X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 40, 18-24 მაისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი


რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 18-24 მაისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 და დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. სროლა ფრონტზე ყოველდღიურად წარმოებდა.

რუსეთი აფრიკაში - ლიბიაში რუსების მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულთა ლიდერის, ხალიფა ჰაფთარის, ძალებმა არაერთი მარცხი განიცადეს დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად. აღნიშნულ წარუმატებლობას ხელი ვერ შეუშალა ფრონტზე მყოფმა მოსკოვის დამხმარე ძალამ, ჯგუფ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების სახით. „ვაგნერის“ მებრძოლები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. შედეგად, მათი ყოფილი პოზიციები ლიბიის სახელისუფლებო ძალებმა დაიკავეს.  ამ უკანასკნელის მებრძოლებმა დაღუპული რუსი დაქირავებული მებრძოლის ცხედარიც იპოვეს. პარალელურად, 17-18 და 20 მაისის პერიოდში,  რუსული წარმოების Pantsir-S1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ცხრა ერთეული, რომელსაც ჰაფთარის ძალების მხარეს მოქმედებდა, ბრძოლისას  განადგურდა ან დაზიანდა. მათი დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, მწყობრიდან თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანეს. ზოგი წყაროს მტკიცებით,  თურქული აპარატების მიერ განადგურებული „პანცირების“ რიცხვი კიდევ უფრო დიდია. აღნიშნული სისტემის რამდენიმე ერთეული ხელში სამთავრობო ჯარებს ჩაუვარდა. როგორც ცნობილია, ჰაფთარს „პანცირის“ სისტემები არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიაწოდა, თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ზოგი „პანცირი“ ლიბიაში პირდაპირ რუსეთიდან მოხვდა.
 

„ვაგნერის“  მებრძოლების პირადი ნივთები, გამოფენილი სამთავრობო ძალების მებრძოლების მიერ მათი ბაზის დაკავების შემდგომ


თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ რუსულენოვანი ვერსიის რუკა, რომელზეც აღნიშნულია 17-20 მაისის პერიოდში ლიბიაში განადგურებული ან დაზიანებული ცხრა „Panstir-S1“


ლიბიელებმა ტრიპოლის ქუჩებში მათ ხელში ჩავარდნილი Pantsir-S1 გამოიყვანეს; 18 მაისი, 2020

რუსეთი აფრიკაში - ლიბიის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა ლიბიაში გაგზავნა სულ მცირე ექვსი MiG-29 ტიპის გამანადგურებელი და ორი Su-24 ტიპის მოიერიშე, ჰაფთარის ძალების დასახმარებლად, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დასავლეთ ლიბიაში არაერთი მარცხი განიცადა. ლიბიაში საფრენი აპარატები სირიიდან, კერძოდ რუსეთის ხმეიმიმის ბაზიდან ჩაფრინდნენ. ამასწინათ, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12-15 მაისს პერიოდში, ექვსი MiG-29 ტიპის გამანადგურებელი იქნა გადასროლილი ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე რუსეთიდან, კერძოდ ასტრახანის ოლქში მდებარე პრივოლჟსკის საჰაერო ბაზიდან. 

ნატო ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსის „თვითმფრინავებმა 2019 წელს, რუსულ საფრენ აპარატებს, ნატოს საჰაერო სივრცის სიახლოვეს გზა თითქმის 300-ჯერ გადაუჭრეს.“ აღნიშნული ტიპის ინციდენტები 2020 წელსაც გრძელდება. ერთ-ერთი უკანასკნელი ფაქტი მოხდა 19 მაისს, როდესაც „ნატოს სამი ქვეყნის - ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის ხუთი გამანადგურებელი აფრინდა განგაშზე, რათა რეაგირება მოეხდინა ორი რუსული Tu-22 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენისა და ორი Su-27 ტიპის გამანადგურებლის შავი ზღვის დასავლეთით მათ საჰაერო სივრცესთან მოახლოვებაზე.“

შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“ სუეცის არხის გავლით, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში გადავიდა. რუსების განცხადებით, ფრეგატი შორეულ ექსპედიციაში იმყოფება.

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისიდან, ჩრდილოეთის ფლოტის „კრუისის“ კლასის (პროექტი 22010) სპეციალური სადაზვერვო გემი „იანტარი“ კალინინგრადში გადის შეკეთებას. გეგმის თანახმად, გემი ოპერატიულ მზადყოფნას ივნისის ბოლოს მიაღწევს. 2019 წლის შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაციით, ის მოქმედებდა კარიბის ზღვაში, ტრინიდადი და ტობაგოს სიახლოვეს. როგორც დაიჯესტის წინა გამოცემებში ვწერდით, 2019 წლის დეკემბერში „იანტარი“ პანამის არხის გავლით წყნარ ოკეანეში შევიდა,  ხოლო 2020 წლის იანვრის ბოლოს ანტარქტიქაში,  მეფე ჯორჯის კუნძულზე არსებულ ბელინსგაუზენის სადგურთან ოპერირებდა.

 

სამხედრო სტრატეგია

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიანმა განაცხადა, რომ „რუსებმა დიდი ოდენობით რაკეტებსა და იარაღს მოუყარეს თავი კალინინგრადში, რაც ემუქრება ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორსა და ბალტიის ქვეყნებს.“ ო’ბრაიანმა დაამატა, რომ „ის, რასაც რუსები კალინინგრადის რეგიონში აკეთებენ, არის ხანჯალი დასავლეთი ევროპის გულში.“

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შეფასებით, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულება „ყველაზე სახიფათოა რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის“.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, 2027 წლამდე ყოველწლიურად შეიძინოს S-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო სისტემების მინიმუმ ორი ბატალიონი. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული სისტემები თავდაპირველად გადაეცემა 24-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადას (აბაკანი, ხაკასეთის რესპუბლიკა) და შემდგომ, 338-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკს (აჩინსკი, კრასნოიარსკის მხარე). ორივე დანაყოფი მიეკუთვნება მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 41-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიას (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში).

144-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა ელნიაში, სმოლენსკის ოლქი) საარტილერიო დანაყოფებმა ათი ერთუელისგან შემდგარი Msta-SM2 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების პარტია მიიღეს. აღნიშნული დანაყოფები ბრიანსკის ოლქში, უკრაინისა და ბელარუსის საზღვართან მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით დანაყოფი არ დასახელებულია, სავარაუდოდ ახალი ჰაუბიცები 144-ე დივიზიის 856-ე თვითმავალ საარტილერიო პოლკს (პოჩეპი, ბრიანსკის ოლქი) უნდა მიეღო.

გავრცელებული ცნობით, 10 დანადგარისგან შემდგარი ახალი Koalitsiya-SV ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემების პირველი პარტია დასავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფებს გადაეცათ.

Koalitsiya-SV თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

 

კოსმოსი

22 მაისს, პლესეცკის კოსმოდრომიდან „სოიუზ-2.1ბ“ რაკეტის გაშვებით, რუსებმა ორბიტაზე კიდევ ერთი სამხედრო თანამგზავრი განათავსეს.

 

სწავლებები*

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 19 მაისს განაცხადა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა „შეამცირა სამხედრო სწავლებების მასშტაბები კორონავირუსის პანდემიის გამო.“

რუსეთისა და ასადის რეჟიმის სამხედროებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს სირიაში, ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.

სწავლება „კავკაზ-2020“, გეგმის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში წელს ყველაზე ფართომასშტაბიანი იქნება. სწავლება დაგეგმილია სექტემბერში და კავკასიის რეგიონში ჩატარდება.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.