X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 22, ნოემბერი 1-16, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

 

სამხრეთის რეგიონმა და კავკასიის რეგიონმა უკრაინაში ომისთვის 3.3 მილიარდ რუბლზე მეტი გამოყვეს

 

სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებმა უკრაინაში საომარი მოქმედებების ხელშეწყობისთვის ერთიანად 3 მილიარდ 317 მილიონი რუბლი (დაახლოებით 55 მილიონი დოლარი) გამოყვეს. ამ თანხის დიდი ნაწილი, 2.7 მილიარდი რუბლი, სტავროპოლის მხარის ბიუჯეტიდან გამოიყო.

 

ჩრდილოეთ ოსეთი უკრაინაში მიმდინარე ომზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 198 მილიონ რუბლს ხარჯავს, ყაბარდო-ბალყარეთში ეს თანხა კი 100 მილიონ რუბლს შეადგენს, ადიღეს რესპუბლიკაში - 128 მილიონს. ყარაჩაი-ჩერქეზეთი უკრაინაში რუსულ სამხედრო ინტერვენციაში ადგილობრივი სახსრებიდან 13 მილიონ რუბლს ხარჯავს.

 

ეს თანხები ხმარდება როგორც დაღუპულთა ოჯახებისთვის გასაცმ კომპენსაციებს, ისე ე.წ. „მოხალისეებისა“ და კონტრაქტით დაქირავებული მებრძოლების დახმარებას. მათი ნაწილი ასევე განკუთვნილია მობილიზებულთათვის ერთჯერადი გადასახადისთვის.

 

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მინიმუმ 900 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

 

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან მინიმუმ 900, სამხრეთ ფედერაციული ოლქიდან კი 570 მებრძოლი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული არის დაღესტნიდან - 244, თუმცა არაოფიციალური წყაროები გაცილებით მაღალ რიცხვს ასახელებენ.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს - 498 ადამიანი, 25 მარტს კი - 1351.

 

სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

 

მიგრანტი ჩრდილოეთკავკასიელები: რუსეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დავბრუნდებით

 

ონლაინგამოცემამ Кавказ Реалии მოამზადა მასალა ჩრდილოეთკავკასიელ მიგრანტებზე, რომელთაც რუსეთი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დატოვეს - მიგრანტები ამბობენ, რომ რუსეთში მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდებიან.

 

გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ასევე დანიშნულების ადგილად ხშირად სახელდება საქართველო და ყაზახეთი. Кавказ Реалии-ს რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი სხვა ქვეყანაში გადასვლაზე მანამდეც ფიქრობდნენ, მაგრამ ომმა და მობილიზაციამ ეს პროცესები დააჩქარა.

 

რესპონდენტები ასევე კითხვას სვამენ, თუ რისთვის უნდა იბრძოლოს ჩრდილოეთკავკასიელმა უკრაინაში. მათ მაგალითად მოჰყავთ პროტესტი დაღესტანში, სადაც ხალხი პირდაპირ სვამდა კითხვას, თუ რატომ და ვისთვის უნდა ებრძოლა უკრაინაში?

 

გამოკითხულები ასევე ლაპარაკობენ ზეწოლაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომლის პირობებშიც მათ რუსეთში უწევდათ ცხოვრება. ერთ-ერთი ჩეჩენი მიგრანტი, რომელიც საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კადიროვის განცხადებისა, ჩეჩნეთში მობილიზაცია გრძელდება.

 

„ყველა ჩრდილოეთკავკასიელი მიგრანტი, რომელთაც მე ვესაუბრე, დაბრუნებას აპირებს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება“ - ამბობს ერთ-ერთი. მიგრანტები იმასაც ამბობენ, რომ ჩრდილოეთკავკასიელ მამაკაცებს რუსეთთან დაკავშირებით „ინფანტილური“ პოზიცია უჭირავთ - ისინი თამამად ლაპარაკობენ შიდა, ლოკალურ პრობლემებზე რესპუბლიკაში, მაგრამ ვერ გამოდიან ზოგადად სახელმწიფოში რეჟიმის წინააღმდეგ.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

 

თბილისში კავკასიოლოგთა აკადემიური კონგრესი გაიმართა

14-16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი გაიმართა, რომელიც „ჩერქეზული კულტურის ცენტრის“ ხელშეწყობით ჩატარდა.

