X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 1, 5-11 აგვისტო, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

ქართულად თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი 

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - ყოველდღიურად ისროდნენ დონბასის (უკრაინა) ფრონტზე, მთელი კვირის განმავლობაში 5-დან 11 აგვისტოს ჩათვლით. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა.

ომი სირიაში - 2019 წლის 5 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, რუსული ძალები აგრძელებენ მონაწილეობას ასადის რეჟიმის შეტევით ოპერაციაში ამბოხებულთა წინააღმდეგ, იდლიბის რეგიონში. Live Universal Awareness Map-ის მიერ სხვადასხვა წყაროსგან შეგროვებული ინფორმაციით, რუსულმა საფრენმა აპარატებმა შეუტიეს რამდენიმე ადგილს ოპერაციის რაიონში, მათ შორის ქალაქებს კაფრ ზიტასა (Kafr Zita) და ხან შაიხუნს (Khan Shaykhun), და სოფლებს ჰიშს (Hish), კაფრ საჯინას (Kafr Sajinah), კაბანის (Kabani), ალ-ხადერს (Al-Khader), მარანდს (Marand), მადაიას (Madaya), ალ-სარმანიას (Al-Sarmaniya) და შეიხ დამესს (Sheikh Dames). რუსული არტილერია ასადის ჯარის შეტევის მხარდაჭერის მიზნით ბომბავდა ქალაქ ალ-ლატამინას (Al-Lataminah).

ირანის საზღვაო ძალების მეთაურის, კონტრ-ადმირალ ჰოსეინ ხანზადის თანახმად -  „ირანულმა და რუსულმა სამხედრო ძალებმა ხელი მოაწერეს საიდუმლო შეთანხმებას, მთელ რიგ პროექტებში კოოპერაციის გასაღრმავებლად, რომელთა შორისაც არის ერთიანი სამხედრო სწავლებები სპარსეთის ყურეში მიმდინარე წლის ბოლომდე.“ ადმირალის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება იყო „შემობრუნების წერტილი“ ირანისა და რუსეთის სამხედრო პარტნიორობაში. რუსულ-ირანული სწავლებების სამომავლო არეალი, არსებული ინფორმაციის თანახმად, ასევე მოიცავს ინდოეთის ოკეანესა და კასპიის ზღვას.

რუსული მედიის ცნობით, მიმდინარეობს  სირიაში, ქალაქ ტარტუსში არსებული რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გაფართოება. სამხედრო ბაზას მალე დაემატება  რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გემების შემკეთებელი კომპლექსი“, რომელიც მოემსახურება ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ რუსულ სამხედრო გემებს.

არქტიკა- ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდთა ჯგუფმა დატოვა მურმანსკთან ახლოს არსებული საზღვაო ბაზები, ყოველწლიურ არქტიკულ ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ვოიაჟი ზედიზედ მე-8 წელია იმართება. ის 2 თვე გაგრძელდება და მოიცავს ტაიმირის ნახევარკუნძულს და ახალი მიწის, ჩრდილოეთის მიწისა და ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგებს. ჯგუფის მთავარ საბრძოლო ხომალდია „უდალოის“ კლასის (პროექტი 1155) წყალქვეშა ნავ-საწინაღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“. გემები განახორციელებენ რიგ სწავლებებს, მათ შორის, სადესანტო ოპერაციის სწავლებასაც.

არქტიკა- რუსეთმა განალაგა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა “Bal” სრედნის ნახევარკუნძულზე, ნორვეგიის საზღვრიდან და ნორვეგიის ქალაქ ვარდოში მდებარე სადაზვერვო რადარიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში. აღნიშნული სარაკეტო სისტემები დიდი ალბათობით მიეკუთვნება 536-ე სანაპირო სარაკეტო ბრიგადას, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის დაქვემდებარებაშია.

სრედნის ნახევარკუნძული, სადაც განლაგებულია Bal-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. წყარო: thebarentsobserver.com

 

არქტიკა - რუსულმა გემებმა ჩაიტანეს შეიარაღება ახალი რუსული არქტიკული სამხედრო ბაზისთვის, რომელიც აშენდა ტიკსიში, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია), ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში. ახალი ბაზა მოემსახურება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანაყოფს. რუსული მედიის მიერ, გაზაფხულზე  გავრცელებული ცნობით, აღნიშნული დანაყოფის შეიარაღებაში იქნება S-300V4-ის ტიპის მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემები.

