X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 22

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N22

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 დეკემბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
  • რუსეთში ყოფილი ფეხბურთელი უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
  • ლატვიაში, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ფარგლებში, საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-სთან დაკავშირებული ჟურნალისტები დააკავეს.
  • ყაზახეთში რუსი დეპუტატის განცხადება ყაზახეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიად აღიქვეს.
  • უზბეკეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო.
  • ბელარუსი, ლიეტუვის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერის პასუხად, კლაიპედის პორტიდან ტვირთების ექსპორტს წყვეტს.
  • რუსეთი, ამერიკული სანქციების მიუხედავად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულებას 2021 წლისთვის გეგმავს.

 

რუსეთმა მოკავშირეებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 2 დეკემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ონლაინკონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ონლაინკონფერენცია. წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ორგანიზაციის ონლაინკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა სომხეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება შეძლონ. პუტინის განცხადებით, „სომხეთის ლიდერები და პირადად მთავრობის თავმჯდომარე იძულებული იყვნენ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა სომეხი ხალხისთვის აუცილებელი. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი, რაც პრემიერ-მინისტრისგან ვაჟკაცობას მოითხოვდა“.

9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აზერბაიჯანმა 44-დღიანი ომის შედეგად დაბრუნებული ტერიტორიების გარდა, შეთანხმების ძალით, დანარჩენი ოკუპირებული რაიონებიც დაიბრუნა (მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ტერიტორიის გარდა). შეთანხმების ხელმოწერის დღიდან არ წყდება ფაშინიანის საწინააღმდეგო გამოსვლები, სადაც მის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიცია და პროტესტანტები ფაშინიანს ღალატში სდებენ ბრალს.

[კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.]

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სომხეთის შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის შემთხვევაში, 9 ნოემბრის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს, რაც სამხედრო დაპირისპირების განახლების რისკს შექმნის და რუსეთის, როგორც შუამავლის რეპუტაციას შეარყევს. ამიტომაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გარკვეული დროით შეინარჩუნოს ძალაუფლება და სრულად უზრუნველყოს 9 ნოემბრის შეთანხმების შესრულება.

 

რუსეთში უკრაინელი ჯაშუში გაასამართლეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქესა და ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს ვასილ ვასილენკოს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ვასილ ვასილენკოს სასამართლო პროცესი. წყარო: TASS

მოვლენა დეტალურად: ვასილენკო 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს. თავდაპირველად მას სახიფათო მასალების, იარაღისა და კულტურის ღირებული ნივთების კონტრაბანდაში, საბოლოოდ კი ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ვასილენკო 1992-2001 წლებში უკრაინულ გუნდებში: „ტავრიაში“, „ტორპედოსა“ და „დრუჟბაში“ თამაშობდა.

2020 წელს ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინისა და რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთი პირი დააკავეს:

  • 31 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის უკრაინელ ოფიცერსა და ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს შორის არსებული საიდუმლო საკომუნიკაციო არხი გაშიფრეს.
  • 14 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა.
  • 15 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოკუპირებულ ყირიმში უკრაინული დაზვერვის „საბოტაჟისა და ტერორისტული“ ჯგუფი გამოააშკარავა, მათ შორის,  რუსი სამხედრო ოფიცერი ქალი, რომელიც, მათი განცხადებით, „სახელმწიფო საიდუმლოებას“ უკრაინის სამხედრო დაზვერვას 2017-2018 წლებში აწვდიდა.
  • 6 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული „თანამედროვე სარაკეტო სისტემების“ შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაშია ეჭვმიტანილი.
  • 22 ივნისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით კურსკის ოლქში შს სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი ბორზენკოვი დააკავა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

 

ლატვია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას აგრძელებს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 3 დეკემბერს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა, დაკითხა და გაჩხრიკა და ჟურნალისტებს, რომლებიც რუსულ საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-სთან დაკავშირებულ გამოცემებთან - „Sputnik“ და „Baltnews“-თან თანამშრომლობდნენ, ბრალი წაუყენა.

მოვლენა დეტალურად: ექვსი ჟურნალისტი დაკავების შემდეგ დაკითხეს და მოგვიანებით გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ შორის არის „Baltnews“-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ანდრეი იაკოვლევი. ჟურნალისტები სისხლის სამართლის საქმეში არიან ეჭვმიტანილები.

ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების პოზიცია

საქმე აღძრულია ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევის მუხლით. სანქციები დაწესებულია „Россия сегодня“-ს გენდირექტორის დიმიტრი კისილიოვის წინააღმდეგ. მათი შეფასებით, ეჭვმიტანილებმა სანქციების ქვეშ მყოფ პირს (კისილიოვს) გადასცეს „სამეურნეო რესურსები“. კისილიოვი ევროკავშირის სანქციების სიაშია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროპაგანდის გამო. გამოძიება იანვრიდან მიმდინარეობს.

