X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 20, 23 დეკემბერი - 5 იანვარი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: როგორც წესი, მიმოხილვა ყოველკვირეულია, თუმცა აღნიშნული გამოცემა ორ კვირას მოიცავს.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. 2019 წლის 23-29 დეკემბრის კვირაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა, 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 5 იანვრამდე კი უკრაინელების მხარეს დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - გასული ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო ძალები პერიოდულად, სხვადასხვა ინტესივობით, ბომბავდნენ სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონს. ჩრდილოეთ სირიაში, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კიდევ ერთი ამერიკელების ყოფილი ბაზა სოფელ ტალ სამინში, რაქას სიახლოვეს. ამასობაში, სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ჩაიკომ, მისთვის დაქვემდებარებული ძალების 2019 წელს მთავარ მიღწევად, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის დაკავება დაასახელა.

რუსეთი აფრიკაში - თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მტკიცებით, ლიბიაში, ამბოხებულთა ლიდერს, ხალიფა ჰაფთარს, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს რუსული „ვაგნერის“ ჯგუფის 2000 დაქირავებული მებრძოლი.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 42-ე მექანიზებულ დივიზიაში (შტაბ-ბინა ხანკალაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა) ჩამოყალიბდა საჰაერო-მობილური ჯგუფი. ესაა მინიმუმ მეორე რუსული საჰერო-მობილური დანაყოფი, რომელიც კავკასიაში შეიქმნა. აქამდე, ანალოგიური ფორმაციის დაჯგუფება შეიქმნა ბატალიონის სახით 34-ე მექანიზებულ (სამთო) ბრიგადაში (სტოროჟევაია, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა), 2018-2019 წლების ზამთარში.

42-ე დივიზიის საჰაერო-მობილური ჯგუფის სამხედროები სწავლებაზე. წყარო: სამხრეთის სამხედრო ოლქი

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსების განცხადებით, მათ შეიარაღებაში მიიღეს „ავანგარდის“ ტიპის ჰიპერბგერითი ბირთვული ქობინის მატარებელი რაკეტების პირველი პარტია.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს Buyan-M კლასის (პროექტი 21631) კორვეტი „ინგუშეტია“ შეუერთდა. „ინგუშეთის“ შეიარაღებაში შედის Kalibr-NK ტიპის ფრთოსანი რაკეტები.

„ინგუშეთი“. წყარო: TASS,  Izvestia-დან.

Alexandrit კლასის (პროექტი 12700) ტრალერი „ვლადიმირ ემელიანოვი“ რუსეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 28 დეკემბერს მიიღეს, ბალტიისკის საზღვაო ბაზაზე, კალინინგრადის ოლქში, თუმცა გეგმის თანახმად ის შავი ზღვის ფლოტს შეუერთდება.

144-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა - ელნია, სმოლენსკის ოლქი) საარტილერიო პოლკს მიეწოდა Msta-SM1 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი S-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის პირველი კომპლექსი.

S-350 ტიპის საჰაერო თავდაცვის გამშვები დანადგარი. წყარო: RIA Novosti, Izvestia-დან.

 

კოსმოსი

2019 წლის 27 დეკემბერს, არხანგელსკის ოლქში, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს კოსმოსური გადამზიდი რაკეტა Rokot, ორბიტაზე რამდენიმე ობიექტის გასატანად, მათ შორის სამხედრო თანამგზავრისა და Gonets-M ტიპის საკომუნიკაციო თანამგზავრული სისტემის ელემენტებისა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, იური ბორისოვის განცხადებით, რუსული სამხედრო თანამგზავრების დაგეგმილი განახლება ჩაიშალა. მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიკვლევს ჩავარდნის მიზეზებსა და წარადგენს გამოსწორების გზებს. აღნიშნული 2020 წლის 20 იანვრამდე უნდა შესრულდეს.

 

სწავლებები* 

ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა  ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო საზღვაო სწავლება ომანის ყურეში. სწავლება მიმდინარეობდა 2019 წლის 27-30 დეკემბრის პერიოდში. რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნაში წარმოდგენილი იყო ბალტიის ფლოტის Neustrashimyy კლასის (პროექტი 11540 „ქორი“) ფრეგატით „იაროსლავ მუდრი-თა და ორი მხარდამჭერი გემით.

ახალი წლის პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ აფხაზეთში, განლაგებულმა რუსული საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, მათ შორის S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებმა, სწავლება ჩაატარეს.

 

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.