X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 10

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N10

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ივნისი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                       

  • ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში ანტირუსული რიტორიკა იზრდება.

  • უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ შენობებთან განხორციელებული ანტირუსული შინაარსის ქმედებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა.

  • სომხეთი ატომური ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის რუსეთის კრედიტზე უარს ამბობს.

  • ყირგიზეთი რუსულ სამხედრო ბაზას იჯარის გადასახადს უზრდის.

  • ტაჯიკეთში რუსეთის დაფინანსებით ხუთი ახალი რუსულენოვანი სკოლა აშენდება.

  • ბელარუსმა 2020 წელს არარუსული წარმოშობის ნავთობით დატვირთული მე-12 ტანკერი მიიღო.

  • ევროპაში რუსულ გაზზე ფასის შემცირების ფონზე მინსკი მოსკოვისგან გაზის ფასის შემცირებას ბელარუსისთვისაც ითხოვს.

  • მოლდოვა სეპარატისტების მიერ რუსულ გაზზე დაგროვილი ვალის გადახდაზე უარს აცხადებს.

  • აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების შესაფერხებლად სანქციებს აფართოებს.

 

ბელარუსში წინასაარჩევნოდ ანტირუსული რიტორიკა იზრდება

მთავარი მოვლენა: ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში ანტირუსული რიტორიკა იზრდება.

მოვლენა დეტალურად: ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთთან ურთიერთობას დიდი ხანია ვეღარ ვუწოდებთ მეგობრულს. 2020 წელს მინსკსა და მოსკოვს შორის უთანხმოება სხვადასხვა სფეროში გამოვლინდა. არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ლუკაშენკოს ანტირუსული განწყობები უფრო გამწვავდა:

  • რუსული ნავთობის ფასზე შეუთანხმებლობის გამო ბელარუსმა ნავთობის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია დაიწყო და იანვრიდან დღემდე არარუსული წარმოშობის ნავთობით დატვირთული 12 ტანკერი მიიღო.

  • ლუკაშენკო რუსულ გაზზე ფასის შემცირებას ითხოვს, რადგან ევროპაში რუსული გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 80 აშშ დოლარამდე შემცირდა მაშინ, როდესაც ბელარუსისთვის ეს ფასი 127 აშშ დოლარია.

  • მაისში რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი კორონავირუსზე გაკეთებული სიუჟეტის გამო ბელარუსიდან  გააძევეს.

  • მაშინ, როდესაც რუსეთში 9 მაისის ზეიმი გადაიდო, ლუკაშენკომ მინსკში სამამულო ომში გამარჯვება პომპეზურად აღნიშნა.

  • გასულ კვირას ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიებს მითითება მისცეს, რომ ანგარიშები რუსული ბანკებიდან ბელარუსულ სახელმწიფო ბანკებში გადაიტანონ.

  • 11 ივნისს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა „ბელგაზპრომბანკში“ (რუსული „გაზპრომბანკის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა) ჩხრეკა ჩაატარა და ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის ბრალდებით ბანკის ყოფილი და მოქმედი 15 თანამშრომელი დააკავა. 15 ივნისს ეროვნულმა ბანკმა ბანკის დროებითი მმართველიც დანიშნა. საინტერესოა, რომ ბანკის მმართველი 20 წლის განმავლობაში ვიქტორ ბაბარიკო იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მაისში დატოვა თანამდებობა.

  • ლუკაშენკომ თავისი მოწინააღმდეგეები, ბაბარიკო და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, მოსკოვის მარიონეტებად გამოაცხადა, ბაბარიკო კი ირიბად რუსული ფულის მიღებაშიც დაადანაშაულა. (ბაბარიკო 18 ივნისს დააკავეს).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ეს პირველი წინასაარჩევნო კამპანიაა, როდესაც იგი ამომრჩეველს არა როგორც პრორუსული კანდიდატი, არამედ როგორც ბელარუსის დამოუკიდებლობის გარანტი, ისე წარუდგება მაშინ, როცა სახელისუფლო მედია ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს პრორუსულ კანდიდატებად წარმოაჩენს. ლუკაშენკოს მხრიდან ანტირუსული რიტორიკის ზრდა მიუთითებს, რომ ლუკაშენკოს მოსკოვის პოლიტიკურ მხარდაჭერაში უკვე ეჭვი ეპარება და წარმატების მიღწევას ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებით გეგმავს.

