თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში - 9-15 მარტის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. კვირის განმავლობაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა სამი და დაიჭრა 17 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ომი უკრაინაში - ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა რუსული ელექტრონული ბრძოლის სისტემების არსებობა დონბასში, კერძოდ, ლუგანსკის გარეუბნებში. ომი სირიაში - 9 მარტს, აშშ-ს სამხედროების პატრულმა დაბლოკა რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. 9-15 მარტის კვირაში, იდლიბის რეგიონში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სერიოზულ საომარ აქტივობას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული ცნობით, რუსული სამხედრო გემები ესკორტირებას უწევენ კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ გემს „აკადემიკ ჩერსკი“, რომელიც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასასრულებლად გადაადგილდება წყნარი და ინდოეთის ოკეანეების აუზიდან ევროპულ წყლებში. წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ვინოგრადოვ“ უზრუნველყოფდა „აკადემიკ ჩერსკის“ გაცილებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტ ნახოდკადან შრი-ლანკამდე, სადაც ესკორტირების ამოცანა გადაიბარა ბალტიის ფლოტის „ნეუსტრაშიმის“ კლასის (პროექტი 11540 „იასტრებ“) ფრეგატმა „იაროსლავ მუდრიმ“. 11 და 12 მარტს ნატოს გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსულ საფრენ აპარატებს. ორივე შემთხვევაში, რუსებმა, ბაზაზე დაბრუნებამდე, გადაიფრინეს ნორვეგიის დასავლეთით, ბრიტანეთის ჩრდილოეთით, ირლანდიის დასავლეთითა და ბისკაიის ყურის თავზე. 11 მარტის ფრენაში მონაწილეობას იღებდა ორი Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავი, ერთი MiG-31 ტიპის გამანადგურებელი და Il-78 ტიპის მფრინავი ტანკერი, რომლებსაც გზა გადაუჭრეს ნორვეგიის F-16-ებმა, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ტაიფუნებმა, საფრანგეთის Dassault Rafales ტიპის გამანადგურებლებმა და ესპანეთის F/A-18 ჰორნეტებმა. რაც შეეხება 12 მარტის ინციდენტს, ზემოხსენებული მარშრუტით ფრენა განახორციელა ორმა Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმა და ერთმა Il-78 ტიპის მფრინავმა ტანკერმა. აღნიშნულ ჯგუფს გზა გადაუჭრეს ნორვეგიულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა გამანადგურებლებმა. რუსული თვითმფრინავის მარშრუტი 11 მარტს. წყარო: Barents Observer 9 მარტს, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვის სარდლობის ცნობით, აშშ-ს F-22 ტიპისა და კანადის CF-18 ტიპის გამანადგურებლებმა, ალასკის ჩრდილოეთით, გზა გადაუჭრეს ორ რუსულ Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავს (და მათ ესკორტს). წყნარი ოკეანის ფლოტის „ბალზამის“ კლასის (პროექტი 1826) სადაზვერვო გემი „პრიბალტიკა“, აშშ-ს სანაპირო დაცვის მიერ შემჩნეულ იქნა პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან. “პრიბალტიკა”. წყარო: აშშ-ს სანაპირო დაცვა
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო კიდევ ერთი, პოლკის სამყოფი ოდენობის, S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების პარტია.
სწავლებები* რუსეთის კოსმოსური ძალების კოსმოსში ვითარების დაზვერვის მთავარი ცენტრი უცხო ქვეყნის სატელიტების ორბიტაზე მანევრირების აღმოჩენაში ვარჯიშობდა. ცენტრალური სამხედრო ოლქის საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების 8 000 სამხედრო ჩართული იყო სწავლებაში, რომელიც მიმდინარეობდა ჩელიაბინსკის, კემეროვოსა და ორენბურგის ოლქებში. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში წვრთნები გაიმართა. აფხაზეთში სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 1 000-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონში - 500-მა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ.
შეიარაღების ექსპორტი რუსეთმა გეგმის თანახმად დაასრულა Pantsir-S1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების სერბეთისთვის მიწოდების პროცესი. როგორც წინათ ვწერდით, სერბული შესყიდვა მოიცავდა Pantsir-S1 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ერთ ბატარეას, რომელშიც შედის ექვსი გამშვები დანადგარი.
* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |