პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 14

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N14

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აგვისტო, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები: 

  • ბელარუსის პრეზიდენტმა, შიდა და საგარეო ზეწოლის ფონზე, მხარდაჭერა რუსეთის ლიდერისგან მიიღო.
  • უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის სტრუქტურებს ტოვებს.
  • უკრაინის რუსულენოვან სკოლებში სწავლა 1 სექტემბრიდან უკრაინულ ენაზე დაიწყება.
  • უკრაინა რუსეთს უკრაინის მოქალაქეების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.
  • აზერბაიჯანი რუსეთის მიერ სომხეთისთვის 400 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთის მიწოდებით უკმაყოფილოა.
  • უზბეკეთი რუსეთში წასულ შრომით მიგრანტებს რუსული ენის შესწავლაში დაეხმარება.
  • ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე გაჭედილი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.

 

ბელარუსის ლიდერმა მხარდაჭერა რუსეთის ლიდერისგან მიიღო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მხარდაჭერის დაპირება რუსეთის ლიდერისგან მიიღო.

მოვლენა დეტალურად: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პირველი არაოფიციალური მონაცემები, ბელარუსისთვის უპრეცედენტო ლუკაშენკოს საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტები ან დაპატიმრებული არიან, ან ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები დღემდე არ წყდება. საპროტესტო აქციების მონაწილეები ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვენ.

დასავლეთის რეაქცია: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთსა და ლუკაშენკოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, არჩევნები დასავლეთმა შეაფასა, როგორც არასამართლიანი და არათავისუფალი. დასავლეთში ინდივიდუალური სანქციების შემოღებაზე მუშაობა დაიწყეს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

პუტინის მხარდაჭერა: 15 აგვისტოს, ლუკაშენკოს ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის თემა ბელარუსში შექმნილი პოსტსაარჩევნო ვითარება იყო. პუტინთან საუბრამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები „ფერადი რევოლუციების“ მეთოდის გამოყენებით არის ორგანიზებული და ეს პროცესები სამოკავშირეო სახელმწიფოს ემუქრება. „საჭიროა დავუკავშირდე პუტინს, რათა ახლავე შევძლო მასთან საუბარი. რადგან ეს უკვე საფრთხეა არა მხოლოდ ბელარუსისთვის“, განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს შეფასებით, საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება და ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის დსთ-ის ქვეყნებსაც.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი. წყარო: РИА Новости

ლუკაშენკოს განცხადებით, იგი შეუთანხმდა პუტინს, რომ რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში დაეხმარება. ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოკავშირეო სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში „ყოველმხრივ დახმარებას“ აღმოუჩენს ბელარუსს. მათ შორის იგულისხმება სამხედრო დახმარებაც (სატელეფონო საუბარი 16 აგვისტოსაც გაიმართა. მხარეები კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ გარე საფრთხეების პირობებში ერთობლივად იმოქმედებენ).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლებისა და საგარეო კრიტიკის ფონზე, ლუკაშენკო საკუთარი 26-წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად დგას ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ბოლო პერიოდში რუსეთთან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე დაპირისპირების მიუხედავად, ლუკაშენკოს დახმარება მხოლოდ რუსეთს და უშუალოდ პუტინს შეუძლია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ბოლო წლებში რუსეთი ცდილობს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელარუსი უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაითანხმოს, რაშიც ლუკაშენკოს წინააღმდეგობას აწყდებოდა. ბელარუსში შექმნილი კრიზისი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნებაში მხარდაჭერის ხარჯზე მინსკისგან რუსეთისთვის ხელსაყრელი მეტი დათმობები მიიღოს.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციების ფონზე ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა ცუდი პრეცედენტი იქნება თავად რუსეთისთვის, სადაც პუტინი 20 წელი ქვეყნის სათავეშია და პრეტენზიები მის მიმართაც დაგროვდა.

 

უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის სტრუქტურებს ტოვებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 14 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ანტიტერორისტული ცენტრიდან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა.

მოვლენა დეტალურად: 2014 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო. 2018 წლის მაისში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დსთ-ის საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის შესახებ გამოაქვეყნა ბრძანება.

