X

უსაფრთხოების მიმოხილვა

უცხოელი მებრძოლები რუსეთ-უკრაინის ომში

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე

უცხოელი მებრძოლები რუსეთ-უკრაინის ომში

 

რუსეთ-უკრაინის ომის ფართომასშტაბიანი ფაზის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი მთელი მსოფლიოდან ასობით და, შესაძლოა, ათასობით მოხალისემ გამოთქვა. მართალია, უცხოელი მოხალისეები 2014 წლის დონბასის კონფლიქტშიც ეხმარებოდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ამჟამინდელმა ომმა კიდევ უფრო გაზარდა უცხოელ მებრძოლთა მობილიზაცია. უცხოელი მებრძოლები მე-20 საუკუნის არაერთი კონფლიქტის მონაწილეები ყოფილან. კერვინ მურისა და პოლ ტუმელტის თანახმად, უცხოელი მებრძოლები გამოირჩევიან დაქირავებული მებრძოლებისგან იმით, რომ მათი მთავარი მოტივაცია იდეოლოგია, რელიგია ან/და ეთნიკური მონათესაობაა და არა - მატერიალური შემოსავალი.[i] საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებასთან ერთად, მსოფლიოში გაზრდილია უცხოელ მებრძოლთა რაოდენობა და მათი მობილიზაციის მასშტაბი. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლ უცხოელ მოხალისეთა ძირითადი ჯგუფების მიმოხილვას.

 

საქართველო

შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველ მოხალისეთა რაოდენობა უკრაინაში ყველაზე წარმომადგენლობითია. უკრაინაში ქართველ მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. შეიძლება ვივარაუდოთ, რამ მათი რაოდენობა, სულ ცოტა, რამდენიმე ასეულს უნდა შეადგენდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველ მოხალისეთა რაოდენობა არ არის უცვლელი. მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ახალი ნაკადიც მუდმივად ემატება უკრაინაში მებრძოლებს.   ბრძოლაში უშუალოდ ჩართული პირების გარდა, საქართველოდან უკრაინაში არასაბრძოლო დავალებების შემსრულებელი მოხალისეებიც (მაგ., ექთნები, მძღოლები და სხვა) მონაწილეობენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბევრს აქვს უკრაინაში ბრძოლის სურვილი.

უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შემდეგი ჯგუფების გამორჩევა შეიძლება: პირველი, „ქართული ლეგიონი“, რომელიც მამუკა მამულაშვილის მეთაურობით 2014 წლიდან იღებს მონაწილეობას დონბასში საბრძოლო მოქმედებებში. თუმცა, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ამ დანაყოფს ახალი ცოცხალი ძალა დაემატა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ლეგიონი“ ერთგვარ ტრანსნაციონალურ ქვედანაყოფად ჩამოყალიბდა და მასში, ქართველების გარდა, სხვა უცხოელი (ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებიდან) მებრძოლებიც იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია რუსული პროპაგანდისტული მანქანის აქტიური მუშაობა ქართული ლეგიონის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, რუსეთის პროკურატურამ ღია წყაროებში დაფიქსირებულ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მეორე ჯგუფი არის თადარიგში მყოფი ქართველი სამხედროს - ვანო ნადირაძის - დაქვემდებარებაში მყოფი ქართველთა ჯგუფი. ის, ძირითადად, ყოფილი სამხედროებისგან შედგება.მესამე ჯგუფი კი სამხედრო ბლოგ Marksman-ის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდების ჯგუფია. უკრაინის ომამდე Marksman-ი იარაღის მოყვარულთა ერთგვარ კლუბს წარმოადგენდა, რომელშიც როგორც ყოფილი სამხედროები, ისე იარაღის კარგი მცოდნეები იყვნენ გაერთიანებული. ეს ჯგუფი ამჟამად სევეროდონეცკის მიმართულებაზე იბრძვის.გარდა ამ ჯგუფებისა, ქართველები სხვადასხვა უკრაინულ დანაყოფშიც არიან მიმოფანტული. მაგალითად, ქალაქ მარიუპოლის დაცვისას ბატალიონ „აზოვის“ შემადგენლობაში, სულ მცირე, ორი ქართველი იბრძოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - ბახვა ჩიქობავა - დაიღუპა.

