X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 33, 30 მარტი - 5 აპრილი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - გასულ კვირას, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტის ხაზზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - 30 მარტს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ნავთობსაქაჩ სადგურისკენ მიმავალ რუსულ კოლონას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს ამერიკელმა სამხედროებმა. გავრცელებული ინფორმაციით, „რუსულმა სამხედრო კოლონამ სცადა გზაზე არსებული ამერიკელების გამშვები პუნქტისთვის გვერდის ავლა და ტალახში გაიჭედა. რუსული Tigr ტიპის ჯავშანმანქანა და BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი შეეცადნენ გამშვები პუნქტისთვის გვერდის ავლას, თუმცა გაიჭედნენ ტალახში, საიდანაც Typhoon-K ტიპის ჯავშანმანქანის (ქარხნული ნომერი KAMAZ-53949) დახმარებით ამოვიდნენ”.

რუსული კოლონის წარუმატებელი მცდელობა, გვერდი აუარონ ამერიკელების მიერ გზის ბლოკირებულ მონაკვეთს. წყარო: Defence Blog

იტალიური  La Stampa-სა და ბრიტანული The Telegraph-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო პერსონალი, რომელიც იტალიაში გაიგზავნა COVID-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად, შეიცავს დაზვერვის თანამშრომლებსაც, რომლებიც ეპიდემიურ კრიზისს იყენებენ, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას, იტალიაში დაუბრკოლებლად იმუშაონ.

წყნარი ოკეანის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტებმა „გრომკი“ და „სოვერშენი“, დატოვეს ვლადივოსტოკი, ხანგრძლივი ექსპედიციის მიზნით.

ლაოსში  გაიხსნა საჰაერო ძალების საწვრთნელი ცენტრი, რომელიც აშენებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსულმა წყაროებმა გაასაჯაროვეს ახალი საჰაერო თავდაცვის პოლკის სახელი, რომელიც ჩამოყალიბდა 2019 წელს, ტიკსიში, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია). ეს არის 414-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი, რომელიც ეკუთვნის 45-ე საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიას (ასევე შექმნილი 2019 წელს). ახალი პოლკი აღჭურვილია S-300PS ტიპის მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემებით.

რუსეთი გეგმავს ახალი სამხედრო ბაზის აშენებას დიკსონში, რომელიც მდებარეობს ტაიმირის ნახევარკუნძულზე, კრასნოიარსკის მხარეში. გავრცელებული ცნობით, ახალი ბაზის დანიშნულებას წარმოადგენს წყალქვეშა ნავებისთვის რემონტის გაწევა. ამჟამად, რუსები აშენებენ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასა და შვეულმფრენების ასაფრენ/დასაფრენ ზონას.

დიკსონის პორტი. წყარო: Flotprom

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთმა საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში, არსებულ საოკუპაციო ძალების (49-ე არმიის მე-7 სამხედრო ბაზა) საარტილერიო დანაყოფებს ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემები მიაწოდა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა დაიწყო დასავლეთის სამხედრო ოლქისთვის T-90M ტიპის ტანკებისა და Terminator-ის ტიპის დაჯავშნული საბრძოლო მანქანების მიწოდება.

მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) 150-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა კადამოვსკი, როსტოვის ოლქი) 103-ე მექანიზებული პოლკის (კადამოვსკი და კუზმინკა, როსტოვის ოლქი) ჰაუბიცების ბატალიონს მიეწოდა Msta-B ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები.

 

სწავლებები

საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში, არსებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოხუმის მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად, სწავლება გამართეს. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა სხვა სწავლებაც, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) Ka-52 ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე შვეულმფრენები.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო დანაყოფებმა, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციასთან ერთად, ჩაატარეს სწავლება, რომელშიც ასევე ჩართული იყო უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, განლაგებული S-400 მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემები.

 

 COVID-19

რუსულმა წყაროებმა მოახდინეს  ჩრდილოეთის ფლოტის მეორე წყალქვეშა ნავის იდენტიფიცირება, რომლის ეკიპაჟიც გადაიყვანეს კარანტინში 2020 წლის მარტში, ეკიპაჟის წევრების COVID-19-ით შესაძლო დაინფიცირების გამო. გავრცელებული ცნობით, ხსენებული ნავი არის „ოსკარ II” კლასის (პროექტი 949A „ანტეი“) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „სმოლენსკ“. როგორც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით, იგივე კლასის წყალქვეშა ნავ „ორიოლის“ ეკიპაჟი ასევე გადაყვანილი იყო კარანტინში, ხოლო მეორე გემის დასახელება იმ დროისთვის არ იყო ცნობილი. რუსების ინფორმაციით, კარანტინი უკვე გაუქმებულია და ორივე წყლაქვეშა ნავი, „ორიოლ“ და „სმოლენსკ“, ამჟამად იმყოფება ჩრდილოეთის ფლოტის მურმანსკ-150 (ზაოზიორსკ) საზღვაო ბაზაზე.

გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვი განიხილავს 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გადადებას, COVID-19-ის პანდემიის გამო. ამასობაში,  გრძელდება მზადება 9 მაისის აღსანიშნავად, რომლის ფარგლებშიც ათასობით (სავარაუდოდ, დაახლოებით 15 000) სამხედრო მოსამსახურე იყო ერთად დაყენებული წითელ მოედანზე.

რუსეთში, 1 აპრილს, დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა. პანდემიის გამო, წვევამდელები სამხედრო დანაყოფებში 20 მაისის შემდეგ განაწილდებიან. წვევამდელებს ჩაუტარდებათ COVID-19-ის ტესტები, მათი ნაწილი კი ორი კვირით გადაყვანილი იქნება კარანტინში.

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

 
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.