ქვეყანას სწორედ აზერბაიჯანული წარმოშობის დინასტიები მართავდნენ და ზოგადად, ირანელი აზერბაიჯანელები სპარსული კულტურის დიდ გავლენას განიცდიან.

აზერბაიჯანელები, სპარსელების მსგავსად, შიიტები არიან, რაც თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლები ირანში სპარსულ ენაზეა და ეს ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს ინტეგრაციის პროცესში.

მეორე მხრივ, ბოლო წლებში ირანში აშკარად შეიმჩნევა აზერბაიჯანულ-თურქული თვითშეგნების (რამდენადაც მათ საერთო ენა აკავშირებთ ერთმანეთთან, ნაციონალისტური ნარატივიც ერთმანეთის მსგავსია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა შესამჩნევი) „გამოღვიძება“, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნის ფაქტებმა, ისე თურქულმა სატელევიზიო არხებმა, რომელთა ყურების საშუალებაც სატელიტური მაუწყებლობითაა შესაძლებელი.  

აზერბაიჯანულ-თურქული იდენტობის „გამოღვიძების“ საკითხში სპორტიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია ქალაქ თავრიზის საფეხბურთო კლუბ „ტრაქტორის“ მატჩებზე (განსაკუთრებით, თუ ისინი თეირანის გუნდებს ხვდებიან), სადაც ხშირად ისმის ხოლმე შეძახილები - „Tebriz, Bakı, Ankara“, რაც აშკარად პოლიტიკური შეფერილობის მატარებელია.

საფეხბურთო კლუბ „ტრაქტორის“ მხარდამჭერები თავრიზის სტადიონზე

ასეთი შეძახილები ისმოდა ყარაბაღის მეორე ომის დროს თავრიზის ქუჩებში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად ჩატარებული აქციებისას. ისინი ასევე შეეცადნენ ხელი შეეშალათ ირანის გავლით რუსული სამხედრო ტექნიკის სომხეთში ტრანსპორტირებისთვისაც.

ამჟამად ეს „გამოღვიძება“, ძირითადად, საგანმანათლებლო მოთხოვნებით შემოიფარგლება (უფრო მეტად მოითხოვენ განათლების უფლებას მშობლიურ ენაზე) და მას არ აქვს გამოკვეთილი სეპარატისტული მოძრაობის ხასიათი.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალზე სწრაფად ვითარდება ხოლმე პოლიტიკური პროცესები.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.