ბრძოლა რუსულ მედიასთან

2020 წლის 30 ივნისს ლატვიის ელექტრონული მედიის ნაციონალურმა საბჭომ შვიდი რუსული სატელევიზიო არხის მაუწყებლობა აკრძალა. საბჭოში გადაწყვეტილების დასაბუთებისას განაცხადეს, რომ ეს არხები რუსი პროპაგანდისტის - დიმიტრი კისილიოვის „კონტროლისა და ერთპიროვნული მეთვალყურეობის ქვეშ არის“. აკრძალვა შეეხო შემდეგ არხებს: „RT“, „RT HD“, „RT Arabic“, „RT Spanish“, „RT Documentary HD“, „RT Documentary“, „RT TV“, რომლებიც, ლატვიის სპეცსამსახურების შეფასებით, დასავლეთში კრემლის პროპაგანდის ყველაზე გავლენიანი არხებია. გარდა ამისა, მათი შეფასებით, „RT“ ლატვიას წარმოაჩენს, როგორც წარუმატებელ ქვეყანას.

რუსეთის რეაქცია

რუსეთის ფედერაციის დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს დირექტორის ევგენი პრიმაკოვის განცხადებით, სააგენტო მზად არის მხარი დაუჭიროს ჟურნალისტებს. ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხზე სიჩუმე კი მან ლატვიის ხელისუფლების მხარდაჭერად შეაფასა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების დაკავებას „სადამსჯელო ღონისძიება“ უწოდა, რაშიც რუსოფობიური კონტექსტი დაინახა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსული სატელევიზიო არხები კრემლის საგარეო პოლიტიკის გავლენიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რომელსაც კრემლი დასავლეთის, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის პროდასავლური ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. ამის გამო ლატვიაში რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის აკრძალვით ქვეყნის შიგნით რუსული საინფორმაციო გავლენის შესუსტებას გეგმავენ.

 

რუსი დეპუტატის განცხადებაში ყაზახეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები დაინახეს

მთავარი მოვლენა: რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვიაჩესლავ ნიკონოვის სიტყვების გამო, რომელმაც ყაზახეთის ტერიტორიებს „რუსეთის საჩუქარი“ უწოდა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს.

ვიაჩესლავ ნიკონოვი „პირველი არხის“ გადაცემაში. წყარო: კადრი გადაცემიდან

მოვლენა დეტალურად: რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ნიკონოვმა, 10 დეკემბერს რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემაში „დიდი თამაში“ მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი ყაზახეთს, ფაქტობრივად, რუსეთმა აჩუქა. ნიკონოვის თქმით, „ყაზახეთი უბრალოდ არ არსებობდა, ჩრდილოეთ ყაზახეთი საერთოდ არ იყო დასახლებული. ისინი [ყაზახები] არსებობდნენ, მაგრამ უფრო - სამხრეთით. არსებითად, ყაზახეთის ტერიტორია - ეს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მხრიდან დიდი საჩუქარია“.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „ყაზახეთთან მიმართებაში ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის გახშირებული პროვოკაციული გამოხდომები სერიოზულ ზიანს აყენებს მოკავშირეთა ურთიერთობებს.“

პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გამოთქვა. 2020 წლის 21 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხის - „Россия 1“-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი - „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს კავშირში შემავალმა ბევრმა რესპუბლიკამ რუსეთის მიწების უზარმაზარი ნაწილი და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო“. პუტინის შეფასებით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დროს, თითოეული რესპუბლიკა იმ ტერიტორიებით უნდა გასულიყო, რითაც კავშირში შევიდა და „არ უნდა წაეყოლებინათ საჩუქარი რუსი ხალხისგან“. პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი რესპუბლიკა და რომელი ტერიტორიები იგულისხმა, თუმცა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ხელშეკრულებაში გაწერილი იყო კავშირიდან გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები“. პუტინის განცხადება ყირიმის კონტექსტში იყო ნათქვამი, თუმცა პუტინის შეფასება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არაერთგვაროვნად იყო აღქმული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური რუსები მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა შესაბამისი პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა მათ ტერიტორიაზეც გადადგას. ყაზახეთში კარგად იციან რუსეთში ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ქვეყნის ამ ნაწილს რუსულენოვან სამყაროს მიაკუთვნებს. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან მსგავს ტერიტორიულ პრეტენზიებზე ყაზახეთში მტკივნეულად რეაგირებენ.