 

უკრაინაში „რუსეთის დღე“ სიმბოლურად აღნიშნეს

მთავარი მოვლენა: უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან გამართული ანტირუსული აქციის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 15 ივნისს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 ივნისს კიევში რუსეთის შენობის ფასადზე განათების სპეციალური აპარატის გამოყენებით „რუსოფობიური შინაარსის შეურაცხმყოფელი გამოსახულებები“ გამოსახეს. გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში (ხარკოვი, ოდესა, ლვოვი) უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის გენერალური საკონსულოების სიახლოვეს შენობებსა და ბილბორდებზე თავისი ემბლემა განათავსა.

რუსეთის ფედერაციაში 12 ივნისს სახელმწიფო დღესასწაული - „რუსეთის დღე“ აღინიშნება.

 
აქცია კიევში რუსეთის საელჩოს წინ. წყაროpolitnavigator.net

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლამდე ანტირუსული აქციები უკრაინის დასავლეთის რეგიონებისთვის იყო დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობაში ყველაზე მეტად სჭარბობდა ნაციონალისტური განწყობები. 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და დონბასში მიმდინარე კონფლიქტში ჩაერთო, ანტირუსული აქციები გახშირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანტირუსულ აქციებში უკვე არა მხოლოდ უკრაინის დასავლეთში მცხოვრები ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები, არამედ ქვეყნის ყველა რეგიონის მოსახლეობა და სახელმწიფო უწყებებიც არიან ჩართული.

 

სომხეთი რუსულ კრედიტზე უარს ამბობს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 8 ივნისს, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უარი თქვა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის ექსპლუატაციის ვადების გახანგრძლივების სამუშაოების დაფინანსებისათვის რუსული კრედიტის მიღებაზე.

მოვლენა დეტალურად: 2014 წელს რუსეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის 2026 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე. 2015 წლის თებერვალში მხარეები შეთანხმდნენ რუსეთის მიერ 270 მლნ აშშ დოლარის 15-წლიანი სახელმწიფო კრედიტისა და 30 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფაზე. ელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის 200 მლნ უკვე დაიხარჯა და თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის გადახდას სომხეთი ერთი წლით გვიან, 2021 წელს, დაიწყებდა, მაგრამ შეთანხმება ბოლომდე ვერ შედგა. რუსეთი სომხეთს კრედიტის მოქმედების ორი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდა, მაგრამ უფრო მკაცრი პირობებით, რაც კრედიტის 80%-ის რუსულ მომსახურებასა და ტექნიკაზე დახარჯვას ითვალისწინებდა.

ბოლო წელი აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კრედიტის დაფარვის ვადების გადავადებაზე, მაგრამ მხარეები შეღავათიან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო სომხეთი დარჩენილ რუსულ კრედიტზე უარს ამბობს და მშენებლობის საკუთარი რესურსით დასრულებას გეგმავს. ამისთვის უახლოეს ორ წელიწადში სომხეთის ბიუჯეტიდან 130 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.

 
მეწამორის ატომური ელექტროსადგური. წყარო: Wikipedia

რუსეთის შემოთავაზება სომხეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ერევნის აზრით, ეს რუს მწარმოებლებსა და მომსახურების მომწოდებლებს მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენებდა და შეზღუდავდა უფრო ხარისხიანი და იაფი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესაძლებლობას. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, მთავრობის წინაშე დგას არა მარტო ელექტროსადგურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის, არამედ  ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანაც.

დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, რომ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების არარსებობის გამო სომხეთმა ატომური ელექტროსადგური დახუროს, ერევანი სადგურის სიცოცხლის გახანგრძლივებას მაინც ცდილობს, რადგან იგი ქვეყნის ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიუხედავად, სომხეთი ცდილობს, იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულება თავიდან აიცილოს. რუსეთის მიერ შეთავაზებულ დაფინანსების ახალ პირობებზე უარიც სომხეთზე რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდის თავიდან აცილებით არის ნაკარნახევი.

