გამოცემა: N24 მიმოხილვის პერიოდი: 1-15 იანვარი, 2021
მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ მთავარი მოვლენა: 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის ომი დასრულების შემდეგ პირველად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში. შეხვედრა ოთხი საათი გაგრძელდა. ალიევის შეფასებით, კონფლიქტი „წარსულში დარჩა“, ფაშინიანის შეფასებით კი - კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. კონფლიქტის სტატუსზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, მხარეები კონკრეტულ საკითხებზეც შეთანხმდნენ. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა. წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი შეხვედრის მთავარი შედეგი 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულების მიზნით შეიქმნება სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენაზე იმუშავებს. სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით 30 იანვრამდე შეიკრიბება. ამ შეხვედრაზე შემუშავებდა განსახორციელებელი სამუშაოების სია, განსაკუთრებით, საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციების მიმართულებით. შემდგომში უკვე მუშაობას გააგრძელებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ერთ თვეში შეიმუშავებს კონკრეტული პროექტების სიას. 2021 წლის პირველი მარტისთვის კი შემუშავებულ ღონისძიებათა სიას და შესრულების გრაფიკს ექსპერტთა ჯგუფი დასამტკიცებლად წარადგენს. დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელებამ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა ან მშენებლობა უნდა უზრუნველყოს. 9 ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩაკეტილი ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის გახსნას ითვალისწინებს, მათ შორის, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის რეგიონს შორის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტკონფლიქტურ პერიოდში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოსკოვში შეხვედრით დასტურდება, რომ ამ ეტაპზე რუსეთია ერთადერთი ძალა, რომელსაც 9 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად მხარეების ერთ მაგიდასთან შეკრება შეუძლია. უახლოეს თვეებში რუსეთისთვის მთავარი გამოწვევა ფურცელზე დაწერილი გადაწყვეტილებების რეალურად განხორციელება იქნება. ამ მხრივ მთავარი ხელშემშლელი ბარიერი, შესაძლოა, სომხეთში მიმდინარე მოვლენები იყოს, სადაც საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ფაშინიანზე, რომელმაც მიღწეული შეთანხმების განხორციელება უნდა უზრუნველყოს, ზეწოლა ძლიერდება. საქართველოსთან საზღვრებს მიხაილ პეტრაკოვი დაადგენს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 2 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მიხაილ პეტრაკოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მოვლენა დეტალურად: პეტრაკოვს ამავე ბრძანებით დაევალა საქართველოსთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან „საზღვრების“ დადგენაც. პრეზიდენტის ბრძანებით პეტრაკოვი ასევე იქნება კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელიც. პეტრაკოვმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე იგორ ბრატჩიკოვი შეცვალა, რომელიც სლოვაკეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა. ვინ არის პეტრაკოვი? მიხალ პეტრაკოვი. წყარო: tadviser.ru მ. პეტრაკოვმა 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. იგი 1982 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. მ. პეტრაკოვი მუშაობდა უცხოეთშიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაშიც: 2008-2012 წლებში სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორი იყო; 2012-2019 წლებში - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ლესოთოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი; 2019-2021 წლებში - სამინისტროს კრიზისული სიტუაციების ცენტრის დეპარტამენტის დირექტორი. პეტრაკოვის ბიოგრაფია დეტალურად იხ. აქ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პეტრაკოვის შემდგომი წლების საქმიანობა პირდაპირ დაუკავშირდება საქართველოს, რადგან იგი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „საზღვრების“ დადგენის უკანონო პროცესში იქნება ჩართული.