ჩრდილოეთ  ამერიკული კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებით, სარდლობის კომბინირებულმა, ამერიკულ-კანადურმა, ძალებმა გზა გადაუჭრეს 2 რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენ ტუ-95-ს ალასკისა და კანადის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს 2-ჯერ გადაუჭრეს გზა. ერთ შემთხვევაში ეს მოხდა მაშინ, როდესაც ორი რუსული საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავი ტუ-142 მიუახლოვდა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეს. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ესტონეთში, როდესაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-95 და მისი ესკორტი, 2 გამანადგურებელი სუ-27, მიუახლოვდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეს.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქმა დააანონსა ახალი, მუდმივმოქმედი შვეულმფრენთა ბაზის ჩამოყალიბება ფინეთის ყურეში. ახალი ბაზა შექმნილია მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის მიერ და მდებარეობს გოგლანდის კუნძულზე, ფინეთისა და ესტონეთის ნაპირებს შორის.

 

გოგლანდის კუნძულის ადგილმდებარეობა. წყარო: newsnowfinland.fi

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა პროექტი, რომლითაც არსებულ 4 სამხედრო ოლქს დაემატება მეხუთე. ის ჩრდილოეთის ფლოტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. ეს უკანასკნელი 2014 წელს გამოიყო ცალკე, როგორც დამოუკიდებელი „სტრატეგიული სარდლობა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს სპეციალური კიბერ-თავდაცვის დანაყოფების შექმნის პროცესი. მათი ინფორმაციით, აღნიშნული დანაყოფები დაკომპლექტდება მხოლოდ „სპეციალური უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე ოფიცრებისგან“.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

448-ე სარაკეტო ბრიგადამ, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვართან, კურსკის ოლქში, მიიღო ახალი „შვეულმფრენის ტიპის“ უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია.

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პრიმორიეს მხარეში არსებულმა ერთ-ერთმა მექანიზებულმა დანაყოფმა შეიარაღებაში მიიღო Orlan-10-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო პარტია, მის დაქვემდებარებაში მყოფი ახლადშექმნილი უპილოტოების დანაყოფისთვის. მკითხველს შეუძლია თავად ნახოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერაქტიულ რუკაზე თუ რა დანაყოფებია განლაგებული პრიმორიეს მხარეში.

მურმანსკში მდებარე 536-ე სანაპირო სარაკეტო ბრიგადის შესახებ უკვე ცნობილია, რომ ის ცოტა ხნის წინ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Bal-ით შეიარაღდა. ბრიგადა მიეკუთვნება ჩრდილოეთის ფლოტს და ცნობილი იყო, რომ მას გააჩნდა Bastion-P-ს ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები.

პროექტ 949A „ანტეი“ კლასის (ნატოს კლასიფიკაციით „ოსკარ 2“) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი “ომსკი“ დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, 4-წლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ. წყალქვეშა ნავი მიეკუთვნება რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტს.

რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა, საჰაერო შოუზე დუბროვიჩში, რიაზანის ოლქში, პირველად საჯაროდ წარმოადგინა მისი ახალი, საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა, სახელწოდებით „კინჟალი“, რომელსაც გააჩნია ბირთული ქობინის ტარების შესაძლებლობა. ასევე, შოუში მონაწილეობდა ახალი რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-57-ც.

რუსეთის სამხედრო ძალებმა გაასაჯაროვა სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროს ახალი, სტელსის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის S-70 “Okhotnik-ის” („მონადირე“) პირველი სატესტო ფრენის ვიდეო. რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ექსპერტის აზრით, „დრონის ტესტირება გაგრძელდება მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.“

 

კოსმოსი

რუსეთის სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრი გაშვებულ იქნა ორბიტაზე ბაიკანურის კოსმოდრომიდან (ყაზახეთი), Proton-M-ის ტიპის რაკეტით. შემდგომი კოსმოსური გაშვებები, რომელიც უკავშირდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, გეგმის თანახმად, ბაიკანურის ნაცვლად, განხორციელდება პლესეცკის კოსმოდრომიდან, რომელიც მდებარეობს რუსეთში, არხანგელსკის ოლქში.

