პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 20, სექტემბერი 1-15, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონულ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

რუსეთის მასშტაბით ყველაზე დაბალი შემოსავალი ინგუშეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთშია

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალი შემოსავალი ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ინგუშეთის მაცხოვრებლებს აქვთ. მონაცემებში შედის შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს ხელფასებს, სოციალურ დახმარებებს, ალიმენტებს, ბანკის მიერ დარიცხულ საპროცენტო მოგებასა და ა.შ.

კვლევის მიხედვით, ინგუშეთის მაცხოვრებლების საშუალო შემოსავალი 20 295 რუბლია, რაც დაახლოებით 336 დოლარია. ეს რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინგუშეთის შემდეგ მოდის ყარაჩაი-ჩერქეზეთი, სადაც საშუალო შემოსავალი 20 347 რუბლს უტოლდება, რაც 373 დოლარს არ აღემატება.

ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაღესტანში ფიქსირდება, სადაც საშუალო შემოსავალი 29 069 რუბლია (482 დოლარი), მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც კი საგრძნობლად ჩამორჩება რუსეთის საშუალო მაჩვენებელს (44 ათასი რუბლი - 736 დოლარი).

 

ჰადისების კრებულ „საჰიჰ ალ-ბუხარის“ ექსტრემისტულ ლიტერატურაში შეტანამ ჩრდილოეთ კავკასიაში პროტესტი გამოიწვია


ფოტო: kavkaz-uzel.eu

 

ისლამური ჰადისების კრებული „საჰიჰ ალ-ბუხარი“ რუსეთში ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში შეიყვანეს, რასაც ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის სასულიერო წრეში, უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკოორდინაციო ცენტრის“ განცხადებით, ჰადისების კრებულები და ისლამში მიღებული ნაშრომები რელიგიური ლიტერატურის ნაწილია, რომელსაც ექსტრემისტულ მასალასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც, რომლის თქმით სასამართლომ „არაკომპეტენტურ ექსპერტულ ცოდნას“ მიმართა და გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს. კადიროვის განცხადებით, „საჰიჰ ალ-ბუხარი“ მოციქულ მუჰამადის ცხოვრების აღმწერი სანდო წყაროა, რომელსაც ისლამის სწავლულები ყურანის შემდეგ მეორე მნიშვნელობის წიგნად მიიჩნევენ.

 

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მინიმუმ 700 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან მინიმუმ 463, სამხრეთ ფედერაციული ოლქიდან კი 237 მებრძოლი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული დაღესტნიდან არის - 217, თუმცა არაოფიციალური წყაროები გაცილებით მაღალ რიცხვს ასახელებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს - 498 ადამიანი, 25 მარტს კი - 1351.

სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

 

ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით რუსეთში ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი ლიდერობენ

 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ჩვილთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი აქვს. ეს მაჩვენებლები საჯარო ვლადივოსტოკში გამართულ „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ გახდა.

მეორე და მესამე ადგილს ინგუშეთი და დაღესტანი იკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შობადობის კოეფიციენტი ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალია.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

ასლან ბჟანია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს ეწვია

ასლან ბჟანია. ფოტო: apsnypress.info

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმედღიანი ვიზიტი გამართა, რომლის ფარგლებშიც ის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერებს შეხვდა და ესაუბრა.

ბჟანიამ ადიღეს რესპუბლიკის მეთაურად მურატ კუმპილოვის მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც აფხაზი ხალხის სახელით კუმპილოვს მეორე ვადით არჩევა მიულოცა. „თქვენ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, სახელმწიფო მოღვაწე, რომლის ხელმძღვანელობით ადიღეს რესპუბლიკამ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია,“ - ამ სიტყვებით მიმართა კუმპილოვს ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა აფხაზ და ადიღეელ ხალხებს შორის ურთიერთობას და აფხაზეთის ომში მონაწილე ადიღე მოხალისეების მნიშვნელობას. „ძმები ადიღეელები ჩვენი ქვეყნის დასაცავად აღიმართნენ,“ - განაცხადა ბჟანიამ. ადიღეს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია იმ ადიღეელ მოხალისეებსაც შეხვდა, რომელთაც აფხაზეთის ომში აფხაზების მხარეს იბრძოლეს.

ასლან ბჟანია ასევე ესტუმრა ყარაჩაი-ჩერქეზეთს, სადაც რეგიონის მეთაურთან რაშიდ ტემრეზოვთან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთის ომში მებრძოლ მოხალისეებთან შეხვედრები გამართა.

