გამოცემა: N11 მიმოხილვის პერიოდი: 16-30 ივნისი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
პუტინის სტატია და ბალტიისპირეთის ქვეყნების პროტესტი მთავარი მოვლენა: 2020 წლის 18 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ ჟურნალში „The National Interest“ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით სტატია („მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის რეალური გაკვეთილები“) გამოაქვეყნა, სადაც პუტინი მეორე მსოფლიო ომის ისტორიას ყვება და ომის გამომწვევ მიზეზებს ხსნის. მოვლენა დეტალურად: სტატიაში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსიის საკითხსაც ეხება. პუტინის შეფასებით:
ბალტიისპირეთის ქვეყნების პროტესტი ბალტიისპირეთის ქვეყნები ისტორიის პუტინისეულ ხედვას არ იღებენ და აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირმა მათთან მიმართებით აგრესორის როლი შეასრულა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამატებითი პროტოკოლის საფუძველზე საბჭოთა კავშირი 1940 წლის 15 ივნისს შეიჭრა ლიეტუვაში, 17 ივნისს კი ლატვიასა და ესტონეთში. ივლისში სამივე სახელმწიფოში ჩამოყალიბდა მარიონეტული მთავრობები, რომელთა „თხოვნის“ საფუძველზე, აგვისტოში, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირში მიიღეს. 18 ივნისს ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები დაიბარეს და პროტესტი გამოთქვეს რუსეთის სახელმწიფო დუმის ბოლო ინიციატივის გამო. 9 ივნისს სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის შედეგადაც გაბათილდება 1989 წლის 24 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს გმობს. ამ ქვეყნების ხედვით, ეს ისტორიის რევიზიის მცდელობაა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პუტინი თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ მიიჩნევს და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის აგრესორად წარმოჩენას იგი „ისტორიის გადახედვის“ მცდელობად და ანტირუსულ ნაბიჯად აფასებს. ამიტომაც მეორე მსოფლიო ომზე რუსული ხედვის პროპაგანდით, პუტინი საბჭოთა კავშირის აგრესიის ფაქტების ლეგიტიმაციას და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის განსაკუთრებული როლის აღიარებას ცდილობს.
პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები მთავარი მოვლენა: 2020 წლის 21 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხის - „Россия 1“-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი - „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს კავშირში შემავალმა ბევრმა რესპუბლიკამ რუსეთის მიწების უზარმაზარი ნაწილი და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო“. „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“. წყარო: კადრი ფილმიდან მოვლენა დეტალურად: პუტინის შეფასებით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დროს, თითოეული რესპუბლიკა იმ ტერიტორიებით უნდა გასულიყო, რითაც კავშირში შევიდა და „არ უნდა წაეყოლებინათ საჩუქარი რუსი ხალხისგან“. პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი რესპუბლიკა და რომელი ტერიტორიები იგულისხმა, თუმცა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ხელშეკრულებაში გაწერილი იყო კავშირიდან გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები“. ყირიმთან დაკავშირებით კი პუტინმა განაცხადა, რომ 2014 წელს ყირიმის რუსეთთან შეერთება იყო „ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი“. მან ასევე დაამატა: „ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“. ფილმის გასვლის მეორე დღეს პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეეცადა პოსტსაბჭოთა ქვეყნები დაემშვიდებინა. მან განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელი ქვეყნების მიმართ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირიმის ანექსია ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ერთგვარი გზავნილია, რომ რუსეთი, გარკვეული პოლიტიკური გარემოების შემთხვევაში, მზად არის, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით, „დაიბრუნოს“ ის „რუსული“ ტერიტორიები, რომლებიც, კრემლის ხედვით, საბჭოთა კავშირის დაფუძნების ან შემდგომ პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში პოტენციური სამიზნე ქვეყნებისთვის პუტინის აგრესიული პოლიტიკის პრევენციის ერთადერთ საშუალებად რჩება რუსული პოლიტიკური ვექტორის შენარჩუნება.
