X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 24, დეკემბერი 1-14, 2022)

  • ავტორი: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2022

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მინიმუმ 1000 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა

24 თებერვალს დაწყებული ომიდან დღემდე, ადგილობრივი ფედერაციული მთავრობების ცნობით, უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან მინიმუმ 1000, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქიდან კი 613 მებრძოლი დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული არის დაღესტნიდან - 273, თუმცა არაოფიციალური წყაროები გაცილებით დიდ რიცხვს ასახელებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დაღუპულთა შესახებ ცნობები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს - 498 ადამიანი, 25 მარტს კი - 1351.

სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს, მათ შორის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ამ რიცხვებს ბევრად აღემატება. ოფიციალურ მონაცემებს აღემატება რუსეთის მხრიდან დაღუპულ ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლთა რაოდენობაც.

 

რუსეთის მასშტაბით მოსახლეობაში გავრცელებული მავნე ჩვევების თვალსაზრისით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქშია

რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებს შორის მავნე ჩვევებისადმი მოსახლეობაში მიდრეკილების, იგულისხმება ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება, დაბალი მაჩვენებლებით ლიდერობენ ჩეჩნეთი, დაღესტანი და ინგუშეთი.

მონაცემები გაავრცელა „რია ნოვოსტიმ“, რუსეთის სტატისტიკის სამსახურისა და გენპროკურატურის სტატისტიკაზე დაყრდნობით. სტატისტიკას ორი ძირითადი კომპონენტი შეადგენს - ფედერაციულ სუბიექტებში ალკოჰოლისა და თამბაქოს გაყიდვის მოცულობა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა.

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ოსეთს აქვს.

 

გამოცხადდა ძებნა ცნობილ რუს ბლოგერზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ამბებსაც აქტიურად აშუქებდა

დიმიტრი ივანოვი. ფოტო: rbc.ru

 

ცნობილ რუს ბლოგერზე დიმიტრი ივანოვზე, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილია მეტსახელით kamikadzedead (Камикадзе Ди), რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალური ძებნა გამოაცხადა.

ბლოგერი ცნობილია თავისი პოპულარული არხით YouTube-ზე, სადაც მას 1.7 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და სადაც ოპოზიციურად განწყობილი ივანოვი აქტიურად აშუქებს რუსეთის ამბებს და მათ შორის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ჩრდილოეთ კავკასიას. ივანოვის არაერთი ვიდეო და კომენტარი ეხება რეგიონში, განსაკუთრებით კი, ჩეჩნეთსა და დაღესტანში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას.

დიმიტრი ივანოვი რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა ჯერ „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი მასზე „რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით აღძრეს საქმე. ივანოვი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში არ იმყოფება, აქტიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომსაც.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

„ჩერქეზულმა კონგრესმა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა

„ჩერქეზული კონგრესის“ ხელმძღვანელი, ბლოგერი და აქტივისტი კასე კიკი „ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიდენტისადმი ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც „სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩერქეზების“ სახელით, სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი „კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანურობა გამოიჩინოს“.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ „ჩერქეზული კონგრესი“ არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად „ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს სასამართლო სისტემის ხარისხი“ და „მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა“. თუმცა, განცხადების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას ადამიანის ბიოგრაფიის კონკრეტული ეპიზოდების მიხედვით იღებს, „ჩერქეზული კონგრესი“ კი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის „სრული დამსახურებები“ გაითვალისწინოს.

„ჩერქეზული კონგრესის“ განცხადება ცალკე გამოყოფს სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოსგან ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას, როგორც უნიკალურ შანსს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჩერქეზ ხალხს მიანიჭა. განცხადებაში ასევე გამოყოფილია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის საშუალება მიეცათ.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

პროკურატურამ სასამართლოსგან არაშუკოვებისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

ფოტო: Kavkaz-uzel.eu

 

პროკურატურამ სასამართლოსგან ყოფილი სენატორის ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან რაუფ არაშუკოვისა და მამამისის რაულ არაშუკოვისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. არაშუკოვები კვლავ უარს ამბობენ კრიმინალური ჯგუფის შექმნასთან და შეკვეთილ მკვლელობებთან დაკავშირებული ბრალის აღიარებაზე.

