X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 44, 29 ივნისი - 12 ივლისი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: როგორც წესი, მიმოხილვა ყოველკვირეულია, თუმცა აღნიშნული გამოცემა ორ კვირას მოიცავს.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 20 დაიჭრა რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, 6-12 ივლისის კვირაში. რაც შეეხება 29 ივნისი - 5 ივლისის კვირას, ამ პერიოდში დაიჭრა 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. განვლილი ორი კვირის მანძილზე, ფრონტზე სროლას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

ომი სირიაში - გაეროს გამომძიებლების ანგარიშის თანახმად, იდლიბის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებისას, ასადის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულმა იერიშებმა „გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დააცარიელა სოფლები და ქალაქები და იმსხვერპლა ასობით სირიელი ქალის, კაცისა და ბავშვის სიცოცხლე“, რაც სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენს.

ომი ლიბიაში - გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დაჯგუფება „ვაგნერმა“ განიცადა დანაკარგები, ჯუფრას საჰაერო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმისას, რომლის დროსაც განადგურდა Pantsir ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) სამხედრო ალიანსმა, მონღოლეთს გაწევრიანება შესთავაზა. წარმომადგენლის განცხადებით, მონღოლეთის ხელისუფლება „დაინტერესებული იყო“ აღნიშნული მოწვევით.

რამდენიმე საჰაერო გადაჭერა განხორციელდა ნატოსა და რუსეთის საჰაერო ძალებს შორის. ლიეტუვაში განლაგებულმა დიდი ბრიტანეთის გამანადგურებლებმა, 1 ივლისს, ბალტიის ზღვის სანაპიროს თავზე, გზა გადაუჭრეს რუსულ Il-78 ტიპის საჰაერო ტანკერს. 3 ივლისს, ნატოს თვითმფრინავები, მათ შორის ისლანდიაში ბაზირებული იტალიის F-35 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, განგაშის საფუძველზე ჰაერში იქნა აწეული, რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად. შემთხვევა ატლანტის ოკეანის  ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა. რუსების მხრიდან ინციდენტში მონაწილეობდა Tu-142 ტიპის საზღვაო დაზვერვისა და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები, MiG-31 ტიპის გზაგადამჭრელები და სულ მცირე ერთი Il-78. რუსულმა საფრენმა აპარატებმა აშშ-ს თვითმფრინავებს გზაა გადაუჭრეს შავი ზღვის თავზე 29 ივნისსა და 1 ივლისს, იაპონიის ზღვის თავზე კი 11 ივლისს. აღნიშნულ ინციდენტებში რუსული მხრიდან მონაწილეობდნენ Su-35S და Su-27 ტიპის გამანადგურებლები და MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელები.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულა სპეციალური ოპერაციების დანაყოფის ჩამოყალიბება მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) შემადგენლობაში. აღნიშნული დანაყოფი ვორონეჟში განთავსდა. მართალია ახლადშექმნილი სპეციალური ოპერაციების დანაყოფის ზომა არ დაზუსტებულა, თუმცა მისი ჩამოყალიბების დასაწყისში გამოქვეყნებული 2018 წლის ინფორმაციის თანახმად, იგი გაძლიერებულ ასეულს წარმოადგენს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) მე-3 მექანიზებულმა დივიზიამ (შტაბ-ბინა  ბოგუჩარში, ვორონეჟის ოლქი) 1500-ზე მეტი მოდერნიზებული AK-74M ტიპის საიერიშო შაშხანა მიიღო.

 

სწავლებები*

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების 4000-ზე მეტმა ჯარისკაცმა სწავლებები გამართა ჩრდილოეთ კავკასიასა  და საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  რუსეთის მექანიზებულმა ძალებმა მსხვილი სწავლება ჩაატარეს. მასში ჩართული იყო 3500-ზე მეტი ჯარისკაცი და მათთან ერთად ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული დაჯგუფებები. სწავლების ერთ-ერთ ელემენტს შვეულმფრენების გამოყენებით ტაქტიკური სადესანტო ოპერაცია წარმოადგენდა.

საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, განლაგებულმა რუსულმა ძალებმა ასევე ჩაატარეს წვრთნა ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად. წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) 2020 წელს მიმდინარე სწავლებებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გახშირების შესახებ.

ოკუპირებულ ყირიმში, უკრაინაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხმელეთზე ჩაატარეს ტაქტიკური სწავლება, რომელშიც 500 სამხედრო მონაწილეობდა. ოკუპირებული ნახევარკუნძულის ცაში საჰაერო ძალების წვრთნა ჩატარდა.

რუსი სამხედროები ყირიმში გამართულ სწავლებაზე

ჩრდილოეთის ფლოტმა ფართომასშტაბიანი საომარი თამაშები გამართა ბარენცის ზღვაში. მასში ჩართული იყო 30-მდე მცურავი საშუალება, მათ შორის „კიროვის“ კლასის (პროექტი 1144 „ორლან“) მძიმე სარაკეტო კრეისერი „პიოტრ ველიკი“ და „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტ“) სარაკეტო კრეისერი „მარშალ უსტინოვი“. ასევე, სწავლებაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები, და საჰაერო და სანაპირო დაცვის სარაკეტო ძალები.

რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებმა სირიაში, ტარტუს საზღვაო ბაზის სიახლოვეს, ასადის რეჟიმის სამხედროებთან ერთად ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა რუსეთისგან 21 MiG-29 და 12 Su-30MKI ტიპის გამანადგურებლების შესყიდვაზე.

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.