X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 18, 9 დეკემბერი - 15 დეკემბერი, 2019

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 9-15 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა შვიდი უკრაინელი სამხედრო. უკრაინელების ცნობით, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ სროლა მთელი კვირის მანძილზე, ყოველდღიურად წარმოებდა. რუსეთ-უკრაინის 2019 წლის 9 დეკემბრის შეთანხმებას, წლის ბოლომდე ცეცხლის „სრული და ორმხრივი“ შეწყვეტის შესახებ,  ჯერჯერობით არ შეუცვლია დონბასის ფრონტზე არსებული მდგომარეობა.

ცნობილი გახდა საჰაერო თავდაცვის რუსი „ტექნიკური მრჩევლების“ ჩასვლის შესახებ ვენესუელაში, კერძოდ კანაიმაში, ბოლივარის შტატში.

ჩრდილოეთის ფლოტის „კრუისის“ კლასის (პროექტი 22010) სპეციალური სადაზვერვო გემი „იანტარი“ პანამის არხის გავლით წყნარ ოკეანეში გადავიდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთმა ჩამოაყალიბა ახალი საჰაერო თავდაცვის პოლკი არქტიკის სანაპიროზე, ტიკსიში, სახას რესპუბლიკა (იაკუტია). იგი S-300PS ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით აღიჭურვა. პოლკი დაექვემდებარა ახლად შექმნილ 45-ე საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის (შტაბ-ბინა საფონოვოში, მურმანსკის ოლქი) მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიას.

ახალი საჰაერო თავდაცვის პოლკის შეიარაღება ტიკსიში. წყარო: Yakutia.info

ახალი სადაზვერვო ბატალიონი შეიქმნა კასპიის ფლოტის 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკში (კასპიისკი, დაღესტანი).  ბატალიონში შედის სპეცდანიშნულების ასეული. თავად 177-ე პოლკი ჩამოყალიბდა 2018 წლის ბოლოს, მანამდე არსებული ორი ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბატალიონის ბაზაზე.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი ლენინგრადის ოლქში სრულად გადაიარაღდა S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით. ინფორმაციის გავრცელების მომენტში დაუდგენელი იყო კონკრეტულად რომელ პოლკზეა საუბარი. სანქტ-პეტერბურგის გარშემო, ლენინგრადის ოლქში, არსებობს ოთხი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი, რომლებიც მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) მე-2 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) დაქვემდებარებაშია.

რუსეთმა დაიწყო ახალი Ka-31R  ტიპის საზღვაო ავიაციის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის შვეულმფრენების მიწოდება 318-ე შერეული საავიაციო პოლკისთვის (კაჩას საჰაერო ბაზა, ოკუპირებული ყირიმი). პოლკი შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციას ეკუთვნის.

 

კოსმოსი

რუსეთის კოსმოსურმა ძალებმა გაუშვა რაკეტა „სოიუზ-2.1ბ“, რომელმაც ორბიტაზე გაიტანა სანავიგაციო სისტემა GLONASS-M-ის თანამგზავრი.  გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან განხორციელდა.

 

სწავლებები

რუსეთი და ინდოეთი ატარებენ ერთობლივ სამხედრო სწავლება „Indra-2019-ს”, რომელიც დაიწყო 11 დეკემბერს და 21 დეკემბერს დასრულდება. სწავლება მიმდინარეობს ინდოეთის სამ შტატში და მასში 700-მდე რუსი სამხედრო მონაწილეობს.

რუსი სამხედროების მონაწილეობით კიდევ ერთი ერთობლივი სამხედრო სწავლება ლაოსში მიდის.Laros-2019ჩატარდება 10-დან 19 დეკემბრის ჩათვლით. რუსეთი სწავლებაში წარმოდგენილია 29-ე არმიის (შტაბ-ბინა ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარე) 36-ე მექანიზებული ბრიგადის (ბორზია, იმიერბაიკალეთის მხარე) სატანკო ბატალიონის დანაყოფებით.

 

რუსეთისა და ლაოსის სამხედროები სწავლებაზე. წყარო: აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი

ოკუპირებულ ყირიმში განლაგებულმა შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის  საარტილერიო დანაყოფებმა უპილოტო საფრენი აპარატების სწავლება ჩაატარეს. ყირიმში ასევე კიდევ ერთი სწავლება ჩატარდა, ამ შემთხვევაში საჰაერო ძალების მიერ.

საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსმა სამხედროებმა საარტილერიო და სადაზვერვო დანაყოფებიდან სწავლება ჩაატარეს. აფხაზეთის რეგიონში განლაგებული საოკუპაციო ძალა შედგება მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფისგან, სახელწოდებით მე-7 სამხედრო ბაზა.

სადაზვერვო სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო. წყარო: სამხრეთის სამხედრო ოლქი

 

კატასტროფები

რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ გაჩენილმა ხანძარმა ეკიპაჟის მინიმუმ ორი წევრი იმსხვერპლა, ასევე დაშავდა 14. ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა თავად ავიამზიდიც. „ადმირალი კუზნეცოვი“ ჩრდილოეთის ფლოტს ეკუთვნის.


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.