X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 49, 10 – 16 აგვისტო, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - დონბასის ფრონტზე 13 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ ერთი უკრაინელი სამხედრო იმსხვერპლა და კიდევ ერთი დაჭრა. 10-16 აგვისტოს კვირაში, ფრონტზე ადგილი ჰქონდა ცეცხლის გახსნის ცალკეულ შემთხვევებს.

ომი ლიბიაში - გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები შენიშნეს ლიბიის სანაპირო ქალაქ რას ლანუფში, სურთსა და ბენღაზის შორის.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის 8 გემისგან შემდგარმა ჯგუფმა, სადაც შედის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“, ასევე „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემები „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ და „კონდოპოგა“, 10 აგვისტოს მიაღწია დიკსონის პორტს, ტაიმირის ნახევარკუნძულზე.  ამის შემდგომ, ჯგუფი დაიძრა დუდინკას პორტისკენ, ენისეის მდინარეზე, სადაც 15 აგვისტოს ჩავიდა. გეგმის თანახმად, გემებმა და მასზე მყოფმა საზღვაო ქვეითებმა ხსენებულ არეალში სწავლებები უნდა ჩაატარონ.

რუსულმა Su-27 გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს აშშ-ს თვითმფრინავებს შავი ზღვის თავზე 10, 12, 14 და 15 აგვისტოს. 11 აგვისტოს, სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გზაგადამჭრელმა ჩუკოტკის ზღვის თავზე გადაიჭირა აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატი (უსა). 14 აგვისტოს, იაპონიის სამხედრო თვითმფრინავებმა გზა გადაუჭრეს რუსულ Il-20M ტიპის სადაზვერვო საფრენ აპარატს იაპონიის ზღვის თავზე.

იაპონიის სამხედრო ძალების რუკა, რომელზეც ასახულია გზაგადაჭრილი Il-20M-ის ფრენის მარშრუტი

 

სწავლებები*

ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 (შტაბ-ბინა სამარაში) და 41-ე (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) არმიების 12000-ზე მეტმა სამხედრომ ფართომასშტაბიანი სწავლება გამართა, რომელმაც მოიცვა რუსეთის 4 ადმინისტრაციული რეგიონი ციმბირსა და ვოლგისპირეთში.

სამხრეთის სამხედრო ოლქის 6000-ზე მეტმა სამხედრომ სწავლებათა სერიაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამხრეთ რუსეთის 4 ადმინისტრაციულ რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) ჩატარდა. აღნიშნული წვრთნები მოსამზადებელი ხასიათისაა წლის მთავარი სწავლებისთვის „კავკაზ-2020“, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

რუსი სამხედროები სწავლებაზე ყირიმში, უკრაინა

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი ცხინვალსა და ჯავაში, საქართველო) 1200 სამხედრო ჩაერთო სწავლებაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად.

დნესტრისპირეთში (მოლდოვა) არსებული რუსული სამხედრო ძალების ოპერატიული ჯგუფის სამმა მექანიზებულმა ასეულმა წვრთნა ჩაატარა.

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა სწავლება გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო).

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.