 

უზბეკეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 დეკემბერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, დამკვირვებლების სტატუსით უზბეკეთი და კუბა მიიღეს.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვიდეოკონფერენცია. წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: უზბეკეთის დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ 2016 წელს ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. კარიმოვისგან განსხვავებით, რომელიც უფრო იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებდა, ახალი პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაზაფხულზე უზბეკმა კანონმდებლებმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

ორგანიზაციის შესახებ

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საერთაშორისო ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. რუსეთის გარდა, ორგანიზაციის წევრები რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოები არიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. დამკვირვებლის სტატუსი აქვს მოლდოვას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მიღება რუსეთისთვის ერთგვარი გზავნილია, რომ უზბეკეთი იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკაზე უარს ამბობს. რუსეთის ხედვით, მსგავს პოზიტიურ გზავნილებს მოჰყვება თანამშრომლობის განვითარება არა მარტო ეკონომიკის, არამედ პოლიტიკის მიმართულებითაც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უზბეკეთისთვის: უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, მის წინამორბედი ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა. მირზიოევის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად არის იზოლაციონისტური და რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით, განსაკუთრებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ეკონომიკური სარგებელის მიღებას იმედოვნებს.

 

ბელარუსი ლიეტუვის პორტებიდან ტვირთების ექსპორტს წყვეტს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 დეკემბერს ლიეტუვური ნავთობის კომპანია „Klaipėdos Nafta“-მ გაავრცელა განცხადება, რომ „ბელარუსის ნავთობკომპანიის“ შვილობილი საწარმო „BNK (UK) Limited“ კლაიპედის პორტიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტს წყვეტს.

ბალტიისპირეთის პორტები. წყარო: tut.by

მოვლენა დეტალურად: ლიეტუვური კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე აღარ იგეგმება ნავთობპროდუქტების ექსპორტი ახალი კონტრაქტებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ ტენდერებში კლაიპედას პორტი არ იქნება მითითებული გაყიდვის პუნქტად.

პოლიტიკური კონტექსტი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობას სავაჭრო ნაკადების ბალტიისპირეთის პორტებიდან რუსეთში გადატანის საკითხის მომზადება მას შემდეგ დაავალა, რაც დასავლეთმა და, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო ლუკაშენკო მწვავედ გააკრიტიკეს და სანქციები დაადეს. პირველ რიგში, ლუკაშენკო აპირებს უარი თქვას ტვირთების ექსპორტზე კლაიპედის პორტიდან. პოტენციურ პორტებად კი სანქტ-პეტერბურგისა და უსტ-ლუგას პორტები განიხილება. ბელარუსი წლიურად 10-11 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს, მათ შორის, 6 მლნ ტონის ექსპორტი ბალტიისპირეთის პორტებიდან გადის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში არჩევნების შემდეგ ლიეტუვა ლუკაშენკოს მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა. წლების განმავლობაში ენერგოსფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ლიეტუვიდან რუსეთში გადამისამართება უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს, რაც ლიეტუვის მხრიდან ლუკაშენკოს ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერით არის განპირობებული.

 

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის მშენებლობა განაახლა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 დეკემბერს რუსული ენერგოგიგანტის - „გაზპრომის“ წარმომადგენელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: სამუშაოების განახლება გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდება. მილსადენის მშენებელი გემი „ფორტუნა“ მილსადენის 2.6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას 5-31 დეკემბრის პერიოდში განახორციელებს. მილსადენის მშენებლობა განახლდა გერმანიაში აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების მიუხედავად, რომ მილსადენის მშენებლობა შეეჩერებინათ. შეფერხების გამო პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა 2020 წლის დასაწყისში, თუმცა მოსკოვში იმედოვნებენ, რომ 2021 წლის დასაწყისში პროექტი დასრულდება.

ამერიკული სანქციები

გაზსადენის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ აქტიურად ლობირებს უკრაინა, რომელსაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს აშშ. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციები 2019 წლის დეკემბერში დაწესდა. სანქციების გამო შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas) პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ სანქციები გაფართოვდა და მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა პროფილის კომპანიებმა ამერიკული სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. ვაშინგტონის პოზიციის საპასუხოდ რუსეთში განაცხადეს, რომ ისინი თავისი ტექნიკური რესურსებით დაასრულებდნენ პროექტს.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მარშრუტი. წყარო: „გაზპრომის“ ვებგვერდი

რატომ არის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი რუსეთისთვის:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ დასრულება რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინაზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დამოკიდებულება უახლოეს წლებში მინიმუმამდე შეამციროს და რუსული გაზის მთავარ მომხმარებელ გერმანიასთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს. 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.