X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 31, 16-22 მარტი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - გასულ კვირას, დონბასში, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ მოკლულ იქნა ერთი და დაიჭრა 12 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტის ხაზზე სროლას, კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - 17 მარტს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთ რუსულ საპატრულო ჯგუფს გადაუჭრეს გზა. ასევე 17 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ რუსეთმა სირიაში მოკლა „ათეულობით თურქი სამხედრო“. 16-22 მარტის კვირაში, სერიოზულ სამხედრო ოპერაციას იდლიბის რეგიონში ადგილი არ ჰქონია.

კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილმა გემმა „აკადემიკ ჩერსკიმ“, რომელიც განკუთვნილია პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დასასრულებლად და ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების აუზიდან ევროპული წყლებისკენ გადაადგილდება, სუეცის არხში გავლის ნაცვლად აფრიკის შემოვლით გააგრძელა გზა. 24 მარტის ინფორმაციით, „აკადემიკ ჩერსკი“ იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაპირებთან, ხოლო ქალაქ კეიპტაუნში მისი ჩასვლა დაგეგმილი იყო 27 მარტს. წინა კვირის ინფორმაციის მიხედვით, გემს ესკორტირებას უწევდა ბალტიის ფლოტის „ნეუსტრაშიმის“ კლასის (პროექტი 11540 „იასტრებ“) ფრეგატი „იაროსლავ მუდრი“.

„აკადემიკ ჩერსკი“

წყნარი ოკეანის ფლოტის გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „მარშალ გელოვანი“, ანტარქტიდის ექსპედიციის ფარგლებში, გზად ინდონეზიაში, ქალაქ ჯაკარტაში 18 მარტს გაჩერდა.

რუსეთი და სამხრეთ აფრიკა  ამზადებენ საწვრთნელ პროგრამას, რომელსაც სამხრეთაფრიკელი მშვიდობისმყოფელები (სამშვიდობო ძალები), რუსეთში გაივლიან.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2020 წელს, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქშიჩამოყალიბდება მექანიზებული დივიზია, ერთი საარტილერიო  ბრიგადა და ერთი სარაკეტო ბრიგადა. ახალი დივიზია შეიქმნება 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) მე-19 მექანიზებული ბრიგადის (სპუტნიკი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) ბაზაზე, ხოლო ახალი სარაკეტო ბრიგადა აღჭურვილ იქნება Iskander-M ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკური სარაკეტო სისტემებით.

ასევე შოიგუს ინფორმაციით, 2020 წელს მექანიზებული და სატანკო პოლკების ჩამოყალიბება იგეგმება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, მე-5 არმიის (შტაბ-ბინა უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) 127-ე მექანიზებულ დივიზიაში (სერგეევკა, პრიმორიეს მხარე). 127-ე დივიზია შეიქმნა 2018 წელს, ორი ყოფილი მექანიზებული ბრიგადის საფუძველზე.

რუსეთის საზღვაო ავიაციაში არსებული ორივე Ka-31R ტიპის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის შვეულმფრენი გადაეცა 318-ე შერეულ საავიაციო პოლკს (კაჩას საჰაერო ბაზა, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა). გადაცემამდე, აღნიშნული ორი შვეულმფრენი ირიცხებოდა 859-ე საზღვაო ავიაციის საჰაერო ეკიპაჟების სწავლებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (ეისკის საჰაერო ბაზა, კრასნოდარის მხარე) ბალანსზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უმეტეს დროს ატარებდნენ ჩრდილოეთის ფლოტის სევერომორსკ-1-ის საჰაერო ბაზაზე.

Ka-31R ტიპის შვეულმფრენი. წყარო: Zvezda TV, bmpd.livejournal.com-დან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე არმიაში, ორი საარტილერიო ბატარეა გადაიარაღდა Msta-S ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებით.

 

კოსმოსი

16 მარტს პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვების შემდგომ, რუსული სამხედრო სანავიგაციო სისტემის GLONASS-M თანამგზავრი ორბიტაზე გავიდა.

 

სწავლებები*

1500-მდე სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები და შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდები, ჩართული იყო სწავლებაში, რომელიც გაიმართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინაში. სწავლებაზე, მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) ძალების ამოცანას წარმოადგენდა მოწინააღმდეგის დესანტისგან სანაპიროს დაცვა.

რუსეთის მექანიზებული დანაყოფების 1000-ზე მეტმა სამხედრომ და სამხრეთის სამხედრო ოლქის საარმიო ავიაციამ ჩაატარა წვრთნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოში.  საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალში, ჩატარებულ სწავლებაში ჩართული იყო 400-მდე სამხედრო მოსამსახურე და უპილოტო საფრენი აპარატები.

 

შეიარაღების ექსპორტი

ოფიციალური რუსული წყაროების თანახმად, 2019 წლის ოქტომბრის შემდგომ, რუსეთმა, აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, გააფორმა 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები, შეიარაღების ექსპორტის თაობაზე.

 

კატასტროფები

რუსეთმა გადაწყვიტა არ შეაჩეროს შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა, მიუხედავად COVID-19 (ახალი კორონავირუსის) პანდემიისა. ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევა, გეგმის თანახმად, დაიწყება 1 აპრილს და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. 

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.