X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 23

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N23

მიმოხილვის პერიოდი: 15-31 დეკემბერი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • ევროპის ქვეყნები ისტორიაში პირველად აზერბაიჯანულ გაზს სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით მიიღებენ.
  • რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს.
  • მოსკოვმა სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
  • მოლდოვის ახალი პრეზიდენტი პრორუსულ საგარეო პოლიტიკაზე უარს ამბობს.
  • აშშ-ის სენატმა ბელარუსში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა.
  • ბელარუსმა 1 მლრდ აშშ დოლარის რუსული კრედიტიდან პირველი ტრანში მიიღო.
  • აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პირველი აზერბაიჯანული გაზი ევროპაში

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 31 დეკემბერს „შაჰ-დენიზის კონსორციუმმა“ კასპიის ზღვაში შაჰ-დენიზის საბადოდან, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით, ევროპაში კომერციული გაზის ტრანსპორტირების დაწყების შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „SOCAR”-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მოვლენას „ისტორიული დღე“ უწოდა.

მოვლენა დეტალურად: შაჰ-დენიზის გაზის საბადო კასპიის ზღვაში მდებარეობს და აზერბაიჯანს ეკუთვნის. გაზის ევროპაში ექსპორტირების მიზნით სამხრეთის გაზის დერეფანში რამდენიმე მილსადენი აშენდა. პროექტის პირველ ეტაპზე, 2018 წლისთვის დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოებისა და ტრანსანატოლიის მილსადენის პროექტების მშენებლობა. 2020 წლისთვის კი პროექტის მესამე მონაკვეთი - ტრანსადრიატიკის მილსადენი აშენდა. 3500 კმ სიგრძის მილსადენი აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

შაჰ-დენიზის საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს და დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგს მოიცავს. საბადოს ექსპლუატაციის პირველი ეტაპის განხორციელება 2006 წელს დაიწყო. 10 მლრდ კუბური მეტრი გაზი ყოველწლიურად მიეწოდება აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. პროექტის მეორე ეტაპზე 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაა გათვალისწინებული. პირველი მომხმარებლები იქნებიან: იტალია, საბერძნეთი და ბულგარეთი.

სამხრეთის გაზის დერეფანი რამდენიმე მონაკვეთისგან შედგება: სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება (SCPX) აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე გადის, აზერბაიჯანში - 428 კმ, საქართველოში - 59 კმ, ტრანსანატოლიის მილსადენი (TANAP) თურქეთის ტერიტორიაზე გადის და მისი სიგრძეა 1900 კმ, ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP) საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში გადის და მისი სიგრძეა 878 კმ.

სამხრეთის გაზის დერეფანი. წყარო: სამხრეთის გაზის დერეფნის ვებგვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის: აზერბაიჯანის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანული გაზი მილსადენით პირდაპირ ევროპაში გავა, რაც ეკონომიკური სარგებელის მიღების გარდა, აზერბაიჯანს ევროპის ენერგოსფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების საშუალებას  მისცემს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ევროპისთვის: მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა რუსეთიდან იმპორტირებულ გაზთან შედარებით უმნიშვნელოა, სამხრეთის გაზის დერეფნის ამოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში ალტერნატიული მარშრუტის განვითარებისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას შექმნის.

 

„ყარაბაღი აზერბაიჯანია“

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 17 დეკემბერს ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილია.

მოვლენა დეტალურად: პუტინის შეფასებით, იგი არ ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტი 2020 წელს გარეშე ძალების ჩარევის შედეგად გაღვივდა. პუტინის განცხადებით, „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ დაკავებული შვიდი რაიონი აზერბაიჯანს უნდა დაბრუნებოდა. თავად მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს, მაგრამ აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის შესაძლებლობა, რისთვისაც იყო შეთავაზებული „ლაჩინის დერეფანი“.“

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა შვიდი ოკუპირებული რაიონიდან ოთხი სამხედრო გზით დაიბრუნა, სამი კი - 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც რუსეთის შუამავლობით გაფორმდა. „ლაჩინის დერეფნით“ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის უსაფრთხო გადაადგილებას რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის პოზიცია, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გარეთ სომხური მხარის მიერ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დაკავებას მოსკოვი არ ეთანხმებოდა და სომხეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის მიუხედავად, ამ რაიონების აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას უჭერდა მხარს.