 

სწავლებები*

ბალტიის ზღვაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა საზღვაო სწავლება „ოკეანის ფარი 2019“, (“Ocean Shield 2019”) რომელიც მიმდინარეობდა 1-დან 9 აგვისტოს ჩათვლით. რუსების ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობდა 49 საბრძოლო გემი, 20 დამხმარე მცურავი საშუალება, 58 სამხედრო თვითმფრინავი და 10 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში მონაწილეთა ბირთვი მიეკუთვნება ბალტიის ფლოტს. გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება „ოკეანის ფარი 2019-ის“ მიზანს „წარმოადგენდა მტრის საჰაერო იერიშის ჩაშლა და მტრის საზღვაო დაჯგუფებაზე შეტევა“.

სამხრეთის სამხედრო ოლქმა  ჩაატარა ფართომასშტაბიანი სწავლება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალები. სწავლებაში მონაწილეობდა როგორც ოლქის მე-4 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმია, ისე შავი ზღვის ფლოტის სახმელეთო ძალები და საზღვაო ავიაცია. ასევე, სამხრეთის სამხედრო ოლქში არსებული სხვადასხვა დანაყოფები. წვრთნები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, და ასევე მოიცავდა ოკუპირებულ ყირიმს (უკრაინა), ოკუპირებულ აფხაზეთს, ასტრახანისა და როსტოვის ოლქებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტმა ცალკე აღნიშნა ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს S-300-ის მონაწილეობა, რომელიც მუდმივად ბაზირებულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა ჩაატარა წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო სწავლება ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების საერთაშორისო წყლებში. აღნიშნული რაიონები დახურული იყო სამოქალაქო გემებისთვის. სწავლებაში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტები, წყალქვეშა ნავები, ტუ-142 და ილ-38 ტიპის საზღვაო სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები, ასევე მიგ-31ბმ ტიპის გზაგადამჭრელები.

დასავლეთის სამხედრო ოლქის 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, სხვადასხვა საარტილერიო და ისკანდერ-მ-ის სარაკეტო დანაყოფებიდან, მონაწილეობდა  ლენინგრადის ოლქში გამართულ სწავლებაში. ამავე სამხედრო ოლქის სამხედროებისთვის ჩატარდა სხვა წვრთნაც, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის დანაყოფები.

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქმა გამართა ფართომასშტაბიანი ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ქვედანაყოფების სწავლება, რომელშიც ჩართული იყო 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა იმიერბაიკალეთის და პრიმორიეს მხარეებში, ასევე სახალინის ოლქში.

სარაკეტო სროლებით გაიმართა სწავლება კუნაშირის კუნძულზე, რომელიც ერთ-ერთი სადავო კურილიის კუნძულთაგანია რუსეთსა და იაპონიას შორის. ამ წვრთნამ იაპონიის დიპლომატიური პროტესტი გამოიწვია. კუნაშირის კუნძულზე 2016 წლიდან განლაგებულია Bal-ის ტიპის მობილური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონი.

ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა “Bal”. წყარო: военное.рф

 

კატასტროფები

რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის 5 მეცნიერი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც თეთრ ზღვაში არსებულ პლატფორმაზე მოხდა. ამერიკელი ექსპერტები ბირთვულ საკითხებში ვარაუდობენ, რომ აფეთქება მოხდა ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის ტესტირებისას. რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, დაღუპული მეცნიერები მუშაობდნენ „პატარა ბირთვული რეაქტორის“ შექმნაზე. აფეთქებამ შემთხვევის არეალში რადიაციული დონის მომატება გამოიწვია.

სამხედრო საწყობში, ამუნიციის აფეთქებათა ორმა ტალღამ ქალაქ აჩინსკში (კრასნოიარსკის მხარე, ციმბირი) გამოიწვია 16 ათასი ადგილობრივი მცხოვრებლის ევაკუაცია. აფეთქებების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და დაიჭრა 32.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.