ყარაჩაი-ჩერქეზეთთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე 2019 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. სასამართლომ ა.წ. 23 სექტემბერს არაშუკოვების ბრალი დამტკიცებულად ცნო, თუმცა სასჯელი ჯერ არ განუსაზღვრავს. ადვოკატების განცხადებით, მათ არ ესმით, რას ეფუძნება მსგავსი მოთხოვნა პროკურატურისგან.

ყოფილი სენატორი რაუფ არაშუკოვი და მამამისი რაულ არაშუკოვი „გაზპრომისთვის“ დაახლოებით 30 მილიარდი რუბლის (407 მილიონი დოლარი) ღირებულების გაზის მოსაპარად დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვისა და შეკვეთილი მკვლელობებისთვის არიან დაპატიმრებულები.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

გავრცელებული ვირუსების გამო ყაბარდო-ბალყარეთში სკოლების დროებით კარანტინზე გადაყვანა მოითხოვეს

რესპუბლიკაში დეკემბერში ფართოდ გავრცელებული გრიპის ვირუსისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გამო სკოლების 14% სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადაყვანილი, თუმცა სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები ამ სიის გაზრდას ითხოვენ.

ყაბარდო-ბალყარეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 38 სკოლაა გადაყვანილი. მათი ცნობით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე იმ შემთხვევაში გადადის, თუ მოსწავლეების 20% და მეტი გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გრიპი და სხვა ინფექციური ვირუსები იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ამას ოფიციალური უწყებები ამბობენ. სოციალურ ქსელებში გახშირდა მშობლების მოწოდებები, რომ დისტანციურ რეჟიმზე ყველა სკოლა გადაიყვანონ, სანამ კრიზისული პერიოდი გადაივლის.

 

ყაბარდო-ბალყარეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებზე რესპუბლიკის მეთაურმა ილაპარაკა

კაზბეკ კოკოვი. ფოტო: oc-media

 

ყაბარდო-ბალყარეთში დიდთოვლობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რამაც არაერთი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე კვირაზე დიდი ხნით დატოვა.

რესპუბლიკის მეთაურის კაზბეკ კოკოვის განცხადებით, დენის მიწოდების აღსადგენად შეუჩერებელი მუშაობა მიმდინარეობს და მასში 500-ზე მეტი ადამიანია ჩართული. კოკოვის თქმით, მათ სპეციალისტები სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის მეზობელ რესპუბლიკებიდანაც მოიწვიეს.

11 დეკემბრის საღამოსთვის ელექტროენერგიის გარეშე რესპუბლიკის 8 ათასამდე მაცხოვრებელი დარჩა. დიდთოვლობით განსაკუთრებით ზოლსკისა და ბაქსანსკის რაიონები დაზიანდა.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთში საახალწლოდ „სახალხო სეირნობა“ და კონცერტები გაუქმდა

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის ფინანსური სახსრების ეკონომიის მიზნით ჩრდილოეთ ოსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო საახალწლოდ დაგეგმილი „სახალხო სეირნობა“, კონცერტები და სხვა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები გააუქმოს.

„ვლადიკავკაზსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში ნაძვის ხეები დაიდგმება, იქნება საახალწლო განათებები და დაორგანიზდება ადგილები კულტურული დასვენებისთვის. განათლებისა და კულტურის დაწესებულებებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება ჩატარდება“, - აცხადებს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება.

ფინანსების დაზოგვის მიზნით საახალწლოდ ღონისძიებების შემცირების, ზოგიერთის კი საერთოდ გაუქმების იდეა ჩრდილოეთ ოსეთში ჯერ კიდევ ოქტომბერში ითქვა. იგივე გადაწყვეტილება რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც მიიღეს, მათ შორის როსტოვში, სტავროპოლსა და ყუბანში.

 

ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინიდან ორი სამხედრო ტყვე დაბრუნდა

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, უკრაინიდან რუსეთში სამხედრო ტყვეობაში მყოფი „როსგვარდიის“ ორი ოსი ჯარისკაცი დაბრუნდა. მენიაილოს თქმით, ისინი ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რესპუბლიკის მეთაურის ინფორმაციით, დამატებით ორი სამხედრო ჩრდილოეთ ოსეთიდან გასაცვლელ ტყვეთა სიაშია. „ეს საკითხი მუდმივად კონტროლქვეშ მაქვს“ - აცხადებს მენიაილო.

