X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 21

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N21

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 ნოემბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

მთავარი მოვლენები:

  • მოლდოვის ახალარჩეული პროდასავლური პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ითხოვს.
  • რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული.
  • სერგეი ლავროვი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა.
  • კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა და მეოთხე მართლმადიდებელი ეკლესია გახდა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
  • რუსეთის დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კრემლის „რბილი ძალის“ გამოყენებას ახლო საზღვარგარეთში ახალი დანაყოფი უზრუნველყოფს.

 

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ითხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ პროდასავლურ კანდიდატ მაია სანდუს გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა.

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ. წყარო: TASS

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველ ტურში ხმების 36.16% ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“) მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა (ფორმალურად, დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა პრორუსული სოციალისტური პარტიის არაფორმალური ლიდერი) კი - 32.61%. 15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 57.75% მიიღო. სანდუს ინაუგურაცია 24 დეკემბერს გაიმართება.

პუტინის მილოცვა

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტი დოდონი იყო, მეორე ტურის დამთავრებიდან მალევე, პუტინმა სანდუს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ სანდუს საქმიანობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონსტრუქციულ განვითარებას შეუწყობდა ხელს. სანდუმ პუტინს მადლობა გადაუხადა მოლდოვაში რუსეთის ელჩ ოლეგ ვასნეცოვთან შეხვედრის დროს.

სანდუს  გზავნილი - ეუთოს მისია რუსი სამშვიდობოების მაგივრად

30 ნოემბერს სანდუმ არჩეული პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ რუსეთთან დიალოგის  გამართვის საკითხზე ისაუბრა. სანდუს განცხადებით, დნესტრისპირეთში რუსული შეიარაღებული ძალების ორი ნაწილია განლაგებული: ერთი ნაწილი, რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფია, რომელიც მოლდოვის ტერიტორიაზე ყოველგვარი ოფიციალური შეთანხმების გარეშეა განთავსებული. ამიტომ ჯარების ეს ნაწილიც და ის შეიარაღება და საბრძოლო მასალა, რომელსაც ეს ნაწილი იცავს [სოფ. კოლბასნაში], უნდა გავიდეს. მეორე ნაწილი სამშვიდობო ძალებია, რომლებიც 1992 წლის 21 ივლისის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან მოლდოვაში. სანდუს აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად არ არის კონფლიქტის განახლების საფრთხე, დნესტრისპირეთიდან რუსული მშვიდობისმყოფელები უნდა გავიდნენ და ის ეუთოს ეგიდით მოქმედმა სამოქალაქო სამშვიდობო მისიამ უნდა ჩაანაცვლოს. [ამჟამად კონფლიქტის ზონაში მშვიდობას უზრუნველყოფს 402 რუსი სამხედრო, 492 წარმომადგენელი დნესტრისპირეთიდან, 355 მოლდოველი სამხედრო და 10 სამხედრო დამკვირვებელი უკრაინიდან].

სანდუმ ამ დღეებში ასევე განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის რუსული გაზის დავალიანებას. დავალიანება 1990-იანი წლების შემდეგ დაგროვდა და მილიარდობით აშშ დოლარს შეადგენს. ამდენი ხნის განმავლობაში დნესტრისპირეთი რუსეთიდან გაზს ისე იღებს, რომ ამისთვის საფასურს არ იხდის.

რუსეთის რეაქცია

სანდუს მოსაზრების პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის კონფლიქტში „ძალიან მნიშვნელოვან როლს“ ასრულებს და „სტატუს-კვოს შეცვლამ“ შესაძლოა „სერიოზული დესტაბილიზაცია“ გამოიწვიოს. პესკოვის თქმით, სანდუს მოსკოვთან წინასწარ არ განუხილავს რუსი სამშვიდობოების ეუთოს დამკვირვებლებით შეცვლის წინადადება. პესკოვის შეფასებით, დოდონთან დიალოგი გაცილებით კონსტრუქციული იყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვის პროდასავლური პრეზიდენტის ხელში მკვეთრად გაუმჯობესდება ურთიერთობა დასავლეთთან, გაიზრდება დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭერაც, თუმცა ახალ პრეზიდენტს გაუჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც კრემლში არ იზიარებენ. ამის მიზეზი მოლდოვაზე რუსეთის მძლავრი გავლენაა, კერძოდ, მოლდოვის პარლამენტში პრორუსულ ძალებს საკმაო გავლენა აქვთ და მოლდოვის ეკონომიკური კავშირებიც რუსეთთან ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

 

რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 24 ნოემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრების დროს განიხილა.

სერგეი ლავროვის შეხვედრა ილჰამ ალიევთან. წყარო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოვლენა დეტალურად: სამი ქვეყნის ლიდერს შორის საუბრის მთავარი თემა, სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებასთან ერთად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების, ეკონომიკური და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის საკითხები იყო.

პუტინის გარდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული სხვა რუსი მაღალჩინოსნებიც. ყველაზე მაღალი დონის ვიზიტი 21 ნოემბერს შედგა ერევანსა და ბაქოში, როდესაც რუსეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია ორივე ქვეყანას. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილე (ალექსეი ოვერჩუკი და ალექსანდრ ნოვაკი), თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვ.

