გამოცემა: N13 მიმოხილვის პერიოდი: 16-31 ივლისი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
„ლუბლინის სამკუთხედი“ - რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი მთავარი მოვლენა: 2020 წლის 28 ივლისს უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მონაწილეობით რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი - „ლუბლინის სამკუთხედი“ დაფუძნდა. „ლუბლინის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. წყარო: Twitter მოვლენა დეტალურად: ქ. ლუბლინში, აღმოსავლეთ პოლონეთში, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი ჩამოყალიბდა. ახალი გაერთიანება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის საკითხების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა რეგიონული გაერთიანების ფართო მიზნები მოიცავს რუსეთის გავლენის შეკავებას, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების შეფერხებას, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ყირიმის დეოკუპაციაზე მუშაობას და ა.შ. რატომ ლუბლინი? 1569 წელს ქ. ლუბლინში ლიტვის დიდი სამთავრო და პოლონეთის სამეფო გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოდ - პოლონეთისა და ლიტვის თანამეგობრობად - „რეჩ პოსპოლიტად“. „რეჩ პოსპოლიტას“ საზღვრები ახალი „სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების საზღვრებს ემთხვევა, ბელარუსის გამოკლებით. ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ ბელარუსში სასურველი ცვლილებების შემთხვევაში, გაერთიანებაში ადგილი შეიძლება მინსკისთვისაც მოიძებნოს. LitPolUkrBrig „ლუბლინის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში უკვე თანამშრომლობენ. 2014 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი ბრიგადის - LitPolUkrBrig-ის შექმნის შესახებ. ბრიგადა 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა და ლუბლინიდან იმართება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიზანია პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მეტი კოორდინაციის გზით რუსეთის დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში მოსკოვის გავლენის შესუსტება და ევროატლანტიკური ინსტიტუტების გავლენის გაზრდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი უკრაინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის დამატებით ბერკეტს, რუსეთთან დაპირისპირებაში კი დამატებითი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. რატომ არის ეს ყურადსაღები რუსეთისათვის: ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით რუსეთისთვის „ლუბლინის სამკუთხედის“ ჩამოყალიბება აღიქმება, როგორც პოლონეთის მცდელობა, ისტორიული გავლენა დაიბრუნოს რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე და ასევე ანტირუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის დამატებითი მექანიზმები შექმნას.
რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე ოკუპირებულ სევასტოპოლშიც აღნიშნა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 26 ივლისს რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა შავ ზღვაზეც, მათ შორის, ოკუპირებულ სევასტოპოლში. თეატრალური წარმოდგენა აღლუმის დროს. წყარო: РИА Новости მოვლენა დეტალურად: სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე რუსეთის მასშტაბით აღინიშნა. მთავარ ღონისძიებას სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. სევასტოპოლში აღლუმსა და სამხედრო-სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა 30-ზე მეტმა საბრძოლო ხომალდმა, წყალქვეშა ნავმა და კატარღამ მიიღო. აღლუმი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა ალექსანდრ დვორნიკოვმა მიიღო. დვორნიკოვის დაქვემდებარებაშია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც. უკრაინის პროტესტი სევასტოპოლში აღლუმი გააპროტესტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც საპროტესტო ნოტა რუსეთის საელჩოს გადასცა. შეტყობინება აღლუმის შესახებ კიევმა გაეროს გენერალურ მდივანსაც გაუგზავნა. რუსეთის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნოტა უკრაინას განხილვის გარეშე დაუბრუნდა, რადგან რუსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე გამართოს აღლუმები და ზეიმები, სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე. სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლიდან ყირიმის რესპუბლიკა და ქ. სევასტოპოლი რუსეთის ნაწილია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსგავსი ღონისძიებები რუსეთისთვის დამატებითი შესაძლებლობაა ხაზი გაუსვას ყირიმისა და ქ. სევასტოპოლის რუსეთის კუთვნილებას, რაც კარგად აჩვენებს, თუ რამდენად შეზღუდული რესურსები აქვს უკრაინას და მის მხარდამჭერებს ყირიმის ოკუპაციის კუთხით უკრაინის სასარგებლოდ რამე შეცვალონ.
