X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

რა შეიცვალა ლიბანში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა

 

2022 წლის 15 მაისს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებში ჩაძირულ ლიბანში და ამ არჩევნებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შიდაპოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში.

რა შეცვალა ლიბანში არჩევნებმა და რა გაგრძელება ექნება მას?

 

არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე: ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოსულა 2020 წელს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შოკიდან, 90%-ით გაუფასურდა ადგილობრივი ვალუტა, ილევა ცენტრალური ბანკის რეზერვები, რეკორდულად გაიზარდა ფასები საკვებსა და საწვავზე, მოსახლეობის 80% სიღარიბის ზღვრის ქვემოთ ცხოვრობს, გაზრდილია უმუშევრობის დონე და ა.შ.

ასეთ ვითარებაში ხალხში ცვლილებების მოთხოვნილება გაჩნდა და ეს განწყობა არჩევნების შედეგებზეც აისახა.

ამ არჩევნებს ორი მთავარი შედეგი აქვს:

  1. პროირანული „ჰეზბოლას“ მიერ ჩამოყალიბებულმა ალიანსმა ვეღარ შეიყვანა იმდენი დეპუტატი პარლამენტში, რამდენიც მას იუმრავლესობის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. ალიანსმა 128-მანდატიან პარლამენტში 62 დეპუტატის შეყვანა შეძლო;
  2. „ლიბანური ძალები“ ყველაზე დიდი ქრისტიანული პარტია გახდა (გაიყვანა 17 დეპუტატი), რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალ პარლამენტში (მანამდე ყველაზე დიდი ქრისტიანული ორგანიზაცია „ჰეზბოლაჰის“ მოკავშირე „თავისუფალი პატრიოტული მოძრაობა“ იყო, რომელმაც ამ არჩევნებზე 16 მანდატი მოიპოვა).

ამ ცვლილებების მიუხედავად, ლიბანის პოლიტიკური ლანდშაფტის ძირეული პრობლემები უცვლელი რჩება. ეთნოკონფესიურად დაქსაქსულ ქვეყანაში (შიიტები, სუნიტები, დრუზები, ალავიტები, მართლმადიდებლები, კათოლიკები, გრიგორიანელები, უნიატები და ა.შ.) კიდევ უფრო დაქსაქსულია პოლიტიკური გარემო. პარლამენტში შედის ათეულობით პოლიტიკური ძალა (ამ არჩევნებზე დეპუტატის მანდატი მიიღო 30 პოლიტიკურმა პარტიამ), რაც აძნელებს მათ შორის შეთანხმების მიღწევას (ახლანდელი მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე მოლაპარაკებები 13 თვეს გრძელდებოდა).

ამასთან, ლიბანში არსებული ძალაუფლების სექტარიანული გადანაწილების სქემის მიხედვით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სუნიტი უნდა იყოს. შესაბამისად, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა ძლიერ სუნიტურ პარტიებთან, რაც არცთუ ისე ადვილი საქმეა.

ამავე სქემის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ქრისტიანი უნდა იყოს. მომავალ პრეზიდენტს კი ახლანდელი პარლამენტი მომავალ წელს აირჩევს. დიდი შანსია, რომ პრეზიდენტად ამ არჩევნებში წარმატებული „ლიბანური ძალების“ ლიდერი სამირ ჯააჯა ვიხილოთ. მაგრამ მას მხოლოდ 1 მანდატით მეტი აქვს, ვიდრე კონკურენტ   „თავისუფალ პატრიოტულ მოძრაობას“ (ამ უკანასკნელს მხარს უჭერენ ლიბანელი სომხებიც). ამიტომ ახლო მომავალში არა მხოლოდ კონფესიებს შორის დაპირისპირებები, არამედ შიდაკონფესიური გარჩევებიც შეიძლება მოხდეს.

სამირ ჯააჯა

ბევრი დრო კი ლიბანს არ აქვს. პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები გროვდება და რაც დრო გადის, მათი გადაჭრის შესაძლებლობაც მცირდება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.