9-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება

9 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსება დაიწყო. უკვე 10 ნოემბრიდან 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი განლაგდა უშუალოდ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში. ამ ეტაპზე რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების 23 პოსტია განთავსებული.

რუსეთის სამშვიდობო ძალების პოსტების განლაგება. წყარო: РИА Новости

რუსეთის მონიტორინგით მიმდინარეობდა შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაც, რომელიც აზერბაიჯანისთვის ოკუპირებული რაიონების მშვიდობიან გადაცემას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანმა უკვე დაიბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და 1 დეკემბერს - ლაჩინის რაიონი. მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის 5-კილომეტრიანი დერეფნის უსაფრთხოებას კი რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები

  • 18 ნოემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის პროვოცირებაში დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას დასდო ბრალი. ნარიშკინის შეფასებით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან განდევნის მიზნით, კვლავ განახლდეს კონფლიქტი მთიან ყარაბაღში. მისი თქმით, აღნიშნული ძალები ცდილობენ სომხები დაარწმუნონ, რომ მთიან ყარაბაღში „მშვიდობა ერევნის დამარცხებაა“ და ავითარებენ იდეას, რომ აუცილებელია „გამარჯვებამდე ბრძოლა“. აზერბაიჯანელებს კი არწმუნებენ, რომ კრემლმა მათ „გამარჯვება მოპარა“.
  • 20 ნოემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, სომხური მხარის თხოვნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების დამატებითი ძალები განთავსდებიან, სულ - 188 სამხედრო მოსამსახურე, შესაბამის ტექნიკასთან ერთად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის 9-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ხშირ ურთიერთობაშიც აისახება. მოსკოვი ცდილობს, შეთანხმების ყველა პუნქტი უკლებლივ შესრულდეს, რაც მას წარმოაჩენს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების კუთხით მნიშვნელოვანი როლისა და დადებული შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფა შეუძლია.

 

სერგეი ლავროვი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 26 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მინსკს ეწვია და ბელარუსის ბრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

სერგეი ლავროვის შეხვედრა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. წყარო: ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: შეხვედრის დროს ლუკაშენკომ ლავროვს განუცხადა, რომ ბელარუსს სურს რუსეთთან ჰქონდეს „ძალიან ახლო, ძმური ურთიერთობები“. მისი თქმით, მინსკი ასევე მზად არის მოსკოვთან ერთად გადალახოს მსოფლიოში არსებული პრობლემები, დაწყებული პანდემიით და დამთავრებული აშშ-ის პრეტენზიებით „ერთპიროვნულ მმართველობაზე“. ლავროვმა პირისპირ შეხვედრა გამართა მის კოლეგა ვლადიმირ მაკეისთანაც.

ლავრომმა მაკეისთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი აშშ-ს და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ბელარუსის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში. ლავროვის თქმით, „დასავლეთი ე.წ. ფერადი რევოლუციების ბინძურ მეთოდებს იყენებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას, ღიად ანტისამთავრობო ძალების მხარდაჭერას და მათ რადიკალიზაციას“. დასავლეთს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევაში ბრალი დასდო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმაც. ლუკაშენკოს თქმით, მის საწინააღმდეგო დემონსტრაციების უკან დასავლეთის ქვეყნები არიან, რომლებსაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურთ.

პოლიტიკური კონტექსტი: ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შემდეგადაც მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთმა ლუკაშენკო ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარა და ლუკაშენკოს და ბელარუსს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ბელარუსის ლიდერს დახმარების ხელი მხოლოდ რუსეთმა გაუწოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი მოკლევადიან პერსპექტივაში ბელარუსში ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მთავარ საფრთხედ დასავლეთის ჩარევას მიიჩნევს. რუსეთის მიზანია, ბელარუსში უწყვეტი ანტისამთავრობო გამოსვლებისა და საგარეო ზეწოლის პირობებში, ლუკაშენკოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს და პერსპექტივაში ბელარუსის ხელისუფლებაში ცვლილებები მოსკოვის პირობებით უზრუნველყოს.

 

კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 25 ნოემბერს კვიპროსის ეკლესიის სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

მოვლენა დეტალურად: კვიპროსის ეკლესიის სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ეკლესიის მეთაურის, მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებას, ლოცვებში მოიხსენიოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ეპიფანე დუმენკო. სინოდი უკრაინის ეკლესიის საკითხს ორი დღე, 23 და 25 ნოემბერს, განიხილავდა. საბოლოოდ, უკრაინის ეკლესიის საკითხში მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სინოდის ათმა წევრმა, ექვსი წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.