უკრაინასთან ტყვეების ბოლო გაცვლა რუსეთს, 60/60 ფორმულით, 6 დეკემბერს ჰქონდა. შესაბამისად, უკრაინიდან რუსეთში 60 სამხედრო ტყვე დაბრუნდა, რომელთა ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან არიან.

 

ინგუშეთი

Медуза: შეიხ ბათალ-ჰაჯის მიმდევრები კადიროვს უკრაინაში საომრად მიჰყავს

სუფიური ზიქრის რიტუალი ინგუშეთში. ფოტო: meduza.io

 

რუსულენოვანი ოპოზიციური გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ინგუშეთიდან „შეიხ ბათალ-ჰაჯის საძმოს“ წევრები მიჰყავს, რომლებიც მანამდე ინგუშეთის ხელისუფლებისგან საჯაროდ დაიცვა. ბათალ-ჰაჯის მიმდევრები კადიროვს უკრაინაში საომრად იმ მხარდაჭერის საპასუხოდ დათანხმდნენ, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურმა მათ გაუწია.

„ბათალ-ჰაჯის საძმოს“ უკრაინის ომში მონაწილეობა თავად რამზან კადიროვმაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის „აჰმატის“ რიგებში სუფიური მიმდინარეობის წევრებიც დაემატნენ. „მედუზას“ ცნობით, ისინი მომზადებას გუდერმესის ბაზაზე „სწრაფი რეაგირების რაზმად“ გადიან. მომზადების პერიოდი დაახლოებით ორი კვირაა.

გამოცემა ასევე წერს იმ მიზეზებზე, რამაც საძმოს მიმდევრები რამზან კადიროვის მიმართ ანგარიშვალდებული გახადა. „მედუზას“ ინფორმაციით, გარდა წინარე ისტორიისა, ამ განვითარებაზე ნოემბრის მოვლენებმაც იმოქმედა, როდესაც საძმოს წევრები ინგუშეთში დევნის ახალი ტალღის მსხვერპლი გახდნენ - იყო დაპატიმრება, ჩხრეკა და სისხლის სამართლის საქმეები.

„ბათალ-ჰაჯის საძმო“ ინგუში შეიხის ბათალ-ჰაჯი ბელხოროევის მიერ დაარსებული სუფიური მოძრაობაა. თავად ბათალ-ჰაჯი შეიხ ქუნტა-ჰაჯის მიმდევარი იყო, რომელმაც ქუნტა-ჰაჯის ვირდის სუფიური მიმართულება ჩამოაყალიბა. 2019 წლის მონაცემებით, სუფიური საძმო დაახლოებით 5 ათას ადამიანს ითვლის. საძმოს წევრები ხშირად ხდებიან ადგილობრივი ხელისუფლების დევნის ობიექტები. 2019 წელს მოკლეს საძმოს ერთ-ერთი ლიდერი იბრაჰიმ ბელხაროევი, რომელიც შეიხ ბათალ-ჰაჯის პირდაპირი შთამომავალი იყო. კადიროვის ხალხს იბრაჰიმის შვილი ანარბეკ ბელხაროევიც შეუერთდა, რომელმაც ჩეჩნეთის მეთაურს „ძვირფასი ძმა“ უწოდა.

 

ინგუშეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა

 

ქალაქი მაგასი. ფოტო: varandej.livejournal.com

 

რეგიონალური ეკონომიკის მიმართულებით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) პროფესორის, ნატალია ზუბარევიჩის, ცნობით, ინგუშეთში მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ზურაბევიჩის თქმით, იგივე ვითარებაა დაღესტანსა და ტუვის რესპუბლიკაში.

ეს განსხვავდება „რია ნოვოსტის“ რეიტინგისგან, სადაც ინგუშეთი ასევე რუსეთის სამ ყველაზე ღარიბ რეგიონში შედის, თუმცა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 29.7%-ია. იმავე მონაცემებით, მთლიანობაში, რუსეთში საშუალოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა 11% ცხოვრობს.