 

 აკადემიურ კონფერენციას, რომელიც გამოჩენილი ჩერქეზი მწერლის მიხაილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე კავკასიის ფარგლებს მიღმა ქვეყნებიდან ჩამოსული აკადემიკოსები და მკვლევრები დაესწრნენ.

 

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი იყო ქართველი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი, „ჩერქეზული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ჩუხუა. კონგრესზე განხილული იყო კავკასიოლოგიის დისციპლინის სხვადასხვა მიმართულება და თემები, მათ შორის ისტორიული, ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური და ლინგვისტური საკითხები.

 

ადიღეს რესპუბლიკა

 

პროკურატურამ აქტივისტ რომან ტაგანოვის დაკავება უკანონოდ ცნო

რომან ტაგანოვი. ფოტო: theins.ru

 

მოძრაობა „მაიაკის“ აქტივისტის რომან ტაგანოვის დაპატიმრება მაიკოპის პროკურატურამ უკანონოდ ცნო. ტაგანოვის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ აღიარა, რომ აქტივისტის შიდა პატიმრობიდან საპატიმროში გადაყვანის უფლება სასამართლოს არ ჰქონდა, რადგანაც მისი საქმე სააპელაციო ინსტანციის დონეზე განიხილება.

 

აქტივისტი ადიღეს რესპუბლიკიდან გამორჩეულია თავისი ანტისაომარი პოზიციით და მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ტაგანოვი ხშირად გამოდის ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, აპროტესტებს რუსეთში და ადიღეს რესპუბლიკაში არსებულ კორუფციას და კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს.

 

ტაგანოვს 7 მარტს მაიკოპში უცხო ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთაც აქტივისტმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. როგორც შემდეგ გაირკვა, თავდამსხმელები იყვნენ ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული.

 

ტაგანოვის წინააღმდეგ საქმე პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით აღიძრა, სასამართლომ კი მას სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ტაგანოვის განცხადებით, მას თავს იმ მიზეზით დაესხნენ, რომ უკრაინის დროშის ფერებში ეცვა.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

 

მეცნიერების აზრით, არხიზიდან კრასნაია პოლიანამდე გზის მშენებლობა ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს

სოფელი არხიზი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი

 

ეკოლოგების აზრით, გზის მშენებლობა ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ არხიზიდან კრასნაია პოლიანამდე, რომლის განხილვაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემოთავაზება იყო, სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს. მათი თქმით, გზამ უნდა გაიაროს კავკასიის ბიოსფერული ნაკრძალი, სადაც მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია.

 

მეცნიერების ნაწილი საუბრობს იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რაც გზის აშენებას ახლავს, მათ შორის, გვირაბების გათხრის საჭიროებაზე, რომელთა გარეშეც პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, არსებობს იურიდიული დაბრკოლებაც, რომელიც ნაკრძალებში გზების მშენებლობას კრძალავს. ექსპერტების თქმით, ამ პროექტის შესრულებას  დასჭირდება ან  კანონმდებლობის შეცვლა, ან დარღვევა. 

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მაცხოვრებლებმა დეპორტაციის მსხვერპლებს პატივი მიაგეს

დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი სოფელ უჩკეკენში. ფოტო: oc-media.org

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთში დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკის მეთაურმა რაშიდ ტემრეზოვმა და მოსახლეობამ დაღუპულთა მემორიალებთან ყვავილები მიიტანეს. ადგილობრივ მეჩეთებში დაღუპულთათვის ლოცვაც  გაიმართა.

 

ყარაჩაელების დეპორტაცია ჩრდილოეთ კავკასიიდან, „საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებისა და ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერის“ მიზეზით, 1943 წლის 2 ნოემბერს დაიწყო და მთელი თვე გაგრძელდა. შედეგად, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ციმბირსა და შორეულ აზიაში 69 267 ადამიანი გადაასახლეს. 43 000 ადამიანი, მათ შორის 22 000 ბავშვი, გზაში და გადასახლების ადგილას დაიღუპა.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

 

ნალჩიკში სამარშრუტო ტაქსებზე ფასის ზრდამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

 

Кавказский Узел-ის ინფორმაციით, ნალჩიკში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ტრანსპორტზე ტარიფების ზრდა ცალკეული შემთხვევა არ არის, რადგანაც ყაბარდო-ბალყარეთში ფასები ყველაფერზე უწყვეტად იზრდება, მათ შორის, საწვავსა და მანქანის ნაწილებზე.

