X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

როგორია ირანის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

თეირანს, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, თავისი სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.

რაში მდგომარეობს ეს სპეციფიკურობა და რა არის ამის მიზეზი?

ირანი, ერთი მხრივ, ამ ომის გაღვივებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს, მეორე მხრივ კი, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ ორივე პოზიციის გამოხატვისას იგი საკუთარი ტრადიციული პოლიტიკიდან გამოდის.

ერთი მხრივ, თეირანს უკვე ათწლეულებია ძალზე დაძაბული ურთიერთობები აქვს ვაშინგტონთან და საგარეო პოლიტიკაშიც თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სწორედ მას უპირისპირდება ხოლმე (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანის წინააღმდეგ დღესაც მოქმედებს საკმაოდ მძიმე ამერიკული სანქციები). ამრიგად, ირანის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში აშშ-ის დადანაშაულებაც ამ პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.

მეორე მხრივ, ირანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მხარდაჭერაც ირანის ტრადიციული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა. ყველას კარგად ახსოვს 1980 წელს სადამ ჰუსეინის თავდასხმა ირანზე, როდესაც ერაყმა ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა ირანს ეთნიკური არაბებით დასახლებულ ტერიტორიებზე (ეს ომი 8 წელს გაგრძელდა და მას, საერთო ჯამში, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა). ამიტომ ირანის ეს მიდგომაც არ ყოფილა სიურპრიზი.

ირანმა თავისი დაბალანსებული პოლიტიკა 2022 წლის 2 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის დროსაც შეინარჩუნა. გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა უკრაინიდან. მხოლოდ 5 (თავად რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, ერიტრეა და სირია) იყო წინააღმდეგი და 35-მა (მათ შორის იყო ირანიც) თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

საინტერესოა ირანის საზოგადოების განწყობა მიმდინარე ომის მიმართ. მართალია, ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ ჩატარებულა, მაგრამ შესამჩნევია, რომ ირანის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს.

ომის დაწყებიდან მალევე სოციალურ მედიაში გავრცელდა მოწოდებები გაემართათ უკრაინის მხარდამჭერი მიტინგები. ამის გამო ირანის სამართალდამცავმა ორგანოებმა  ქ. თეირანში რუსეთის საელჩოსკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს.

საბოლოოდ, ირანელები 26 თებერვალს უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ და იქ გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინის საელჩოსთან გამართული უკრაინის მხარდამჭერი აქცია

საინტერესოა, რომ უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმაც.

ზოგადად, ირანში კარგად აცნობიერებენ, რომ ამ ომის დროში გაწელვისა და რუსეთის მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციების შედეგად შემცირდება  რუსეთის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური გავლენა რეგიონში და ამისგამოც თეირანი შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგეს ახლო აღმოსავლეთში.   

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.