X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 16

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N16

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 სექტემბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                                    

  • ბელარუსის პრეზიდენტმა რუსი კოლეგისგან დახმარების პირობა მიიღო.
  • ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „სლავური ძმობა - 2020“ დაიწყო.
  • ბელარუსი ნავთობპროდუქტების ექსპორტს ლიეტუვის მაგივრად რუსეთის პორტებიდან განახორციელებს.
  • ყირიმში მორიგი პატრიოტული პროექტი - ცოცხალი ისტორიის პარკი „ფედიუხინის მაღლობები“ -გაიხსნა.
  • ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების მრჩეველთა მორიგი შეხვედრა გაიმართა.
  • რუსეთი მოკავშირეებს წიგნებითა და ცხელი საკვებით ეხმარება.
  • საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები კრემლში კურატორებს შეხვდნენ.
  • თურქმენეთში „რუსული კლასის“ დახურვის გამო რუსეთის საელჩომ უკმაყოფილება გამოთქვა.
  • აზერბაიჯანმა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსის პრეზიდენტს ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 14 სექტემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში.

ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი - 10.1%. არჩევნების დღიდან დღემდე მინსკსა და ბელარუსის ქალაქებში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი გამოსვლები არ წყდება. ბოლო მასშტაბური გამოსვლა 13 სექტემბერს იყო, როდესაც „გმირების მარშზე“ მინსკსა და სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. გაიფიცნენ წამყვანი საწარმოების მუშებიც, ცნობილმა ბელარუსებმა კი საპროტესტო განცხადებები გააკეთეს.

საპროტესტო მუხტის შესასუსტებლად ხელისუფლება დემონსტრანტებს აპატიმრებს, აშინებს ან აჯარიმებს. ამ ეტაპზე საპროტესტო გამოსვლების ლიდერები ნეიტრალიზებული არიან (დაპატიმრებული არიან ან იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან).

რუსეთის მხარდაჭერა: ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის პერიოდში ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მისი ძალაუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ლუკაშენკოს რიტორიკა ანტირუსული იყო, არჩევნების შემდეგ მან დახმარება რუსეთს სთხოვა. მინისტრების დონეზე შეხვედრების გარდა, 3 სექტემბერს ლუკაშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მიიღო. მაღალი დონის შეხვედრები კი ლუკაშენკოსა და პუტინის უშუალო შეხვედრით დასრულდა.

ლუკაშენკო-პუტინის შეხვედრა: პირისპირ შეხვედრის დროს ლუკაშენკომ პუტინისგან უკვე პირადად მიიღო არჩევნებში „გამარჯვების“ მილოცვა. პუტინმა მას მხარი ღიად დაუჭირა და ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც აღიარა.  ბელარუსში  მიმდინარე პროცესების შეფასების დროს პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოსახლეობა თავად  უნდა გაერკვეს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, საგარეო ჩარევის გარეშე.

შეხვედრის შემდეგ მხარეებს არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა ლუკაშენკომ პუტინისგან რამდენიმე დაპირება მიიღო:

  • რუსეთი ბელარუსს 1.5 მლრდ აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს. ბელარუსში, პოლიტიკური კრიზისის გამო უცხოურ ვალუტაზე შექმნილი დეფიციტის ფონზე, რუსეთის დახმარება დროული იქნება, მით უმეტეს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბელარუსს უარი უთხრა 940 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაზე, რომელიც მინსკმა მარტში მოითხოვა.
  • აღდგება სატრანსპორტო კავშირები. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის ბოლოდან რუსეთს შეზღუდვები აქვს დაწესებული საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაადგილებებზე.
  • გააქტიურდება მთავრობათაშორისი კომისიისა და საკვანძო საწარმოების მუშაობა.
  • ბელარუსი პირველი მიიღებს რუსეთის წარმოებულ კორონავირუსის ვაქცინას.
  • მხარეები ითანამშრომლებენ თავდაცვის სფეროში.
  • რუსეთი ბელარუსის საზღვრიდან მოხსნის სამართალდამცავი ორგანოებისა და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებისგან შექმნილ რეზერვს.

რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი: შეხვედრის მთავარი შედეგი პუტინის მიერ გაცემული პირობაა, რომ რუსეთი ბელარუსს 1.5 მლრდ აშშ დოლარით დაეხმარება. პოლიტიკური კრიზისისა და პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად ლუკაშენკოსთვის დამატებითი ფინანსების დროული მიღება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ლუკაშენკოს მოკლევადიან პერსპექტივაში ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

 

„სლავური ძმობა - 2020“ დაიწყო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 14 სექტემბერს ბელარუსში სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა - 2020“ დაიწყო.

