X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 8

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N8, 

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                                     

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის კანდიდატურად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი დაასახელა.
  • ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები ამერიკული ნავთობის მისაღებად ემზადებიან.
  • ბელარუსში რუსული კომპანია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ასრულებს.
  • მინსკში „9 მაისის“ აღლუმის გამართვით ალექსანდრე ლუკაშენკომ სიმბოლური გამარჯვება მოიპოვა.
  • „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის პროექტის დასრულებას რუსული გემი უზრუნველყოფს.
  • მოლდოვისთვის გამოყოფილი რუსული კრედიტი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.
  • ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე ყირგიზეთი რუსეთს გაზის ფასის შემცირებას სთხოვს.
  • უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს დამკვირვებლის სტატუსით უერთდება.
  • უზბეკეთი საქმის წარმოებაში რუსული ენის გამოყენებას ზღუდავს.
  • აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ რუსეთს ესტუმრა.

 

უკრაინამ რუსეთის მორიგი ჯაშუში დააკავა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 6 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული „თანამედროვე სარაკეტო სისტემების“ შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაშია ეჭვმიტანილი.

მოვლენა დეტალურად: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის ლუგანსკის ოლქში მცხოვრები პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, ანაზღაურების სანაცვლოდ, უკრაინის სარაკეტო სისტემის შესახებ „საიდუმლო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს გადასცემდა.

ამ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის 14 აპრილს, უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა. 31 მარტს უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის უკრაინელ ოფიცერსა და ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს შორის არსებული საიდუმლო საკომუნიკაციო არხი გაშიფრეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: 2014 წლის ყირიმისა და დონბასის მოვლენების შემდეგ უკრაინა რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნე გახდა. ბოლო წლებში უკრაინაში, რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებით, ჯაშუშთა გახშირებული დაკავებები მიუთითებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისთვის რუსი ჯაშუშების გამოვლენა და უსაფრთხოების სექტორში რუსული გავლენის შემცირება პრიორიტეტული ამოცანა გახდა.

 

უკრაინაში აშშ-ის მომავალი ელჩის კანდიდატურა დაასახელეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის კანდიდატურად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით დეიტონი დაასახელა. დეიტონის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მოვლენა დეტალურად: კით დეიტონი ამჟამად გერმანიაში უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის დირექტორი (2010 წლიდან) და უკრაინის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის მრჩეველია. დეიტონი მოსკოვში აშშ-ის საელჩოში თავდაცვის ატაშედაც მუშაობდა.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს 2019 წლის მაისიდან, როდესაც ტრამპმა ელჩი მარი იოვანოვიჩი გაიწვია. იოვანოვიჩი აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატაში, ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

ელჩის კანდიდატურის დასახელებას წინ უძღოდა უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გართულება. არსებული ინფორმაციით, ტრამპმა 2019 წლის ივლისში სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჯო ბაიდენის გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირებული სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. ამ ფაქტის გახმაურებას ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მოჰყვა, რის შედეგადაც აშშ-ის მთავრობაში უკრაინაზე პასუხისმგებელი რამდენიმე მაღალჩინოსანი გადადგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა დეიტონის კანდიდატურა და განაცხადა, რომ შეხვედრია მას თავდაცვის სფეროს რეფორმების მრჩევლის რანგში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: აშშ-ის მომავალი ელჩი კარგად იცნობს უკრაინას, რომელსაც სამხედრო სფეროში მუშაობის გარდა, რუსეთში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მისი ეს გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებისა და დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე. კიევში მოლოდინი აქვთ, რომ აშშ-ის ელჩად დეიტონის  დანიშვნა ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და სამხედრო     ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ვაშინგტონის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

რატომ არის ეს ყურადსაღები რუსეთისთვის: ორი კვირის პერიოდში ვაშინგტონმა ბელარუსსა და უკრაინაში ახალი ელჩების კანდიდატურები დაასახელა, მათ შორის – ბელარუსში 12-წლიანი პაუზის შემდეგ. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოცდილ პირებთან, რომლებიც კარგად იცნობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს. მათი დანიშვნა მოსკოვისთვის ერთგვარი შეტყობინებაა, რომ აშშ რუსეთისთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან ურთიერთობის განვითარებასა და ამ ქვეყნების   რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების  შესუსტებას სერიოზულად გეგმავს.

 

ბელარუსმა ამერიკული ნავთობი შეისყიდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 მაისს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ აშშ-დან ნავთობის პირველი პარტიის შესყიდვის შესახებ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: ენერგოსფეროში ბელარუს-აშშ-ის თანამშრომლობას საფუძველი თებერვალში მინსკში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, ჩაეყარა. 2020 წლის იანვარში ბელარუსში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტის ფონზე პომპეომ ბელარუსისთვის ნავთობის საჭირო მარაგის მიყიდვაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა.

80 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული ტანკერი ტეხასის შტატიდან 17 მაისს დაიძრება და კლაიპედის პორტის (ლიეტუვა) გავლით ამერიკული ნავთობი ბელარუსში ივნისში ჩავა.

2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსულ ნავთობკომპანიებთან ფასზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ბელარუსმა იმპორტის დივერსიფიკაცია დაიწყო. წელს ბელარუსმა, აშშ-ის გარდა, უკვე მიიღო ალტერნატიული ნავთობი ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან. მარტში მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნის პირობებში ბელარუსი რუსულ კომპანიებსაც მისაღებ ფასზე შეუთანხმდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-სთვის: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბელარუსში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი იმის დასტური იყო, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა მინსკის მიმართ შეიცვალა. ენერგოსფეროში თანამშრომლობის გარდა, გადაიდგა პირველი პოლიტიკური ნაბიჯიც. 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ ვაშინგტონმა ბელარუსში ელჩის კანდიდატურა დაასახელა. ვაშინგტონის გააქტიურების მიზანი ბელარუსზე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შესუსტებაა.

რატომ არის ამერიკული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ბელარუსი ნავთობის სფეროში აშშ-თან თანამშრომლობას სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტად განიხილავს და ეკონომიკის სფეროში ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ფაქტორად მიიჩნევს. გარდა ამისა, ენერგეტიკულმა თანამშრომლობამ შესაძლოა პოლიტიკურ დათბობასაც შეუწყოს ხელი, უპირველეს ყოვლისა კი, ვაშინგტონის მიერ მინსკზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება/გაუქმება დააჩქაროს.

 

ბელარუსი რუსული კრედიტით ატომურ ელექტროსადგურს აშენებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 მაისს ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მიხაილ მიხადიუკმა განაცხადა, რომ ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის (БелАЭС) მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ის ღონისძიება გაატარეს, რომელსაც მოითხოვს დამპროექტებელი კომპანიის ტექნიკური რეგლამენტი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციები.

მოვლენა დეტალურად: ეს იქნება პირველი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ბელარუსში გროდნენის ოლქში აშენდება. ორი რეაქტორის ჯამური სიმძლავრე 2400 მეგავატი იქნება. სადგურს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ შვილობილი კომპანია „ატომსტროიექსპორტი“ აშენებს. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. სადგურის პირველი ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება ივლისში იგეგმება, მეორის – 2021 წელს. მშენებლობისთვის საჭირო 10 მლრდ აშშ დოლარის კრედიტი ბელარუსმა რუსეთისგან მიიღო.

მშენებარე ატომური ელექტროსადგური. წყარო: ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის ვებგვერდი

ლიეტუვის რეაქცია

სადგური ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ლიეტუვაში მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვთ. გარდა ამისა, ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთის მხრიდან არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოტივებითაც არის განპირობებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ატომური ელექტროსადგურის ამოქმედების შემდეგ ბელარუსი იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე უარის თქმას შეძლებს და ევროკავშირის სარფიან ბაზარზე, მათ შორის ლიეტუვაში, ექსპორტის შესაძლებლობას მიიღებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს. ბელარუსში სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება ამ სფეროში რუსეთის რეპუტაციას აამაღლებს და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის. ამავე დროს, სადგურის ექსპლუატაცია ბელარუსს რუსეთზე დამოკიდებულს გახდის, რადგან სადგურისთვის ბირთვული საწვავი რუსეთმა უნდა უზრუნველყოს. ბელარუსმა ასევე უნდა გადაიხადოს 10 მლრდ აშშ დოლარის კრედიტი, რომელიც მინსკს რუსეთმა სადგურის მშენებლობისთვის გამოუყო.

 

„9 მაისის“ აღლუმი - ლუკაშენკოს სიმბოლური გამარჯვება

მთავარი მოვლენა: პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი მოკრძალებულად აღნიშნეს, თუმცა იყო გამონაკლისიც.

მოვლენა დეტალურად: ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „9 მაისთან“ დაკავშირებული ღონისძიებები გადაიდო. გამონაკლისი იყო მხოლოდ ბელარუსი, სადაც საზეიმო ღონისძიებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების მიუხედავად, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მრავალათასიანი ღონისძიება მაინც ჩაატარა.

ლუკაშენკოსგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარტომ მიაგო პატივი ალექსანდროვსკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს და მოსახლეობას მიმართა. ეს იყო 32-დღიანი თვითიზოლაციიდან პუტინის პირველი გამოსვლა. პუტინის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფედერალურმა ტელეარხებმა წითელი მოედნიდან ავიააღლუმი აჩვენეს, რომელიც 5 წუთი გაგრძელდა.

ვლადიმერ პუტინი „9 მაისის“ ღონისძიებაზე. წყარო: BBC

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნისათვის რუსეთში განსაკუთრებით ემზადებოდნენ, მაგრამ თარიღის იდეოლოგიური მნიშვნელობის მიუხედავად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე პრიორიტეტულად ჩაითვალა და კრემლმა ღონისძიების გადადების მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფონზე, ლუკაშენკო ხაზგასმით აცხადებდა, რომ ღონისძიების გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლიდა და რუსეთიდან სტუმრებიც კი მიიწვია. მოსკოვსა და მინსკში „9 მაისის“ აღნიშვნამ  სიმბოლური დაპირისპირების ფორმა შეიძინა, საიდანაც გამარჯვებული ლუკაშენკო გამოვიდა. აღნიშული ფაქტი მორიგი უსიამოვნო ფურცელი იქნება ლუკაშენკო-პუტინის ურთიერთობაში, რადგან გამოჩნდა, რომ ბელარუსის ლიდერი „პუტინისგან განსხვავებით, არ შეუშინდა ვირუსს“ და 75-ე წლისთავი ღირსეულად აღნიშნა.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის პროექტის დასრულებას რუსული გემი უზრუნველყოფს

მთავარი მოვლენა: რუსული მედიის ცნობით, გემმა „აკადემიკ ჩერსკიმ“ ბალტიის ზღვაში ღუზა ჩაუშვა. ამერიკული სანქციების პირობებში გემმა რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის პროექტის – „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება უნდა უზრუნველყოს.

მილსადენების მშენებელი რუსული გემი - „აკადემიკ ჩერსკი“. წყარო: MarineTraffic

მოვლენა დეტალურად: „აკადემიკ ჩერსკი“ წყალქვეშა მილსადენების მშენებელი გემია, რომელიც 2015 წლიდან ექსპლუატაციაშია. გემი „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიას – „გაზპრომ ფლოტს“ ეკუთვნის. გემი შორეული აღმოსავლეთიდან, ნახოდკას პორტიდან, ბალტიის ზღვისკენ თებერვალში მას შემდეგ გამოემართა, რაც ცნობილი გახდა, რომ იმ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ, აშშ-ის სანქციები დაწესდებოდა. შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი 2019 წლის 21 დეკემბერს თქვა. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია.

„გაზპრომისა“ და მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, ამერიკული სანქციების გამო პროექტის დასრულების ვადა მაქსიმუმ 2021 წლის დასაწყისისთვის გადაიწევს. პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ).

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთის მიერ საკუთარი რესურსებით „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება ამბიციური განაცხადი იქნება, რომ რუსეთს მსგავსი პროექტების განხორციელება დამოუკიდებლადაც შეუძლია. პროექტის დროული დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს.

ახალი გამოწვევები: 15 მაისს გერმანიის ენერგორეგულატორმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ოპერატორებისთვის არ დაუშვა გამონაკლისი ევროკავშირის შიდა გაზის ბაზრის რეგულირების წესებიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ მილსადენის იმ სექციაზე, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის, ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის ნორმები გავრცელდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, წარმოება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია  ერთი და იმავე კომპანიის მიერ არ უნდა იყოს ორგანიზებული.

 

მოლდოვა: ბრძოლა რუსული კრედიტის მისაღებად

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 მაისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დომნიკა მანოლემ განაცხადა, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმება 200 მლნ ევროს ოდენობის 10-წლიან კრედიტზე არაკონსტიტუციურია, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ვერ გასაჩივრდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, „ეს გადაწყვეტილება გაოცებას და სინანულს იწვევს“.

მოვლენა დეტალურად: 17 აპრილს მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ რუსეთმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოლდოვისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. დოდონის მთავრობა რუსული კრედიტით ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას იმედოვნებდა. 23 აპრილს შეთანხმებას მხარი დაუჭირა პარლამენტმა, თუმცა იმავე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ, პროდასავლური ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვის საფუძველზე, კრედიტის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.