მესამე ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკა, რომელსაც ბჟანია ესტუმრა, ყაბარდო-ბალყარეთი იყო, თუმცა რეგიონის მეთაურს კაზბეკ კოკოვს ბჟანია პირადად კოკოვის ავადმყოფობის გამო ვერ შეხვდა. მათ შეხვედრა ონლაინფორმატში მოეწყო. ბჟანიამ შეხვედრა ყაბარდოელ მოხალისეებთანაც გამართა.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ლაგო-ნაკის ტერიტორიაზე კურორტის მშენებლობაში ეკოლოგები რისკებს ხედავენ

ლაგო-ნაკის პლატო, ადიღეს რესპუბლიკა. ფოტო: porusski.me

 

ეკოლოგების აზრით, ლაგო-ნაკის პლატოზე დაგეგმილი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევები ჩატარებული არ არის. ეკოლოგები ფრთხილობენ, რომ კურორტის მშენებლობამ, შესაძლოა, პლატოს ფლორასა და ფაუნაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მათი აზრით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები დადგებიან.

აქტივისტების ცნობით, რომლებიც ლაგო-ნაკის გადასარჩენად იბრძვიან, კურორტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 30 აგვისტოს დაიწყო. მათი განცხადებით, სამუშაოები კვირის დღეებში მიმდინარეობს, როდესაც პლატოზე ცოტა ხალხია, უქმეებზე კი ტექნიკა ტერიტორიიდან გაჰყავთ. აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სამუშაოები პლატოზე უკანონოდ მიმდინარეობს, რის გამოც მათ პროკურატურას მიმართეს.

 

კუმპილოვი ადიღეს რესპუბლიკის მეთაური მეორე ვადით გახდა

მურატ კუმპილოვი. ფოტო: aif.ru

 

11 სექტემბერს ადიღეს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა რეგიონის მეთაურად მურატ კუმპილოვი მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. მისი კონკურენტები ევგენი გრუნინი და ალექსანდრ ლობოდა იყვნენ, თუმცა უკლებლივ ყველა (49) დეპუტატმა ხმა კუმპილოვს მისცა.

პოლიტოლოგების აზრით, რეგიონში მეთაურის არჩევნები ფორმალობაა, სადაც წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ დაიკავებს პრესტიჟულ პოსტს. კრემლის მიერ მხარდაჭერილი მურატ კუმპილოვის კონკურენტების - ევგენი გრუნინის და ალექსანდრ ლობოდას სახელები, ექსპერტების თქმით, მოსახლეობამ ძირითადად მათი კანდიდატებად წარდგენის დროს გაიგო.

მეთაურის პირდაპირი არჩევნები ადიღეს რესპუბლიკაში 2016 წელს გაუქმდა. ამჟამინდელი წესების მიხედვით, რეგიონის მეთაურის კანდიდატებს ადგილობრივ პარლამენტს რუსეთის პრეზიდენტი წარუდგენს, რომელთაგან კრემლის მხარდაჭერის მქონე კანდიდატი ყოველთვის უპირობო ფავორიტია.

 

რუსეთის სუბიექტებს შორის სამომხმარებლო მოთხოვნა ყველაზე მეტად ადიღეს რესპუბლიკაში დაეცა

2022 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის სამომხმარებლო მოთხოვნა ყველაზე მეტად ადიღეს რესპუბლიკაში დაეცა - 13.9%-ით.

მეთოდოლოგიურად, სამომხმარებლო მოთხოვნაში ითვლება საცალო გაყიდვების მოცულობა, მოთხოვნა ფასიან მომსახურებასა და ხალხის ხარჯები კაფეებსა და რესტორნებში.

საშუალოდ, რუსეთში სამომხმარებლო მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით გაიზარდა. ჩრდილოეთკავკასიური რეგიონებიდან ზრდის ტემპით ათეულში დაღესტანი (+4.7%), ყაბარდო-ბალყარეთი (+3.9%), ჩრდილოეთი ოსეთი (+2.5%) და ჩეჩნეთი (2.4%) მოხვდა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ხუთი ადამიანი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დამნაშავედ ცნეს

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ხუთი ადგილობრივი მცხოვრები ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ ბრალი ედებათ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ათ-თაქფირ ვალ-ჰიჯრასთან“ კავშირი, რის გამოც 2-დან 2.5 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

საკანონმდებლო მუხლი, რომლის დარღვევაშიც რესპუბლიკის მკვიდრები სასამართლომ გაამტყუნა, ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. „ათ-თაქფირ ვალ-ჰიჯრასთან“ კავშირის გამო 2020 წელს 20 ადამიანამდე დააკავეს, მათ შორის - ზემოხსენებული ხუთი ეჭვმიტანილი.

 

ჩერკესკში საქალაქო დუმის არჩევნები გაიმართა

ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში საქალაქო დუმის არჩევნები გაიმართა, სადაც მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 67.5% მოიპოვა.

