X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 15

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N15

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 აგვისტო, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                                     

  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ბელარუსის ეკლესიის მეთაური შეცვალა.
  • რუსულ ვაქცინას სხვებზე ადრე რუსეთის მოკავშირეები მიიღებენ.
  • რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომეხი კოლეგის შემდეგ ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს, რომელიც ქვეყნის დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან არის დაპირისპირებული, დაბადების დღე მიულოცა.
  • უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიის შესწავლისა და მათი სახელის უკვდავყოფის განკარგულება გასცა.
  • მოლდოვა, რუსეთის გარდა, ალტერნატიულ გაზს რუმინეთიდანაც მიიღებს.
  • რუსეთში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების კურატორი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე აფხაზეთს პირველად ესტუმრა.
  • რიგით მეექვსე „არმიის საერთაშორისო თამაშებში“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პირველად იღებენ მონაწილეობას.

 

პუტინის სრული მხარდაჭერა ლუკაშენკოს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 27 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის (Россия 24) მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში პოსტსაარჩევნო პერიოდში საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ ხელისუფლების ქმედებები მოიწონა.

მოვლენა დეტალურად: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პირველი არაოფიციალური მონაცემები, ლუკაშენკოს საწინააღმდეგო, ბელარუსისთვის უპრეცედენტო, გამოსვლები  და მასობრივი გაფიცვები დაიწყო. ლუკაშენკო მოწინააღმდეგეებისთვის რეპრესიებს მიმართავს და დახმარებას პირადად პუტინს სთხოვს. კრიზისის პერიოდში პუტინმა და ლუკაშენკომ რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით. უახლოეს დღეებში კი მათი შეხვედრაც იგეგმება.

რუსეთის მხარდაჭერა: ლუკაშენკომ თავისი 26-წლიანი მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდში ღია და ქმედითი მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთისგან მიიღო. პუტინმა დაუფარავად განაცხადა, რომ მას მზად ჰყავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც „ექსტრემისტული ძალების მხრიდან ძალადობრივი აქტების დაწყების“ შემთხვევაში ბელარუსში გაემგზავრებიან. რუსეთიდან ლუკაშენკომ უკვე მიიღო მხარდაჭერა ჟურნალისტების დესანტის სახით, რომლებმაც ბელარუსის სახელმწიფო მედიაში იმ ბელარუსი ჟურნალისტების ადგილი დაიკავეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში, უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლების გამო, ლუკაშენკო თავისი 26-წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად დგას ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ლუკაშენკო მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად პუტინისგან ყველა სახის, მათ შორის, სამხედრო დახმარებაც მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს, დიდი ალბათობით, ბელარუსის სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე მოხდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ბოლო წლებში რუსეთი ცდილობს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელარუსი უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაითანხმოს, რაშიც ლუკაშენკოს წინააღმდეგობას აწყდებოდა. ბელარუსში შექმნილი კრიზისი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, რომ ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნებაში მხარდაჭერის ხარჯზე მინსკისგან თავისთვის ხელსაყრელი მეტი დათმობა მიიღოს.

 

რუსეთის სინოდმა ბელარუსის ეკლესიის მეთაური შეცვალა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 25 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე. სინოდის წარმომადგენლის განცხადებით, მიტროპოლიტმა საეკლესიო თანამდებობიდან გადადგომა თავად ითხოვა.

მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე (სურათზე მარცხნივ) ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად. წყარო: ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბელარუსში არ წყდება მასობრივი გამოსვლები და გაფიცვები. ხელისუფლება სახალხო პროტესტს სასტიკი დარბევებითა და რეპრესიებით პასუხობს.

არჩევნებიდან მეორე დღესვე, 10 აგვისტოს, მიტროპოლიტმა პავლემ ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ დემონსტრანტრების სასტიკი დარბევისა და რეპრესიების გახშირებული ფაქტების შემდეგ ნაჩქარევი მილოცვისთვის ბოდიში მოიხადა. ცოტა მოგვიანებით, 17 აგვისტოს კი, სპეცრაზმის მიერ ნაცემი დემონსტრანტები მოინახულა.

მიტროპოლიტის ბოდიში არ მოიწონა ლუკაშენკომ, რომელმაც სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდა. სწორედ ამის შემდეგ გაათავისუფლეს მიტროპოლიტი, რომელსაც ეს პოზიცია 2013 წლიდან ეკავა.

მიტროპოლიტი პავლე ყუბანის ეპარქიის მეთაურად გადაიყვანეს, სადაც წინა მმართველი 8 აგვისტოს კორონავირუსით გარდაიცვალა. ბელარუსის ეკლესიაში მიტროპოლიტის ადგილი კი ბორისოვსკისა და მარინგორსკის ეპისკოპოსმა ვენიამინმა დაიკავა.

