X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 69, 28 დეკემბერი 2020 – 10 იანვარი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა

შენიშვნა მკითხველთათვის: როგორც წესი, მიმოხილვა ყოველკვირეულია, თუმცა მოცემული გამოცემა ორ კვირას მოიცავს.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა 2020 წლის 28 დეკემბერსა და 2021 წლის 9 იანვარს, იერიშები მიიტანეს სირიელ მეამბოხეებზე იდლიბის რეგიონში. აღმოსავლეთ სირიაში, რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ დეირ ეზ-ზორის გარშემო არეალში პატრულირებდნენ.

ომი უკრაინაში - 2020 წლის 28 დეკემბერს, დონბასის ფრონტზე, რუსეთის ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

NATO-ცნობით, 2020 წლის განმავლობაში, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ევროპაში განლაგებულმა საჰაერო ძალებმა 350-ჯერ განახორციელეს განგაშზე აფრენა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად. NATO-ს ინფორმციით, აღნიშნული რიცხვი, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, “ზომიერ ზრდას“ წარმოადგენს.

ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“  კლასის (პროექტი 20380) კორვეტი „სტოიკი“, რომელიც 2020 წლის 16 დეკემბრიდან შორეულ ექსპედიციაში იმყოფება, 2021 წლის 9 იანვარს დროებით შეჩერდა რუსულ საზღვაო-სამხედრო ბაზაზე სირიის ქალაქ ტარტუსში.

1 ნოემბრიდან, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ხანგრძლივ ექსპედიციაში მყოფი   წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ პანტელეევი“, 2020 წლის 29 დეკემბერს ვლადივოსტოკის ბაზაზე დაბრუნდნენ.

 

სტრუქტურული ცვლილებები

ვლადიმერ პუტინის ბრძანება, რომელმაც ჩრდილოეთის ფლოტის სტატუსი რუსულ სამხედრო ოლქს გაუთანაბრა, ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვარს. ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობა მოიცავს არხანგელსკისა და მურმასნკის ოლქებს, კომის რესპუბლიკასა და ნენთა ავტონომიურ ოკრუგს. პუტინის ბრძანებამდე, ეს ტერიტორიები დასავლეთის სამხედრო ოლქს მიეკუთვნებოდა. ჩრდილოეთის ფლოტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ინსტრუმენტია არქტიკის რეგიონში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

„გრემიაშჩი“ კლასის (პროექტი 20385) კორვეტი „გრემიაშჩი“, 2020 წლის 29 დეკემბერს შეუერთდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს. კორვეტი დაექვემდებარა წყნარი ოკეანის ფლოტს.

გრემიაშჩი

მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) 150-ე მექანიზებულმა დივიზიამ (შტაბ-ბინა კადამოვსკიში, როსტოვის ოლქი) 18 ერთეული Msta-SM ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა მიიღო.

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 35-ე მექანიზებული ბრიგადის (ალეისკი, ალტაის მხარე) სადაზვერვო ბატალიონს Tachyon ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები (უსა) გადაეცა.

 

სწავლებები*

საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბაზირებული რუსული საოკუპაციო ჯარის მექანიზებული დანაყოფების 200-მდე სამხედრომ სწავლება ჩაატარა.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა ბელარუსს Su-30SM ტიპის გამანადგურებლების პარტია მიაწოდა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.