რუსეთში უკრაინელი „ჯაშუში“ დააკავეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 22 ივნისს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით კურსკის ოლქში შს სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი ბორზენკოვი დააკავა. მოვლენა დეტალურად: რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბორზენკოვი „კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთმა დანაყოფმა დაითანხმა“. „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით იგი აგროვებდა და გადასცემდა მონაცემებს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა“. კურსკის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. 2020 წელს ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინისა და რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთი პირი დააკავეს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
რუსეთზე დაწესებული ევროპული სანქციები გაგრძელდება მთავარი მოვლენა: 2020 წლის 19 ივნისს ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულობის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მოვლენა დეტალურად: საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების განცხადებით, მინსკის შეთანხმების განხორციელების მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა. ევროკავშირმა სანქციები პირველად 2014 წლის ივლისში შემოიღო, მას შემდეგ, რაც მარტში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ღია მხარდაჭერა დაიწყო. ამის შემდეგ სანქციები ყოველ 6 თვეში ხანგრძლივდება. ფორმალურად გახანგრძლივება 31 ივლისს მოხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჰუმანიტარული“ მიზნებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით, ეკონომიკური სანქციების გაყინვა მოითხოვა. თუმცა ევროკავშირისთვის მოსკოვის არგუმენტები არ აღმოჩნდა მისაღები. ევროპული სანქციები ძირითადად რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორს ეხება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროპული სანქციების გახანგრძლივება რუსეთისთვის გზავნილია, რომ უკრაინის საკითხზე ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება და უკრაინაში მშვიდობის დამყარებამდე რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება.
ბელარუსის პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ მტრებს რუსეთსა და პოლონეთში ეძებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 25 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 9 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში რუსეთი და პოლონეთი დაადანაშაულა. მოვლენა დეტალურად: ბელარუსში ახლად დანიშნულ სამთავრობო ჩინოვნიკებთან შეხვედრაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნებში ჩარევა მოდის „მათგან, ვინც ცხოვრობს პოლონეთში, და მათგან, ვინც რუსეთიდან ცდილობს წაქეზებას“. მოგვიანებით ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ მის შესახებ ვრცელდება „საშინელი ფეიკები“, რომელთა ნაწილი რუსულ სოციალურ ქსელებში ანონიმურ ანგარიშებზეა, „ეს არ არის ჩვენი ინფორმაცია, იგი რუსეთიდან მოდის“. ეს ბრალდება კრემლში უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, რუსეთის მოკავშირეების, საარჩევნო კამპანიებში. ლუკაშენკომ უკვე დააკავა თავისი ორი კონკურენტი – „ბელგაზპრომბანკის“ (რუსული „გაზპრომბანკის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა) ყოფილი მმართველი ვიქტორ ბაბარიკო და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი. ბაბარიკოს დაკავების შემდეგ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ჩაშალა უცხოეთიდან მართული შეთქმულება, რომლის მიზანიც ბელარუსში სახალხო აჯანყების მოწყობა იყო. კონკურენტების გარდა დააკავეს ჟურნალისტებიც, რომლებიც ლუკაშენკოს საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს აშუქებდნენ. 28 ივნისს მინსკის ოლქში მხადამჭერებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს „ბელარუსის დაკარგვა“ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით, რადგან ეს „ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის შიდა პოლიტიკას“. ლუკაშენკომ თავისი პრეტენზიები გაუზიარა რუსეთის პრეზიდენტსაც, რომელსაც 30 ივნისს ქ. რჟევთან საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალის გახსნის დროს შეხვდა. 9 აგვისტოს ლუკაშენკო მეექვსეჯერ შეეცდება საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალის გახსნის ცერემონიაზე. წყარო: РИА Новости რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის რიგით მეექვსე არჩევნები განსხვავებულ გარემოში მიმდინარეობს. რუსეთ-ბელარუსს შორის გახშირებული დაპირისპირების ფონზე, ლუკაშენკოს ეჭვი აქვს, რომ იგი მოსკოვისთვის აღარ არის შეუცვლელი კანდიდატი. ამიტომაც, შიდა მხარდაჭერის მობილიზაციის მიზნით, იგი ცდილობს კრემლის სავარაუდო კანდიდატის (ვიქტორ ბაბარიკო) სრულ ნეიტრალიზებას და საგარეო მხარდაჭერის მიღების მიზნით, პუტინის დარწმუნებას, რომ ლუკაშენკოს გარეშე თავად რუსეთი დადგება გამოწვევების წინაშე.