 

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობამ სოციალური ქსელების მეშვეობით გამოთქვეა. წყაროს ცნობით, სიახლესთან დაკავშირებული კომენტარების უმეტესობა ფასების ზრდას აპროტესტებდა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებდა, არსებული საკითხისთვის მიეხედა. სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე ნალჩიკის მოსახლეობა გასულ წლებშიც ლაპარაკობდა, თუმცა საკითხი მოუგვარებელი დარჩა.

 

მებრძოლებმა ყაბარდო-ბალყარეთიდან პოლიგონზე გასვლაზე უარი თქვეს

 

ივნისის თვეში სამხედრო დაჯგუფებამ ყაბარდო-ბალყარეთიდან სამწვრთნელო-საომარი ამოცანების შესასრულებლად პოლიგონზე გასვლაზე უარი თქვა - ინფორმაცია ამის შესახებ მედიისთვის ნაცნობი ნოემბერში გახდა.

 

 იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომელთაც პოლიგონზე გასვლაზე უარი განაცხადეს, ადმინისტრაციული საქმეა აღძრული, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ტიმურ ხუჩიევი, აცხადებს, რომ საომარ ქმედებებში მონაწილეობისგან თავის არიდება არ უცდია და ეს უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.

 

იმის შესახებ ცნობები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისგან თავის დაღწევის მიზნით ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ უარს, მედიაში აქტიურად ვრცელდება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ისევ ყაბარდო-ბალყარეთიდან უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს შეეხება, რომელთაგან 115 სამხედრო სამსახურიდან ომში მონაწილეობაზე უარის გამო გაათავისუფლეს.

 

ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა მობილიზებული მებრძოლები მოინახულა

კაზბეკ კოკოვი. ფოტო: kbrria.ru

 

ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა კაზბეკ კოკოვმა საომარ ზონაში რესპუბლიკიდან მობილიზებული მებრძოლები მოინახულა, რის შესახებაც შემდეგ საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, მობილიზებულებს ყაბარდო-ბალყარეთიდან „არაფერიაკლიათ“ და ყველანაირი მხარდაჭერა აქვთ.

 

„ბიჭებს მშვენიერი განწყობა აქვთ. მთხოვეს ჯარისკაცების მშობლებისთვის გადამეცა, რომ მათ ყველაფერი რიგზე აქვთ და არ ინერვიულონ. მათ რესპუბლიკიდან დახმარება მიიღეს, როგორც ტექნიკა, ისე ყოველდღიური საჭიროების ნივთები,“ - განაცხადა კოკოვმა.

 

მედიის შეფასებით, კოკოვის ხალხისთვის წარდგენილმა ანგარიშმა მობილიზებულებთან ვიზიტის შესახებ, მოსახლეობის ნაწილში ირონია გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ რესპუბლიკაში მოხალისეები აქტიურად აგროვებენ მობილიზებულთათვის საჭირო ნივთებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი საჭიროებები დაკმაყოფილებული არ არის.

 

საზოგადოების ნაწილი იმაზეც ლაპარაკობს, რომ მობილიზებულთათვის გამოყოფილი ფულადი კომპენსაცია არასაკმარისია, მათი ყველაფრით უზრუნველყოფა კი ცენტრალური ხელისუფლების და მათ შორის, პირადად პუტინის საქმეა.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა გადათქვა თავისი სიტყვები, რომ უკრაინელებს რესპუბლიკიდან 15 მებრძოლი ჰყავთ ტყვედ

სერგეი მენიაილო. ფოტო: kremlin.ru

 

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო თავისი ინფორმაცია, თითქოს უკრაინელებს ტყვედ რესპუბლიკიდან 15 მებრძოლი ჰყავთ. მისი დაზუსტებული ინფორმაციით, საუბარი მხოლოდ 3 ადამიანზეა. ადგილობრივმა მედიამ შეცდომის მიზეზად ონლაინპრესკონფერენციაზე უხარისხო ხმა დაასახელა.

