X

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი: გამოშვება 2: 2019 წლის 1 აგვისტო- 2020 წლის 15 დეკემბერი

ავტორი: დავით ბატაშვილი

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგის პირველ გამოშვებაში ჩვენ დავფარეთ რუსეთის სამხედრო სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები, რომელიც მოხდა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე. მას შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ასეთი ცვლილებების მონიტორინგი. მის შედეგებს ჩვენ ავსახავთ ჩვენს ყოველკვირეულ რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვაში და ასევე ვაჩვენებთ რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე, რომელსაც რეგულარულად ვამატებთ ახალ მონაცემებს.

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგის მეორე გამოცემა წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე მომხდარი ცვლილებების შეჯამებას.

რონდელის ფონდი შემდგომშიც გააგრძელებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.

 

რუსეთისგან დაშორებული რეგიონები*

რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. მათ შორის, ის დაკავებული იყო სირიაში მისი სამხედრო ბაზების განვითარებითა და გაფართოებით, და ასევე მოიპოვა ახალი საზღვაო ბაზა წითელი ზღვის სანაპიროზე, სუდანში.

სირიაში რუსებმი ავითარებდნენ ხმეიმიმის საჰაერო ბაზასა და ტარტუსის საზღვაო ბაზას. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს რუსებმა განაცხადეს ხმეიმიმის ბაზაზე ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ, რაც, მათ შორის, დახურული ანგრების აშენებას მოიცავდა. ერთი თვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ამ ბაზის გაფართოების შესახებ, მათ შორის ის, რომ შენდებოდა მეორე ასაფრენი ზოლი, რათა ბაზამ მეტი თვითმფრინავის მომსახურება შეძლოს.  2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ “სირიის ხელისუფლება დათანხმდა რუსეთისთვის დამატებითი მიწისა და სანაპირო წყლების გადაცემას,“ ხმეიმიმის საჰაერო ბაზის გაფართოებისთვის. 2019 წლის აგვისტოში რუსული მედია იტყობინებოდა ტარტუსის საზღვაო ბაზაზე ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ. მისი ინფორმაციით, ბაზა მალე მიიღებდა გემების სარემონტო კომპლექსს, ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ რუსული სამხედრო გემებისთვის. აღნიშნული ობიექტი 2019 წლის ოქტომბერში ამოქმედდა.

2019 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთი სირიის უმეტესი ნაწილიდან ამერიკული სამხედრო ძალების გასვლა რუსეთმა იქ თავისი სამხედრო გავლენის გასაფართოებლად გამოიყენა. 2019 წლის ნოემბერში რუსებმა ქამიშლის აეროპორტში სამხედრო შვეულმფრენები და პანცირის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განალაგეს. აღნიშნული აეროპორტი სირიაში რუსული სამხედრო ბაზების რიცხვს შეუერთდა. რუსებმა ჩრდილოეთ სირიაში სხვა ბაზების გამოყენებაც დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ამერიკელი სამხედროები იყენებდნენ, მათ შორის სარინის აეროპორტის.

2020 წლის ნოემბრისთვის რუსეთმა სუდანთან შეთანხმებას მიაღწია ამ ქვეყანაში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ. ის ქალაქ პორტ-სუდანში იქნება განლაგებული. შეთანხმებას ოფიციალურად ხელი მოეწერა 2020 წლის 8 დეკემბერს. ბაზა რუსეთს სულ მცირე 25 წლით გადაეცა, შესაძლო შემდგომი 10-წლიანი გაგრძელებებით. სუდანთან შეთანხმების პირობების მიხედვით, რუსეთს შეუძლია ბაზაზე ერთდროულად მაქსიმუმ 4 სამხედრო გამი და 300 სამხედრო მოსამსახურე განალაგოს.

 

უკრაინის მიმართულება

წინა ოთხი წლის მანძილზე უკრაინის საზღვართან სამი ახალი მექანიზებული დივიზიის შექმნის შემდეგ, 2019 წლის მეორე ნახევარში და 2020 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ არეალში დამატებით სტრუქტურულ ცვლილებებს ახორციელებდნენ.

2020 წლის ივნისში რუსებმა დაასრულეს ვორონეჟის ოლქში ახალი სპეცდანიშნულების გაძლიერებული ასეულის ფორმირება. ის მე-20 არმიას (შტაბი - ვორონეჟში) ექვემდებარება. ასეული ჩამოყალიბების პროცესში 2018 წლის დეკემბრიდან იყო.