რუსეთი და ბელარუსი ვიზების აღიარების საკითხზე შეთანხმდნენ მთავარი მოვლენა: 2020 წლის 19 ივნისს მინსკში ბელარუსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ვლადიმირ მაკეიმ და სერგეი ლავროვმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიზების ურთიერთაღიარების შესახებ. მოვლენა დეტალურად: შეთანხმების შედეგად, ერთ-ერთი ქვეყნის ვიზის მიღების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ბელარუს-რუსეთს შორის საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზების (სულ 6 ასეთი გზა იქნება) შეუფერხებლად გადალახვას. ლავროვის შეფასებით, შეთახმების მიზანია ერთიანი ინტეგრაციული სივრცის შექმნა. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა „ძალიან კარგად იქნება აღქმული და ამით გაგრძელდება სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთობლივი მშენებლობა“. შეთანხმება ჯერ კიდევ 2018 წელს იყო მზად, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში მისი ხელმოწერა ვერ მოხერხდა. შიდა ბიოროკრატიული პროცედურების გარდა, რუსეთს უსაფრთხოების საკითხიც აღელვებდა, კერძოდ, 2018 წლის შემოდგომაზე ბელარუსმა საჰაერო საზღვრები გაუხსნა 80 ქვეყანას. ასევე პრობლემა იყო სასაზღვრო მონაცემების გაცვლის საკითხიც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობაში არსებული პრობლემების ფონზე, ახალი შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულზე მეტად უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ორი ქვეყნის ინტეგრაციაში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის წინასაარჩევნო პერიოდში (2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია) შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ორი მიმართულებით. პირველი, შიდა პოლიტიკის კუთხით, ეს ერთგვარი გზავნილია იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებსაც ბოლო პერიოდში ლუკაშენკოს ანტირუსული რიტორიკა შეიძლება არ მოსწონდეთ. მეორე, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ეს გზავნილია რუსეთისთვის, რომ ლუკაშენკო ბოლო პერიოდში შენელებულ ინტეგრაციულ პროცესს არ ეწინააღმდეგება და კვლავაც რუსეთთან ურთიერთობის გარღმავების მომხრეა.
უზბეკეთის პრეზიდენტი რუსეთს ესტუმრა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 23 ივნისს უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: უზბეკეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი 24 ივნისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებას დაემთხვა. პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებულ უნიკალურ სტრატეგიულ და სამოკავშირეო ურთიერთობებზე ისაუბრეს. 2016 წელს ისლამ კარიმოვის გარდაცვალებისა და შავქათ მირზიოევის გაპრეზიდენტების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ვითარებდა. უზბეკეთში რუსეთის ინვესტიციებმა 10 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს საქონელბრუნვამ 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უზბეკეთში გაიხსნა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების 10-ზე მეტი ფილიალი. მირზიოევის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოსკოვში ვიზიტამდე, 11 მაისს, უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებაზე მიიღო გადაწყვეტილება. 28 აპრილს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ქვედა პალატამაც. პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დიდი ალბათობით, კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მიღება დადებითად გადაწყდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და ტაშკენტისაგან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მოთხოვნა და შავქათ მირზიოევის მოსკოვში ვიზიტი რუსეთისთვის ერთგვარი გზავნილია, რომ უზბეკეთი იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკაზე უარს ამბობს. რუსეთის ხედვით, მსგავს პოზიტიურ გზავნილებს მოჰყვება თანამშრომლობის განვითარება არა მარტო ეკონომიკასა და განათლების სფეროში, არამედ პოლიტიკური მიმართულებითაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უზბეკეთისთვის: უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, მის წინამორბედი ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა. მირზიოევის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად არის იზოლაციონისტური და რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით, განსაკუთრებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ეკონომიკური სარგებელის მიღებას იმედოვნებს.