ქართველ მოხალისეთა მოტივაცია შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით. პირველი და უმთავრესი, ეს არის საერთო საფრთხე, რომელიც პუტინის რუსეთისგან მომდინარეობს. ვინაიდან რუსეთის უკრაინაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსული აგრესია შეიძლება საქართველოში განმეორდეს, ქართველი მოხალისეები მიიჩნევენ, რომ პუტინი სწორედ უკრაინაში უნდა დამარცხდეს, რათა სხვა ქვეყნებში ინტერვენცია ვეღარ შეძლოს. „ეს ჩვენი ომია“ და „ჩვენი ბედი უკრაინაში წყდება“ -ყველაზე ხშირი ფრაზებია, რაც შეიძლება ქართველი მებრძოლებისგან მოვისმინოთ. გარდა ამისა, ხშირად იშველიებენ აფხაზეთის ომში უკრაინელ მოხალისეთა მონაწილეობას საქართველოს მხარეზე. დაბოლოს, უკრაინასა და საქართველოს შორის სადავო საკითხების არარსებობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოხალისეთა მობილიზაციის ხელშეწყობაში.

 

ბელარუსი

საქართველოს შემდეგ, სავარაუდოდ, ყველაზე წარმომადგენლობითი ბელარუსული კონტინგენტია. ბელარუსი მოხალისეები ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაერთნენ დონბასის ჰიბრიდულ კონფლიქტში. იმ დროს შეიქმნა ტაქტიკური ჯგუფი „ბელარუსი“, რომელიც სხვადასხვა უკრაინულ დანაყოფთან ერთად იბრძოდა. 2022 წლის თებერვალში კასტუსია კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკი ჩამოყალიბდა, რომელიც 200-მდე მებრძოლს აერთიანებს. ბელარუს მოხალისეთა ეს დანაყოფი აქტიურად იბრძოდა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის განთავისუფლების ოპერაციებში. კალინოვსკის სახელობის პოლკში შედიან ტაქტიკურ ჯგუფ „ბელარუსის“ ყოფილი წევრები, ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ლეგიონის“ წევრები და პოლონეთში მიგრირებული ბელარუსები. აღსანიშნავია, რომ ბელარუსული ოპოზიციის ლიდერმა სვიტლანა ციხანოვსკაიამ გამოაცხადა ბელარუს მოხალისეთა მობილიზაცია, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არასაბრძოლო დავალებებს შეასრულებენ.ბელარუსი მოხალისეები უკრაინას არა მარტო უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც ეხმარებოდნენ. მაგალითად, როცა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებზე თავდასხმა ძირითადად ბელარუსიდან ხორციელდებოდა, ადგილობრივი მოხალისეები აწყობდნენ დივერსიებს სარკინიგზო ხაზებზე და შემადგენლობათა მოძრაობას აფერხებდნენ.

ბელარუს მოხალისეთა მთავარი მოტივაცია მათი ანტირუსული განწყობებია. ისინი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები არიან და ბევრ მათგანს შეეხო ბელარუსის ხელისუფლების რეპრესიები. ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსებისთვის უკრაინა ერთგვარი პლაცდარმია, საიდანაც  შესაძლოა მომავალში ლუკაშენკოს რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს. ერთ-ერთი ბელარუსი მოხალისის, ბლოგერ სერგეი ბესპალოვის თანახმად, „ჩვენ [ბელარუსმა მებრძოლებმა] ჯერ უნდა გავათავისუფლოთ უკრაინა, ხოლო მერე კი - მინსკი“. ეს განცხადება ნათლად მიუთითებს ბელარუს მოხალისეთა მოტივაციაზე.

რუსეთი

2022 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიაზე „თავისუფალი რუსეთის ლეგიონი“ ჩამოყალიბდა. ლეგიონი რუსეთის მოქალაქე ეთნიკური რუსებისგან შედგება. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 100-ს აჭარბებს. ლეგიონის შემადგენლობაში მონაწილეობენ როგორც ყოფილი რუსი სამხედროები, ისე დანებებული რუსი ტყვეების ნაწილიც. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თანახმად, ლეგიონში გაწევრიანების სურვილი რუსეთიდან საკმაოდ დიდია, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკრაინული მხარე სიფრთხილით ეკიდება რუსი მოხალისეების უკონტროლო მიღებას და მხოლოდ მრავალშრიანი ფილტრაციის შემდეგ, შედარებით სანდო კადრებს იღებენ. საყურადღებოა, რომ ლეგიონში გაზპრომბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი გაწევრიანდა.

„თავისუფალი რუსეთის ლეგიონის“ მთავარი მოტივაცია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა. სავარაუდოდ, ლეგიონი იმედოვნებს უკრაინაში ოპოზიციური პლაცდარმის შექმნას, რომელიც შემდეგ უკვე რუსეთში ხელისუფლების შეცვლაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ლეგიონი იყენებს არა რუსეთის ოფიციალურ სამფეროვან (ტრიკოლორ) დროშას, არამედ ორფეროვან ლურჯ-თეთრ დროშას, რაც რუსეთის დემოკრატიული ძალების სიმბოლოა. ამით რუსი მოხალისეები პუტინის რუსეთის ამჟამინდელ სისტემას ემიჯნებიან. მეტიც, Z ნიშნის საპირისპიროდ, ლეგიონი თავის სიმბოლოდ ლათინურ L ასოს იყენებს.

