X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 51, 24 - 30 აგვისტო, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - გავრცელებული ცნობით, 4 ამერიკელი სამხედრო დაშავდა რუსული სამხედრო მანქანის ამერიკულ მანქანასთან დაჯახების შედეგად. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, 25 აგვისტოს. ინციდენტში მონაწილე რუს სამხედროებს ჰაერიდან აზღვევდა მათ თავზე მფრენი შვეულმფრენთა წყვილი.

ომი სირიაში - რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ გაჟღერებული ცნობით, რუსეთი აპირებს სირიაში საბრძოლო პირობებში გამოსაცდელად გაგზავნოს ახალი Sapsan-Convoy ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო სისტემა.

ინდოეთმა  უარი თქვა წლის მთავარ რუსულ სწავლება „კავკაზ-2020-ში“ მონაწილეობის მიღებაზე. სწავლება სექტემბერში უნდა გაიმართოს. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მიმდინარე პანდემიით გამოწვეული სირთულეები. თუმცა, სავარაუდოდ, ინდოეთმა იმის გამო გადაიფიქრა მონაწილეობა, რომ აღნიშნულ სწავლებაში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან ინდოეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩინეთისა და პაკისტანის სამხედროები. თავდაპირველი გეგმით, ინდოეთის მხრიდან „კავკაზ-2020-ში“ ორი ასეულის ჩართვა იგეგმებოდა.

რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა გადაიჭირეს დასავლური თვითმფრინავები ბალტიის ზღვის თავზე 24 და, ორჯერ, 28 აგვისტოს. აღნიშნულ ინციდენტებში ფიგურირებდნენ აშშ-ს, გერმანიის, დანიისა და შვედეთის საფრენი აპარატები. 28 აგვისტოს, შავი ზღვის თავზე, რუსულმა Su-27-ებმა გზა ორჯერ გადაუჭრეს აშშ-ს თვითმფრინავებს. რუსებმა ასევე განახორციელეს ნორვეგიული თვითმფრინავების გადაჭერა ბარენცის ზღვის თავზე, 25 და 26 აგვისტოს. 27 აგვისტოს აშშ-ს გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს 6 (სამი წყვილი) რუსულ Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავს ალასკის სიახლოვეს. ბრიტანეთის ლიეტუვაში ბაზირებულმა გამანადგურებლებმა გადაიჭირეს რუსული Il-20M ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე, 24 აგვისტოს.  

ნატოს ცნობით, ბალტიის ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი გადაჭერისას, ინციდენტში მონაწილე რუსული Su-27 ტიპის გამანადგურებელი შეიჭრა დანიის საჰაერო სივრცეში კუნძულ ბორნჰოლმის  თავზე, რითიც ჩაიდინა „მნიშვნელოვანი დარღვევა“. ნატოს განცხადებით, დანიური თვითმფრინავები „გაგზავნილ იქნენ დარღვევის აღსაკვეთად, თუმცა დამრღვევი რუსული გამანადგურებელი გზის გადაჭრამდე გაბრუნდა უკან.“ ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ „გასული რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ინციდენტი პირველი ამ დონის შემთხვევაა და მიუთითებს რუსეთის პროვოკაციული ქცევის ახალ დონეს.“

ორმა რუსულმა საფრენმა აპარატმა, გავრცელებული ცნობით Il-38 ტიპის საზღვაო-საპატრულო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავმა, დაარღვია სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა. ინციდენტს ადგილი ჰქონდა იაპონიის ზღვის თავზე, 28 აგვისტოს. მსგავსი შემთხვევა 19 აგვისტოსაც დაფიქსირდა.

აზერბაიჯანის განცხადებით, რუსეთი „ინტენსიურად აიარაღებსსომხეთს, 2020 წლის ივლისში ამ ორ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას შორის მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ. აზერბაინჯანელთა ცნობით, შეიარაღების პროცესი Il-76 ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავების რუსეთსა და სომხეთს შორის რეისებით ხორციელდება.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსების ცნობით, S-500  ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიღებისწინა გამოცდები დაიწყო.

