X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 21, 6 იანვარი - 12 იანვარი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში -  6-12 იანვრის კვირაში, ყოველდღიურად მიმდინარეობდა სროლა უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ცხრა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა, 6-12 იანვრის კვირაში, ცალკეული იერიშები განახორციელეს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბის რეგიონზე. მიუხედავად რუსეთის მიერ, 9 იანვარს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, რეალურად საბრძოლო მოქმედებები, მათ შორის საჰაერო დარტყმები, არ შეჩერებულა.

რუსეთი აფრიკაში - რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიბიელმა ამბოხებულებმა წარმატებას მიაღწიეს ფრონტის ხაზზე, კერძოდ, მათ დაიკავეს გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილი. დაკავებული ტერიტორია მოიცავს ქალაქ სურთს (Sirte).

„Reuters-მა“ („როიტერსი“) გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა სანქტ-პეტერბურგის კლინიკის შესახებ, რომელსაც „მართავენ და ნაწილობრივ ფლობენ პუტინთან დაკავშირებული პირები“. „როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშნული კლინიკა სამედიცინო დახმარებას უწევს რუს დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც დაშავდნენ საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში, მათ შორის სირიასა და ლიბიაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “იური ივანოვის” კლასის (პროექტი 18289) სადაზვერვო გემმა, „ივან ხურსმა“  „განახორციელა აგრესიული მანევრი“ აშშ-ს საზღვაო ძალების „არლი ბერკის“ კლასის საესკადრო ნაღმოსან “ფარაგუტის“ მიმართ, რითაც შექმნა შეჯახების საფრთხე. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 9 იანვარს, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთით.

„ივან ხურსი“ აგრესიულად უახლოვდება „ფარაგუტს“. წყარო: აშშ-ის საზღვაო ძალები, აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტის საიტიდან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობაში შემავალი 439-ე რეაქტიული არტილერიის ბრიგადა (ზნამენსკი, ასტრახანის ოლქი) სრულად გადაიარაღდა Tornado-S ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

Tornado-S. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, Army Recognition Group-დან.

76-ე საჰაერო მოიერიშე დივიზია (შტაბ-ბინა ფსკოვში), 2020 წლის იანვარში იღებს ახალი BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების  პარტიას, ერთი ბატალიონის გადასაიარაღებლად საჭირო რაოდენობით.

 

სწავლებები*

შავი ზღვისა და ჩრდილოეთის ფლოტებმა შავ ზღვაში ჩაატარეს ერთობლივი საზღვაო სწავლება. მასში მონაწილეობა მიიღო ერთმა წყალქვეშა და 30-ზე მეტმა წყალზედა მცურავმა საშუალებამ, ასევე 40-ზე მეტმა საფრენმა აპარატმა.  სწავლებაში ჩრდილოეთის ფლოტი წარმოდგენილი იყო „სლავას“  კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“)  სარაკეტო კრეისერი „მარშალი უსტინოვით“, რომელიც ფუნქციონირებდა, როგორც შტაბი და სწავლებისას უმასპინძლა ვლადიმერ პუტინსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. ასევე, ჩრდილოეთის ფლოტიდან წვრთნაში მონაწილეობდა „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“. შავი ზღვის ფლოტიდან სწავლებაში ჩართული იყო შემდეგი გემები: „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატები „ადმირალი გრიგოროვიჩი“ და „ადმირალი მაკაროვი“, „ბუიან-ემ“ კლასის (პროექტი 21631) კორვეტი „ორეხოვო-ზუიევო“, „ტარანტულის“ კლასის (პროექტი 12411) კორვეტები „ივანოვეცი“ და „ნაბერეჟნიე ჩელნი“, პროექტ 22160 კლასის საპატრულო გემები „დმიტრი როგაჩევი“ და „ვასილი ბუკოვი“,  „გაუმჯობესებული კილო“ კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „კოლპინო“, „როპუჩა-II” კლასის (პროექტი 775/III) სადესანტო გემი „აზოვი“ და „როპუჩა-I” კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“.

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია) მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი, განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში) სადაზვერვო ბატალიონის სამხედროებმა სწავლება ჩაატარეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

ალჟირმა მიიღო რუსული T-90SA ტიპის ტანკების  პარტია.

 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.