X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რატომაა მნიშვნელოვანი ბაიდენ-ერდოღანის რომში გამართული შეხვედრა?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

ბოლო წლების განმავლობაში თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში არაერთი პრობლემა დაგროვდა. სიტუაცია კი განსაკუთრებით დაიძაბა ოქტომბრის ბოლოს, როდესაც თურქეთი ძალზე ახლოს იყო 10 დასავლელი (მათ შორის, აშშ-ს) ელჩის ქვეყნიდან გაძევებასთან. გაუფასურებული ლირის ფონზე სირთულეებია თურქეთის ეკონომიკაშიც.

ამ ყველაფრის ფონზე, 31 ოქტომბერს G-20-ის სამიტის ფარგლებში, რომში გამართული აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა რომში

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო თურქეთის მიერ აშშ-ისგან ამერიკული F-16 სამხედრო თვითმფრინავების შესაძლო შეძენა, რადგან მას შემდეგ, რაც აშშ-მ  თურქეთის F-35-ები პროგრამიდან ამოიღო, ანკარის სასიცოცხლო ინტერესებშია მის ხელთ არსებული 80 ერთეული F-16-ის განახლება, ასევე ამ გამანადგურებლის ახალი ვარიაციის (40 ერთეული) შეძენა.

სამხედრო თვითმფრინავები F-16

ერდოღანის შეფასებით, ამ საკითხს ბაიდენი დადებითად მიუდგა. თუმცა, ამავე დროს ცნობილია, რომ ამერიკის კონგრესში ამ თემას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მათი თანხმობის გარეშე საკითხი თურქეთის სასარგებლოდ ვერ გადაწყდება.

ეჭვებს აძლიერებს შეხვედრის შემდეგ ამერიკული მხარის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა ერდოღანთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400-ების შეძენის გამო (თავის დროზე ეს იყო თურქეთის უახლესი F-35-ების პროგრამიდან ამოღების მიზეზი). ამავე განცხადების მიხედვით, ბაიდენმა ისაუბრა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თემებზე (ამ საკითხებზე მხარეებს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მიდგომები აქვთ).

საინტერესოა, რომ თურქულმა მხარემ აღნიშნულ შეხვედრაზე 3+3-ის საკითხიც დააყენა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა უპასუხა მას ბაიდენმა (ამერიკული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისაუბრეს „დიპლომატიურ მცდელობებზე სამხრეთ კავკასიაში“), თუმცა ამერიკელების ადრე გაკეთებული განცხადებით ვიცით, რომ ისინი ამ ინიციატივას არ ემხრობიან.

ერდოღანმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს „მცირედად უარყოფითი დამოკიდებულება“ აქვს. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის, სირიისა და ლიბიის პრობლემატიკაზე, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილ სიტუაციაზე.

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მხარეები საგარეო უწყებების ხელმძღვანელების დონეზე განაგრძობენ ორმხრივ დიალოგს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მხარეები კვლავ რჩებიან საკუთარ ძველ პოზიციებზე. მართალია, სიტუაცია ამ ეტაპისთვის დეესკალაციისკენ წავიდა, მაგრამ რეალურად კვლავაც რჩება მათ შორის მოუგვარებელი საკითხები (თუნდაც S-400-ებთან დაკავშირებული პრობლემა), რომლებიც, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.