X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 36, 20-26 აპრილი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - გასულ კვირას, დონბასში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ათი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ფრონტზე სროლა ყოველდღიურად მიმდინარეობდა.

ომი სირიაში - რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტა“, გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხება ჯგუფ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს (წამება და მკვლელობა), რომელსაც ადგილი ჰქონდა სირიაში, შაერის ბუნებრივი გაზის ჭაბურღილთან, 2017 წლის ივნისში.

სტანისლავ დუჩკო (დაბ. 1990 წელს) - რუსი დაქირავებული სამხედრო, მხილებული სამხედრო დანაშაულში გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მიერ. წყარო: „ნოვაია გაზეტა“

რუსეთი აფრიკაში - ლიბიის მთავრობამ ჯგუფი „ვაგნერიდაადანაშაულა ქიმიურ თავდასხმაში, ტრიპოლის სამხრეთ გარეუბან სალაჰ ალ-დინის ტერიტორიაზე.

დასავლეთის სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 აპრილს ბალტიის ფლოტის ორმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა ბელგიის F-16 ტიპის გამანადგურებელს, ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე.

20-26 აპრილის კვირაში, წყნარი ოკეანის ფლოტის გაუმჯობესებული „იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემი „მარშალ გელოვანიშევიდა თაუნსვილის პორტში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. როგორც დაიჯესტის 34-ე გამოცემაში ვწერდით, აპრილის პირველ ნახევარში „მარშალ გელოვანი“ ანტარქტიდის აღმოსავლეთით, ადელის მიწასთან, დიურვილის ზღვაში იმყოფებოდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსულ წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია რუსულ არქტიკაში, არქიპელაგ ფრანც-იოსების მიწაზე, სანაპირო დაცვის სარაკეტო ბატალიონის არსებობის შესახებ. ალექსანდრეს მიწის კუნძულზე მდებარე რუსულ ბაზაზე არსებული ბატალიონი აღჭურვილია Bastion-P ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებით. ფრანც-იოსების მიწაზე Bastion-P სისტემების არსებობის შესახებ 2019 წლის ნოემბერშიც ვწერდით, თუმცა ამჟამად დაზუსტდა, რომ დანაყოფი, რომელიც აღნიშნული სისტემებითაა აღჭურვილი ბატალიონს წარმოადგენს.

Bastion-P ტიპის სისტემები ფრანც-იოსების მიწაზე, 2020 წლის აპრილი. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, bmpd.livejournal.com-დან.

 

სამხედრო სტრატეგია

The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის მისწრაფების შესახებ - განავითაროს შესაძლებლობები „სასიცოცხლო მნიშვნელობის საერთაშორისო საკომუნიკაციო არხების ჩასახშობად“, წყალქვეშ არსებულ კაბელებზე საბოტაჟის საშუალებით.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთმა შეაჩერა ორ სამხედრო-საზღვაო პროექტზე მუშაობა, კერძოდ „ლიდერის“ კლასის (პროექტი 23560) საესკადრო ნაღმოსნისა და პროექტ 22350M კლასის ფრეგატის პროექტებზე. გეგმის თანახმად,  ორივე კლასი, უნდა ყოფილიყო რუსეთის მომავალი საზღვაო ძალების ნაწილი.

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქმა მიიღო Nebo-M და Podlet ტიპის მობილური საჰაერო და სარაკეტო დაცვის რადარები.

მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 144-ე მექანიზებულმა დივიზიამ (შტაბ-ბინა იელნაიაში, სმოლენსკის ოლქი) 5 500 ერთეული ახალი AK-12 ტიპის ავტომატი. ოფიციალური მოსკოვი გეგმავს, 2020 წლის ბოლომდე, შეიარაღებულ ძალებს მიაწოდოს დაახლოებით 40 000 ცალი AK-12 ტიპის ავტომატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მიიღო 3 ერთეული Orion ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატისგან (უსა) შემდგარი პირველი პარტია. როგორც მე-13 გამოცემაში ვწერდით, რუსეთის საჰაერო ძალები საცდელ რეჟიმში უკვე იყენებდა აღნიშნული ტიპის უსა-ებს.

Orion ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. წყარო: TASS

 

სწავლებები* 

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებმა, არქიპელაგზე ფრანც-იოსების მიწა (უფრო კონკრეტულად კუნძულ ალექსანდრეს მიწაზე), გამართეს საპარაშუტო სწავლება. დესანტირება განხორციელდა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის Il-76 ტიპის სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან.

შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების დანაყოფებმა ჩაატარეს წვრთნა უკრაინაში, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

 

COVID-19

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალების 874 მოსამსახურეს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ამას გარდა, ვირუსი დაუდასტურდა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის 245 თანამშრომელსა და რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 779 კურსანტს.

შავი ზღვის ფლოტის ოთხი გემის შეკეთების დასრულება გადაიდო COVID-19 პანდემიის გამო. აღნიშნული გემებია: “ბორა/დერგაჩ“ კლასის (პროექტი 1239) სარაკეტო კორვეტები „ბორა“ და „სამუმი“, „ტარანტულის“ კლასის (პროექტი 12417) სარაკეტო კორვეტი „R-71 შუია“ და „გრიშა III” კლასის (პროექტი 1124M) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო კორვეტი „სუზდალეცი“.

 

* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.