მე-4 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - როსტოვში) 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი - როსტოვში) 1536-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (როსტოვი) 2019 წლის სექტემბერში შეიარაღდა ს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით, ს-300პმ სისტემების ნაცვლად.

მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - სანქტ-პეტერბურგში) 32-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი-რჟევში, ტვერის ოლქი) 108-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ვორონეჟი) 2019 წლის ნოემბერში შეიარაღდა ს-300პმ2 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით, ს-300პმ სისტემების ნაცვლად.

2020 წლის აპრილისთვის დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნა მე-8 არმიის (შტაბი - ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) მე-20 მექანიზებულ** ბრიგადაში (ვოლგოგრადი).

2020 წლის ოქტომბერში დაახლოებით ათი დრონების საწინააღმდეგო ელექტრონული ბრძოლის ჯგუფი შეიქმნა მე-20 არმიის (შტაბი - ვორონეჟში) ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, მოსკოვის, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე ნაწილებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიაზმაში (სმოლენსკის ოლქი), დვოევკას საჰაერო ბაზაზე განლაგებული 378-ე საარმიო ავიაციის ბაზა შვეულმფრენთა ცალკეულ პოლკად გარდაიქმნა. ის  შედის მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიაში (შტაბი - სანქტ-პეტერბურგში). კიდევ ერთი წყაროს მიხედვით, ამ  შენაერთის სახელწოდებაა 440-ე შვეულმფრენთა ცალკეული პოლკი.

2020 წლის მარტში რუსეთის საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში არსებული ორივე კა-31რ ტიპის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის შვეულმფრენი გადაეცა 318-ე შერეულ საავიაციო პოლკს (კაჩას საჰაერო ბაზა, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა). მანამდე ეს ორი შვეულმფრენი მოქმედებდა ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში, თუმცა ოფიციალურად ეკუთვნოდა 859-ე საზღვაო ავიაციის საჰაერო ეკიპაჟების სწავლებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრს (ეისკის საჰაერო ბაზა, კრასნოდარის მხარე).

2020 წლის 14 აგვისტოს რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, 318-ე შერეული საავიაციო პოლკის (კაჩას საჰაერო ბაზა, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) შემადგენლობაში 2019 წლის გაზაფხულზე ფორპოსტის ტიპის სადაზვერვო დრონების ესკადრილია ჩამოყალიბდა.

პროექტი 21631 კლასის კორვეტი ინგუშეტია და პროექტი 22160 კლასის დიდი საპატრულო გემი პაველ დერჟავინი შავი ზღვის ფლოტს შეუერთდნენ, შესაბამისად, 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის ნოემბერში. ინგუშეტიას მუდმივი ბაზა არის სევასტოპოლში, ხოლო პაველ დერჟავინის - ნოვოროსიისკში. 2019 წლის 28 დეკემბერს რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალებს შეუერთდა პროექტი 12700 კლასის ტრალერი ვლადიმირ ემელიანოვი, რომელიც ასევე შავი ზღვის ფლოტში შევიდა. 

2019 წლის ოქტომბერში პროექტი 61 კლასის საესკადრო ნაღმოსანმა სმეტლივიმ დაასრულა სამსახური რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალებში და გავიდა შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობიდან.

შესწორება: ჩვენს პირველ გამოშვებაში ეწერა, რომ 2019 წელს მე-20 არმიის (შტაბი - ვორონეჟში) 144-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბი - ელნიაში, სმოლენსკის ოლქი) შემადგენლობაში, ელნიაში შექმნილი ახალი სატანკო პოლკის სახელი იყო 228-ე სატანკო პოლკი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში აღნიშნული პოლკის სახელი არის 59-ე სატანკო პოლკი.

 

კავკასია

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის თვალსაზრისით კავკასიაში მთავარი მოვლენა, იმ პერიოდში რომელსაც ეს გამოშვება ფარავს, იყო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო გავლენის გაფართოება ყარაბაღში სამხედრო ბაზების მოპოვების მეშვეობით. ამის შედეგად, რუსეთს სამხედრო ბაზები უკვე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს. ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთმა აღადგინა მე-19 მექანიზებული დივიზია და, ასევე, გააძლიერა საზღვაო ქვეითების და საჰაერო-მობილური ძალები.