სხვა პარტიებზე პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“  - 10%, „სამართლიანი რუსეთი“ – 8.45%, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ - 5.67%, „სამოქალაქო პლატფორმა“ – 5.64%, „რუსეთის კომუნისტები“ – 1.2%, „სამშობლო“ – 0.69%.

არჩევნებში მონაწილეობა 56.9 ათასმა ადამიანმა მიიღო, აქტივობამ 68% შეადგინა.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

ყაბარდო-ბალყარეთში დაარსების 100 წლისთავი აღინიშნა

ფოტო: Kavkaz-uzel.eu

 

9 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყაბარდო-ბალყარეთში სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ნალჩიკში ჩატარდა კონცერტები, გამოფენები და სახალხო მსვლელობები.

მიუხედავად აღსანიშნავი თარიღისა, რესპუბლიკაში გამართული ღონისძიებები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. სახელდობრ, მოსახლეობის ნაწილმა სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემის ფონზე, ხელისუფლება საზეიმო ღონისძიებებზე დიდ თანხებს ხარჯავს.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ბესლანის სკოლის შტურმიდან 18 წელი გავიდა

ფოტო: svoboda.org

 

3 სექტემბერს 18 წელი შესრულდა ბესლანის N1 სკოლის შტურმიდან, რასაც 334 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 186 ბავშვი. ჩრდილოეთ ოსეთში ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მსხვერპლთა მოსაგონებელი ღონისძიებები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ტერორისტებმა ბესლანის N1 სკოლაში 1100-მდე ადამიანი ტყვედ აიყვანეს, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. სკოლაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ჩეჩნური წინააღმდეგობის ლიდერმა შამილ ბასაევმა აიღო - მთავარი მოთხოვნა ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანა იყო.

3 სექტემბერს რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა სკოლის შტურმით აღების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც 334 ადამიანი ემსხვერპლა. ბესლანის ტერაქტი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტია.

 

ჩრდილოეთ ოსეთში ფეხმძიმე ქალების მასობრივად სიკვდილი კადრებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობით აიხსნა

2021 წლის ბოლოს ქალაქ ბესლანში კოვიდინფიცირებულ ფეხმძიმე ქალთა მასობრივი სიკვდილის მიზეზად „ლაბორატორიებში არასაკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და ექიმ-რეანიმატოლოგების ნაკლებობა“ დასახელდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთის ბესლანის საავადმყოფოში, კოვიდინფიცირებულ ფეხმძიმე ქალთა განყოფილებაში, 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრის შუალედში 8 პაციენტი გარდაიცვალა. „კავკაზ რეალიის“ ცნობით, მათი რაოდენობა სინამდვილეში 9 იყო, თუმცა ერთი პაციენტი ოფიციალურ სტატისტიკაში არ მოხვდა.

ფეხმძიმე ქალების სიკვდილს რესპუბლიკაში დიდი საზოგადოებრივი აჟიოტაჟი მოჰყვა. მომხდარის მიზეზების დასადგენად ოფიციალურ უწყებებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებმა და ახლობლებმა არაერთხელ მიმართეს.

საქმეებზე მოკვლევა რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობითმა ორგანომ დაიწყო, თუმცა თავად საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ ამ ხალხის სიკვდილის მიზეზი „დაგვიანებული მომართვა“ გახდა. გარდაცვლილთა ოჯახების წევრები რესპუბლიკის მეთაურ სერგეი მენიაილოსაც შეხვდნენ, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ მომხდარი შემთხვევები სრულად იქნებოდა გამოძიებული.

 

ინგუშეთი

ტერორიზმის გამართლებისთვის ინგუშეთის ორი მკვიდრი დამნაშავედ ცნეს

ფოტო: kavkazr.com

 

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ ტერორიზმის გამართლების მუხლით ინგუშეთის ორი მკვიდრი დამნაშავედ ცნო და თითოეული 350 ათასი რუბლის ოდენობით (5.826 დოლარი) დააჯარიმა.

ინგუშეთის ორივე მკვიდრს სოციალურ ქსელებში რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში ედებოდათ ბრალი.

ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით არაერთი საქმეა აღძრული, სასამართლოს კი გამამტყუნებელი განაჩენი ხშირად გამოაქვს. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ საქმეებთან წვდომის საშუალება მათ უმეტეს შემთხვევაში არ ეძლევათ, იმ შემთხვევებში კი, როდესაც ისინი ახერხებენ საქმეებს გაეცნონ, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ფალსიფიცირების არაერთი ნიშანი ვლინდება.

 

ჩეჩნეთი

კადიროვმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გადათქვა, მოგვიანებით კი რეგიონების მეთაურებს მოხალისე რაზმების შექმნისკენ მოუწოდა

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი. ფოტო: pravda.com.ua

 

„ტელეგრამზე“ ერთ-ერთი ონლაინგამოსვლის დროს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დიდი ხანია ჩეჩნეთის მეთაურის პოზიცია უკავია და „უვადო და ხანგრძლივი შვებულება“ დაიმსახურა.  

