გამოცემა: N20 მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ნოემბერი, 2020 რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
რუსეთის შუამავლობით მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება შეწყდა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლისა და ყველა საომარი მოქმედების სრულად შეწყვეტის შესახებ, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან (10 ნოემბრიდან). ხელმოწერა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარდა. ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ხელს აწერენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. წყარო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. აქამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი მცდელობა უშედეგო გამოდგა, მათ შორის, მოსკოვის შუამავლობითაც. საბოლოო ჯამში, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა მოიპოვა და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე, სტრატეგიული მნიშვნელობის ქ. შუშა დაიკავა. შუშას დაკავების შემდეგ აზერბაიჯანული არმიისთვის მნიშვნელოვნად იოლდებოდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქის სტეპანაკერტის/ხანკენდის დაკავებაც. სამხედრო თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სომხურმა მხარემ, შემდგომში უფრო მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა და 9 -პუნქტიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. 9-პუნქტიანი შეთანხმება მოკლედ
რუსი სამშვიდობოების განლაგების არეალი. წყარო: РИА Новости რატომ არის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სომხეთისთვის: სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერით კიდევ უფრო მძიმე ადამიანური თუ ტერიტორიული დანაკარგები აიცილა თავიდან და ამ ეტაპზე შეძლო მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება, ქ. შუშას გარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხური მხარე მთლიანად მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვისა და დიდი ადამიანური მსხვერპლის გარდაუვალი რისკის წინაშე იდგა. რატომ არის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჩარევის შედეგად აზერბაიჯანის სამხედრო წინსვლა შეჩერდა, ამ ეტაპზე აზერბაიჯანმა შეძლო ოკუპირებული რაიონების ნაწილის სამხედრო გზით, ნაწილის კი უომრად დაბრუნება, ასევე დაიბრუნა ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ქ. შუშა. რატომ არის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: მიღწეული შეთანხმებით გამოჩნდა, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, ვისაც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებით კი, რუსეთის როლი რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო გაიზრდება.
რუსეთის პრეზიდენტმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საგარეო ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 ნოემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ონლაინსამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში საგარეო ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა. ვლადიმერ პუტინი ონლაინსამიტს ესწრება. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი მოვლენა დეტალურად: სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც ბელარუსზე, ყირგიზეთსა და მოლდოვაზე გადაწყვეტილების გარედან თავს მოხვევას ისახავს მიზნად. პუტინის თქმით, ამ ქვეყნებს თავად უნდა ჰქონდეთ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში დამოუკიდებლად გარკვევის შესაძლებლობა. ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პუტინმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა გარე ძალების შეტევასა და უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, წინააღმდეგობას უწევს სანქციებს და პროვოკაციებს, საინფორმაციო და პროპაგანდისტულ ომს. (ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ოფიციალური მონაცემებით ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, სამ თვეზე მეტია არ წყდება საპროტესტო გამოსვლები). ბელარუსსა და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებში დასავლეთის ხელს ხედავს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინიც. მისი შეფასებით, ბელარუსში საპროტესტო აქციები თავიდანვე კარგად ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და მისი კოორდინაცია დასავლეთიდან ხდება. მოლდოვის შესახებ საუბრისას კი მან განაცხადა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა (არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა). შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია - რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნები არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ორგანიზაცია თანამშრომლობს პოლიტიკის, სამხედრო, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ძალების ჩარევას რუსეთი საკუთარი ინტერესების საფრთხედ განიხილავს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ბელარუსსა და მოლდოვაში მიმდინარე პროცესებში დასავლეთი აქტიურად არის ჩართული და მათი მიზანია ამ ქვეყნებში რუსული გავლენის შესუსტება.
მოლდოვის პრეზიდენტი პროდასავლური მაია სანდუ გახდა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურმა კანდიდატმა პრორუსი მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველ ტურში ხმების 36.16% ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“) მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა (ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა პრორუსული სოციალისტური პარტიის არაფორმალური ლიდერი) კი - 32.61%. არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 57.75% მიიღო. დოდონი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსი პრეზიდენტი იყო და მის დამარცხებაში რუსეთი „დასავლეთს ხელს“ ხედავს. რუსეთის წინასაარჩევნო შეფასება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მოლდოვაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფის მივლინების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში თავის საელჩოს მითითება მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი გაიმარჯვებდა, ოპოზიციას, კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოეწყო. ნარიშკინის ცნობით, ამერიკელებთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში ყალბ ამბებს ავრცელებდნენ ხელისუფლების ფალსიფიკაციის გეგმების შესახებ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება კრემლის ინტერესებისათვის საფრთხედ მიიჩნევა. მაია სანდუს გამარჯვება მოლდოვაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს, თუმცა მოლდოვაში ძლიერი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების არსებობის პირობებში, მოსკოვი მოლდოვის პოლიტიკაზე გავლენის ბერკეტებსაც შეინარჩუნებს.
უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგ შეთანხმებას ტოვებს მთავარი მოვლენა: 2020 წლის 5 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს დსთ-ის ფარგლებში კოორდინირებული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარების შეთანხმებიდან უკრაინის გამოსვლის შესახებ. მოვლენა დეტალურად: უკრაინელი დეპუტატების შეფასებით, შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის გამო არსებობდა რისკი, რომ დსთ-ის წვერი ქვეყნები ისეთ ინფორმაციას მიიღებდნენ, რომელიც შესაძლებელია გამოეყენებინათ უკრაინაზე სავაჭრო-ეკონომიკური ზეწოლისათვის. უკრაინის მხრიდან ეს არ არის დსთ-ის შეთანხმების დატოვების პირველი შემთხვევა. ბოლო თვეებში უკრაინამ დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმება დატოვა, კერძოდ, შეთანხმება დსთ-ის წევრების კულტურული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ, დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო ჯარებისთვის სამხედრო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში თანამშრომლობის შესახებ, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დსთ-ის წევრი ქვეყნების სასაზღვრო ჯარების თანამშრომლობის შესახებ და ფინანსური დაზვერვის დანაყოფის ხელმძღვანელების საბჭოს შექმნის შესახებ, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ. რატომ ტოვებს უკრაინა შეთანხმებებს 2014 წელს რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო. 2018 წლის მაისში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დსთ-ის საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის შესახებ გამოაქვეყნა ბრძანება. 2019 წლის 1 აპრილს მოქმედება შეწყვიტა უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ. უკრაინა დსთ-ის წევრი? საინტერესოა, რომ დსთ-ში უკრაინის წევრობა სამართლებრივი კუთხით მუდმივად განხილვის საგანი იყო. უკრაინას რატიფიცირებული აქვს დსთ-ის დაფუძნების შესახებ შეთანხმება, მაგრამ ხელი არ აქვს მოწერილი დსთ-ის წესდებისთვის. ამიტომაც სამართლებრივად უკრაინა მხოლოდ დსთ-ის დამფუძნებელ ქვეყნად ითვლებოდა და არა - წევრად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებების დატოვებით უკრაინა სიმბოლურად ამბობს უარს პრორუსულ ორგანიზაციაში წევრობაზე, რადგან დსთ ბოლო ათწლეულში ისედაც ფორმალურ ორგანიზაციად გადაიქცა. უკრაინის მიერ დსთ-ის შეთანხმებების დატოვება უფრო იმის დემონსტრირებაა, რომ კიევი რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებაზე ამბობს უარს.
რუსეთმა ყირგიზეთს ფინანსური დახმარება აღუდგინა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 14 ნოემბერს ყირგიზეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა არტიომ ნოვიკოვმა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა, მოსკოვში შეხვედრისას, ყირგიზეთისთვის ფინანსური დახმარების ეტაპობრივი აღდგენის საკითხი შეათანხმეს. მოვლენა დეტალურად: ფინანსური დახმარების აღდგენის გადაწყვეტილების მიღებამდე, 12 ნოემბერს, ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ სადირ ჟაპაროვს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესაუბრა. ყირგიზეთისთვის კორონავირუსის გავრცელების პერიოდში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისთვის რუსული ფინანსური დახმარების დროული მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რუსეთმა ყირგიზეთს ფინანსური დახმარება 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი კრიზისის შემდეგ შეუჩერა, რადგან მოსკოვის შეფასებით, ყირგიზეთში „ქაოსური ვითარება“ იყო. პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოსახლეობასთან ერთად არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება გამოხატეს პოლიტიკურმა ჯგუფებმაც, რასაც მეორე დღესვე არჩევნების შედეგების გაუქმება მოჰყვა. 13 ოქტომბერს კრიზისის დარეგულირების მიზნით, ყირგიზეთს დიმიტრი კოზაკი ესტუმრა (კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის). თუმცა, პუტინთან სატელეფონო საუბრებმა და კოზაკის ვიზიტმა პრეზიდენტ სოორონბეი ჟეენბეკოვს ვერ უშველა. შიდა პოლიტიკური კრიზისის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად ჟეენბეკოვი 15 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. მისი მოვალეობის შესრულება კი სადირ ჯაპაროვს დაევალა, რომელიც თანამდებობიდან 14 ნოემბერს გადადგა. მისი გადადგომის მიზეზი იანვარში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილია. კანონმდებლობა მოქმედ პრეზიდენტს ან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთისგან ფინანსური დახმარების დროული მიღება ყირგიზეთის მოქმედ მთავრობას არსებული ეკონომიკური კრიზისის გავლენის შემსუბუქების საშუალებას მისცემს. ამავე დროს, აწ უკვე გადამდგარი სადირ ჟაპაროვისთვის ეს ერთგვარი გზავნილი იქნება ქვეყნის შიგნით, რომ მან შიდა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში მოსკოვთან ურთიერთობის დალაგება შეძლო.