კათოლიკე მიტროპოლიტის კრიტიკა: 31 აგვისტოს ბელარუსში არ შეუშვეს პოლონეთიდან მიმავალი ბელარუსი კათოლიკების ლიდერი, მიტროპოლიტი ტადეუშ კონდრუსევიჩი, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, 27 აგვისტოს მიტროპოლიტის მხრიდან ბელარუსი სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების კრიტიკაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ლუკაშენკოსთვის, ძალაუფლების შენარჩუნების გადამწყვეტი ბრძოლის პერიოდში, რელიგიური ლიდერების მხრიდან კრიტიკა, შესაძლოა, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს და მისი ქმედებების დელეგიტიმაციას შეუწყოს ხელი. ამიტომ ცდილობს ლუკაშენკო მსგავსი ავტორიტეტული პირების დროულად ნეიტრალიზებას.

 

რუსული ვაქცინა მოკავშირეებისთვის

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

ვაქცინა „სპუტნიკ V“. წყარო: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო

მოვლენა დეტალურად: რუსული ვაქცინის – „სპუტნიკ V“-ის შექმნას და წარმოებას პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდი აფინანსებს, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურ კვლევით ცენტრსა და უმსხვილეს ბიოფარმაცევტულ კომპანია „ბინოფარმში“ მიმდინარეობს. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

ამ ეტაპზე რუსული ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ, რადგან ვაქცინამ კლინიკური ცდების მხოლოდ ორი სტადია გაიარა, საერთაშორისო სტანდარტით კი სამი სტადია უნდა იყოს.

როდის იქნება ვაქცინა: გამალეის ცენტრის დირექტორის ალექსანდრ გინცბურგის განცხადებით, ვაქცინის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. ამ პერიოდში ასევე დაიწყება ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა.

ვინ მიიღებს რუსულ ვაქცინას: რუსული ვაქცინის მიღების სურვილი ჯერჯერობით რუსეთის უახლოესმა მოკავშირეებმა გამოთქვეს.

  • ყაზახეთი: მოსკოვში ყაზახეთის ვიცე-პრემიერის რომან სკლიარის ვიზიტის შემდეგ განცხადება გაკეთდა, რომ ყაზახეთი და რუსეთი რუსული ვაქცინის მიწოდების საკითხზე შეთანხმდნენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყაზახეთი ვაქცინის გარანტირებულ რაოდენობას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ცდების სამივე ეტაპი დასრულდება.
  • ბელარუსი: ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, რუსულ ვაქცინას პირველი ბელარუსი მიიღეს. ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტი 24 აგვისტოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდა.
  • მოლდოვა: მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ 4 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსული ვაქცინის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია. დოდონის შეთანხმებას მისი მოწინააღმდეგეები არასაიმედოს და არაპატრიოტულს უწოდებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოჩნდება და ვაქცინა შეიძლება „რბილი ძალის“ ინსტრუმენტადაც გადაიქცეს, რომელსაც რუსეთი შერყეული რეპუტაციას აღსადგენად გამოიყენებს.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაქოს ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 25 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბაქოს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: შოიგუმ ბაქოში ვიზიტის დროს „ზღვის თასის“ შეჯიბრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი 2020 წლის „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ფარგლებში იმართება. ვიზიტის დროს შოიგუ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

ილჰამ ალიევის და სერგეი შოიგუს შეხვედრა. წყარო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდი

სომხეთის მინისტრთან შეხვედრა: ბაქოში ვიზიტამდე, 23 აგვისტოს, შოიგუ მოსკოვში სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანს შეხვდა. ოფიციალური მონაცემებით, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოებისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სომხური მხარის ცნობით, შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაკარ გამბარიანმა და რუსეთის „გაერთიანებულ ავიამშენებელი კომპანიის“  გენერალური დირექტორის მოადგილემ ილია ტარასენკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას. შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანია სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიატექნიკის მოდერნიზაციასა და რუსული წარმოების თვითმფრინავების (ძირითადად საუბარია მოიერიშე „სუ-25“-ზე) რემონტს ჩაატარებს.

სასაზღვრო დაპირისპირება: შოიგუს სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას წინ უძღოდა მხარეებს შორის დაპირისპირება. 12 ივლისს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მოშორებით, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის რაიონში, სამხედრო დაპირისპირება მოხდა, რასაც, სულ მცირე, ხუთი სომეხი სამხედრო და 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის, ერთი გენერალი შეეწირა. 

აზერბაიჯანის ბრალდებები: 12 ივლისის სასაზღვრო დაპირისპირების ფონზე გახშირდა რუსეთის მიმართ აზერბაიჯანის ბრალდებები. 12 აგვისტოს ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების საკითხი განიხილა. ალიევის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების შემდეგ სომხეთმა რუსეთიდან 400 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი მიიღო ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით.