ქრიზოსტომოს II-მ ეპიფანე დუმენკო ლიტურგიის დროს ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს შორის პირველად 24 ოქტომბერს მოიხსენია, რამაც სინოდის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილება გამოიწვია. 20 ნოემბერს რუსეთის ეკლესიის სინოდმა კავშირები გაწყვიტა კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის 26 ივლისს, კვიპროსის ეკლესიის მეთაური რუსეთის პატრიარქ კირილს არწმუნებდა, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას იზიარებდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი აღიარება

2018 წლის 5 დეკემბერს არაღიარებული უკრაინული ეკლესიების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. 2019 წლის 5 იანვარს სტამბოლში ხელი მოეწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოს, რომელიც 6 იანვარს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა. მოგვიანებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს ელადისა (2019 წლის 12 ოქტომბერი) და ალექსანდრიის (2019 წლის 8 ნოემბერი) მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც. დღეისთვის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან მხოლოდ ოთხი აღიარებს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ეთანხმება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შედის და მაღალი ავტონომიით სარგებლობს. რუსული ეკლესიის პოზიციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და შემდგომში სხვა ბერძნული ეკლესიების გადაწყვეტილებებმა მართლმადიდებელ სამყაროში სერიოზული ბზარი გააჩინა. რუსულმა ეკლესიამ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს, კავშირი ოფიციალურად გაწყვიტა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა თავს იკავებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან, მათ შორის, რუსეთის ეკლესიის პოზიციის გამოც, კვიპროსის ეკლესიის გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მორიგი გამარჯვებაა, რაც დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ბერკეტს იყენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრევენციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჯერ მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დაახლოებულმა ეკლესიებმა აღიარეს, ეს მაინც ქმნის საფრთხეს, რომ მამავალ წლებში მათ უფრო მეტმა ეკლესიამ მიბაძოს, რაც რუსეთის ეკლესიის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმა იქნება.

 

სტრუქტურული ცვლილებები „Россотрудничество“-ში

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 ნოემბერს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტოში (Россотрудничество) სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 25 ივნისს სააგენტოს თავმჯდომარედ ევგენი პრიმაკოვი დაინიშნა, რომელმაც პირველივე დღეს ცვლილებების შესახებ განაცხადა. მან დანიშვნისთანავე სააგენტოს წინა ხელმძღვანელობა არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა და სააგენტოს რეფორმირების შესახებ განაცხადა. მან ამ პოსტზე ელეონორა მიტროფანოვა შეცვალა.

სააგენტოს ახალი სტრუქტურა 2020 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა. სტრუქტურული ცვლილების შედეგად, გაუქმდა დსთ-ის საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის სამმართველო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებდა. გაუქმებულ სამმართველოში შედიოდა სამხრეთ კავკასიის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილებაც. ახალი სტრუქტურით, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართულებით საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო იმუშავებს, რომლის უფროსი ვალერი პლატონოვია. სამმართველოს შემადგენლობაში შედის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების განყოფილება, რომლის უფროსიც ალექსანდრ პავლოვია.

ორგანიზაციის მომავალ გეგმებზე პრიმაკოვმა 17 ნოემბერს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელი „Россотрудничество“ უნდა დარჩეს ოფიციალურ სახელად, თუმცა უნდა შეიქმნას „სახალხო“ სახელიც, რომლის წარმოთქმაც უფრო ადვილი იქნება. ასევე უნდა შეიცვალოს მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრების სახელი, რომელიც ასევე რთულად წარმოსათქმელია. პრიმაკოვის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობაში პრიორიტეტული რეგიონი ახლო საზღვარგარეთი იქნება.


ევგენი პრიმაკოვის პრესკონფერენცია, 2020 წლის 17 ნოემბერი. წყარო: Россотрудничество-ს ვებგვერდი

სააგენტოს საქმიანობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოება და „რბილი ძალის“ გამოყენებით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენაა. 2008 წლის 6 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან მოკლე პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსული ცენტრის (Росзарубежцентр) მაგივრად, რომელიც 1994-2008 წლებში საქმიანობდა, ახალი უწყება ჩამოყალიბდა – დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო. სააგენტოს დაფუძნების ძირითადი მიზანია ახლო და შორეულ საზღვარგარეთში რუსეთის გავლენის გაზრდა.

ფედერალური სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ჰუმანიტარული თანამშრომლობა, საზოგადოებრივი დიპლომატია და საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერა. საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის გამო, საქართველოში სააგენტოს საქმიანობა შეზღუდულია, თუმცა თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საშუალებით, სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას აფინანსებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

ვინ არის ევგენი პრიმაკოვი?

პრიმაკოვი (ევგენი პრიმაკოვი უმცროსი) ცნობილი საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის შვილიშვილია. პრიმაკოვს მდიდარი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მისი ფსევდონიმი იყო ევგენი სანდრო. 2011-2014 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში მუშაობდა. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საპრეზიდენტო კანდიდატ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 2018 წლის 9 სექტემბერს სარატოვის ოლქიდან მე-7 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს. სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტისა და სახელისუფლო ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ წევრი იყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ენერგიულად დაიწყო ცვლილებები. მისი მმართველობის პერიოდში მოსალოდნელია კრემლის „რბილი ძალის“ გააქტიურება ახლო საზღვარგარეთში, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც სააგენტოს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.