ყაზახეთი კირილიციდან ლათინურზე გადასასვლელად ემზადება მთავარი მოვლენა: ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ყაზახური ენისთვის ლათინური ანბანის საბოლოო ვერსიის მომზადება დაავალა. მოვლენა დეტალურად: ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კულტურისა და განათლების მინისტრებს ექსპერტებთან ერთად ყაზახური ენისთვის ლათინური ალფაბეტის საბოლოო ვერსიის მომზადება დაავალა. წინა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის 2017 წლის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის ყაზახური ენა კირილიციდან ლათინურ ალფაბეტზე უნდა გადავიდეს. ამ პერიოდისთვის ყველა გამოცემა, დოკუმენტი თუ ქუჩის ნიშნები ლათინურზე უნდა იყოს გადასული. ამ ეტაპზე ლათინური ანბანის ორი ვერსიაა შემუშავებული, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ჯერ არ არის დამტკიცებული. საბჭოთა კავშირის მუსლიმი მოსახლეობა არაბულ დამწერლობას იყენებდა, რომელიც 1926 წელს ლათინურმა შეცვალა, 1940 წელს კი კირილიცას გამოყენება დაიწყეს. ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის გარდა, კირილიციდან ლათინურ ანბანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ თურქმენეთსა და უზბეკეთში. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კვლავ კირილიცას იყენებენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის განმტკიცებას და რუსულ და საბჭოთა იმპერიულ წარსულთან დისტანცირებას. ყოფილი კოლონიების მხრიდან კირილიცაზე უარის თქმა რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მისი კულტურული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვასაც ისახავს მიზნად.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა მთავარი მოვლენა: 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქ. სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოვლენა დეტალურად: დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში, ბოლო შვიდ თვეში, ეს უკვე ბჟანიას რიგით მე-6 ვიზიტი იყო რუსეთში. წინა ხუთი ვიზიტის დროს ბჟანიამ ვერ მოახერხა პუტინთან პირისპირ შეხვედრა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებისა და საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრამდე ბჟანიამ ორი კვირა კარანტინში გაატარა. ამ ეტაპზე პუტინთან შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. რუსეთში წინა ვიზიტების შესახებაც, როგორც წესი, მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
რუსეთში ვიზიტების ქრონოლოგია პირველად ბჟანია მოსკოვს 5 მაისს ეწვია ფინანსთა და ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან ერთად. მეორეჯერ, 24 ივნისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მესამე ვიზიტი, 30 ივლისს გაიმართა. ვიზიტის შედეგად აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის გახსნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მეოთხეჯერ ბჟანია მოსკოვს 7 სექტემბერს ესტუმრა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე მიხაილ ბაბიჩს შეხვდა. მეხუთეჯერ, 29 ოქტომბერს, ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კოზაკს, მიხაილ ბაბიჩს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროს ალექსეი ფილატოვს შეხვდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერისთვის პუტინთან შეხვედრა კრიტიკული მნიშვნელობისაა. ახალი კორონავირუსის შედეგად, აფხაზეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და რუსეთის დახმარების გარეშე ბჟანიას დე ფაქტო მთავრობას კრიზისის დაძლევის რესურსი არ გააჩნია. ბჟანიას იმედი აქვს, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვი საკმარის ფინანსურ დახმარებას დროულად გამოყოფს, რაც მას ეკონომიკური და შესაძლო შიდა პოლიტიკური გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს. პუტინთან შეხვედრა ბჟანიასთვის რეპუტაციულ მნიშვნელობასაც ატარებდა, რადგან რუსეთში წინა ხუთი ვიზიტის დროს მან ეს ვერ მოახერხა, რაც აფხაზეთში ეჭვებს აჩენდა, რომ კრემლი ბჟანიას არ წყალობდა. |