ქვეყნის პროდასავლურმა ოპოზიციამ გააკრიტიკა რუსეთის მიერ გამოყოფილი 10-წლიანი კრედიტი, რომელიც, მათი აზრით, გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლებლობას ქმნის ფული რუსული კომპანიების სასარგებლოდ არააუცილებელ პროექტებზე დაიხარჯოს. გარდა ამისა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კრედიტის გამოყოფას პოლიტიკური მიზნები აქვს. მათი აზრით, რუსეთის მოტივაციაა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა დოდონმა გაიმარჯვოს.

დოდონის შეფასებით, კრედიტის მიღების დაბლოკვით პროდასავლურ ძალებს ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. დოდონმა საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ კრედიტის მისაღებად კიდევ ერთხელ მიმართავს რუსეთს.

რატომ გახდა რუსული კრედიტის საკითხი მნიშვნელოვანი მოლდოვისთვის: მოლდოვაში შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე რუსული კრედიტი მოლდოვის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი საკითხი გახდა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს დოდონი, რომელიც მეორე ვადით არჩევას გეგმავს. მისი მთავარი კონკურენტი, სავარაუდოდ, პროდასავლურად განწყობილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იქნება. მოახლოებული არჩევნების ფონზე, დოდონი რუსულ კრედიტს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და საარჩევნო რეიტინგის გაზრდის საშუალებად მიიჩნევს, თავის მხრივ, დოდონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ძირითადად პროდასავლურ პოლიტიკურ ბანაკს განეკუთვნებიან, კრედიტის გამოყოფას კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ, რაც, მათი აზრით, მოლდოვაში პრორუსული ძალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

ყირგიზეთი რუსეთს გაზის ფასის შემცირებას სთხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 მაისს ყირგიზეთის ვიცე-პრემიერმა ერკინ ასრანდიევმა რუსეთის ვიცე-პრემიერს ანდრეი ოვერჩუკს სატელეფონო მოლაპარაკების დროს ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება სთხოვა.

მოვლენა დეტალურად: ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ყირგიზეთი რუსეთს გაზის ფასის შემცირების შესაძლებლობის განხილვას სთხოვს. საუბარია 1000 კუბური მეტრი გაზის ფასის 170 აშშ დოლარიდან 150 აშშ დოლარამდე შემცირებაზე.

რუსეთი ყირგიზეთში გაზის მთავარი მიმწოდებელია. 2014 წლის 10 აპრილს რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ 1 აშშ დოლარად შეიძინა „ყირგიზგაზპრომის“ აქციების 100%. კომპანია ფლობს ყირგიზული გაზის სატრანსპორტო სისტემას და ყირგიზეთში უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან გაზის ერთადერთი მიმწოდებელია. 2014 წლამდე ყირგიზეთი უზბეკურ და ყაზახურ გაზზე იყო დამოკიდებული. ამის შემდეგ ყირგიზეთი კვლავ უზბეკურ და ყაზახურ გაზს იღებს, თუმცა „გაზპრომის“ საშუალებით.

გაზის ფასის შემცირება გასულ თვეს რუსეთს სომხეთმაც სთხოვა, 14 მაისს კი ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოთქვა რუსული გაზის ფასით: „მივიღე ინფორმაცია, რომ ამ რთულ პერიოდში რუსეთი ბუნებრივ გაზს ევროპაში ყიდის 70 აშშ დოლარამდე, 65-68 დოლარად და არა – 127 დოლარად (გაზის ფასი ბელარუსისთვის)“.

რატომ არის გაზის ფასის შემცირება მნიშვნელოვანი ყირგიზეთისთვის: ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციისა და გლობალურად ენერგორესურსებზე ფასების ვარდნის პირობებში, ყირგიზეთი ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირებას რუსულ გაზზე ფასის შემცირებითაც იმედოვნებს.

 

უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს დამკვირვებლის სტატუსით უერთდება

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა უზბეკეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას.

მოვლენა დეტალურად: პარლამენტის ზედა პალატის გადაწყვეტილებამდე, 28 აპრილს, უზბეკეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ქვედა პალატამაც. გადაწყვეტილების მომხრეების შეფასებით, უზბეკეთი ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაჟო გაფორმების გარეშე ექსპორტირების შესაძლებლობას მიიღებს, გაუმჯობესდება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ტვირთების ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობა და ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში უზბეკი შრომითი მიგრანტების მდგომარეობა.