ცეცხლის შეწყვეტა, რომელმაც დაასრულა ყარაბაღის მეორე ომი (2020 წლის 27 სექტემბერი -9 ნოემბერი), მოსკოვის მონაწილეობით გაფორმდა. ზავის პირობებით, რუსეთმა ყარაბაღში სამშვიდობო მანდატის მქონე სამხედრო ძალები განალაგა. ამ ძალების გადასროლა 2020 წლის 10-20 ნოემბრის პერიოდში მოხდა. მათი ოფიციალური რაოდენობა არის 1960 სამხედრო მოსამსახურე. ამ ძალების ძირითადი კომპონენტია მე-2 არმიის (შტაბი - სამარაში) მე-15 მექანიზებული ბრიგადის (როშჩინსკი, სამარის ოლქი) 1-ლი და მე-2 მექანიზებული ბატალიონები. ამ რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბის განლაგების ადგილია ქალაქი სტეფანაკერტი/ხანკენდი. რუსული კონტინგენტი ყარაბაღში სულ მცირე 5 წლის მანძილზე დარჩება, შესაძლო შემდგომი 5-წლიანი გაგრძელებებით.

2020 წლის ივნისისთვის რუსებმა 58-ე არმიის (შტაბი - ვლადიკავკაზში) შემადგენლობაში მე-19 მექანიზებული დივიზია შექმნეს.  დეტალები ამ დივიზიის სტრუქტურის შესახებ 2020 წლის დეკემბრისთვის ჯერ ცნობილი არ იყო, თუმცა ის დანამდვილებით იყო შექმნილი მე-19 მექანიზებული ბრიგადის (სპუტნიკი, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია) საფუძველზე. მანამდე არაოფიციალურ წყაროებში გამოთქმული მოსაზრებებით, მე-19 დივიზიაში უნდა შესულიყო მე-19 მექანიზებული ბრიგადა, მე-4 სამხედრო ბაზა (მექანიზებული ბრიგადის ზომის შენაერთი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში) და სხვა ძალები, რომელიც დამატებით შეიქმნებოდა, მათ შორის ინგუშეთში.

სადაზვერვო ბატალიონი და კიდევ ერთი საზღვაო ქვეითთა ბატალიონი ჩამოყალიბდა კასპიის ფლოტილიის 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკის (ასტრახანი და კასპიისკი, დაღესტანი) შემადგენლობაში, შესაბამისად, 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის მაისში. მანამდე პოლკში უკვე შედიოდა ორი საზღვაო ქვეითთა ბატალიონი.

რუსულ წყაროებში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოავლინა საჰაერო-მობილური ჯგუფების არსებობა 58-ე არმიის (შტაბი - ვლადიკავკაზში) 42-ე მექანიზებულ დივიზიასა (შტაბი - ხანკალაში, ჩეჩნეთი) და 136-ე მექანიზებულ ბრიგადაში (ბუინაკსკი, დაღესტანი), და 49-ე არმიის (შტაბი - სტავროპოლში) 205-ე მექანიზებულ ბრიგადაში (ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე). შესაძლოა, საჰაერო-მობილური ჯგუფები შექმნილი იყოს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სხვა შენაერთებშიც, ისე რომ მათ შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია ჯერ არ აღმოჩნდა.

2020 წლის იანვარში სამხრეთის სამხედრო ოლქის სხვადასხვა ნაწილებში შეიქმნა დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები.

რუსულ მედიაში 2020 წლის 28 ივლისს გამოქვეყნებულ ცნობაში დაფიქსირდა  მაჰაჩყალას აეროპორტში (კასპიისკი, დაღესტანი) გამანადგურებელთა რგოლის არსებობა. აეროპორტში სამხედრო სექტორის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2021 წელს. 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაღესტანში სუ-30სმ ტიპის გამანადგურებლები მოქმედებდნენ.

შესწორება: ჩვენს პირველ გამოშვებაში ეწერა, რომ კასპიის ფლოტილიის შემადგენლობაში ბუკ-მ3 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ბატალიონი 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. სინამდვილეში, აღნიშნული ბატალიონი 2017 წლის ნოემბერში შეიქმნა.

 

ბალტიის რეგიონი

ბალტიის ზღვაზე რუსებმა გააგრძელეს კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში საკუთარი ძალების სხვადასხვა კომპონენტების გაძლიერება. ამასთან, მათ 2021 წელს კალინინგრადის ოლქში მექანიზებული დივიზიის შექმნის გეგმა გააჟღერეს.

2019 წლის აგვისტოში რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქმა გამოაცხადა ახალი შვეულმფრენთა ბაზის შექმნა ფინეთის ყურეში, ფინეთისა და ესტონეთის სანაპიროებს შორის მდებარე გოგლანდის კუნძულზე.

