პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 19, ივლისი-აგვისტო, 2022) სპეციალური გამოშვება: იჩქერიის დამოუკიდებლობა

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, ჩეჩნეთიდან დევნილმა იჩქერიელმა პოლიტიკოსებმა, ასევე ჩეჩენმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და უკრაინის მხარეს მებრძოლმა ჩეჩენმა მოხალისეებმა რესპუბლიკა იჩქერიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღსადგენად ახალი ბატალიონი დააარსეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის აჰმედ ზაკაევის ბრძანებით, სპეცდანიშნულების ბატალიონის ხელმძღვანელად პოლკოვნიკი ჰაჯი-მურატ ზუმსო დაინიშნა.

ასევე 20 ივლისს „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უცნობი პირები კადიროვის ჩეჩნეთის დროშას წვავენ და იატაკქვეშეთიდან საომარი მოქმედებების დაწყებას აანონსებენ. მათ რამზან კადიროვსა და რუსეთის ფედერაციას ჯიჰადი გამოუცხადეს. ვიდეოში ორი პირი საუბრობს, რომ ისინი „იჩქერიის შვილები“ არიან, რომელთა მშობლებიც ჩეჩნეთის ორი ომის დროს დაიღუპნენ - პირები პასუხისმგებლობას აჰმატ კადიროვს აკისრებენ. მათი განცხადებით, ანტიკადიროვულ მოძრაობას მხარდამჭერები თავად კადიროვის გარემოცვაშიც ჰყავს.

ვიდეოში უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა დაწვეს.

 

ოპოზიციური ფლანგი

იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განახლებას ღიად უჭერენ მხარს და თავში უდგანან ჩეჩნეთიდან დევნილი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც დევნილობაში მყოფ ყველა ჩეჩენს მოუწოდებენ, შეუერთდნენ რუსული აგრესიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ცნობილი ჩეჩენი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების განცხადებები ემთხვევა ვიდეოში გაჟღერებულ იდეებს, ისინი აცხადებენ, რომ არ იციან იმ ორი პირის შესახებ, ვინც კადიროვს „ჯიჰადი“ გამოუცხადა.

„ტვიტერზე“ ხსენებული ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე „იუთუბ-არხის“ "Мысли Ислама"-ს ავტორმა ისლამ ბელოკიევმა, რომელიც თავისი ოპოზიციური მოსაზრებების გამო აქტიურად იდევნება რუსული სპეცსამსახურების მიერ, თავის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იჩქერიული ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფებების გეგმებზე საუბრობს.

ბელოკიევმა წარმოადგინა რუკა, სადაც ჩეჩნეთი სამ ფრონტად (ჩრდილოეთის, ცენტრალური და სამხრეთის) და 16 სექტორად არის დაყოფილი. ბელოკიევის სიტყვებით, თითოეულ სექტორში უკვე დაწყებულია მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც ოპოზიციურ ძალებს აწვდის ინფორმაციას კადიროვის ძალოვანების, მათი განლაგებისა და შეირაღების შესახებ. მისი თქმით, მათ ჩეჩნეთში განლაგებული რუსული ბაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ, ისიც კი „თუ რამდენი მზარეული ჰყავთ მათ რიგებში“.

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ბელოკიევი წარადგენს რუკას, სადაც ჩეჩნეთი ფრონტებად და სექტორებად არის დაყოფილი.

იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის თემაში აქტიურად არის ჩართული რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებასთან საუბრობს. შეიხ მანსურის ბატალიონის წარმომადგენელი სტუმრად ჰყავდა ბელორუსულ სტუდია „ბელსატს“, სადაც მასხადოვმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობა კრემლის მიმართ ჩეჩნეთში და ჩეჩენ საზოგადოებაში რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა არასოდეს შეჩერებულა, ახლა კი „ჩეჩნეთში მაცხოვრებელი რეპრესირებული საზოგადოება ითხოვს, რომ ნამდვილმა პატრიოტებმა მათი ქვეყანა რუსებისგან გაათავისუფლონ“.

მასხადოვის თქმით, ის მამამისის მკვლელობისთვის შურისძიებას არ ეძებს და ზოგადად, მშვიდობის მომხრეა, მაგრამ ჩეჩენი ხალხი არსებული ვითარებიდან უნდა გამოვიდეს. მისი განცხადებით, ჩეჩნებმა თავიანთი მიწა-წყალი უნდა გაათავისუფლონ, რადგანაც ამას ხალხი ითხოვს. კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადების ღონისძიებები, მასხადოვმა აღნიშნა, რომ იმაზე მეტი დეტალების გამჟღავნებას, ვიდრე ეს ბელოკიევმა გააკეთა, არ აპირებს. ის ასევე უკრაინაში გაგზავნილ ჩეჩენი მეომრების თემას შეეხო, სადაც აღნიშნა, რომ გულისტკივილით უყურებს, თუ როგორ აგზავნის „უჭკუო არსება“ (იგულისხმება რამზან კადიროვი) ჩეჩნებს უკრაინაში დასახოცად.

ანზორ მასხადოვი ანტირუსული სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია.

ჩეჩნეთის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ განწყობებზე ისაუბრა ჩეჩენმა უფლებადამცველმა, კადიროვის რეჟიმისგან დევნილმა აბუბაქარ იანგულბაევმაც, რომლის განცხადებით, იმ ხალხშიც კი ვინც გარეგნულად რეჟიმს უჭერს მხარს და მის მხარეს მუშაობს, ანტირუსული განწყობები დიდია და ისინი შესაბამის მომენტში „ხალხის გვერდით დადგებიან“. მისი თქმით, რუსეთმა  უკრაინის „დემილიტირიზაციის“ მცდელობისას, საკუთარი თავისი „დემილიტირაზაცია“ მოახდინა.