მოწინააღმდეგეების აზრით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ზოგიერთ დარგში დაეცემა წარმოების ტემპი, დაიკარგება სამუშაო ადგილები, შემცირდება მრეწველობის სფეროში ინვესტიციები და შენელდება მოდერნიზაცია. ასევე გაიზრდება ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის ფასი, შემცირდება მათი კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარზე გაიზრდება იმპორტირებული საქონელი. დეპუტატთა ნაწილი პრიორიტეტულად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიიჩნევს და არა – პრორუსულ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.

უზბეკეთის პარლამენტის გადაწყვეტილება წინ უძღვის უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიაევის ივნისში მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უზბეკეთისთვის: უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიაევი, მის წინამორბედ ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა. მირზიაევის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტ რეგიონულ ჩართულობას ითვალისწინებს და ნაკლებად არის იზოლაციონისტური. უზბეკეთის ხელისუფლების შეფასებით, ამ ეტაპზე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა საკმარისია ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებელის მისაღებად, რაც შეეხება სრულუფლებიან წევრობას, ეს გრძელვადიან პერსპექტივად განიხილება.

 

უზბეკეთი რუსული ენის გამოყენებას ზღუდავს

მთავარი მოვლენა: უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოხელეები საქმის წარმოებაში სახელმწიფო ენის (უზბეკური) გამოუყენებლობის გამო დაჯარიმდებიან.

მოვლენა დეტალურად: უზბეკეთში კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმის წარმოებაში სახელმწიფო ენის გამოყენების მომხრეები აშკარა უმცირესობაში არიან. ზახაროვას შეფასებით, მედიაში მიმდინარე დისკუსიაზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობა ოფიციალურ სფეროში რუსული ენის შენარჩუნების მომხრეა, რაც სრულიად შეესაბამება უზბეკეთის მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც ხშირად არჩევანს რუსეთში სწავლასა და მუშაობაზე აკეთებენ.

თავის მხრივ, უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფო ენის კანონპროექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ზოგიერთი რუსული მედია საშუალება პროპაგანდაში დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთში უზბეკური სახელმწიფო ენაა, რუსული ენა კვლავ ფართოდ გამოიყენება. ქვეყანაში ფუნქციონირებს რუსულენოვანი სკოლები და საქმის წარმოება უზბეკურად და რუსულად მიმდინარეობს.

რუსული ენის სტატუსი

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რუსეთის გარდა, რუსული სახელმწიფო ენა მხოლოდ ბელარუსშია, სადაც რუსულს წამყვანი ადგილი უკავია როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე საქმის წარმოებაში. რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ყაზახეთსა და ყირგიზეთში, სადაც სახელმწიფო ორგანიზაციებსა და საქმის წარმოებაში რუსული ენა აქტიურად გამოიყენება. ტაჯიკეთში რუსული ეთნოსებს შორის ურთიერთობის ენაა, დანარჩენ ქვეყნებში კი რუსულ ენას არანაირი სტატუსი არ აქვს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უზბეკეთისთვის: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ რუსული ენა კვლავ აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო უწყებებში. რუსეთში სწავლისა და სამუშაოს მიღების პერსპექტივა ბევრ უზბეკს რუსული ენის შესწავლისკენ უბიძგებს. ხელისუფლება უზბეკური ენის გამოყენების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებით უზბეკური ენის პოზიციების გაძლიერებას იმედოვნებს, რაც უზბეკური იდენტობისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. ამიტომაც ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას იწვევს, მოსკოვი მტრულ ნაბიჯად აფასებს.

 

აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ რუსეთს ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 5 მაისს აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მოსკოვს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: ასლან ბჟანიას „საპრეზიდენტო“ ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართა და „პრეზიდენტის“ რანგში ეს რუსეთში მისი პირველი „ოფიციალური“ ვიზიტი იყო. ბჟანიამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ იგი კმაყოფილია მოსკოვში გამართული შეხვედრებით. მისი თქმით, მათ რუსულ მხარესთან სრული ურთიერთგაგება აქვთ ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. თუმცა, ვიზიტის დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია მედიაში არ არის ხელმისაწვდომი.

ბჟანიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მათი თქმით, ბჟანია 8 მაისს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ურთიერთქმედების საკითხი განიხილეს.

სერგეი ლავროვი და ასლან ბჟანია. წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ვიზიტი: ბჟანიას ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის ფონზე თუ გავითვალისწინებთ, ვინ ახლდა ბჟანიას მოსკოვში (ბჟანიას დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკი მინისტრი კრისტინა ოზგანი), უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში აფხაზეთისთვის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება იყო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.