ბოლო თვეებში უკრაინამ დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმება დატოვა, კერძოდ: შეთანხმება დსთ-ის წევრების კულტურული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ, დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო ჯარებისთვის სამხედრო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში თანამშრომლობის შესახებ, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დსთ-ის წვერი ქვეყნების სასაზღვრო ჯარების თანამშრომლობის შესახებ  და ფინანსური დაზვერვის დანაყოფის ხელმძღვანელების საბჭოს შექმნის შესახებ.

2019 წლის 1 აპრილს მოქმედება შეწყვიტა უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ.

უკრაინა დსთ-ის წევრი?  საინტერესოა, რომ დსთ-ში უკრაინის წევრობა სამართლებრივი კუთხით მუდმივად განხილვის საგანი იყო. უკრაინას რატიფიცირებული აქვს დსთ-ის დაფუძნების შესახებ შეთანხმება, მაგრამ ხელი არ აქვს მოწერილი დსთ-ის წესდებისთვის. ამიტომაც სამართლებრივად უკრაინა მხოლოდ დსთ-ის დამფუძნებელ ქვეყნად ითვლებოდა და არა - წევრად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებების დატოვებით უკრაინა სიმბოლურად ამბობს უარს პრორუსულ ორგანიზაციაში წევრობაზე, რადგან დსთ ბოლო ათწლეულში ისედაც ფორმალურ ორგანიზაციად გადაიქცა. უკრაინის მიერ დსთ-ის შეთანხმებების დატოვება უფრო იმის დემონსტრირებაა, რომ კიევი რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებაზე ამბობს უარს.

 

უკრაინის რუსულენოვან სკოლებში სწავლა 1 სექტემბრიდან უკრაინულ ენაზე დაიწყება

მთავარი მოვლენა: უკრაინის რუსულენოვანი სკოლები ახალ სასწავლო წელს უკრაინულ ენაზე დაიწყებენ.

მოვლენა დეტალურად: ახალი კანონის მიხედვით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან რუსულენოვან სკოლებში საგნების უმრავლესობას უკრაინულ ენაზე ისწავლიან. თუმცა, კანონის ამოქმედების ვადები ყველა სკოლას ერთნაირად არ შეეხება. იმ სკოლებში, სადაც სწავლება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე მიმდინარეობს, კანონი 2023 წლიდან ამოქმედდება.

კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, კანონი ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით კი, რუსულენოვანი მოქალაქეების დისკრიმინაციას იწვევს. კანონის მოქმედების შეჩერების მიზნით 2020 წლის 8 ივლისს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში ენის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საქმის განხილვა დაიწყო. ასევე, უკრაინის უმაღლესმა რადამ დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც სკოლების უკრაინიზაციის სამი წლით გადადებას ითვალისწინებდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდება.

„უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის“ კანონი ძალაში 2019 წლის 16 ივლისს შევიდა. კანონის თანახმად, ერთადერთი სახელმწიფო ენის სტატუსი უკრაინულს აქვს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულოა. 2020 წლის 16 ივლისიდან ძალაში შევა კანონის ის პუნქტი, რომელიც სახელმწიფო ენის გამოყენებას სავალდებულოს ხდის მეცნიერებასა და ჯანდაცვის სფეროში. 2021 წლიდან კი სავალდებულო გახდება მომსახურების სფეროში, მაღაზიებში, კვების ობიექტებში. 2024 წლიდან 75%-დან 90%-მდე გაიზრდება რადიოსა და ტელევიზიაში უკრაინული ენის გამოყენების ვალდებულება. სხვა ენის გამოყენება დასაშვები იქნება ყოფით ცხოვრებასა და რელიგიური რიტუალების დროს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: სახელმწიფო ენის პოზიციების გაძლიერება ხელს შეუწყობს უკრაინული იდენტობის გაძლიერებას, რაც რუსეთის გავლენისაგან თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს ფორმირებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: გრძელვადიან პერსპექტივაში კანონის ამოქმედება, განსაკუთრებით განათლების სფეროში, უკრაინაში რუსული ენის გავლენას შეასუსტებს, რაც უკრაინაზე კულტურული და პოლიტიკური გავლენის დაკარგვის ტოლფასია.

