X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 53, 7 - 13 სექტემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 7-13 სექტემბრის კვირაში, რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ომი ლიბიაში - აშშ-ს სამხედრო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ ამა წლის დასაწყისში ლიბიაში გაგზავნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ლიბიის მთავრობის ძალების წინააღმდეგ. ამავე ინფორმაციით, ხსენებულ საფრენ აპარატებს „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები მართავდნენ. განხორციელებული ოპერაციების დროს, ორმა რუსულმა MiG-29 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. პირველი შემთხვევა 28 ივნისს მოხდა, ხოლო მეორე - 7 სექტემბერს.

სერბეთი გახდა მესამე სახელმწიფო, რომელმაც ბოლო პერიოდში უარი განაცხადა რუსეთის სამხედრო ძალებთან ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობაზე. სერბეთის სამხედრო დანაყოფების ჩართვა დაგეგმილი იყო სწავლება „სლავური ძმობა 2020-ში“, რუსეთისა და ბელარუსის სამხედროებთან ერთად. ბელგრადის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ზეწოლის შედეგია.  სწავლება 14-25 სექტემბრის პერიოდში, ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ინდოეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს უარი სწავლება „კავკაზ-2020-ში“ მონაწილეობაზე.

სურათი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობიდან, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სწავლება „სლავური ძმობა 2020-ში“ მონაწილეობის შესახებ. ბილბორდზე წერია: „რუსეთის საზღვარი არსად არ მთავრდება.“

რუსების ცნობით, 7 სექტემბერს, რუსულმა MiG-29 და MiG-31 ტიპის თვითმფრინავებმა, ბარენცის ზღვის თავზე, 3-ჯერ გადაუჭრეს გზა ბრიტანეთისა და ნორვეგიის საფრენ აპარატებს. 8 სექტემბერს რუსულმა გამანადგურებლებმა ორჯერ გადაიჭირეს ნორვეგიული თვითმფრინავები, ასევე ბარენცის ზღვის თავზე. გარდა ამისა, მსგავსი ინციდენტები მოხდა 9, 10 და 11 სექტემბერსაც. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა აშშ-ს თვითმფრინავები გადაიჭირეს შავი ზღვის თავზე 9 და 11 სექტემბერს. ლიეტუვაში, კერძოდ შიაულიაიში განლაგებულმა იტალიის გამანადგურებლებმა, 11 სექტემბერს, ბალტიის ზღვის თავზე რუსული Il-20M ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის გადაჭერა განახორციელეს.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფი, რომელიც არქტიკულ ექსპედიციაში 5 აგვისტოს გავიდა, სახას რესპუბლიკის (იაკუტია) პორტ ტიკსიში შევიდა. ჯგუფი მოიცავს „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანს „სევერომორსკი“ და „როპუჩას“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემს „კონდოპოგა“.

წყნარი ოკეანის ფლოტის გემები „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნები „ადმირალ ტრიბუცი“ და „ადმირალ ვინოგრადოვი“, რომლებიც შორეულ ექსპედიციაში იმყოფებიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, 11 სექტემბერს ბრუნეიში შევიდნენ.

 

სწავლებები*

11 სექტემბერს, რუსეთმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ დაიწყოდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) ერთობლივი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სწავლება. მასში მონაწილეობს 10 000-მდე სამხედრო რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შეიარაღებული ძალებიდან. რუსეთის მხრიდან, წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთის, სამხრეთისა და ცენტრალურმა სამხედრო ოლქებმა, მასში 14 საავიაციო პოლკის ჩართვით.

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიამ (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი) ფართომასშტაბიანი სწავლება გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8000-ზე მეტმა სამხედრომ.

90-ე სატანკო დივიზიის ძალები სწავლებაზე

1500-ზე მეტი რუსი და სომეხი სამხედრო, სამხედრო ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით (უსა), ჩართული იყო სომხეთში გამართულ ერთობლივ სწავლებაში.

რუსებმა სხვადასხვა ტიპის წვრთნები ჩაატარეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). აღნიშნული სწავლებები მოიცავდა თვითმფრინავების ალტერნატიულ აეროდრომებზე გადაყვანასა და საჰაერო დაბომბვებს, ასევე S-400 და Pantsir ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და Bastion-P და Bal ტიპის მობილურ სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემების ვარჯიშებს.

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი, განლაგებული ცხინვალსა და ჯავაში, საქართველო) ერთმა მექანიზებულმა და ერთმა სატანკო ბატალიონმა, ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად, წვრთნა ჩაატარეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო).  სწავლებაში მონაწილეობა 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო. ის უსა-საწინააღმდეგო ვარჯიშებსაც მოიცავდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) მყოფი რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ სწავლებათა სერიებს, რომელშიც 1500-მდე სამხედროა ჩართული და სხვადასხვა ტიპის სწავლებებთან ერთად მოიცავს უსა-საწინააღმდეგო წვრთნებსაც.

არქტიკულ ექსპედიციაში მყოფმა ჩრდილოეთის ფლოტის ძალებმა, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია), ტიკსის მახლობლად, საზღვაო ქვეითთა დესანტირების სწავლება გამართეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.