ახალი ჩეჩნური სამხედრო ძალების გეგმების შესახებ მეტ დეტალებში ისაუბრა შეიხ მანსურის ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბოგდან ჩეჩენსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ბატალიონი რამდენიმე ეტაპის გავლას აპირებს. პირველი უკრაინაში რუსების წინააღმდეგ გამარჯვება იქნება, მეორე ჩეჩენი ხალხის მომზადება ცვლილებებისთვის და მესამე, „ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი ჯარის“ თანამედროვე ომისთვის მომზადება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩენი ხალხის მომზადების ეტაპი დასრულებულია, არმიის ფორმირება კი დასასრულს უახლოვდება. სპიკერის თქმით, ისინი არ აპირებენ პირდაპირ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ომის გაჩაღებას და უფრო ჭკვიანურად იმოქმედებენ.

4 აგვისტოს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა, დევნილობაში მყოფმა აჰმედ ზაკაევმა და იჩქერიის სხვა წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს თემაზე „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეირაღებული ძალების აღორძინება უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებში“. ზაკაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელები და ჩეჩნები ერთ ომს იბრძვიან „რუსისტების“ წინააღმდეგ, რომელთაც ჩეჩენი და უკრაინელი ხალხის განადგურება სურთ.

აჰმედ ზაკაევი 4 აგვისტოს პრესკონფერენციაზე უკრაინულ მედია-ცენტრში.

ზაკაევმა ასევე განაცხადა, რომ ჩეჩნეთს არასოდეს უთქვამს უარი სახელმწიფოებრიობაზე. იჩქერიის პრემიერმინისტრის თქმით, ჩეჩნეთის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება და ის მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებს უკრაინასთან.

 

კადიროვის ფლანგი

იჩქერიელი პოლიტიკოსებისა და მეომრების განცხადებების შემდეგ კადიროვის რეჟიმის საპასუხო მოქმედებებზე ისლამ ბელოკიევმა ისაუბრა, რომლის მიხედვით, იჩქერიელების გააქტიურების ფონზე კადიროვს სერიოზული ზომების მიღება მოუწია. ბელოკიევის თქმით, კადიროვმა ჩეჩნეთში, შალინსკის რაიონში ანტისაჰაერო სისტემების დაყენების საჭიროებაზე ისაუბრა, დაბურული ავტომობილების წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ზოგიერთ რაიონში საკომუნიკაციო კავშირის გაქრობა შენიშნა.

კადიროვის საპასუხო ზომებს შეეხო ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ექსპერტი ჯამბულატ სულეიმანოვიც, რომლის განცხადებით, ჯიჰადის გამოცხადება კადიროვს აიძულებს „იმოქმედოს“. „კადიროვს და მის გარემოცვას ცალსახად ესმის, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ არის“, - დაასკვნა სულეიმანოვმა. კადიროვის მოლოდინებზე ისაუბრა პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმაც, რომელიც თვლის, რომ მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეჟიმი აიძულოს უფრო მეტად გააძლიეროს ტოტალიტარული მართვა.

როგორც ჩვენი მაუწყებელი წერდა იჩქერიის თემასთან დაკავშირებით,  უკრაინის „უმაღლეს რადაში“ დაარეგისტრირეს პროექტი, რომლის მიხედვით, უკრაინამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. პროექტის ავტორები დეპუტატები ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი არიან.

დაღესტნური წარმოშობის უკრაინელი დეპუტატი მუსა მაგომედოვი. ფოტო: dsnews.ua

გონჩარენკოს განცხადებით, „იჩქერია რუსეთისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს“. მან ასევე აშშ-ს და ევროკავშირს მიმართა, აღიარონ იჩქერიის დამოუკიდებლობა. უმაღლეს რადას პროექტი ჯერ არ განუხილავს.

სწორედ ამ კანონპროექტს გამოეხმაურა ოფიციალურად რამზან კადიროვიც და აღნიშნა, რომ „იჩქერია ფურცელზეც კი არ არსებობს“. მისი სიტყვებით, იჩქერია 2007 წელს თავად მისმა დამაარსებლებმა გააუქმეს და მის ნაცვლად კავკასიის საამიროს დაარსების შესახებ გამოაცხადეს.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა „რეალობის შეგრძნება დაკარგეს“. მისი თქმით, უკრაინის „რადამ“ 30 წლით დააგვიანა, რადან „იმის აღიარება, რაც არ არსებობს, შეუძლებელია.“ ერთ-ერთ თავის ბოლო გამოსვლაში მან ასევე „სახელმწიფო დუმას“ დეპუტატს ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვს დაავალა, სახლში ჩამოიყვანოს ის ჩეჩნები, რომელთაც „არ იციან, როგორ მოიქცნენ“. მისი თქმით, ამ „უღირს“ ადამიანებს „იატაკი უნდა არეცხინონ“.

რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ინიციატავას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ „მსგავსი სუბიექტი არ არსებობს, რაც კარგად აჩვენებს უკრაინაში კანონშემოქმედების დონეს“.

ჩვენი მაუწყებელი გააგრძელებს აღნიშნული ამბის მონიტორინგს და მოგაწვდით ინფორმაციას ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

 

            

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.