უკრაინა ამერიკულ სამხედრო დახმარებას მიიღებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 30 ივლისს ამერიკელ სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დახმარებისა და რეფორმების მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მოვლენა დეტალურად: უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობის აქტი უკრაინისთვის ყოველწლიურად 300 აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, მათ შორის, ლეტალური იარაღითაც. სანაცვლოდ უკრაინამ საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს თავდაცვის მრეწველობასთან დაკავშირებულ სფეროში, სადაც შესყიდვების გამჭვირვალობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით პრობლემებია. კანონპროექტის ინიციატორები არიან ისეთი გავლენიანი სენატორები, როგორებიცაა ჯიმ რიში, ბობ მენენდეზი, ჯინ შაჰინი და სხვ. აქტი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს რეფორმების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით უკრაინასთან სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბოს და ასევე ხელახლა დანიშნოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი. 2014 წლის შემდეგ აშშ-მ უკრაინას 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო, მათ შორის 1.6 მლრდ აშშ დოლარი სამხედრო დახმარება იყო. რუსეთის რეაქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკელი სენატორების ინიციატივა დონბასში კონფლიქტის ინტენსიფიკაციისთვის ქმნის პირობებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ახალი გრძელვადიანი ამერიკული სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რაც გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ მოსკოვთან დაპირისპირებაში კიევი მარტო არ არის.
ბელარუსში წინასაარჩევნოდ რუსი მებრძოლები დააკავეს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 29 ივლისს ბელარუსში რუსეთის ფედერაციის 33 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები არიან. „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავება. წყარო: „Беларусь 1“ - სახელმწიფო ტელევიზია მოვლენა დეტალურად: „ვაგნერი“ ბოლო პერიოდში ყველაზე ცნობილი გასამხედროებული კომპანიაა, რომლის მებრძოლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძვიან, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში. კომპანიას რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობარი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებიდან ზოგიერთი იბრძოდა დონბასში და ბელარუსიდან სუდანში საბრძოლველად მიდიოდა. რუსეთის რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს იმედი აქვს რომ რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. რუსეთი უარყოფს მებრძოლების რაიმე კავშირს ბელარუსის შიდა საქმეებთან და აცხადებს, რომ ისინი ტრანზიტით სხვა ქვეყანაში მიდიოდნენ. პესკოვის აზრით, რუსების დაკავება სამოკავშირეო ურთიერთობებს არ შეესაბამება. საკითხი 31 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტთან განიხილეს. რუსეთის მხრიდან ერთგვარ პასუხად უნდა ჩაითვალოს ბელარუსის საზღვარზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება. ბელარუსის მოქალაქეებს რუსეთიდან გასვლის დროს ტელეფონის ნომრებს და საპასპორტო მონაცემებს სთხოვენ, რაც დიდ რიგებს იწვევს. ზოგადი კონტექსტი: რუსი მებრძოლების დაკავება დაემთხვა ბელარუსში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მეექვსე ვადით აპირებს პრეზიდენტობას, მაგრამ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო გარემო რადიკალურად განსხვავებულია. ძირითადი კონკურენტების ნეიტრალიზების (ორი დაპატიმრებულია, ერთი ჯერ რუსეთში გაიქცა და შემდეგ კიევში ჩავიდა) მიუხედავად, ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ერთ-ერთი დაპატიმრებული კონკურენტის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, ირგვლივ გაერთიანდნენ და ბელარუსის ქალაქებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო შეხვედრებს აწყობენ. ეკონომიკური გამოწვევებისა და ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე, ლუკაშენკოს გამარჯვება ისეთი მარტივად მისაღწევი აღარ ჩანს, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო. „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავებამდე, 24 ივლისს, ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის მონახულების დროს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გარკვეულმა ძალებმა შეიძლება გამოიყენონ პროფესიული სამხედრო მებრძოლები, კერძო სამხედრო კომპანიებიდან. არსებული ინფორმაციით, ბელარუსის სამართლადამცავ ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში 200-ზე მეტი მებრძოლის ჩასვლის შესახებ „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით“. საინტერესოა, რომ მსგავსი მებრძოლების დაკავება გასულ წინასაარჩევნო პერიოდშიც მომხდარა. დაკავება ლუკაშენკომ დაახასიათა, როგორც „საგანგებო შემთხვევა“ და განაცხადა რუსეთის „ბინძური ზრახვების“ შესახებ. დაკავებულებზე ტერორისტული აქტის მომზადებაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მოგვიანებით, ბრალდებები შემსუბუქდა და დაკავებულებს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან. გარდა ამისა, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, კიდევ 170 მებრძოლია ქვეყანაში, რომელთა მიზანიც წინასაარჩევნო მიტინგებზე ტერაქტის ორგანიზებაა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსის პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ანტირუსულ რიტორიკას იყენებს და ცდილობს მისი კონკურენტები რუსეთის სატელიტებად წარმოაჩინოს. რუსი მებრძოლების წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებაც წინასწარ გაწერილ სცენარს ჰგავს, რაც ლუკაშენკოს, მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისა და აუცილებლობის შემთხვევაში, ძალის გამოყენების ლეგიტიმაციას მისცემს.
სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება რეგიონულ მასშტაბს იძენს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული საზღვრისპირა დაპირისპირება რეგიონულ მასშტაბს იძენს. მოვლენა დეტალურად: 12 ივლისს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მოშორებით, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის რაიონში, სამხედრო დაპირისპირება მოხდა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, აზერბაიჯანელი გენერალი. 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ ეს ჩვენს სამეზობლოში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იყო. „ბრძოლები“ რუსულ ქალაქებში საზღვარზე რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის გაგრძელდა. 25 ივლისს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ძალადობრივი დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს. ძალადობის შემთხვევები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ივლისს აზერბაიჯანელებმა მოსკოვში სომხებს სცემეს, მოგვიანებით კი სომხური ნომრებით მანქანას თავს დაესხნენ. შემდგომში ორივე მხარე მოსკოვში სომხებისა და აზერბაიჯანელების კუთვნილ მაღაზიებსა და რესტორნებს დაესხნენ თავს. რუსეთში სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებმა საკუთარ თანამემამულეებს მოუწოდეს, რომ არ დაერღვიათ რუსეთის კანონები. „კუნთების თამაში“ აზერბაიჯანის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის 29 ივლისს აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ნახიჭევანსა და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონებში, თურქეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. თავის მხრივ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მომზადების შემოწმება დაიწყო. ასევე, ოლქში დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკაზ-2020-ის“ მოსამზადებელი ვარჯიშები. რუსეთის რეაქცია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში პარტნიორები არიან, მოსკოვის პოზიცია უფრო ნეიტრალური იყო, ვიდრე მოკავშირის შესაფერისი. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. თუმცა, აქტიურად პროსომხური პოზიცია არ დაუკავებია. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებაზე, რაც ერევანში ეჭვებს აღძრავს, რომ კრიტიკულ მომენტში შესაძლოა მოსკოვის პოზიცია აღარ იყოს პროსომხური. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ აჩვენა, რომ კონფლიქტი არ შეიძლება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დავით შემოიფარგლოს და მას აქვს პოტენციალი რეგიონის მასშტაბებს გასცდეს და სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რეგიონული მასშტაბის დაპირისპირების ალბათობა დაბალია, რუსეთის ქალაქებში სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირებები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარე სამხედრო წვრთნები მიუთითებს, რომ, შესაფერისი უსაფრთხოების გარემოს შექმნის შემთხვევაში, კონფლიქტში რუსეთ-თურქეთის ჩათრევის რისკიც არსებობს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ ვაშინგტონის პოზიცია მკაცრდება მთავარი მოვლენა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. 2020 წლის 30 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატში გამართულ მოსმენაზე კიდევ ერთხელ გაილაშქრა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მაიკ პომპეო. წყარო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: პომპეოს განცხადებით, „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაზსადენი საფრთხეს არ უქმნის ევროპას“. პომპეოს თქმით, ვაშინგტონს სურს ევროპას ჰქონდეს ნამდვილად დაცული, სტაბილური, უსაფრთხო ენერგორესურსები, რომელიც არ შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი მოინდომებს“. დასახული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი სანქციების დაწესებას აპირებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მილსადენის მშენებლობის დასრულებაში რუსეთს დაეხმარებიან. ამ თემაზე ვაშინგტონმა უშუალოდ გააფრთხილა რამდენიმე კომპანია. პომპეოს სენატში გამოსვლას წინ უძღოდა არაერთი მსგავსი განცხადება და გადაწყვეტილება:
პროექტის შესახებ არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. პროექტის დასრულების შემთხვევაში, რომელსაც რუსული მხარე 2021 წელს ვარაუდობს, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დაუკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). რატომ არის პროექტის შეჩერება მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის: ვაშინგტონის შეფასებით, პროექტის განხორციელება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ძირს უთხრის უკრაინის სატრანზიტო როლს და აძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპის ენერგოსფეროზე. რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განხორციელების შედეგად, უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარეშე კი, უკრაინა რუსული გაზისთვის მთავარი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს და ამის შედეგად რუსეთთან მოლაპარაკებებში გარკვეულ ბერკეტს შეინარჩუნებს. |