 

ყირგიზეთი რუსულ სამხედრო ბაზას გადასახადს უზრდის

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12 ივნისს ყირგიზეთის საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ყირგიზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზისთვის მიწის ყოველწლიური იჯარის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

მოვლენა დეტალურად: კანონპროექტი საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მას შემდეგ მოამზადა, რაც ტოპოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზას უკავია 924.52 ჰექტარი, რაც 58.32 ჰექტარით მეტია, ვიდრე ეს იჯარის შეთანხმებაშია მითითებული. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ყოველწლიური იჯარის გადასახადი - 4 502 495 აშშ დოლარი, 291 600 აშშ დოლარით გაიზრდება.

 
 კანტის საჰაერო ბაზა. წყარო: akipress

ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქ. კანტში საჰაერო ბაზით არის წარმოდგენილი. კანტის საჰაერო ბაზა 2003 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით მას შემდეგ დაფუძნდა, რაც 2001 წელს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიის ფარგლებში ბიშკეკთან ახლოს ამერიკული საჰაერო ბაზა გაიხსნა. ამერიკული ბაზა რუსეთის ზეწოლის შედეგად 2014 წელს დაიხურა. 2012 წელს ყირგიზეთში მდებარე კანტის საჰაერო ბაზა და სამი სხვა რუსული სამხედრო ობიექტი (ისიყ-ყულის ტბასთან განთავსებული საზღვაო ბაზა, სამხრეთში მდებარე სეისმური ცენტრი და ყაზახეთის საზღვართან მდებარე საკომუნიკაციო ცენტრი) ერთობლივ სამხედრო ბაზად ჩამოყალიბდა. ამავე წელს ყირგიზეთმა, 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის რუსული ვალის ჩამოწერის შემდეგ, რუსული სამხედრო ბაზის მოქმედების ვადა 15 წლით გაახანგრძლივა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ სახელმწიფოდ ითვლება, რომლის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხიც ეკონომიკის, პოლიტიკის, ენერგეტიკისა თუ სამხედრო სფეროში  მაღალია. რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის პირობებში იჯარის გადასახადის უმნიშვნელო გაზრდა ყირგიზეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.
 

რუსეთი ტაჯიკეთში ხუთ ახალ სკოლას ააშენებს

მთავარი მოვლენა: ტაჯიკეთ-რუსეთის სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ტაჯიკეთის ხუთ ქალაქში (დუშანბე, კულობი, ხუჯანდი, ბოხტარი და ტურსუნზადე) რუსეთი ააშენებს და აღჭურავს ხუთ სკოლას, სადაც სწავლება რუსულ ენაზე წარიმართება.

მოვლენა დეტალურად: რუსული სკოლების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2019 წლის აპრილში მოსკოვში, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერეს ხელი. ადრე სკოლები ტაჯიკეთში ძირითადად მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შენდებოდა, თუმცა 2019 წელს საერთაშორისო დახმარება შეწყდა. რუსეთი სხვადასხვა ფორმით ათ წელზე მეტია ეხმარება ტაჯიკეთს საგანმანათლებლო სფეროში. მაგ., 2017 წელს  სკოლის ტაჯიკ მოსწავლეებს რუსულ ენაზე 60 000-ზე მეტი სახელმძღვანელო გადასცეს. რუსეთი ტაჯიკეთში ასევე ხშირად აგზავნის მასწავლებლებსაც. 2019-2020 სასწავლო წელს 48 რუსმა მასწავლებელმა სხვადასხვა საგანში 7 000-ზე მეტი ტაჯიკი მოსწავლე მოამზადა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაჯიკეთში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (1979 წელს - 395 000, 2010 წელს - 35 000), თუმცა რუსულენოვან სასწავლებლებზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. ამჟამად ტაჯიკეთში, ტაჯიკურ-რუსული ორენოვანი სკოლების გარდა, 32 მხოლოდ რუსულენოვანი სკოლაა, მათგან 10 გასულ ორ წელიწადში დაარსდა.

ტაჯიკეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, სადაც უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ხელფასებია. რუსეთში ასეულ ათასობით ტაჯიკი მიგრანტი ცხოვრობს. მათი ფულადი გზავნილები 2.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ტაჯიკები რუსულენოვან სკოლებში უკეთესი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ხედავენ, რაც მათ რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და ღირსეული დასაქმების პერსპექტივას აძლევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ტაჯიკეთისთვის: ტაჯიკეთის მიერ რუსულენოვანი განათლების მხარდაჭერა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით არის განპირობებული, რადგან მოსკოვი ტაჯიკეთის სოციალურ-ეკონომიკური-პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტორია. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი რუსულ ენას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილება. იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულებში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში რუსული ენა ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს, რუსეთისთვის ეს პოზიტიური სიგნალია, რომ ცენტრალურ აზიაში რუსული ენა და კულტურა კვლავ მიმზიდველია.

 

ბელარუსმა პირველი ამერიკული ნავთობი მიიღო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 5 ივნისს კლაიპედის პორტმა (ლიეტუვა) ბელარუსისთვის განკუთვნილი 77 000 ტონა ამერიკული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო.

მოვლენა დეტალურად: ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ამერიკულ ნავთობს კლაიპედის პორტიდან რკინიგზის საშუალებით მიიღებს. ენერგოსფეროში ბელარუს-აშშ-ის თანამშრომლობას საფუძველი თებერვალში მინსკში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, ჩაეყარა. 2020 წლის იანვარში, ბელარუსში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტის ფონზე, პომპეომ ბელარუსისთვის ნავთობის საჭირო მარაგის მიყიდვაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა.

რუსეთთან ნავთობის ფასზე შეუთანხმებლობის გამო ბელარუსმა 2020 წლიდან ახალი პარტნიორების ძიება დაიწყო. ბელარუსი ნავთობის გარკვეულ რაოდენობას არა მარტო რუსეთიდან „დრუჟბის“ მილსადენიდან და სარკინიგზო ხაზის საშუალებით იღებს, არამედ ასევე ალტერნატიული მარშრუტებიდან, რისთვისაც კლაიპედისა და ოდესის პორტებს იყენებს. წელს ეს რიგით მეთორმეტე ტანკერია, რომელიც რუსეთს არ ეკუთვნის. ბელარუსმა, აშშ-ის გარდა, უკვე მიიღო ალტერნატიული ნავთობი ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან. ჯამში ბელარუსმა ალტერნატიული წყაროებიდან ერთი მლნ ტონა ნავთობი მიიღო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აშშ-სთვის: ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება აშშ-სთვის მინსკთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ნავთობის ტრადიციულ ბაზრებზე რუსეთის პოზიციების შერყევას და ბელარუსზე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შესუსტებას ისახავს მიზნად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ბელარუსი ნავთობის სფეროში აშშ-თან თანამშრომლობას სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტად განიხილავს და ეკონომიკის სფეროში ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ფაქტორად მიიჩნევს. ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციის პოლიტიკამ ბელარუსზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესუსტებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

 

ბელარუსი რუსული გაზის ფასის შემცირებას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 ივნისს ბელარუსის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ კარანკევიჩმა თავის რუს კოლეგა ალექსანდრ ნოვაკთან ვიდეოკონფერენციის დროს გაზზე ფასის შემცირების საკითხი განიხილა.

მოვლენა დეტალურად: ევროპაში რუსულ გაზზე ფასის ვარდნის პირობებში, ფასის შემცირებას ბელარუსიც ითხოვს. თუ გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით, ბელარუსი რუსულ ათას კუბურ მეტრ გაზს 127 აშშ დოლარად ყიდულობს, ევროპაში მისი ფასი 80 აშშ დოლარამდეა. ასეთ ვითარებაში ბელარუსისთვის მისაღები ფასი 70 აშშ დოლარამდე მერყეობს. რუსეთი თანახმაა გაზის ფასს გადახედოს, თუმცა მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრიდან და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მინსკი დაგროვილ დავალიანებასაც გადაიხდის. რუსული მხარის შეფასებით, ვალის მოცულობა 166 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა და ევროპაში რუსულ გაზზე ფასის შემცირების პირობებში, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის რუსეთთან შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სარგებელის მიღების თვალსაზრისით. წინასაარჩევნო პერიოდში გაზზე ფასის შემცირება ლუკაშენკოსთვის რუსეთზე სიმბოლურ გამარჯვებადაც შეფასდებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთ-ბელარუსის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე მოსკოვისთვის მიუღებელია დათმობებზე წასვლა, თუ სანაცვლოდ მინსკისგან რუსეთთან მეტი ინტეგრაციისთვის მზადყოფნას ვერ დაინახავს. გაზის ფასი მოსკოვის ხელში ერთგვარი ბერკეტია, რომლითაც მოსკოვს შეუძლია ალექსანდრე ლუკაშენკოზე პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნოს და ინტეგრაციის მიმართულებით ლუკაშენკოს სასურველ დათმობებზე წასვლა აიძულოს.