2019 წლის ოქტომბერში რუსების მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოავლინა მე-6 არმიის (შტაბი - აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) შემადგენლობაში სპეცდანიშნულების ნაწილის არსებობა.

მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - სანქტ-პეტერბურგში) მე-2 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი - სანქტ-პეტერბურგში) 1490-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ულიანოვკა, ლენინგრადის ოლქი) 2020 წლის თებერვალში სრულად შეიარაღდა ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.

2019 წლის ნოემბერში რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის 132-ე შერეული საავიაციო დივიზიის (კალინინგრადის ოლქი) 689-ე გამანადგურებელთა პოლკის შემადგენლობაში ფორპოსტის ტიპის სადაზვერვო დრონების ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ.

ბალტიის ფლოტს შეუერთდნენ პროექტი 22800 კლასის კორევეტები სოვეტსკი და ოდინცოვო, შესაბამისად, 2019 წლის 12 ოქტომბერს და 2020 წლის 21 ნოემბერს. მათი მუდმივი ბაზა არის ბალტიისკში (კალინინგრადის ოლქი).

2020 წლის 1 დეკემბერს რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა, რომლის მიხედვით 2021 წელს კალინინგრადის ოლქში მექანიზებული დივიზია ჩამოყალიბდება.

 

არქტიკა

2020 წლის 5 ივნისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით ჩრდილოეთის ფლოტმა სამხედრო ოლქის ანალოგიური სტატუსი მიიღო. მის სამეთაურო არეალში შედის არხანგელსკისა და მურმანსკის ოლქები, კომის რესპუბლიკა და ნენთა ავტონომიური ოკრუგი.

2019 წლის დეკემბრისთვის ტიკსიში (სახა/იაკუტია), 45-ე საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - საფონოვო, მურმანსკის ოლქი) მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი - როგაჩევო, ახალი მიწა, არხანგელსკის ოლქი) შემადგენლობაში 414-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი ჩამოყალიბდა. ის შეიარაღებულია ს-300პს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.

45-ე საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიის 33-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (როგაჩევო, ახალი მიწა, არხანგელსკის ოლქი) 2019 წლის სექტემბერში სრულად გადაიარაღდა ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით, ს-300პმ სისტემების ნაცვლად.

2019 წლის ნოემბერში რუსულ წყაროებში გამოვლინდა ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის კუნძულზე ალექსანდრას მიწა ბასტიონ-პ ტიპის თვითმავალი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით შეიარაღებული სანაპირო სარაკეტო ბატალიონის არსებობა.

2019 წლის დეკემბერში ჩრდილოეთის ფლოტის საზღვაო ავიაციის 7050-ე საჰაერო ბაზა (სევერომორსკ-1-ის საჰაერო ბაზა, მურმანსკის ოლქი) სამ ნაწილად დაიყო. მის ნაცვლად შეიქმნა: 403-ე ცალკეული შერეული საავიაციო პოლკი, 830-ე ცალკეული საგემბანო წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო შვეულმფრენთა პოლკი და ცალკეული შვეულმფრენთა ესკადრილია.

მე-11 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - ხაბაროვსკში) მე-18 საარმიო ავიაციის ბრიგადაში (ბოლშოის საჰაერო ბაზა, ხაბაროვსკი) შემავალი მი-8ამტშ-ვა ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენთა ჯგუფი და წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ავიაციის (სავარაუდოდ, 317-ე შერეულ საავიაციო პოლკში შემავალი) მიგ-31ბმ ტიპის გამანადგურებელთა რგოლი ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, ანადირის საჰაერო ბაზაზე განლაგდა, შესაბამისად, 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის ნოემბერში.

2020 წლის თებერვალში რუსულმა წყაროებმა 45-ე საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - საფონოვოში, მურმანსკის ოლქი) შემადგენლობაში დრონების პოლკის არსებობა ახსენეს.

რუსებმა განავითარეს ნაგურსკოეს საჰაერო ბაზა ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის კუნძულზე ალექსანდრას მიწა. 2020 წლის აპრილის მათი ინფორმაციით, ბაზის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში გახდა შესაძლებელი (მანამდე ეს ასე მხოლოდ ზამთრის პერიოდში იყო). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი აგრძელებდნენ ბაზის ასაფრენ ზოლს, რათა მან ყველა ტიპის სამხედრო თვითმფრინავის მომსახურება შეძლოს.