 

სწავლებები*

რუსეთის საჰაერო-სადესანტო დაზვერვისა და სნაიპერთა დანაყოფები მონაწილეობას იღებენ ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარე სწავლებებში.

რუსები ბელარუსში

მე-6 არმიისა (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) და ბალტიის ფლოტის (შტაბ-ბინა კალინინგრადში) ფართომასშტაბიან სწავლებაში 6000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლებას ხელმძღვანელობდა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური. ის ჩატარდა ლენინგრადისა და კალინინგრადის ოლქებსა და ბალტიის ზღვაში. სწავლებამ, მათ შორის, მოიცვა გოგლანდის კუნძული, რომელიც მდებარეობს ფინეთისა და ესტონეთის სანაპიროებს შორის. აღნიშნულ კუნძულზე, რუსებმა 2019 წელს შვეულმფრენთა ახალი ბაზა ჩამოაყალიბეს.

წყნარი ოკეანის ფლოტმა 30 გემის, საკუთარი სახმელეთო ძალებისა და საზღვაო ავიაციის მონაწილეობით, გამართა სწავლება, რომელმაც მოიცვა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი წყლები, ოხოტის ზღვა, ბერინგის ზღვა, კამჩატკის ნახევარკუნძული და ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი. წვრთნაში ჩართული იყო 3000 სამხედრო მოსამსახურე და 20 საფრენი აპარატი. სწავლებისას, წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანმა “სლავას“ კლასის (პროექტი 1164, „ალტანტი“) სარაკეტო კრეისერმა „ვარიაგ“ და „ოსკარ II” კლასის (პროექტი 949A „ანტეი“) ატომურმა სარაკეტო წყალქვეშა ნავმა „ომსკგაისროლეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ბერინგის ზღვაში. წვრთნა ითვალისწინებდა Bastion-P ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემების საბრძოლო სროლებსაც ჩუკოტკიდან. Bastion-ის სისტემები ამ რეგიონში სადესანტო გემებით იქნა ჩატანილი.

რუსეთის საზღვაო ავიაციამ ერთდროული ფრენები განახორციელა ევროპის, აზიისა და არქტიკის სხვადასხვა ნაწილში, სწავლება „ოკეანის ფარი-2020-ის“ ფარგლებში. ფრენებში ჩართული იყო 33 თვითმფრინავი, 15 შვეულმფრენი და უსა-ები, რომლებიც მიეკუთვნებიან ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანის, შავი ზღვისა და ბალტიის ფლოტებს.

არქტიკულ ექსპედიციაში მონაწილე ჩრდილოეთის ფლოტის ძალებმა სწავლება ჩაატარეს ტაიმირის ნახევარკუნძულზე. სწავლებას ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის ფლოტის მეთაური. მასში მონაწილეობა მიიღეს  ფლოტის საზღვაო ქვეითებმა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებმა, ასევე ჩრდილოეთის ფლოტის ბომბდამშენებმა და შვეულმფრენებმა დასავლეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან.

შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ქვეითმა ბრიგადამ (სევასტოპოლი) და 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადამ (პერევალნოე), სადესანტო ხომალდებთან და შვეულმფრენებთან ერთად, სწავლება გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

რუსულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების დანაყოფებმა და ყუმბარმტყორცნელებმა წვრთნები ჩაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო).

რუსეთისა და ბელარუსის უსა-ების ძალებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს რუსეთში, ვორონეჟის ოლქში.

რუსეთისა და ალჟირის  სამხედროებმა ერთობლივი საჰაერო თავდაცვის წვრთნა გამართეს ასტრახანის ოლქში.

 

შეიარაღების ექსპორტი

ბელარუსმა  და რუსეთმა რამდენიმე კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლებიც ითვალისწინებს BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, უნცობი ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და Mi-35M ტიპის მოიერიშე შვეულმფრენების ბელარუსისთვის მიწოდებას.

რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ლაოსსა და სუდანისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების თაობაზე.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.