 

მენიაილომ თავის ტელეგრამ-არხზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ იმ ადამიანებთაგან, რომლებიც მას დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ, წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდან მხოლოდ სამი იყო, დანარჩენი კი - „მეზობელი რესპუბლიკებიდან“.

 

მენიაილომ ისიც დასძინა, რომ მებრძოლები გასაცვლელ ტყვეთა სიაში არიან. მათგან მინიმუმ ორის სახელი ცნობილია - კაზბეკ გობეევი და გეორგი ტმენოვი.

 

გაგიევის დაჯგუფების მონაწილეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

არტურ ჯიოევი. ფოტო: stavropol-news.net

 

ე.წ. „გაგიევის დაჯგუფების“ შესაძლო წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდან არტურ ჯიოევი მოსკოვის რეგიონალურმა სასამართლომ რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო  და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, ის დაჯგუფების ლიდერის ასლან გაგიევის „აღზრდილი“ და „მარჯვენა ხელი“ იყო.

 

არტურ ჯიოევს ბრალი რიგ დანაშაულებში ედებოდა, მათ შორის, რამდენიმე მკვლელობა, ყაჩაღობა და ადამიანის გატაცებაა. ჯიოევს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მას სასამართლომ 19 წელი მიუსაჯა. ჯიოევი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია მეტსახელებით „სინოჩეკ“ (შვილობილი) და „ფიგურა“, „გაგიევის დაჯგუფების“ საქმიანობაში 2004 წლიდან ჩაერთო. გამოძიების ცნობით, 2010 წელს ის გაგიევმა დაჯგუფების ლიდერად დანიშნა.

 

ასლან გაგიევის კრიმინალური დაჯგუფება ჩრდილოეთ ოსეთში 2004 წლიდან 2013 წლამდე მოქმედებდა. ის ფართოდ ცნობილი გახმაურებული მკვლელობების შესრულებით გახდა.

 

ინგუშეთი

 

ინგუშეთში მობილიზებულთა დასახმარებლად დამატებითი ზომები შემოიღეს

 

მობილიზებულთა დასახმარებლად ინგუშეთში ახალი ზომები შემოიღეს, რომელთა მიხედვით, მობილიზებულთა ოჯახებს გაათავისუფლებენ ტრანსპორტისა და ქონების გადასახადისგან, ასევე მათ შვილებს საბავშვო ბაღებში რიგგარეშე მიიღებენ, მათი მკურნალობა და დასასვენებლად გაგზავნა კი უფასო გახდება.

 

ინგუშეთის მეთაურის მაჰმუდ-ალი კალიმატოვის განცხადებით, მობილიზებულთა ოჯახები სოციალური და სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტით უნდა სარგებლობდნენ. „მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი საკითხები პრიორიტეტული წესით გადაწყდება,“ - თქვა კალიმატოვმა.

 

ბრძანების მიხედვით, დამატებითი მხარდაჭერის ფარგლებში, მობილიზებულთა აბიტურიენტი შვილებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად პრიორიტეტულ უფლებას მოიპოვებენ, ასევე გადაუვადდებათ გადასახადი. მობილიზებულთა მშობლებისთვის მოეწყობა პროფილაქტიკური შემოწმება რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე მათ მოამარაგებენ საჭირო წამლებით.

 

 

ჩეჩნეთი

 

კადიროვი რესპუბლიკაში მობილიზაციის გაგრძელებაზე ლაპარაკობს

რამზან კადიროვი. ფოტო: reuters

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ომში გაწვევის უწყისების დარიგება კვლავ დაიწყება. ამის შესახებ კადიროვმა „აჰმატის“ მებრძოლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

კადიროვი ჩეჩენ მამაკაცებს ურჩევს, რომ სამხედრო რიგებში თავისი ნებით ჩაეწერონ, უწყისების გარეშე, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩეჩნებთან ერთად იქნებიან და არა - შემთხვევით განყოფილებაში. „თუ არადა, სადღაც წაგიყვანენ, რომელიღაც დივიზიაში ან ბრიგადაში, ნათესავებს კი არ ეცოდინებათ, სად ხარ,“ - აფრთხილებს კადიროვი ჩეჩნებს.