 

უკრაინა რუსეთს უკრაინის მოქალაქეების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 აგვისტოს უკრაინის სახალხო დამცველის ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთს ამჟამად დაკავებული ჰყავს უკრაინის 133 მოქალაქე, მათ შორის, 97 ყირიმელი თათარი.

მოვლენა დეტალურად: დენისოვას განცხადებით, უკრაინის მოქალაქეები უკანონოდ არიან დაკავებული რუსეთის ან ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დაკავებულების ოჯახის წევრებს კი შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება, საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა აქვთ.

ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანების შევიწროება 2014 წლის მოვლენების შემდეგ დაიწყო, როდესაც რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა. მოსახლეობის ნაწილმა დატოვა ნახევარკუნძული და უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასახლდა. ისინი კი, ვინც ნახევარკუნძულზე დარჩნენ და პოლიტიკურ სიმპათიებს კვლავ კიევის მიმართ ავლენენ, შევიწროების ობიექტები გახდნენ. საოკუპაციო რეჟიმის მთავარი სამიზნე ის ყირიმელი თათრებია, რომლებიც რუსეთის სამხედრო ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიზანია ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყირიმელი თათრების, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის უზრუნველყოფა. დასახული მიზნის მისაღწევად კი, მოსკოვის მიდგომა არასაიმედო პირების დაპატიმრებას ან ნახევარკუნძულის დატოვების იძულებას ითვალისწინებს.

 

აზერბაიჯანი რუსეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობაზე განმარტებებს ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების საკითხი განიხილა.

ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი. წყარო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ალიევის თქმით, 17 ივლისის შემდეგ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით სამხედრო დანიშნულების ტვირთების ინტენსიური გადაადგილება შეინიშნება, რაც აზერბაიჯანში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ალიევის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების შემდეგ სომხეთმა რუსეთიდან 400 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი მიიღო ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით. სატელეფონო საუბრის ძირითადი მიზანიც აღნიშნული საკითხის გარკვევა იყო. ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ პუტინის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, მაგრამ სამხედრო ტვირთის მიწოდების საკითხის განხილვა განცხადებაში არ იყო ნახსენები.

სასაზღვრო დაპირისპირება: 12 ივლისს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მოშორებით, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის რაიონში, სამხედრო დაპირისპირება მოხდა, რასაც, სულ მცირე, ხუთი სომეხი სამხედრო და 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის, ერთი გენერალი შეეწირა. 

სამხედრო წვრთნები: აზერბაიჯანის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის 29 ივლისს აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ნახიჭევანსა და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონებში, თურქეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. 12 აგვისტოს, სამხედრო წვრთნების დასკვნით ეტაპზე, აზერბაიჯანს თურქეთის თავდაცვის მინისტრიც ეწვია. თავის მხრივ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მომზადების შემოწმება დაიწყო. ასევე, ოლქში  დაიწყო სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკაზ-2020-ის“ მოსამზადებელი ვარჯიშები.

იარაღით ვაჭრობა: სომხეთი რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია და გარდა იმისა, რომ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, სომხეთი უფასოდ ან შეღავათიან ფასად რუსულ შეიარაღებასაც იღებს. ამავე დროს, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯან-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის ხარისხიც. არსებული ინფორმაციით, ბოლო ათ წელიწადში აზერბაიჯანმა რუსეთისგან 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება შეიძინა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, აზერბაიჯან-რუსეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. ბაქოში იმედოვნებენ, რომ სამხედრო სფეროში რუსეთთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტები სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში ბალანსს აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლის. სომხეთისთვის რუსული სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას კი ბაქო სასურველი ბალანსის მიღწევის გზაზე ბარიერად აღიქვამს.

 

უზბეკეთი მიგრანტებს რუსულ ენას შეასწავლის

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 აგვისტოს უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის დადგენილებით, უზბეკეთის ხელისუფლება გეგმავს რუსეთში წასულ შრომით მიგრანტებს სხვადასხვა პროფესია და რუსული ენა შეასწავლოს.

