X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 64, 23 - 29 ნოემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

სირიული წყაროების მტკიცებით, სამხრეთ სირიის მოსახლეობიდან რუსეთი ქირაობს მებრძოლებს ვენესუელაში სამსახურისთვის. ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში, აღნიშნული მებრძოლების ამოცანას, სავარაუდოდ, „ნავთობის ინფრასტრუქტურის დაცვა“ წარმოადგენს.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა, 27 და 29 ნოემბერს, საჰაერო იერიშები განახორციელეს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ, იდლიბის რეგიონში.

ომი უკრაინაში - დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 24 ნოემბერს, ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

24 ნოემბერს, იაპონიის ზღვაში, ჰქონდა ადგილი ინციდენტს  აშშ-ს საესკადრო ნაღმოსან „ჯონ ს. მაკკეინსა“ და რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I“  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსან „ადმირალ ვინოგრადოვს“ შორის. რუსების მტკიცებით, ამერიკულმა ნაღმოსანმა, რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია ვლადივოსტოკის სამხრეთით და ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსული გემი მას დაჯახებით დაემუქრა. ამერიკელების განცხადებით, რუსული ვერსია სიყალბეა და რეალურად „ჯონ ს. მაკკეინი“  მოქმედებდა საერთაშორისო წყლებში და რუსულ გემს ის არსაიდან გაუძევებია.

28 ნოემბერს, ბრიტანულმა გამანადგურებლებმა, ჩრდილოეთის ზღვაში გადაიჭირეს ორი რუსული Tu-142 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო ბრძოლის თვითმფრინავი. რუსული საფრენი აპარატები ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს ჩრდილოეთიდან მიუახლოვდნენ.  ასევე 28 ნოემბერს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გადაიჭირა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

27 ნოემბერს, ახალი, პროექტი 22160 კლასის დიდი ზომის საპატრულო კატარღა „პაველ დერჟავინი“ შეუერთდა შავი ზღვის ფლოტს. ხსენებული მცურავი საშუალების დისლოკაციის ადგილად ნოვოროსიისკის საზღვაო  ბაზა განისაზღვრა.

პაველ დერჟავინი

რუსეთმა დაიწყო  სამხრეთის სამხედრო ოლქის საარტილერიო დანაყოფების Msta-SM ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებით გადაიარაღება.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში) 108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის (ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე) მე-2 სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი გადაიარაღდა 31 ერთეული BMD-4M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანითა და 8 ერთეული BTR-MD რაკუშკა-ს ტიპის მცურავი ჯავშანტრანსპორტიორით. 2016 წლის შემოდგომის შემდგომ, ეს უკვე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეცხრე ბატალიონია, რომელიც აღნიშნული ტიპის ჯავშნიანი მანქანებით გადაიარაღდა.

108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკისთვის ახალი ტექნიკის გადაცემის ცერემონია 

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსულმა სახელმწიფო მედიამ, პირველწყაროს მითითების გარეშე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალჟირი დათანხმდა 3 ერთეული რუსული “სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტის შეძენას.

არაოფიციალური რუსული წყაროს მტკიცებით, სომხეთმა რუსეთისგან შეიძინა 4 ერთეული Pantsir-S ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის მიწოდებაც 2020 წლის ბოლოს დაიწყება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.