პროექტი 22350 კლასის ფრეგატი ადმირალ კასატონოვი ჩრდილოეთის ფლოტს 2020 წლის ივლისში შეუერთდა. პროექტი 955A კლასის ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი კნიაზ ვლადიმირი ამავე ფლოტს შეუერთდა 2020 წლის მაისში, ხოლო პროექტი 20183 კლასის სპეციალური დანიშნულების გემი აკადემიკ ალეკსანდროვი 2020 წლის მარტში. ეს უკანასკნელი აშენდა ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველოსთვის, რომელიც არის რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში მყოფი გასაიდუმლოებული დანაყოფი. 2020 წლის 12 დეკემბერს პროექტი 11711 კლასის სადესანტო გემი პიოტრ მორგუნოვი ასევე შეუერთდა ჩრდილოეთის ფლოტს. ადმირალ კასატონოვის მუდმივი ბაზა არის სევერომორსკში (მურმანსკის ოლქი), კნიაზ ვლადიმირის – გაჯიევოში (მურმანსკის ოლქი), პიოტრ მორგუნოვის – პოლიარნიში (მურმანსკის ოლქი), ხოლო აკადემიკ ალეკსანდროვის – სევეროდვინსკში (არხანგელსკის ოლქი). 

2020 წლის მარტში რუსებმა გამოაცხადეს გეგმა ააშენონ წყალქვეშა ნავების სარემონტო ბაზა დიკსონის პორტში (ტაიმირის ნახევარკუნძული, კრასნოიარსკის მხარე).

 

შორეული აღმოსავლეთი

რუსებმა გააძლიერეს სახმელეთო ძალები პრიმორიეს მხარეში და ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო ძალები კურილის კუნძულებზე. ამასთან, წყნარი ოკეანის ფლოტს ორი წყალქვეშა ნავი დაემატა.

რუსებმა გააგრძელეს მე-5 არმიის (შტაბი - უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) შემადგენლობაში 2018 წლის 1 დეკემბერს შექმნილი 127-ე მექანიზებული დივიზიის (შთაბი სერგეევკაში, პრიმორიეს მხარე) ფორმირების პროცესი. 2019 წელს 127-ე დივიზიაში 84-ე ცალკეული სატანკო ბატალიონი და 872-ე თვითმავალი არტილერიის პოლკი ჩამოყალიბდა. უსურიისკში განლაგებული 70-ე მექანიზებული ბრიგადა 127-ე დივიზიის 114-ე მექანიზებულ პოლკად გარდაიქმნა - ასევე 2019 წელს. გაირკვა ერთ-ერთი მექანიზებული პოლკის სახელი იმ ორიდან, რომელიც თავიდანვე შეიქმნა (ყოფილი მექანიზებული ბრიგადების ბაზაზე) 2018 წლის დეკემბერში 127-ე დივიზიის ჩამოყალიბების დროს - ეს არის სერგეევკაში განლაგებული 394-ე მექანიზებული პოლკი.

წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე) შემადგენლობაში 2019 წლის სექტემბერში სატანკო ასეული შეიქმნა.

2019 წლის დეკემბრისთვის ბირობიჯანში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) ყოფილი 1724-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკის ბაზაზე 38-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა შეიქმნა. ის შეიარაღებულია ს-300ვ4 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. ბრიგადის ფორმირება 2020 წლის სექტემბრისთვის დასრულდა.

2020 წლის 1 დეკემბრისთვის იტურუპის კუნძულზე (კურილის კუნძულები) განლაგდა ს-300ვ4 ტიპის სისტემებით შეიარაღებული ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფი. ის სავარაუდოდ 38-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის.

2020 წლის 1 ოქტომბრისთვის მე-11 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - ხაბაროვსკში) 25-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი - კომსომოლსკში, ხაბაროვსკის მხარე) 1529-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი შეიარაღდა ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით, ს-300პს სისტემების ნაცვლად.

2020 წლის იანვარში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სხვადასხვა ნაწილებში დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები შეიქმნა.

2019 წლის აგვისტოში რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბასტიონ-პ ტიპის თვითმავალი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები განთავსდა კუნძულ მატუაზე (კურილის კუნძულები)

პროექტი 636.3 კლასის ახალი წყალქვეშა ნავები პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი და ვოლხოვი შევიდნენ წყნარი ოკეანის ფლოტში, შესაბამისად, 2019 წლის 25 ნოემბერსა და 2020 წლის 24 ოქტომბერს.