„თავისუფალი რუსეთის ლეგიონის“ მებრძოლები სხვადასხვა მიმართულებით იბრძვიან. უსაფრთხოების გამო მათი პირადი ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. მეტიც, რათა არ მიიპყრონ რუსი სამხედროებისა და სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღება, ისინი გაფანტული არიან სხვადასხვა უკრაინულ ქვედანაყოფში და იყენებენ უკრაინულ უნიფორმებსა თუ ტაქტიკურ ნიშნებს. გარდა უშუალოდ უკრაინისა, ინტერნეტში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლეგიონის აქტივისტები აქტიურად არიან ჩართული რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მოწყობაში, მაგალითად, სამხედრო კომისარიატების დაწვაში. გარდა ამისა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად ჩნდება L წარწერა.

 

ჩეჩნები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ჩეჩნური დანაყოფებიც არიან წარმოდგენილი. ამ დანაყოფებიდან გამოირჩევა ორი ჯგუფი. პირველია შეიხ მანსურის ბატალიონი, რომლის მეთაურიც მუსლიმ ჭებერლოელია. ბატალიონი უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა დონბასის მიმართულებით. დანაყოფი ძირითადად ჩეჩნეთის ომის ვეტერანებისგან ან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებისგან შედგება. მეორე ჩეჩნური დანაყოფია ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი. მას ახალგაზრდა მეთაური ადამ ოსმაევი ხელმძღვანელობს. დუდაევის ბატალიონი, შეიხ მანსურის ბატალიონის მსგავსად, უკრაინაში 2014 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად მას ცნობილი ჩეჩენი მეთაური ისა მუნაევი ედგა სათავეში, თუმცა 2015 წელს იგი ნაღმმტყორცნის ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა და ბატალიონის მეთაურობა ოსმაევმა გადაიბარა. ჩეჩენთა რაოდენობა შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო უკრაინის მხარეს, თუმცა სავიზო შეზღუდვების გამო მათი უკრაინაში მოხვედრა გართულებულია.

ჩეჩენი მოხალისეების მთავარი მამოძრავებელი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩეჩენთა მოტივაცია შესაძლოა აგრეთვე მათი სახელის გამოსწორება იყოს. რუსული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, გლობალურ მედიაში ჩეჩენ მებრძოლთა საერთაშორისო ტერორიზმთან გაიგივებულია, რაც ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

 

დასავლეთის ქვეყნები

გარდა პოსტსაბჭოთა სივრცისა, რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან უამრავი მოხალისე მოიზიდა, ყველაზე მეტი - დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და აშშ-დან. მაგალითად, უკრაინის ომის საწყის კვირებში ბრძოლაში ცნობილი კანადელი სნაიპერი ვალი იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, მოხალისეების საკმაოდ წარმომადგენლობითი რაოდენობა იყო აღმოსავლეთ ევროპიდანაც.

დასავლელი მოხალისეები სხვადასხვა მიმართულებით იბრძვიან. მათი დიდი ნაწილი დონბასის მიმართულებაზეა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. ბრიტანელი მოხალისეები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის დაცვაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ორი მათგანი ამჟამად დატყვევებულია და მათ წინააღმდეგ სეპარატისტულმა ორგანიზაცია დნრ-ის დე ფაქტო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანა.მიუხედავად ამისა, ეს განაჩენი ჯერ არ არის აღსრულებული და ამ საკითხს, სავარაუდოდ, რუსეთი დიდ ბრიტანეთის ხელისუფლებასთან სავაჭროდ გამოიყენებს. დასავლელ მოხალისეთა შორის არიან როგორც ყოფილი პროფესიონალი სამხედროები, ისე თავგადასავლების მაძიებლები, ვისი ძირითადი მოტივაციაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. კანადელ მებრძოლებთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ დიდ ნაწილს უკრაინული ფესვები აქვს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სარდლობას რუსეთის ჯარის საქმეში ნახვა უნდა, რათა დეტალურად შეისწავლონ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შემდეგ შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ. სამხედრო გამოცდილების მქონე მოხალისეებს კი აქვთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ რუსული არმია საქმეში ნახონ.

 

დასკვნა

უკრაინის ომმა მოხალისეთა დიდი რაოდენობა მოიზიდა. ყოველივე ასეთი მობილიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აქტივისტების შეკავშირებას უწყობს ხელს. გამოჩნდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. შესაბამისად, რუსეთის ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, უცხოელ მებრძოლთა მასობრივი მობილიზაცია გარდაუვალია.

 

 

 

[1] Moore, Cerwyn, and Paul Tumelty. "Foreign fighters and the case of Chechnya: A critical assessment." Studies in Conflict & Terrorism 31, no. 5 (2008): გვ. 412

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.