სამხედრო წვრთნები ბელარუსში. წყარო: belta.by

მოვლენა დეტალურად: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა - 2020“ ბელარუსში, ბრესტის სამხედრო პოლიგონზე, პოლონეთის საზღვართან ახლოს, 14-25 სექტემბერს გაიმართება. წვრთნების ორგანიზატორების ცნობით, სამხედრო წვრთნები გეგმიურია და 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. რუსული მხარის ცნობით, რუსი სამხედროები წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებენ ბელარუსის ტერიტორიას.

წვრთნებში სერბეთის სამხედრო ძალებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ბელგრადმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. 2019 წელს წვრთნები სერბეთში ჩატარდა, 2018 წელს კი - რუსეთში.

რეგიონული კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის სახელმწიფოებს ადანაშაულებს, განსაკუთრებით მის უშუალო მეზობლებს, ლიეტუვასა და პოლონეთს. მტრის ხატის შექმნის მიზნით, ლუკაშენკო პოლონეთს დასავლეთ ბელარუსის მიწების მიტაცების, ნატო-ს კი სამხედრო აგრესიის მცდელობაში ადანაშაულებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო წვრთნები გეგმურია, არსებული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ლუკაშენკოს მიზანია სამხედრო წვრთნებით დასავლეთს აჩვენოს, რომ რუსეთი მას უჭერს მხარს. შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ლუკაშენკოს საკუთარ მოსახლეობაში დასავლეთის სახით „მტრის ხატის“ შექმნა სურს, რომლის წინააღმდეგ ქვეყნის დაცვაც მხოლოდ მას შეუძლია.

 

ბელარუსი ნავთობპროდუქტების ექსპორტს ლიეტუვის მაგივრად რუსეთიდან განახორციელებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 სექტემბერს ბელარუსული კონცერნ „ბელნეფტეხიმის“ წარმომადგენელმა ალექსანდრ ტიშენკომ განაცხადა, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები ბელარუსში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიეტუვიდან რუსეთის პორტებში გადამისამართების თაობაზე.

მოვლენა დეტალურად: 3 სექტემბერს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიეტუვადან რუსულ პორტებში გადამისამართების საკითხს განიხილავენ.

ბელარუსი ნავთობპროდუქტების ექსპორტს ძირითადად ლიეტუვის პორტებიდან ახორციელებს. მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია ექსპორტი სანქტ-პეტერბურგისა და უსტ-ლუგას პორტებიდან განხორციელდეს. ამ ეტაპზე ექსპორტთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს, რომ პროცესის ყველა მონაწილისთვის (ნავთობპროდუქტების მწარმოებლები, პორტები, გადამზიდავები, სარკინიგზო ხაზები) ბელარუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი მომგებიანი იყოს.

პოლიტიკური კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ წყდება საპროტესო გამოსვლები. დასავლეთმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ევროკავშირი ბელარუსს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას გეგმავს. ლუკაშენკოს მწვავედ აკრიტიკებს ლიეტუვა, რომელიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის ლიდერს დახმარების ხელი მხოლოდ რუსეთმა გაუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში არჩევნების შემდეგ ლიეტუვა ლუკაშენკოს მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა. წლების განმავლობაში ენერგოსფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიეტუვიდან რუსეთში გადამისამართება უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს, რაც ლიეტუვის მხრიდან ლუკაშენკოს ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერით არის განპირობებული.

 

ყირიმში სამხედრო პარკი გაიხსნა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 4 სექტემბერს ყირიმში სამხედრო თემატიკის პარკი გაიხსნა.

მოვლენა დეტალურად: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლთან ახლოს, სამხედრო თემატიკის პარკის გახსნა მე-19 საუკუნის დროინდელი ყირიმის ომის ერთ-ერთი ბრძოლის თეატრალური ჩვენებით აღინიშნა. პარკი „ყირიმის 2000-წლიანი ისტორიის გაცოცხლებას“ მიეძღვნა.

ყირიმის ომის ერთ-ერთი ბრძოლის თეატრალური ჩვენება. წყარო: RFE/RL

ცოცხალი ისტორიის პარკი - „ფედიუხინის მაღლობები“ კულტურ-საგანმანათლებლო პარკია, სადაც ყირიმის 2000-წლიანი ისტორია თემატურ სივრცეებშია წარმოდგენილი. პარკის მიზანია შეიქმნას „მძლავრი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მიიზიდავს ყირიმელებსა და ტურისტებს მთელი რუსეთიდან“.