მეტი ევროპა ბელარუსის გერბზე მთავარი მოვლენა: 2021 წლის 7 იანვარს ბელარუსში ძალაში შევიდა კანონი სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, რის საფუძველზეც ქვეყნის გერბის დიზაინში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მოვლენა დეტალურად: ცვლილებებზე მსჯელობა გასული წლის დასაწყისში ბელარუსის პარლამენტმა დაიწყო. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, უცვლელი დარჩა ჰიმნი და დროშა, თუმცა ცვლილებები შევიდა გერბის დიზაინში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებით ახალ ემბლემაზე უფრო მეტად გამოჩნდა დასავლეთ ევროპა და ატლანტის ოკეანე და ნაკლებად - რუსეთი და ევრაზია. დანარჩენ შემთხვევაში დიზაინში ფერები და კონტურები შეიცვალა. ბელარუსის ძველი და ახალი გერბის დიზაინი. წყარო: parvo.by პოლიტიკური კონტექსტი: ამგვარი რადიკალური ცვლილებების განხილვა რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე დაიწყო. 2020 წლის დასაწყისში რუსეთმა ბელარუსს ნავთობის ფასი გაუძვირა. მსგავსი გადაწყვეტილება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხრიდან რუსეთთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელებაზე უარმა გამოიწვია. თუმცა, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა, რადგან ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, დასავლეთმა კი კვლავ დაუწესა ბელარუსს სანქციები. შედეგად, ლუკაშენკოს მთავარი მხარდამჭერი და იმედი კვლავ რუსეთი გახდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ლუკაშენკოს ეროვნული სიმბოლოების მიმართ დამოკიდებულება 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა და იგი გახდა უფრო მეტად ნაციონალისტი და ბელარუსის სუვერენიტეტის დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ბელარუსზე რუსეთის გავლენა კვლავ იზრდება, გერბის დიზაინში ევრაზიის ევროპული ნაწილის უფრო მეტად გამოჩენა შეიძლება იყოს ბელარუსის ევროპული იდენტობის ძიების მანიშნებელი.
ლიეტუვას მოქალაქეებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 იანვარს ლიეტუვის პროკურატურის ცნობით, სასამართლოს გადაეცა საქმე ლიეტუვის ორი მოქალაქის შესახებ, რომლებსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. მოვლენა დეტალურად: პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები არ იცნობენ ერთმანეთს, თუმცა ისინი შესაძლოა ერთი და იმავე ადამიანმა გადაიბირა, რომელიც რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელია. ბოლო პერიოდში რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის „ჯაშუშური ომები“ გამწვავდა. განსაკუთრებით გახშირდა ჯაშუშური სკანდალები უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. 2020 წლის აგვისტოში ციმბირში სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო საიდუმლოების უკრაინისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმავე წლის აპრილში სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა, მაისში კი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელიც „თანამედროვე სარაკეტო სისტემების“ შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაშია ეჭვმიტანილი. 2019 წლის 15 ნოემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული ორი რუსი შეიწყალა. ამავე დღეს შეწყალებულები რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ ორ მოქალაქეში გაცვალეს. 2020 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით რუსი სამხედრო მოსამსახურე სმოლენსკში, მისი ძმა კი ფსკოვში დააკავეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი, რუსეთის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
ყაზახეთის პრეზიდენტი რუსეთისგან მიწების „ჩუქებას“ უარყოფს მთავარი მოვლენა: 2021 წლის 5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამთავრობო გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, სადაც იგი წერს, რომ „ყაზახებისთვის ეს დიდი ტერიტორია გარედან არავის გადაუცია საჩუქრად“. მოვლენა დეტალურად: ტოკაევმა თავისი სტატიით რუს დეპუტატებს უპასუხა, რომლებმაც ყაზახეთის ტერიტორიის ნაწილს რუსეთის „საჩუქარი“ უწოდა. ტოკაევის შეფასებით, მსგავსი პროვოკაციული შეფასებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ყაზახეთმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უცხოეთის ზოგიერთი მოქალაქის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც მეზობლური ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ. რუსი დეპუტატების განცხადებები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ნიკონოვმა 10 დეკემბერს, რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემაში - „დიდი თამაში“ მონაწილეობის დროს, განაცხადა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი ყაზახეთს ფაქტობრივად რუსეთმა აჩუქა. ნიკონოვის თქმით, „ყაზახეთი უბრალოდ არ არსებობდა, ჩრდილოეთ ყაზახეთი საერთოდ არ იყო დასახლებული. ისინი [ყაზახები] არსებობდნენ, მაგრამ უფრო სამხრეთით. არსებითად, ყაზახეთის ტერიტორია - ეს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მხრიდან დიდი საჩუქარია“. ნიკონოვის შეფასებები გაიზიარა მისმა დეპუტატმა კოლეგამ ევგენი ფედოროვმაც. პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გამოთქვა. 