X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 25

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N25

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 იანვარი, 2021

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხზე მოსკოვში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
  • მთიან ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
  • „ლუბლინის სამკუთხედი“ „ლუბლინის კვადრატად“ ფორმირების პერსპექტივებს განიხილავს.
  • პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსული ვაქცინის - „სპუტნიკ V“ მისაღებად ემზადებიან.
  • უკრაინაში რუსული ენის გამოყენება მომსახურების სფეროშიც შეიზღუდა.
  • ყაზახეთში კირილიციდან ლათინურ ანბანზე გადასვლა 2031 წლამდე გადავადდა.
  • „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები პრაქტიკაში ამოქმედდა.
  • რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლენიანმა კურატორმა მიხაილ ბაბიჩმა თანამდებობა დატოვა.

 

სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხზე მოსკოვში შეხვედრა გაიმართა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 30 იანვარს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების პირველი სამუშაო შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში. წყარო: რუსეთის მთავრობის ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: 30 იანვრის შეხვედრა 11 იანვრის შეხვედრის შედეგია, როდესაც 2020 წლის 10 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის ომი დასრულების შემდეგ პირველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში. პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულების მიზნით შეიქმნებოდა სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონში ყველა სახის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენაზე იმუშავებდა. სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით (რუსეთის მხრიდან - ალექსეი ოვერჩუკი, აზერბაიჯანის მხრიდან - შაჰინ მუსტაფაევი, სომხეთის მხრიდან - მგერ გრიგორიანი) შეიქმნა. 9 ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩაკეტილი ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის გახსნას ითვალისწინებს, მათ შორის, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის რეგიონს შორის.

რაზე შეთანხმდნენ ვიცე-პრემიერები?

მხარეების შეთანხმებით შეიქმნება ექსპერტთა შემდეგი ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ:

  • სარკინიგზო, საავტომობილო და კომბინირებული გადაზიდვების საკითხზე;
  • გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხზე;
  • სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიული, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის საკითხებზე.

მხარეების შეთანხმებით, 2021 წლის 2 თებერვლამდე შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები, რომელთა შეხვედრა 5 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრაც მოსკოვში გაიმართება. თარიღს შეათანხმებენ თანათავჯდომარეები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტკონფლიქტურ პერიოდში აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტენსიური შეხვედრებით (პრეზიდენტების, ვიცე-პრემიერების, უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების დონეზე) დასტურდება, რომ ამ ეტაპზე რუსეთია ერთადერთი ძალა, რომელსაც 9 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად მხარეების ერთ მაგიდასთან შეკრება შეუძლია. სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის მიმართულებით კრემლის აქტიურობა კი მიუთითებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური საკითხებით, არამედ ეკონომიკურ პრობლემების გადაწყვეტითაც, რაც მოსკოვს დამატებით ბერკეტებს რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაშიც მისცემს.

 

მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი გაიხსნა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 30 იანვარს აზერბაიჯანის აღდაგმის რაიონში, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი. წყარო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: ცენტრის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს კარაოსმანოღლუ ესწრებოდნენ. ცენტრის დაფუძნება 2020 წლის 11 ნოემბერს რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმით იყო გათვალისწინებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მინოტორინგი უპილოტო საჰაერო აპარატებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე განხორციელდება. ცენტრის რუსულ კონტინგენტს გენერალ-მაიორი ვიქტორ ფიოდორენკო უხელმძღვანელებს, თურქულს - გენერალ-მაიორი აბდულა ქათირჯი.

ერთობლივი ცენტრი მოიცავს ადმინისტრაციულ, სამსახურებრივ და მოდულური ტიპის საცხოვრებელ ნაგებობებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი სამხრეთ კავკასიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონფლიქტურ ზონებში, რუსეთ-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რაც გრძელვადიან პერიოდში რუსეთისთვის ერთგვარ გამოწვევადაც შეიძლება იქცეს, რადგან პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირებაში თურქეთი დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსით შემოდის.
 