ინგუშეთში ისევე, როგორც მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ეს კარგად ჩანს როგორც დამოუკიდებელი მკვლევრებისა და ორგანიზაციების მონაცემებში, ისე ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყება ასაჯაროებს.  

 

ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ძალოვნებს შორის კონფლიქტი მოხდა

 

 

10 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ ურუს-მარტანში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ГИБДД-ის (საგზაო პოლიცია) თანამშრომლებს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს ფაქტი ჩეჩნურ მედიასა და სოციალური ქსელების ჩეჩნურ სეგმენტში ბოლო კვირაში განხილვის მთავარი საგანი იყო.

მამაკაცმა, რომელიც, ერთი ინფორმაციით, „სწრაფი რეაგირების რაზმის“ წევრია, რამზან კადიროვის ვერსიით კი - „როსგვარდიის“ რეზერვისტი, საგზაო პოლიციის თანამშრომელს სილა გააწნა. ამ ინციდენტს შემდგომი ესკალაცია მოჰყვა, რასაც ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა.

კადიროვმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ჩეჩნეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებს უბრძანა მეორე დღესვე დაძრულიყვნენ ქალაქისკენ წესრიგის დასამყარებლად. მან ურუს-მარტანის მაცხოვრებლებსაც მიმართა: „თქვენ გაქვთ არჩევანი - ან მათ (სპეცრაზმელებს) ეჩხუბეთ, ან გაგაგზავნით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონაში. დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართ“.

შემდეგ დღეს ურუს-მარტანისკენ დაახლოებით 500-მდე ძალოვანი დაიძრა, ქალაქში კი რეიდებისა და ჩხრეკის ტალღა დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ძალოვნები ამოწმებდნენ მძღოლებსაც, განსაკუთრებით კი დევნიდნენ იმ მანქანებს, რომელთაც დაბურული მინები ჰქონდათ. მათ გარკვეულ ნაწილს ძალოვნებმა მინები ჩაუმსხვრიეს, რისი ამსახველი ფოტოებიც სოცქსელებში გავრცელდა.

რეიდების ფარგლებში, ძალოვნებმა 20-მდე მამაკაცი დააპატიმრეს. მათი ძირითადი მიზანი კონფლიქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი დასჯა იყო. ყოფილი ძალოვნების შეფასებით, რომელთაც კომენტარი Кавказский Узел-თან გააკეთეს, ურუს-მარტანის „უმნიშვნელო“ მოვლენების დასარეგულირებლად 500 ძალოვანის გაგზავნა ჩეჩნეთის ხელისუფლების „გადამეტებული რეაქციად“ მოჩანს.

 

ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროპის ქალაქებში დემონსტრაციები გაიმართა

ჩეჩნური დიასპორის შეკრება სტრასბურგში. ფოტო: kavkazr.com

 

10 და 11 დეკემბერს საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების დემონსტრაციები გაიმართა.

1994 წლის 11 დეკემბერს რესპუბლიკაში, რომელმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი ფორმირებები შევიდნენ. ფედერალურმა ძალებმა გროზნოს შემოგარენზე საარტილერიო შეტევა დეკემბრის შუაში დაიწყეს, 19 დეკემბერს კი პირველი დაბომბვა დაფიქსირდა.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ რუსეთის მიერ ჩვენი ხალხის უფლებები დარღვევა“ - განაცხადა იჩქერიის საპატიო კონსულმა საფრანგეთში შამილ ალბაკოვმა. სტრასბურგში აქცია „ევროპის საბჭოს“ შენობის წინ გაიმართა. ალბაკოვის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ასოციაციამ „მშვიდობა და ადამიანის უფლებები“ რეზოლუციაც შეიმუშავა, რომელიც „ევროპის საბჭოს“ გადაეგზავნა.

 

ბოლო ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვი ცოცხალია

ტუმსო აბდურაჰმანოვი. ფოტო: kavkazr.com

 

მიუხედავად  სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი ცოცხალია და შვედეთის სამართალდამცავების დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ იჩქერიის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს. ამავე ინფორმაციას ავრცელებს შვედური მედიაც.