პარკის მშენებლობა 2014 წელს, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ დაიწყო. პარკის მშენებლობა ნაწილობრივ რუსეთის მთავრობამ დააფინანსა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის სამხედრო ისტორიის გაცოცხლება კრემლის პატრიოტული პროექტების ნაწილია, რომელიც რუსულ საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას და ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად.

 

ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების მრჩეველთა მორიგი შეხვედრა გაიმართა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 სექტემბერს ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების მრჩეველთა შეხვედრა გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: „ნორმანდიული ოთხეული“ („ნორმანდიული ფორმატი“) გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის ლიდერებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება. ფორმატს საფუძველი 2014 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში ჩაეყარა, სადაც მოკავშირეების სადესანტო ოპერაციის 70-ე წლისთავს აღნიშნავდნენ.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკიც, რომელიც უკრაინული მიმართულების გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის. კოზაკის შეფასებით, მოლაპარაკების დროს რაიმე გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა.

ივლისის შემდეგ ეს პირველი მსგავსი შეხვედრა იყო. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოზაკი მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავდა. რუსეთში შეხვედრების არაეფექტურობაზეც აკეთებდნენ აქცენტს. თუმცა შეხვედრა მაინც გაიმართა, რამაც მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ, კოზაკის განცხადებით, „ოთხეულის“ ლიდერების შეხვედრის საკითხი საერთოდ არ განხილულა შეხვედრაზე.

შეხვედრას წინ უძღოდა არასასიამოვნო ფაქტი: დონბასში თითქმის 6-კვირიანი სიწყნარე 6 სექტემბერს დაირღვა, როდესაც უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის არარსებობის მიუხედავად, ასეთი მოლაპარაკებები, მოკლევადიან პერსპექტივაში, კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების მუხტის შესუსტების შესაძლებლობას ქმნის.

 

რუსეთი მოკავშირეებს წიგნებითა და საკვებით ეხმარება

მთავარი მოვლენა: რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში მოკავშირეებს სახელმძღვანელოებითა და საკვებით დაეხმარება.

მოვლენა დეტალურად: გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში, რუსეთი 2020 წელს წიგნებითა და საკვებით რვა სახელმწიფოს დაეხმარა, ძირითადი დახმარება მიიღო: სომხეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა, - საერთო დახმარების 58.5%, რაც 15.5 მლნ აშშ დოლარია.

2020 წლის დასაწყისიდან პროგრამისთვის რუსეთმა 26.5 მლნ აშშ დოლარი გამოჰყო. 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხარდაჭერით ცხელ საკვებს მიიღებენ ყირგიზეთის 100 სკოლაში. ცხელი საკვებით დახმარებას მიიღებენ ტაჯიკეთშიც. 2023 წლამდე რუსეთი ტაჯიკეთში სკოლების სასადილოების რემონტისა და საკვების შესაძენად 21 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს.

რუსეთის დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს ცნობით, 2020 წლის შემოდგომაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 97 988 სახელმძღვანელო და მხატვრული წიგნი გაიგზავნება. ყველაზე მეტ წიგნს - 18 562 - მიიღებს სომხეთი. წიგნებს ასევე მიიღებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც: აფხაზეთი - 10 102, ცხინვალის რეგიონი - 11 992.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა სივრცეში სკოლების დახმარება რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელიც ამ ქვეყნებში რუსული განათლების მხარდაჭერას და რუსული კულტურული და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

 

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები კურატორებს შეხვდნენ

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 სექტემბერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები - ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში კურატორებს შეხვდნენ.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერის შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან. წყარო: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ერთი და იმავე დროს ჩავიდნენ. ბჟანიასთვის აპრილში დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ეს უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია მოსკოვში.

შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან, რომელიც 2020 წლის თებერვლიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს.

ვიზიტის კონტექსტი: ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობები ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. პრობლემებია საინვესტიციო პროგრამების განხორციელების კუთხით, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს. აფხაზეთში ჩავარდა ტურისტული სეზონი, რის გამოც ტურისტულმა სექტორმა სერიოზული ფინანსური დარტყმა მიიღო. დროულად ვერ ხერხდება პენსიებისა და ხელფასების გაცემა, იგვიანებს რუსეთის ფინანსური დახმარებაც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური გავლენის შემსუბუქება რუსეთისგან დაფინანსების დროული მიღებით არის შესაძლებელი. კურატორებთან შეხვედრის მიზანიც დაფინანსების მიღების დაჩქარება იყო.