„15 წელია, რესპუბლიკას ვმართავ. ჩვენ კავკასიელებს, ჩეჩნებს, გვაქვს გამოთქმა: „სტუმარი როგორი საპატიო, სანატრელი, არ უნდა იყოს, თუ ის დროზე მიდის, სასიამოვნოც ხდება.“ ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მოვიდა, სანამ არ გამაგდეს. მგონია, რომ უკვე მოხუცი ვარ. ოდესღაც ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი. ახლაც გამოუცდელი დავრჩი, მაგრამ ახალგაზრდობა სადღაც წავიდა,“ - განაცხადა კადიროვმა.

ამ განცხადებიდან მალევე რამზან კადიროვმა თავისი სიტყვების ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, სადაც აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. კადიროვის განცხადებით, მას ამ საკითხზე „ხალხის აზრის მოსმენა“ სურდა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პოსტს დაიკავებს იქამდე, სანამ მას წასვლას ან ხალხი და ან პრეზიდენტი არ სთხოვს. მისი თქმით, ის შეიძლება რეგიონის მეთაურის პოსტზე ხანგრძლივად ყოფნის რეკორდზეც კი წავიდეს.

მოგვიანებით კადიროვმა კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა, სადაც „ტელეგრამის“ პირად არხზე რეგიონების მეთაურებს მოუწოდა, რომ მოხალისეებისგან სამხედრო რაზმები გააკეთონ და სახელმწიფოს უკრაინაში დამატებითი ძალებით დაეხმარონ.

მისი განცხადებით, არაა საჭირო ჩინოვნიკები კრემლისგან საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან უკრაინაში მოვლენების დასასრულს ელოდონ. „რუსეთის ყოველი სუბიექტის მეთაურმა უნდა დაამტკიცოს თავისი მზაობა სახელმწიფოს დაეხმარონ“ - დაწერა კადიროვმა.

 

კიევში ქუჩას ჯოხარ დუდაევის სახელი ეწოდა

ჯოხარ დუდაევი. ფოტო: rbc.ru

 

კიევში ერთ-ერთ ქუჩას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის სახელი ეწოდა - ეს გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე ქალაქის საბჭომ მიიღო. 

ოფიციალური ცნობით, ისკროვსკაიას ქუჩას ამიერიდან ჯოხარ დუდაევის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდება. ქუჩა უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკოს რაიონში მდებარეობს.

ქალაქის საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება მანამდე გროზნენსკაიას ქუჩას იჩქერიის ქუჩა ეწოდოს.

 

დაღესტანი

კომუნალურ მომსახურებაში ყველაზე ნაკლებს დაღესტნის მოსახლეობა იხდის

ოჯახური ბიუჯეტიდან ყველაზე ცოტას კომუნალურ გადასახადებში დაღესტნის მოსახლეობა ხარჯავს - 5.6%-ს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის მონაცემები აჩვენებს, რომელიც რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა გაასაჯაროვა.

მეორე ადგილას, ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადებით, ინგუშეთია, სადაც ოჯახები გადასახადებში საშუალოდ ბიუჯეტის 5.9%-ს ხარჯავენ. ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყაბარდო-ბალყარეთში ფიქსირდება - 9.4%.

 

იჩქერიის მომხრეებმა დაღესტანში ანტირუსული იატაკქვეშეთის მოძრაობის მომზადების შესახებ განაცხადეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მომხრეებმა დაღესტნის ტერიტორიაზე ახალი ანტირუსული სამხედრო მოძრაობის საქმიანობის წამოწყების შესახებ განაცხადეს, რომელსაც სათავეში მეთაური, სახელით „შამილი“ ჩაუდგება. ამის შესახებ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი შეიხ მანსურის ბატალიონის მეთაურმა ისლამ ბელოკიევმა განაცხადა.

ბელოკიევის სიტყვებით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ეს დაღესტნელი ძმების ინიციატივაა, რომელთა ნაწილი უკრაინაში მათ გვერდით იბრძვის, ნაწილი კი სახლშია. ახალ დაჯგუფებას „იმამატი“ ერქმევა და პირველ ეტაპზე რუსული სამხედრო პოტენციალის შესწავლით, რაზმების განლაგების დადგენით, სამხედრო ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის მოგროვებითა და სხვა სადაზვერვო ოპერაციებით დაკავდება.

ბელოკიევის თქმით, დაღესტანში ბევრია ისეთი, ვინც იაზრებს, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის. ჩეჩენი მებრძოლი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის უფლება დაღესტნელ ხალხსაც აქვს, რომელიც რუსული სახელმწიფოს პირობებში მუდმივი რეპრესიების მსხვერპლია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.