 

მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელების შეხვედრას უმასპინძლეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს უმასპინძლა.


სომხეთისა და აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურების უფროსების
შეხვედრა მოსკოვში. წყარო: Asbarez.com

მოვლენა დეტალურად: სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორი არმენ აბაზიანი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრას ბორტნიკოვიც ესწრებოდა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში რუსეთის შუამავლობით მიღწეული 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სომხური მხარის ცნობით, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად პატიმრების გაცვლასა და ომის დროს დაკარგული ადამიანების ძიებაზეც იმსჯელეს.

ბორტნიკოვის ვიზიტები ერევანსა და ბაქოში

ბორტნიკოვი 18 დეკემბერს მოკლევადიანი ვიზიტით ჯერ ერევანს ესტუმრა, შემდეგ კი - ბაქოს. ბორტნიკოვის შეხვედრების მთავარი მიზანი პოსტკონფლიქტურ გარემოში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება იყო, მათ შორის: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია, სომხეთში რუსი მესაზღვრეების საქმიანობა, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების საქმიანობა და რეგიონის განაღმვა (18 დეკემბერს რუსმა სამშვიდობოებმა პირველი დანაკარგი განიცადეს, როდესაც გზის განაღმვის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ალექსანდრ ბორტნიკოვის აქტიურობა და მისი შეხვედრები ერევანსა და ბაქოში მიუთითებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური პოსტკონფლიქტურ დარეგულირებაში აქტიურად ჩაერთვება და მიმდინარე პროცესებზე მისი გავლენა მაღალი იქნება.

 

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 29 დეკემბერს მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის კიშინიოვში შეხვდა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“) მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი (ფორმალურად, დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა პრორუსული სოციალისტური პარტიის არაფორმალური ლიდერი) დაამარცხა. სანდუმ ხმების 57.75% მიიღო. სანდუს ინაუგურაცია 24 დეკემბერს ჩატარდა.

სანდუ მოლდოვის ევროპასთან დაახლოების მომხრეა და მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას სკეპტიკურად უყურებს. სანდუმ არჩეული პრეზიდენტის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ რუსეთთან დიალოგის  გამართვის საკითხზე ისაუბრა. სანდუს განცხადებით, დნესტრისპირეთიდან რუსული მშვიდობისმყოფელები უნდა გავიდნენ და ის ეუთოს ეგიდით მოქმედმა სამოქალაქო სამშვიდობო მისიამ უნდა ჩაანაცვლოს. სანდუს ინიციატივა კრემლში უკვე შეაფასეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის კონფლიქტში „ძალიან მნიშვნელოვან როლს“ ასრულებს და „სტატუს-კვოს შეცვლამ“ შესაძლოა „სერიოზული დესტაბილიზაცია“ გამოიწვიოს. პესკოვის შეფასებით, დოდონთან დიალოგი გაცილებით კონსტრუქციული იყო.

საგარეო პრიორიტეტების ცვლილება

ნიშანდობლივია, რომ ეს მოლდოვაში რუმინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ბოლო ექვს წელიწადში. დოდონის პრეზიდენტობის დროს დასავლეთთან ურთიერთობა გაცივდა. დოდონი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ პრეზიდენტად ითვლებოდა. მისი ინიციატივით მოლდოვამ პრორუსულ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსიც კი მიიღო.