2020 წლის 21 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხის - „Россия 1“-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს კავშირში შემავალმა ბევრმა რესპუბლიკამ რუსეთის მიწების უზარმაზარი ნაწილი და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო“. პუტინის შეფასებით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის დროს, თითოეული რესპუბლიკა იმ ტერიტორიებით უნდა გასულიყო, რითაც კავშირში შევიდა და „არ უნდა წაეყოლებინათ საჩუქარი რუსი ხალხისგან“. პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი რესპუბლიკა და რომელი ტერიტორიები იგულისხმა, თუმცა აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ხელშეკრულებაში გაწერილი იყო კავშირიდან გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები“. პუტინის განცხადება ყირიმის კონტექსტში იყო ნათქვამი, თუმცა პუტინის შეფასება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არაერთგვაროვნად აღიქვეს. რუსული სეპარატიზმის შიში რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ყაზახეთის ტერიტორიების კუთვნილების საკითხზე გახშირებულ შეფასებებს ყაზახეთში ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში სეპარატიზმის წახალისებად მიიჩნევენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ რეგიონებში ყველაზე ნაკლებად იყვნენ ყაზახები დასახლებული. დემოგრაფიული ვითარების შესაცვლელად, ყაზახეთმა 1997 წელს დედაქალაქი სამხრეთში მდებარე ალმათიდან ჩრდილოეთში მდებარე აკმოლაში (ამჟამინდელი ნურ-სულთანი) გადაიტანა. ამავე დროს, მთავრობა ჩრდილოეთ რეგიონებში ეთნიკური ყაზახების მიგრაციის წასახალისებლად მსურველებს სოციალურ და ფინანსურ სარგებელს სთავაზობდა. ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოები ასევე მკაცრად რეაგირებენ სეპარატიზმის უმნიშვნელო გამოვლინებაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური რუსები მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა შესაბამისი პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, ისეთივე ნაბიჯი შესაძლოა მათ ტერიტორიაზეც გადადგას. ყაზახეთში კარგად იციან რუსეთში ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ქვეყნის ამ ნაწილს რუსულენოვან სამყაროს მიაკუთვნებს. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების გამოთქმულ მსგავს ტერიტორიულ პრეტენზიებზე ყაზახეთში მტკივნეულად რეაგირებენ.
ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტის გზავნილები რუსეთს მთავარი მოვლენა: ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა რუსეთთან „ძმურ“ ურთიერთობებზე ისაუბრა. მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 10 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. მან ხმების 80%-მდე მიიღო. არჩევნების პარალელურად ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას დაუჭირა მხარი. ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური ქაოსი და პრეზიდენტ სოორონბეი ჟეენბეკოვის გადადგომა მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჟაპაროვს გამარჯვება მიულოცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. რუსეთის საამებლად ჟაპაროვმა განაცხადა, რომ რუსული ენა ყირგიზეთში შეინარჩუნებს ოფიციალურ სტატუსს. ჟაპაროვის თქმით, რუსულ ენას ჰქონდა ოფიციალური სტატუსი და მომავალშიც ექნება. მისი თქმით, ყირგიზეთს რუსეთთან აკავშირებს „ახლო, ძმური და სამოკავშირეო ურთიერთობები“. რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ჟაპაროვმა 21 ოქტომბერსაც განაცხადა, როდესაც იგი ყირგიზეთში რუსეთის ელჩს ნიკოლაი უდოვიჩენკოს შეხვდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყირგიზეთის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია დროულად შეძლოს რუსეთის ლიდერებთან ურთიერთობების დამყარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვება. გამარჯვების შემდეგ ჟაპაროვისთვის გადამწყვეტია რუსეთისგან ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერის მიღება, რომელიც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო შეჩერდა. რუსეთის დახმარების გარეშე ჟაპაროვს გაუჭირდება კოვიდ პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა.