 

შეგახსენებთ, რომ კადიროვმა ჩეჩნეთში მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, მობილიზაციის პროცესი რესპუბლიკაში არცერთ მომენტში არ გაჩერებულა.

 

ჩეჩნეთში იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირია

 

რუსეთის მასშტაბით მეშვიდე თვე ზედიზედ ჩეჩნეთში იპოთეკური სესხის ყველაზე მაღალი პროცენტი ფიქსირდება - 9.71%, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება - 6.71%. მონაცემებს „რია ნოვოსტი“ რუსეთის ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ავრცელებს.

 

იპოთეკური სესხის სიძვირით აუტსაიდერებს შორის სხვა ჩრდილოეთ კავკასიური რეგიონებიც მოხვდა, მათ შორის - ინგუშეთი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს - 8.76%. მეოთხე ადგილას დგას ყარაჩაი-ჩერქეზეთი 8.72%-ით.

 

ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს იჩქერიის აღიარების საკითხის შემუშავება დაავალა

იჩქერიის დროშა. ფოტო: kavkazr.com

 

იჩქერიის აღიარებასთან დაკავშირებულ პეტიციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურად გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული შემოთავაზება დაამუშაონ.

 

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, სხვა ქვეყნის აღიარება პრეზიდენტის პრეროგატივაა. რუსეთის რეგიონების აღიარების საკითხი უკრაინაში აქტიურად რუსეთის მიერ ფართომასშტაბური შეჭრის შემდეგ წამოიწია. არაღიარებული იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ზაკაევმა უკრაინას დაღესტნის აღიარებისკენაც მოუწოდა.

 

ხორვატიაში ჩეჩნეთის ათეულობით მკვიდრი დააკავეს

 

ხორვატიაში რამდენიმე ათეული ჩეჩენი დააკავეს, რომლებიც ევროპაში რუსეთიდან ემიგრირებულები არიან. „ევროპის ჩეჩნური ასამბლეის“ ინფორმაციით, მათ აიძულებენ თავშესაფარზე უარს მოაწერონ ხელი.

 

„ვფიქრობ, 50 ადამიანამდეა დაჭერილი. ეს ის ჩეჩნები არიან, რომლებიც რუსეთიდან ხორვატიაში ბალკანეთის გავლით მოხვდნენ. თანაც, როგორც მე ვიცი, ისინი არ აპირებენ ქვეყანაში დარჩენას. აპირებენ ხორვატია გაიარონ, რათა ევროპის სიღრმეში თავის ახლობლებთან და ნაცნობებთან ჩავიდნენ. მსხვილი ჩეჩნური დიასპორა ხორვატიაში უბრალოდ არ არსებობს,“ - აცხადებს ასამბლეის წარმომადგენელი ისა დადუევი.

 

ხორვატიაში დაპატიმრებული ჩეჩნები ექსტრემიზმთან კავშირზე მოწმდებიან. სამართალდამცავებს ჩეჩენი ემიგრანტები სადეპორტაციო ლაგერში ჰყავთ დაპატიმრებული.

 

 

 

 

ანზორ მასხადოვი თვლის, რომ ზაკაევი „ჩეჩნების დაყოფას ცდილობს“

ანზორ მასხადოვი. ფოტო: kavkazr.com

 

არაღიარებული იჩქერიის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი, რომელიც კადიროვის რეჟიმს უპირისპირდება, მიიჩნევს, რომ იჩქერიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკაევი თავისი საქმიანობით „ჩეჩნების დაყოფას“ ცდილობს.

 

ნოემბერში კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპაში ემიგრირებული ჩეჩნების პოლიტიკურ ლიდერებს - ანზორ მასხადოვსა და ჯამბულატ სულეიმანოვს - ჰკითხეს, მიიჩნევენ თუ არა ისინი აჰმედ ზაკაევს „კრემლისგან შემოგზავნილ ტროას ცხენად“, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ეს გამორიცხული არ არის, რადგანაც ზაკაევი თავისი საქმით „ჩეჩნების დაყოფას“ ეწევა.

