X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა იწვევს თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დაახლოებას?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეიმჩნევა წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძლიერი აქტორის - თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების - ერთმანეთთან დაახლოების პროცესი.

რა იწვევს ამ პროცესს და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას?

 

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ქ. ანკარაში

9-წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 24 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი ანკარას ეწვია, სადაც გაიმართა მისი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

მხარეებს წლების განმავლობაში ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ეკავათ ლიბიაში, სირიასა და რეგიონის სხვა წერტილებში მიმდინარე კონფლიქტების, ასევე „ძმები მუსლიმების“ მოძრაობის მიმართ.

თუმცა, ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა მათი პოზიციების დაახლოება გამოიწვია.

არაბთა გაერთიანებული საემიროებს არაერთ საკითხზე  მოუვიდა უთანხმოება ტრადიციულ მოკავშირე საუდის არაბეთთან (რომელთანაც თურქეთს ნელ-თბილი ურთიერთობები აკავშირებს). საემიროებს ასევე სურს ეკონომიკის დივერსიფიკაცია (ამჯერად მისი ეკონომიკის 30% ნავთობის მოპოვებაზეა დამოკიდებული) და ჭარბი თანხების უცხოეთში ინვესტირება.

თურქეთის სურვილი კი ეკონომიკური სირთულეების ფონზე (მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია) არაბული ინვესტიციების მოზიდვა და სხვა პოტენციური ინვესტორების მიმართულებით დადებითი სიგნალების გაშვებაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა თურქეთის ეკონომიკაში 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა (თუმცა, კონკრეტული სფეროები არ დასახელებულა).

შედეგად, ერთი პერიოდი თურქული ლირის კურსი გამყარდა სხვა ვალუტებთან შედარებით (მაგალითად, 1 აშშ დოლარის ფასი 11 ლირამდე ჩამოვიდა). თუმცა, ეს დადებითი ტრენდი მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა და 30 ნოემბრისთვის თურქული ლირა კვლავ საგრძნობლად გაუფასურდა (1 აშშ დოლარის ფასი 13,16 ლირა გახდა).

ამ შემთხვევამაც აჩვენა, რომ 10 მლრდ აშშ დოლარი საკმარისი არაა თურქული ლირის გადასარჩენად და ამ მიმართულებით უფრო სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 30 ნოემბერს

მეორე მხრივ, თურქული მხარე იმედოვნებს, რომ საემიროებთან ურთიერთობების დათბობის შემდეგ იგი  მსგავსი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან (უპირველეს ყოვლისა, ეგვიპტესა და ისრაელთან) მიმართებითაც, რომლებთან ურთიერთობებშიც ბოლო წლებში სერიოზული პრობლემები არსებობდა.   

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.