ლატვიაში რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა აკრძალეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 30 ივნისს ლატვიის ელექტრონული მედიის ნაციონალურმა საბჭომ შვიდი რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობა აკრძალა. „RT“-ის ლოგო. წყარო: Wikipedia მოვლენა დეტალურად: საბჭოში გადაწყვეტილების დასაბუთებისას განაცხადეს, რომ ეს არხები რუსი პროპაგანდისტის - დიმიტრი კისილიოვის „კონტროლისა და ერთპიროვნული მეთვალყურეობის ქვეშ არის“. კისილიოვი ევროკავშირის სანქციების სიაშია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროპაგანდის გამო. აკრძალვა შეეხო შემდეგ არხებს: „RT“, „RT HD“, „RT Arabic“, „RT Spanish“, „RT Documentary HD“, „RT Documentary“, „RT TV“, რომლებიც, ლატვიის სპეცსამსახურების შეფასებით, დასავლეთში კრემლის პროპაგანდის ყველაზე გავლენიანი არხებია. გარდა ამისა, მათი შეფასებით, „RT“ ლატვიას წარმოაჩენს, როგორც წარუმატებელ ქვეყანას. დიმიტრი კისილიოვი საერთაშორისო-საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს გენერალური დირექტორია. მედიაჰოლდინგმა 2018-2020 წლებში 20.4 მლრდ რუბლი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. გასულ წელს ლატვიაში 10 სხვა რუსული სატელევიზიო არხიც აკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ სიძულვილის ენის სისტემატური გამოყენების გამო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსული სატელევიზიო არხები კრემლის საგარეო პოლიტიკის გავლენიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რომელსაც კრემლი დასავლეთის, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცის პროდასავლური ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. ამის გამო ლატვიაში რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის აკრძალვით ქვეყნის შიგნით რუსული საინფორმაციო გავლენის შესუსტებას გეგმავენ.
უკრაინაში „მაკდონალდსი“ უარს ამბობს რუსულ ენაზე მთავარი მოვლენა: უკრაინაში რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ გადაწყვეტილებით, ელექტრონულ მენიუში მხოლოდ ორ ენაზე, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, იქნება ინფორმაცია ხელმისწავდომი. მენიუდან რუსული ენა ამოიღეს. მოვლენები დეტალურად: „მაკდონალდსის“ რუსულენოვან მომხმარებლებში ბოიკოტის მოწოდებაც გაისმა. ცნობილმა უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიიმ, რომელიც ცნობილია რუსეთის მიმართ სიმპათიით, განაცხადა, რომ „მაკდონალდსის“ ენობრივი პოლიტიკა უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია. თავის მხრივ, „მაკდონალდსმა“ განაცხადა, რომ უკრაინაში კომუნიკაციის ძირითადი ენა უკრაინულია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო „მაკდონალდსის“ ფილიალი დაიხურა, ნახევარკუნძულზე „სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხობის უზრუნველყოფის შეუძლებლობის“ გამო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოა, თუმცა სიმბოლური, რადგან რუსული ენის გავლენის არა მარტო სახელმწიფო, არამედ ყოფით დონეზე შემცირებაც, რუსული პოლიტიკური გავლენის შესუსტების პრიზმაში განიხილება, რასაც უკრაინაში უკრაინული ენის გამოყენების გაფართოება და უკრაინული იდენტობის გაძლიერება უნდა მოჰყვეს. |