სანდუს პრეზიდენტობის დროს მოსალოდნელია ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარება, რაშიც მოლდოვას რუმინეთის, რომელთანაც საერთო ენა და კულტურა აქვს, დიდი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. სანდუს განცხადებით, ქვეყანაში ახალი საგარეო და შიდა პოლიტიკის ერა იწყება, რაც რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასაც გულისხმობს. რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს უკვე დაჰპირდა ეკონომიკურ დახმარებას და ევროკავშირის მიერ რუმინეთისთვის გამოყოფილი კოვიდის ვაქცინის საკუთარი კვოტიდან 200 ათას დოზას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუმინეთის პრეზიდენტის მოლდოვის ახალარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა სიმბოლურია, რადგან ევროპაში სწორედ რუმინეთია მოლდოვის ევროპული ამბიციის მთავარი მხარდამჭერი. პრორუსი დოდონის პირობებში მოლდოვურ-რუმინული ურთიერთობები გაცივდა და ამჯერად ამ ურთიერთობებისთვის ახალი მუხტის მიცემის შესაძლებლობა იქმნება.

სანდუს მთავარი გამოწვევა: სანდუს ევროპული გეგმების მთავარ ბარიერად შესაძლოა საპარლამენტო მხარდაჭერის ნაკლებობა იქცეს, რადგან პარლამენტში სანდუს მომხრეები არ არიან უმრავლესობაში. ამიტომაც, სანამ ჯერ კიდევ მაღალია სანდუს რეიტინგი, მისთვის მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ძლიერი პროდასავლური საპარლამენტო გუნდის შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს საკმარისი ძალაუფლება არ გააჩნია, სანდუს პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე დასავლეთთან პოლიტიკური დაახლოება გაუჭირდება.

 

აშშ-ის სენატმა ბელარუსში ახალი ელჩი დაამტკიცა

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 15 დეკემბერს აშშ-ის სენატმა ბელარუსში აშშ-ის ელჩად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეების ბიუროს თანამშრომელი ჯული ფიშერი ერთხმად დაამტკიცა. ფიშერის კანდიდატურა სენატს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ მაისში წარუდგინა.

მოვლენა დეტალურად: ფიშერი 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ ბელარუსში აშშ-ის პირველი ელჩი იქნება. იგი გამოცდილი დიპლომატია და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, რუსეთში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს – საქართველოში და ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში – უკრაინაში. იგი რუსეთის სპეციალისტია. მან კარგად იცის რუსული და ასევე  ქართულადაც შეუძლია ლაპარაკი.

ბელარუსი აშშ-ის ელჩმა 2008 წელს დატოვა. ეს იყო ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების ლოგიკური გაგრძელება. მანამდე ვაშინგტონმა ეკონომიკური სანქციები დააწესა ბელარუსის და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. შემდეგ წლებში მინსკის ვაშინგტონთან ურთიერთობა ეტაპობრივად უმჯობესდებოდა. თუმცა, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვაშინგტონის მხრიდან ლუკაშენკოს კრიტიკა გაიზარდა. ბელარუსის ლიდერმა კვლავ შეაქცია ზურგი დასავლეთს და ძალაუფლების გადარჩენას რუსეთის მხრიდან დახმარებაში ხედავს. ამის მიუხედავად, ვაშინგტონი არ აპირებს უარი თქვას ახალი ელჩის გაგზავნაზე.

დიპლომატის სიკვდილი

25 დეკემბერს გარდაიცვალა ბელარუსი დიპლომატი, რომელიც 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ აშშ-ში ელჩად დაინიშნა. 49 წლის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეჰ კრაუჩანკა მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი ივლისში დაინიშნა ელჩად, მაგრამ ჯერ არ იყო გადასული ვაშინგტონში სამუშაოდ. იგი ამერიკული მიმართულებით დიდი ხანია მუშაობდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე აშშ-ის ელჩის დანიშვნა იმედს იძლეოდა, რომ დასავლეთისა და ბელარუსის ლიდერის ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ პოსტსაარჩევნო გარემოში, როდესაც ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო გამოსვლები არ წყდება, დასავლეთმა კი სანქციები დაუწესა ბელარუსს, ახალ ელჩს ისეთ პოლიტიკურ გარემოსთან მოუწევს ადაპტირება, სადაც, ლუკაშენკოს გარემოცვაში, ანტიდასავლური განწყობები მძლავრობს. უფრო მეტიც, დასავლეთთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, ელჩის ბელარუსში ჩასვლის საკითხიც კი შესაძლოა სათუო გახდეს.

