X

პუბლიკაციები

სათაური ენა სფერო წელი

დათანხმდება თუ არა თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: სტატია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2023

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 65

 

2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა ალიანსში შვედეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხი იქნება.

იტყვის თუ არა თურქეთი თანხმობას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე?

ოფიციალურმა ანკარამ 2023 წლის მარტში თანხმობა განაცხადა ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, მაგრამ ამავე დროს მაშინ უარი თქვა შვედეთის გაწევრიანებაზე.

მიზეზად თურქეთისთვის რამდენიმე სენსიტიური საკითხი სახელდებოდა. ანკარაში მიიჩნევდნენ, რომ შვედეთს შეფარებული იყვნენ ტერორისტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ თურქეთის სახელმწიფოს და ითხოვდა მათ ექსტრადიციას. თურქული მხარე ასევე აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ შვედეთს თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ჰქონდა დაწესებული.

მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში შვედეთმა შეასრულა თურქეთის მოთხოვნების ერთი ნაწილი: ცვლილებები შეიტანა ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში, რომელიც 1 ივნისიდან შევიდა ძალაში და ანკარას მოუხსნა ემბარგო იარაღის მიწოდებაზე. მაგრამ არ შესრულებულა კონკრეტული პირების (დაახლოებით 100 პირის) ექსტრადიციის მოთხოვნა.

პროცესის წარმატებით დასრულების მიზნით 3-4 ივნისს თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც თურქეთს მოუწოდა არ დაბლოკოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი.

4 ივნისს ანკარაში გამართული ერდოღან-სტოლტენბერგის შეხვედრა

სტოლტენბერგმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს, რომელმაც დამატებითი ბატალიონი გაგზავნა კოსოვოში განლაგებულ ნატოს მისიაში იქ დაწყებული დაძაბულობის ფონზე.

ანკარაში ერდოღან-სტოლტენბერგის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თურქული და შვედური მხარეები მორიგ შეხვედრას გამართავენ 12 ივნისს, იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ბარიერები შვედეთის გაწევრიანების პროცესში.

პარალელურად, აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია აძლიერებენ ზეწოლას ანკარაზე, რათა ეს უკანასკნელი დაითანხმონ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შვედეთმა თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გადადგა „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, რის შემდეგაც ვაშინგტონი ელის შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის დასრულებას.

ბევრი მოელოდა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი მიბმული იქნებოდა აშშ-ის მხრიდან თურქეთისთვის F16-ების ახალი პარტიის მიწოდებაზე და მათი ძველი მოდელების მოდერნიზაციაზე. მაგრამ ამ საკითხზე წინააღმდეგობაა აშშ-ის კონგრესში, რისი დაძლევაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ადვილი არ იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბლინკენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ საჯაროდ დაუჭირა მხარი თურქული მხარის სურვილს, თუმცა მისი სისრულეში მოყვანის მიზნით საჭიროა კონგრესის თანხმობა, რაც ამ მომენტისთვის არ არსებობს.

ამდენად, ამ მომენტისთვის მთელი ყურადღება მიმართულია 12 ივნისის შეხვედრისკენ, სადაც გაირკვევა, მოახერხებენ თუ ვერა მხარეები წინააღმდეგობების დაძლევას ვილნიუსის სამიტამდე. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.