 

ვინ გადაიხდის დნესტრისპირეთის ვალს რუსულ გაზზე

მთავარი მოვლენა: „მოლდოვგაზის“ ხელმძღვანელის ვადიმ ჩებანის განცხადებით, დნესტრის მარცხენა სანაპიროზე (იგულისხმება მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა) რუსულ გაზზე დაგროვილი დავალიანება იმან უნდა გადაიხადოს, ვინც ეს ვალი დააგროვა. ჩებანის განცხადებით, დავალიანების დაფარვა დნესტრისპირეთში მოქმედმა „ტირასპოლტრანსგაზმა“ უნდა უზრუნველყოს.

მოვლენა დეტალურად: მოლდოვა გაზის იმპორტს სრულად რუსეთიდან ახორციელებს. რუსულ გაზს მოიხმარს, როგორც მოლდოვის ის ნაწილი, რომელზეც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება, ასევე დნესტრისპირეთი, სადაც მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა რუსულ გაზს 1990-იანი წლებიდან ისე მოიხმარს, რომ მის საფასურს არ იხდის. სეპარატისტების დაგროვილი ვალის გადახდაზე უარს აცხადებს მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლებაც.

ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მოლდოვა არ გადაიხდიდა დნესტრისპირეთის დავალიანებას, რაც 6 მლრდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს, თუმცა მზად არის დაფაროს მოლდოვის ვალი, რაც ნახევარი მილიარდია.

რუსეთი დღეს მოლდოვის გაზის ბაზარზე მონოპოლისტია. სააქციო საზოგადოება „მოლდოვგაზის“ საკონტროლო პაკეტიც „გაზპრომს“ ეკუთვნის. მოლდოვა ალტერნატიული გაზის მიღებას, სავარაუდოდ, მალე შეძლებს, რადგან რუმინეთ-მოლდოვის დამაკავშირებელი გაზსადენი 90%-ით დასრულებულია, რაც მოლდოვას რუმინეთის გავლით ევროპის ენერგოსისტემასთან დააკავშირებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების რუსული გაზის დავალიანება ისტორიული საკითხია, რომელიც ათწლეულებია არსებობს. ეს საკითხი რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ არსენალში ერთგვარი ბერკეტია, რომელსაც მოსკოვი მოლდოვაზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებისთვის იყენებს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადის-2-ის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 4 ივნისს აშშ-ის ხუთმა სენატორმა, რესპუბლიკელ ტედ კრუზისა და დემოკრატ ჯენ შაჰინის ინიციატივით, ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაზე დაწესებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.


 „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. წყარო: კომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: 2019 წელს აშშ-მა იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ, სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების შიშით შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) 21 დეკემბერს პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. რუსეთმა პროექტის დასრულების მიზნით ბალტიის ზღვაში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის – „გაზპრომ ფლოტის“ წყალქვეშა მილსადენების მშენებელი გემი „აკადემიკ ჩერსკი“ მიავლინა.

სენატორთა ახალი ინიციატივით, სანქციები შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც პროექტისთვის უზრუნველყოფს სადაზღვევო მომსახურებას, საპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ექსპლუატაციისთვის სერტიფიცირებას განახორციელებს.

პროექტის დასრულების შემთხვევაში, რომელსაც რუსული მხარე 2021 წელს ვარაუდობს, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ).

რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-სთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე.

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: პროექტის დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ამერიკული სანქციები ევროპის ბაზარზე რუსული გაზის ამერიკული თხევადი გაზით ჩანაცვლებასაც ისახავს მიზნად.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.