 

ბელარუსმა რუსული კრედიტიდან 500 მლნ აშშ დოლარი მიიღო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 30 დეკემბერს ბელარუსსა და რუსეთს შორის გაფორმებული სამთავრობო შეთანხმების ფარგლებში ბელარუსმა რუსული კრედიტის ნაწილი - 500 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

მოვლენა დეტალურად: რუსული კრედიტის მიღების შესახებ შეთანხმებას 21 დეკემბერს მოეწერა ხელი. 2020 წელს ბელარუსი 500 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, დანარჩენ 500 მლნ აშშ დოლარს კი - 2021 წელს. 1 მლრდ აშშ დოლარის რუსული კრედიტის მიზანია რუსეთის ფედერაციისა და სტაბილურობისა და განვითარების ევრაზიული ფონდის მიმართ ბელარუსის დავალიანების მომსახურება და ბელარუსის ბიუჯეტის მხარდაჭერა.

2020 წლის 14 სექტემბერს სოჭში შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კრედიტით დახმარება დაჰპირდა. საბოლოოდ 1 მლრდ აშშ დოლარის კრედიტზე შეთანხმდნენ. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც ლუკაშენკოს ხელისუფლება ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც დააყენა, რუსული კრედიტი ლუკაშენკოსთვის „მაშველი რგოლის“ როლსაც ასრულებს. კრედიტი ბელარუსსა და მის სახელმწიფო კომპანიებს ვალების გასტუმრებასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში დაეხმარება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რუსული კრედიტი მოკლევადიან პერსპექტივაში ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. თუმცა, ამავე დროს, კრედიტის ხარჯვისთვის წამოყენებული პირობები ლუკაშენკოს კრემლის პოლიტიკური მოთხოვნების მძევლად აქცევს.

 

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის სამუშაო შეხვედრები მოსკოვში

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11-19 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა.

მოვლენა დეტალურად: 2020 წელს ეს ბჟანიას რიგით მეშვიდე ოფიციალური ვიზიტი იყო რუსეთში. წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, რომლის შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა, აღნიშნული ვიზიტი განსაკუთრებით დატვირთული იყო. ბჟანია ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

12 ნოემბრის შეთანხმება

2020 წლის 12 ნოემბერს ბჟანია პუტინს სოჭში შეხვდა. შეხვედრის მთავარი შედეგი ინტეგრაციის ახალი პროგრამის მიღება იყო, კერძოდ, მხარეებმა  აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დაამტკიცეს. პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი. ამ პერიოდში უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია არაერთ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო-ეკონომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა, საბაჟო სამართალი), ენერგეტიკა, სოციალური სფერო (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა).

ბჟანიას შეხვედრები

ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის მთავრობის მინისტრებსა და სხვადასხვა ფედერალური უწყების ხელმძღვანელებს, მათ შორის: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს, ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოს, საგადასახადო სამსახურისა და ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსებს, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორსა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს, რომელიც საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ბჟანია ასევე შეხვდა  ჯანდაცვის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრებს.

ასლან ბჟანიას შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 12 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები მიუთითებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთის რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია დააჩქაროს და აფხაზური მხრიდან მთელ რიგ საკითხებში (მათ შორის: უძრავი ქონებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეძენა) არსებული წინააღმდეგობა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენების გზით დროულად დაძლიოს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.