 

რუსეთმა თურქმენეთში „რუსული კლასის“ დახურვა გააპროტესტა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 სექტემბერს თურქმენეთში რუსეთის საელჩომ წუხილი გამოთქვა შერეულ სკოლებში რუსულენოვანი კლასების დახურვის გამო. 15 სექტემბერს ამ საკითხზე განმარტება ითხოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მოვლენა დეტალურად: საელჩოს ცნობით, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადის ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში რუსულენოვანმა სექციებმა მუშაობა შეაჩერეს, რადგან ვერ ხერხდება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სანიტარიული ნორმების დაცვა. საელჩომ თურქმენეთის ხელისუფლებას შეახსენა, რომ 2002 წლის 23 აპრილის შეთანხმება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთში რუსული ენის და რუსეთში თურქმენული ენის განვითარებისა და სწავლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

30 აგვისტოს აშხაბადის N64-ე საშუალო სკოლის რუსულენოვანი სექციის მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში პროტესტი გამოთქვეს ახალი სასწავლო წლისთვის რუსული სექციის დახურვის, მასწავლებლების განთავისუფლებისა და მოსწავლეების გაშვების გამო. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, მოსწავლეები სხვა სკოლებში უნდა გადავიდნენ, რადგან მათი სკოლა გადატვირთულია და ამის გამო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება.

ადრე ცნობილი იყო, რომ რუსულენოვანი სექცია მხოლოდ აშხაბადის N64-ე საშუალო სკოლაში დაიხურა. სხვა სკოლების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ნაციონალიზაცია: 1990-იან წლებში თურქმენეთის პირველმა პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა „კულტურისა და განათლების ნაციონალიზაციის“ კურსი აიღო. ახალი პოლიტიკის მიხედვით, საწყის ეტაპზე დაიხურა რუსული ტელეარხები და პუშკინის სახელობის თეატრი, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა თურქმენულ ენაზე გადავიდა, შემდგომში კი დაიხურა რუსულენოვანი სკოლები. ასევე დაიხურა ყაზახურენოვანი და უზბეკურენოვანი სკოლებიც. აქამდე რუსულად განათლების მიღება მხოლოდ რამდენიმე სკოლაში, ე.წ. „რუსულ კლასებში“, შეიძლებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოსკოვის ხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულენოვანი სკოლების შემცირება და რუსული ენის პოზიციების შესუსტება ამ ქვეყნების მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რაც რუსეთის კულტურული და პოლიტიკური გავლენის შესუსტებას ისახავს მიზნად.

 

აზერბაიჯანი რუსეთში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 5 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთში დაგეგმილ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში - „კავკაზ-2020“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. აზერბაიჯანი დამკვირვებლის სახით მხოლოდ ორ სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის.

მოვლენა დეტალურად: სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - „კავკაზ-2020“ 21-26 სექტემბერს არის დაგეგმილი. წვრთნები რუსეთის სამხრეთში, კაპუსტინ იარისა და აშულუკის სამხედრო პოლიგონებზე და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში ჩატარდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, წვრთნების აქტიური ფაზა წელს საბრძოლო მომზადების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება. შოიგუს თქმით, წვრთნების შედეგად რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამხრეთის სამხედრო ოლქის შესაძლებლობები შეფასდება.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის სფეროში შედის სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზები სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია. „კავკაზ-2020“-ის წვრთნების ნაწილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდება.

არსებული მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, მიანმარიდან, ირანიდან და პაკისტანიდან.

აზერბაიჯანის მსგავსად, წვრთნებში მონაწილეობაზე 30 აგვისტოს უარი თქვა ინდოეთმაც. ამის მიზეზად გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემები დასახელდა. თუმცა, ეს შესაძლოა წვრთნებში პაკისტანის წარმომადგენლების მონაწილეობასაც უკავშირდებოდეს, რომლებთანაც ინდოეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ბოლო წლებში რუსეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაც ვითარდება. რუსეთის მიერ ორგანიზებულ მსგავს მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობაზე უარი შეიძლება რუსეთისადმი აზერბაიჯანის გზავნილად შეფასდეს, რომ ბაქო სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ფონზე (ივლისში საზღვრისპირა დაპირისპირებას აზერბაიჯანელი მაღალი რანგის სამხედრო ემსხვერპლა) რუსეთის მიერ სომხეთის სამხედრო დახმარებით (აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების შემდეგ სომხეთმა რუსეთიდან 400 ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი მიიღო ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით) უკმაყოფილოა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.