 

ურალი, ციმბირი და ცენტრალური აზია

2020 წლის დეკემბერში 41-ე არმიაში (შტაბი - ნოვოსიბირსკში) ახალი სპეცდანიშნულების დანაყოფი შეიქმნა. უფრო ადრინდელი რუსული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ აღნიშნული დანაყოფი არის შილოვოში (ნოვოსიბირსკის ოლქი) განლაგებული ასეული. ასევე 2020 წლის დეკემბერში იშიმში (ტიუმენის ოლქი), 41-ე არმიაში, საინჟინრო პოლკი ჩამოყალიბდა.

2019 წლის ოქტომბერში ტაჯიკეთში განლაგებულ რუსულ ძალებს დაემატა ს-300პს ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით შეიარაღებული საჰაერო თავდაცვის ბატალიონი.

2020 წლის ბოლოს მე-14 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი - ეკატერინბურგში) 76-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი - სამარაში) 185-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ბერიოზოვსკი, სვერდლოვსკის ოლქი) და 568-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (სამარა) გადაიარაღდა ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით, ს-300პს სისტემების ნაცვლად.

დრონების ჯგუფი, რომელიც შეიარაღებულია ფორპოსტისა და ორლან-10 ტიპის დრონებით,  ჩამოყალიბდა 2020 წლის თებერვლისთვის, ყირგიზეთში რუსეთის კანტის საჰაერო ბაზაზე.

2020 წლის ივნისში რუსეთმა გადაწყვიტა დაასრულოს გულშათში (ყაზახეთი) არსებული დნეპრის ტიპის სარაკეტო თავდასხმის შესახებ ადრეული შეტყობინების რადარის გამოყენება, რადგან ის ორსკთან (ორენბურგის ოლქი) არსებულმა ვორონეჟ-მ ტიპის რადარმა ჩაანაცვლა.

 

ცენტრალური რუსეთი

2019 წლის ნოემბერში რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა ახალი ელიტური სპეცდანიშნულების ოცეული, რომელშიც შევიდა 4,500 კანდიდატიდან შერჩეული 30 ოფიცერი.

2020 წლის 1 დეკემბერს 81-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკი ჩამოყალიბდა სევერნის საჰაერო ბაზაზე, ივანოვოში. ის ეკუთვნის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის (შტაბი - მოსკოვში) მე-12 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დივიზიას (შტაბი - ტვერში) და აღჭურვილია ილ-76მდ ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავებით.

ასევე 2020 წლის 1 დეკემბერს შერეული საავიაციო ესკადრილია შეიქმნა პლესეცკის საჰაერო ბაზაზე, მირნიში (არხანგელსკის ოლქი). ის ეკუთვნის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის მე-12 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის დივიზიის 566-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის პოლკს (სენშჩას საჰაერო ბაზა, ბრიანსკის ოლქი) და აღჭურვილია ან-26 სატრანსპორტო თვითმფრინავებით, მი-8 შვეულმფრენებითა და ორლანის ტიპის დრონებით.

2020 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულმა მედიამ არაზუსტად განაცხადა, თითქოს “რუსეთი ზრდის თავდაცვით ძალებს დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე,” 27-ე მექანიზებული ბრიგადის (მოსკოვის სამხრეთ-დასავლური გარეუბანი) 1-ლი სატანკო არმიის (შტაბი - ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) შემადგენლობაში გამოცხადებულ შესვლასთან დაკავშირებით.  სინამდვილეში, 27-ე ბრიგადა დიდი ხანია არსებობს და ამ შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალების ზრდა არ მომხდარა. ზოგმა დასავლელმა ჟურნალისტმა დაუჯერა ამ რუსულ საინფორმაციო მანევრს და შეცდომით დაწერა, თითქოს “რუსეთი დასავლეთით დამატებით ჯარებს აგზავნის.”

 

*ეს სექცია არ შეიცავს ვაგნერის ჯგუფისა და მსგავსი ძალების მოქმედებებს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში. ინფორმაცია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ მოცემულია ტექსტის შესაბამის სექციებში.

**მექანიზებული ნაწილების აღსანიშნად რუსეთში იყენებენ ტერმინს мотострелковый, რაც ქართულად ითარგმნება სიტყვით „მოტომსროლელთა“. მოტორიზებულ ნაწილებად მათი აღქმის თავიდან ასარიდებლად და მეტი სიზუსტისათვის, წინამდებარე მიმოხილვაში ამ ტიპის ნაწილებს მოვიხსენიებ საერთაშორისო ტერმინით - „მექანიზებული“.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.