ტუმსო აბდურაჰმანოვზე სასიკვდილო თავდასხმის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალურ ქსელებში აქტიური ბლოგერი მოულოდნელად გაუჩინარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩეჩენი ბლოგერის სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარი არაერთმა აქტივისტმა, პოლიტიკოსმა და ბლოგერმა გააკეთა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილმა, პოლიტიკოსმა ანზორ მასხადოვმაც.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახური ამაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს. გაურკვეველი რჩება ასევე ტუმსო აბდურაჰმანოვის ადგილმდებარეობაც. მცდელობების მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერც მედიამ და ვერც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს.

 

The Wall Street Journal  - ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს ზელენსკის მოკვლა დაავალა

ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი. ფოტო: reuters

 

The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში ომის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს უკრაინის სახელმწიფო შენობის აღება და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა.

გამოცემა ინფორმაციას უკრაინის დაზვერვისგან მიღებული ცნობების მიხედვით ავრცელებს. სტატიაში ასევე წერია, რომ კადიროვის ჯარები უკრაინაში 25 თებერვალს ბრონირებული ტექნიკის სამი კოლონით შევიდნენ.

ერთ-ერთმა პირმა კადიროვს პირადად ჩაუგდო  უკრაინული მხარის მიერ მოპოვებული ვიდეო, სადაც უკრაინაში შესვლაა ასახული. ამ კოლონიდან პირველი უკრაინულმა ძალებმა თითქმის სრულიად გაანადგურეს, ორს კი გადაჯგუფება მოუწია.

 

დაღესტანი

დაღესტნის ყოფილი მეთაური მაგომედალი მაგომედოვი გარდაიცვალა      

  
ვლადიმერ პუტინი და მაგომედალი მაგომედოვი. ფოტო: kavkazr.com

 

დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, რესპუბლიკის ყოფილი მეთაური, მაგომედალ მაგომედოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რესპუბლიკის ამჟამინდელმა მეთაურმა სერგეი მელიქოვმა განაცხადა.

მაგომედოვმა რესპუბლიკის ხელისუფლებაში მუშაობა ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო. 1987 წელს ის დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახდა. 1994 წლიდან 2006 წლამდე მაგომედოვი დაღესტნის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2006 წელს პოლიტიკოსმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდგომ პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ის მშობლიურ სოფელ ლევაშიში დაკრძალეს.

დაღესტნელი ისტორიკოსი საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამო დევნის მსხვერპლი გახდა

ჰაჯი-მურად დონოგო. ფოტო: kavkazr.com

 

დაღესტნელი ისტორიკოსის ჰაჯი-მურად დონოგოს ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამო მაჰაჩყალაში მისი სახლი გაჩხრიკეს, თავად კი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, ჩხრეკა მის სახლში ჩაატარეს სამართალდამცავებმა, რომლებიც დაღესტნიდან არ იყვნენ - მათ ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ, თუმცა უცნობია, საიდან.

„მე ტელეფონის და კონტაქტების გარეშე დავრჩი. რაც ყველაზე მთავარია, კომპიუტერიც არ მქონდა, სადაც წლების განმავლობაში მოგროვებული ფასეული ისტორიული მასალა და დოკუმენტები ინახება. ეს ყველაფერი ექსპერტიზაზე წაიღეს“ - აცხადებს ჰაჯი-მურად დონოგო. მისივე თქმით, ბოლოს მან საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობა 6-7 წლის წინ მიიღო.

ჩხრეკა და დაკითხვაზე დაბარება ისტორიკოსზე წნეხის პირველი შემთხვევა არ არის. წლის დასაწყისში დონოგომ საზოგადოებას აცნობა, რომ დაღესტნის ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს, სადაც დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

ჰაჯი-მურად დონოგო ცნობილი კავკასიოლოგია, რომელსაც არაერთი ნაშრომი ეკუთვნის რეგიონზე, მათ შორის კავკასიის ომსა და იმამ შამილზე. მისი კვლევის საგანია ასევე ანტი-საბჭოთა ამბოხების სულისჩამდგმელის, დაღესტნელი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწის ნაჟმუდინ გოცინსკის (ნაჟმ-ად-დინ ალ-ხუცი) ცხოვრება.

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.