უკრაინის სატრანზიტო როლი მცირდება მთავარი მოვლენა: 2021 წლის 1 იანვარს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა „ბალკანური ნაკადის“ სერბული მონაკვეთი ოფიციალურად გახსნა. მოვლენა დეტალურად: „ბალკანური ნაკადი“ (სიგრძე 403 კმ) „თურქული ნაკადის“ მილსადენის გაგრძელებაა. „თურქული ნაკადი“ შავი ზღვის ფსკერის გავლით უზრუნველყოფს რუსული გაზის ტრანსპორტირებას თურქეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სერბეთში. „თურქული ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც რუსეთს პირდაპირ გერმანიასთან აკავშირებს, ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისათვის უკრაინაზე სატრანზიტო დამოკიდებულების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. უკრაინული ტრანზიტის შემცირება 2020 წელს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი 38%-ით შემცირდა და შეადგინა 55.8 მლრდ კუბური მეტრი, რაც ბოლო 30 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემას 146 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. შემცირების მთავარი მიზეზი უკრაინის მარშრუტის ალტერნატივების განვითარებაა. 2019 წლის შეთანხმებით, რუსეთი უახლოეს ოთხ წელში ყოველწლიურად მხოლოდ 40 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. უკრაინის მარშრუტით გაზი უნგრეთში, სერბეთსა და ხორვატიაში მიდიოდა. უკრაინული მარშრუტი „თურქულმა ნაკადმა“ შეავიწროვა. რუსული გაზის კონკურენტები „ბალკანური ნაკადის“ გახსნის გარდა ახალი წლების დღეები სხვა მნიშვნელოვანი ენერგოსიახლეებითაც იყო დატვირთული. „ბალკანური ნაკადის“ ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ბულგარეთმა „ტრანსადრიატიკის მილსადენიდან“ მიიღო გაზი. „ტრანსადრიატიკის მილსადენი“ სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილია, რომელიც ისტორიაში პირველად აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს (სამხრეთის გაზის დერეფანი რამდენიმე მონაკვეთისგან შედგება: სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება (SCPX) აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე გადის, აზერბაიჯანში - 428 კმ, საქართველოში - 59 კმ; ტრანსანატოლიის მილსადენი (TANAP) თურქეთის ტერიტორიაზე გადის და მისი სიგრძეა 1900 კმ; ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP) საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში გადის და მისი სიგრძეა 878 კმ.). სამხრეთის გაზის დერეფანი. წყარო: სამხრეთის გაზის დერეფნის ვებგვერდი ამავე დროს, ხორვატიის კუნძულ კრკისთან ახლოს თხევადი ბუნებრივი აირის მიღების მცურავი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ხორვატიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს და პერსპექტივაში გაზის სერბეთში, უნგრეთსა და უკრაინაში ექსპორტის შესაძლებლობასაც შექმნის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ალტერნატიული მარშრუტების განვითარება რუსეთის ენერგოპოლიტიკის ნაწილია, რაც უკრაინაზე სატრანზიტო დამოკიდებულების შემცირებას და ევროპელ მომხმარებლებთან პირდაპირ დაკავშირებას ისახავს მიზნად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ევროპისთვის: რუსეთიდან დამატებითი მილსადენების მშენებლობა არასაიმედო სატრანზიტო ქვეყნებზე (უკრაინა, ბელარუსი) დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. რუსეთის გავლენის დაბალანსებისათვის კი, ევროპის ქვეყნები აქტიურად ლობირებენ რუსული გაზის ალტერნატიული მარშრუტებისა და თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობას. |