იარაღით ვაჭრობა: სომხეთი რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია და გარდა იმისა, რომ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, სომხეთი უფასოდ ან შეღავათიან ფასად რუსულ შეიარაღებასაც იღებს. ამავე დროს, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯან-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის ხარისხიც. არსებული ინფორმაციით, ბოლო ათ წელიწადში აზერბაიჯანმა რუსეთისგან 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება შეიძინა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ბოლო წლებში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებაც შეინიშნება. რუსეთი სომხეთთან ახლო მოკავშირეობის დაბალანსებას აზერბაიჯანთან ურთიერთობის, მათ შორის, სამხედრო სფეროში, განვითარებით ცდილობს. ერევნის უკმაყოფილების მიუხედავად, მოსკოვისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ორივე მხარისთვის სასურველი შუამავალი იყოს, რაც მას რეგიონში გავლენიანი მოთამაშის სტატუსს უნარჩუნებს.

 

პუტინმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 31 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს 66 წლის იუბილე მიულოცა.

მოვლენა დეტალურად: პუტინის მილოცვა კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პუტინმა ქოჩარიანს პირადად ტელეფონითაც მიულოცა. პუტინის თქმით, ქოჩარიანს რუსეთში იცნობენ, როგორც „გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს“, რომელმაც ბევრი გააკეთა თანამედროვე სომხეთის განვითარებისთვის და პირადად შეიტანა დიდი წვლილი  ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარებაში.

ქოჩარიანი 1998-2008 წლებში იყო პრეზიდენტი. 2018 წელს ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ამის შემდეგ ის სამჯერ იყო დაკავებული. ბოლოს ქოჩარიანი ა. წ. ივნისში გამოუშვეს ციხიდან, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმე 2008 წლის მარტის მოვლენებს ეხება, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი დააპატიმრეს.

რუსეთის პოზიცია: კრემლი ქოჩარიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რის შესახებაც მოსკოვმა სხვადასხვა ფორმით აცნობა მოქმედ ხელისუფლებას. მაგალითად, 2018 წელს, როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა და ისინი არ აპირებდნენ პოლიტიკური მოტივებით წინამორბედების დევნას. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პუტინმა ქოჩარიანს დაბადების დღეც კი მიულოცა. 2019 წლის ოქტომბერში კი, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც ერევანში გაიმართა, პუტინი ქოჩარიანის მეუღლეს და შვილს შეხვდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პუტინის მიერ ქოჩარიანისთვის დაბადების დღის დემონსტრაციულად მილოცვა სომხეთის მოქმედი ხელისუფლებისათვის გზავნილია, რომ კრემლი ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან სომხეთის ყოფილი ლიდერების/პრეზიდენტების, რომლებიც რუსეთის მეგობრები არიან, დევნას არ მიესალმება. ქოჩარიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ პრეზიდენტად მიიჩნეოდა და მისი პატიმრობა კრემლის რეპუტაციასაც აზიანებს, რადგან ეს ფაქტი აჩვენებს, რომ მოსკოვს საკუთარი მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია.

 

უზბეკეთში სტალინის რეპრესიების მსხვერპლი გაიხსენეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 31 აგვისტოს, რეპრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა „შახიდლარ ხოტირასის“ სკვერი მოინახულა, სადაც რეპრესიის მსხვერპლთა მოსახსენიებლად ყურანიდან სურები წაიკითხეს.

მოვლენა დეტალურად: ღონისძიებას, პრეზიდენტის გარდა, უფროსი თაობის, რელიგიური სფეროსა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხსოვნის ღონისძიება. წყარო: უზბეკეთის პრეზიდენტის ვებგვერდი

მირზიოევმა თავის გამოსვლაში წინაპრების მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, მოქალაქეებამდე ისტორიული სამართლიანობის მიტანის აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ტოტალიტარული რეჟიმის დროს, 1937-1953 წლებში, უზბეკეთში 100 ათასი მოქალაქე იყო რეპრესირებული და 13 ათასი დახვრიტეს. მირზიოევმა თითოეული რეპრესირებულის ისტორიის შესწავლა და მათი სახელის უკვდავყოფის განკარგულება გასცა.

ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა რეპრესიის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმები, რეპრესიის მსხვერპლთა თემაზე ქვეყნდება წიგნები, იღებენ ფილმებს და ტარდება კვლევები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვნი: საკუთარი ქვეყნის ისტორიის გააზრებისა და საბჭოთა წარსულის შეფასების პროცესის ხელშეწყობა უზბეკეთის პრეზიდენტისთვის ერის კონსოლიდაციისა და უზბეკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

მოლდოვა ალტერნატიულ გაზს რუმინეთიდან მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი მოლდოვა-რუმინეთის გაზსადენის საზეიმო გახსნა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მოვლენა დეტალურად: 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეზე, დაგეგმილი იყო უნგენი-კიშინიოვის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენის გახსნა, რომელიც იასი (რუმინეთი)-უნგენის (მოლდოვა) 43-კილომეტრიანი გაზსადენის (2014 წელს შევიდა ექსპლუატაციაში) გაგრძელებაა. 70 მლნ ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შედეგად მოლდოვა ევროპის გაზგამანაწილებელ სისტემას დაუკავშირდა.


მოლდოვა-რუმინეთის გაზსადენი. წყარო: neftegaz.ru

ახალი, 120-კილომეტრიანი გაზსადენით (იასი-უნგენი-კიშინიოვი) მოლდოვა რუმინეთისგან ყოველწლიურად 1.5 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიღებას შეძლებს, რაც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს. ამჟამად მოლდოვის ერთადერთი მომწოდებული რუსეთია.

გამოწვევები: მოლდოვა ამ ეტაპზე რუსული გაზის ჩანაცვლებას სრულად ვერ შეძლებს. რუმინეთი უახლოეს პერიოდში ტექნიკური მიზეზით ვერ მოახერხებს მოლდოვისთვის აუცილებელი რაოდენობის მიწოდებას. გარდა ამისა, მოლდოვა რუსულ გაზს იაფად ყიდულობს. თუ იანვარში 1000 კუბური მეტრი გაზი 176 აშშ დოლარი იყო, წლის ბოლოსთვის ფასი 100 აშშ დოლარი იქნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროპის გაზგამანაწილებელ სისტემასთან დაკავშირება უახლოეს წლებში შეამცირებს მოლდოვის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, რომელიც ამჟამად მხოლოდ ერთ მომწოდებელზეა (რუსეთზე) დამოკიდებული.

 

პანდემიის პერიოდში აფხაზეთს რუსეთიდან კურატორი ესტუმრა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 20-21 აგვისტოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი აფხაზეთს ესტუმრა.

მოვლენა დეტალურად: ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, აფხაზეთში რუსეთიდან დელეგაციების ვიზიტები შეწყდა. ამავე დროს შეფერხდა აფხაზეთში დაგეგმილი პროექტების დაფინანსებაც.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის მთავრობიდან ეს პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტია. თავად ბაბიჩი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, პირველად ესტუმრა აფხაზეთს. 2020 წლის იანვარში რუსეთის მთავრობაში ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას კურირებდა. გაუქმებული სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გადაიბარა. ბაბიჩი კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი მინისტრის მოადგილე გახდა.

ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით შესრულებული და მიმდინარე პროექტები, როგორც სოხუმში, ასევე სხვა დასახლებულ პუნქტებში.


მიხაილ ბაბიჩის შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

2020-2022 წლებში აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის რუსეთის ბიუჯეტიდან 4.5 მლრდ რუბლი დაიხარჯება. 2020 წლისთვის დაგეგმილია 48 ობიექტის მშენებლობის დასრულება. ბაბიჩის პასუხისმგებლობაა აღნიშნული ფულის ხარჯვის კონტროლი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. აფხაზეთის მოსახლეობამ ტურიზმიდან ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები და ასევე შეფერხებებით მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელსაც რუსეთი აფინანსებს. მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთის ახლადარჩეული არალეგიტიმური მთავრობისთვის გზავნილია, რომ აფხაზეთი რუსულ დაფინანსებას დროულად მიიღებს.

 

„არმიის საერთაშორისო თამაშები“ და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ორგანიზებით რიგით მეექვსე „არმიის საერთაშორისო თამაშები“ დაიწყო.


თამაშების გახსნა. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი

მოვლენა დეტალურად: „არმიის საერთაშორისო თამაშები – 2000“ 23 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო-ტექნიკურ სფეროში 30 საერთაშორისო კონკურსია დაგეგმილი. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროა.

კონკურსების დიდი ნაწილი რუსეთში ჩატარდება, 6 კონკურსი კი სხვა ქვეყნებში – ბელარუსში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში. კონკურსის გამართვა სხვა მონაწილე ქვეყნებშიც იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო საკონკურსო შეჯიბრებები მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩატარდება.

კონკურსის მონაწილეები: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 90 ქვეყნის სამხედრო უწყების წარმომადგენელი იყო მიწვეული, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები. საბოლოო ჯამში, კონკურსში 30 სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. კონკურსის ისტორიაში პირველად მასში მონაწილეობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სამხედრო სფეროში ამ ტიპის კონკურსების ჩატარება რუსეთისთვის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის უპირატესობის წარმოჩენის დამატებითი შესაძლებლობაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის: ამგვარ კონკურსებში მონაწილეობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებს საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.