მოვლენა დეტალურად: უზბეკეთის სახელმწიფო სტრუქტურებს სამი თვის ვადა აქვთ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საგანმანათლებლო ცენტრებთან მოსალაპარაკებლად. უპირველეს ყოვლისა, შეირჩევა ის ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი უზბეკი შრომითი მიგრანტი ცხოვრობს. ეს ქალაქებია მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი, ეკატერინბურგი და ნოვოსიბირსკი. საგარეო შრომითი მიგრაციის საკითხების სააგენტოს დირექტორის ადრინდელი განცხადების მიხედვით, რუსეთში ხუთი ცენტრის გახსნა იგეგმება.

პრეზიდენტის დადგენილების მიხედვით, უზბეკი მიგრანტები სხვადასხვა პროფესიას და რუსულ ენას სამუშაო საათების შემდეგ უნდა დაეუფლონ. სპეციალურ ცენტრებში სწავლების ხარჯებს სრულად გაიღებს სახელმწიფო.

უზბეკი მიგრანტები რუსეთში: მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 2 მილიონამდეა. ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთის შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. უზბეკეთის შემდეგ ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტია ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. ამიტომაც, ამ ქვეყნებში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები რუსეთიდან არის. ფულადი გზავნილები მილიარდობით დოლარს შეადგენს და ამ რეგიონის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, უზბეკეთის ეკონომიკისთვის შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება უზბეკეთი, თუ რუსეთში კრიზისის ფონზე, შრომითი მიგრანტები რუსეთიდან სამშობლოში მასობრივად დაბრუნებას დაიწყებენ. ამიტომაც, შრომითი მიგრანტების რუსეთში შენარჩუნების მიზნით, უზბეკეთი ადგილზევე ცდილობს მათი მხარდაჭერის სისტემის შექმნას.

 

მიგრანტთა კრიზისი რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე

მთავარი მოვლენა: ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე გაჭედილი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.

მოვლენა დეტალურად: ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთმა ჯერ კიდევ მარტში ჩაკეტა საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის მოკავშირე სახელმწიფოებთან - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ-ქვეყნებთან. საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვამ პრობლემები შეუქმნა იმ შრომით მიგრანტებსაც, რომლებიც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან რუსეთში მუშაობდნენ. საჰაერო და სახმელეთო გადაადგილებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი მიგრანტი რუსეთ-ყაზახეთის საზღვართან იყო გაჭედილი და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

ტაჯიკი, უზბეკი და ყირგიზი მიგრანტების ნაწილმა რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე მოიყარა თავი. ისინი თავს საგანგებოდ მოწყობილ ბანაკში აფარებდნენ. 25 ივლისს რუსეთის შსს-მ მიგრანტები პანდემიის პირობებში,არასანქცირებული აქციების მოწყობაში დაადანაშაულა. 3 აგვისტოს სამშობლოში დაბრუნების ერთ-ერთი მცდელობა რუს მესაზღვრეებთან დაპირისპირებით დამთავრდა, რადგან მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. 3 აგვისტოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბევრი მიგრანტი პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა, რაც მათ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვას უწყობს ხელს.

სასაზღვრო ინციდენტების შემდეგ ყაზახეთმა 5 აგვისტოს მიგრანტების სამშობლოში გატარების გადაწყვეტილება მიიღო. ყირგიზეთის 2 435 მოქალაქისთვის სამშობლოში დაბრუნების მიზნით 40 ავტობუსი გამოიყო. უზბეკეთის 2200 მოქალაქემ კი მატარებლით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიიღო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პანდემიის გამო რუსეთში არსებული ეკონომიკური გამოწვევების პირობებში ცენტრალური აზიიდან ბევრი შრომითი მიგრანტი უმუშევარი დარჩება, რაც მათ არჩევანის წინაშე დააყენებს - ან არალეგალური და კრიმინალური საქმიანობით ირჩინონ თავი, ან სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ასევე პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისია.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.