 

ზაკაევის წინააღმდეგ ბრალდებას გამოეხმაურა ჩეჩენი უფლებადამცველი და ზაკაევის „დამხმარე“ მაირბეკ ტამაროვი, რომელმაც თავად დააბრალა პრესკონფერენციის მონაწილეებსა და კითხვის ავტორ უკრაინელ ჟურნალისტს „ფსბ“-სთან კავშირი და უკრაინის სპეცსამსახურებს გამოძიების ჩატარება სთხოვა.

 

 

დაღესტანი

 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დაღესტნური ბატალიონი შეიქმნა

ბატალიონის დამფუძნებელი მოჰამეტ სეიპულაევი და უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. ფოტო: ალექსეი გონჩარენკოს ფეისბუქ-გვერდი

 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დაღესტნური ბატალიონი შეიქმნა, რასთან დაკავშირებითაც „ფეისბუქზე“ ბატალიონის დამაარსებელმა მოჰამეტ სეიპულაევმა და უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ საერთო მიმართვა გაავრცელეს.

 

„შეიქმნა იმამი შამილის სახელობის დაღესტნელების ბატალიონი, რომელიც დაღესტნის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. ბატალიონი ჯერ უკრაინას დაეხმარება, შემდეგ კი - დაღესტანს,“ - განაცხადა გონჩარენკომ. „ჩვენ რუსეთთან ბრძოლა ბევრად ადრე დავიწყეთ, 10-15 წლის წინ“, - დასძინა სეიპულაევმა.

 

გონჩარენკომ ასევე განაცხადა, რომ კავკასიელი ხალხის რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია. „თავისუფლების მოპოვება მხოლოდ იარაღით ხელშია შესაძლებელი,“ - დასძინა უკრაინელმა დეპუტატმა.

 

რომელი მიმართულებით იბრძოლებს და რამდენი ადამიანისგან შედგება დაღესტნური ბატალიონი, ჯერჯერობით უცნობია.

 

აშშ-მ სულეიმან ქერიმოვის ოჯახისა და პარტნიორების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

სულეიმან ქერიმოვი. ფოტო: AP

 

დაღესტნელი მილიარდერი ოლიგარქის სულეიმან ქერიმოვის ოჯახის წევრებისა და საქმიანი პარტნიორების წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დააწესა. სამინისტროს განცხადებით, მათი სანქციების ქვეშ ქერიმოვთან დაახლოებული 14 პირი და 28 კომპანია მოხვდა.

 

„აშშ გააგრძელებს კრემლის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის გამოვლენასა და დაშლას, რათა რუსეთს არ მიუწვდებოდეს ხელი იმ აღჭურვილობასთან და ტექნოლოგიასთან, რომელიც უკრაინასთან თავისი არალეგალური ომისთვის სჭირდება,“ - წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

 

სიაში მოხვდნენ ქერიმოვის მეუღლე ფირუზ ქერიმოვა, ქალიშვილები გულნარა და ამინა და ვაჟი საიდი. სიაში მოხვდნენ ასევე დისშვილი ნარიმან გაჯიევი, რომელიც პრესრელიზში ქერიმოვის მთავარ ფინანსურ შუამავლად არის მოხსენიებული.

 

დაღესტნის ბიუჯეტის დეფიციტი ორჯერ გაიზარდა

 

დაღესტნის პარლამენტის საიტზე რესპუბლიკის ბიუჯეტის 2023 წლის პროექტი გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, რესპუბლიკის ბიუჯეტში არსებული დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა, რაც უკვე ზედიზედ მეორე წელია ხდება.

 

2023 წელს დაღესტნის ხელისუფლება აპირებს 17%-ით, 28.4 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 465 მილიონი დოლარი) მეტი დახარჯოს, ვიდრე გამოიმუშავებს. დაღესტნის 2023 წლის ბიუჯეტი 191.4 მილიარდი რუბლია (3.1 მილიარდი დოლარი), თავად რესპუბლიკის შემოსავალი კი - 163 მილიარდი (2.6 მილიარდი დოლარი).

 

დაღესტნის პარლამენტის ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელის მარატ ილიასოვის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე ის შეიძლება შეიცვალოს.


 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.