„ლუბლინის სამკუთხედის“ პირველი შეხვედრა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 21 იანვარს ონლაინფორმატში „ლუბლინის სამკუთხედის“ პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია.

„ლუბლინის სამკუთხედის“ პირველი შეხვედრა. წყარო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი                                                                                                                                 

მოვლენა დეტალურად: შეხვედრაზე ცენტრალურ ევროპაში არსებული გამოწვევების (უსაფრთხოება, კოვიდ-19-თან ბრძოლა, რუსული დეზინფორმაცია) წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ყირიმელი თათრების საკითხს და მათ წვლილს უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის განვითარებაში. შეხვედრაზე ბელარუსში არსებული ვითარებაც განიხილეს. მინისტრებმა ტიხანოვსკაისაც მოუსმინეს, მაგრამ ამ მხრივ ფორმალური გადაწყვეტილებები არ  მიუღიათ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას განცხადებით, ისინი მზად არიან ლუკაშენკოსაც მოუსმინონ, მაგრამ მან, თავის მხრივ, უნდა გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა. მისი თქმით, „ჩვენ გვსურს, რომ ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიული ბელარუსი შეუერთდეს [„ლუბლინის სამკუთხედს“] და „ლუბლინის სამკუთხედი“ „ლუბლინის კვადრატად“ გადაიქცეს, თუმცა ამის დროს ჯერ არ მოსულა“.

„ლუბლინის სამკუთხედი“

2020 წლის 28 ივლისს უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მონაწილეობით რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი - „ლუბლინის სამკუთხედი“ დაფუძნდა. ქ. ლუბლინი აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარეობს. ახალი გაერთიანების მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის საკითხების მოგვარება. რეგიონული გაერთიანების ფართო მიზნები მოიცავს რუსეთის გავლენის შეკავებას, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების შეფერხებას, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ყირიმის დეოკუპაციაზე მუშაობას და ა.შ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის ამოქმედება უკრაინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის დამატებით ბერკეტს, რუსეთთან დაპირისპირებაში კი დამატებითი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. 

რატომ არის ეს ყურადსაღები რუსეთისათვის: ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთი „ლუბლინის სამკუთხედის“ ჩამოყალიბებას აღიქვამს, როგორც პოლონეთის მცდელობას, ისტორიული გავლენა დაიბრუნოს რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე და ასევე ანტირუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის დამატებითი მექანიზმები შექმნას. ბელარუსზე მინიშნებები რუსეთისთვის ერთმნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ახალი ფორმატი პერსპექტივაში ბელარუსსაც საკუთარ რიგებში მოიაზრებს და ამისთვის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ბელარუსში პოლიტიკურ ცვლილებებსაც დაუჭერს მხარს.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსული ვაქცინის - „სპუტნიკ V“ მიღებას ელოდებიან

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 19 იანვარს ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ით“ ვაქცინაცია დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 1 თებერვალს დაიწყება.

ვაქცინა „სპუტნიკ V“. წყარო: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო

მოვლენა დეტალურად: კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ შექმნა და წარმოება პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყო. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

ვინ მიიღებს რუსულ ვაქცინას?

ყაზახეთის გარდა, რუსული ვაქცინის იმედზეა ყირგიზეთიც. ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის ალიმკადირ ბეიშენალიევის განცხადებით, რუსეთი ყირგიზეთს უფასოდ გადასცემს ვაქცინის 500 ათას დოზას. რუსული ვაქცინის გამოყენება ყირგიზეთში უკვე დაიწყეს, თუმცა ვაქცინაცია არა ყირგიზეთის მოქალაქეებს, არამედ რუსეთის სამხედრო ბაზა - „კანტის“ სამხედრო მოსამსახურეებს და მედპერსონალს ჩაუტარდა. რუსული ვაქცინა, ჯერ კიდევ დეკემბერში, პირველებმა დაარეგისტრირეს ბელარუსში. თურქმენეთი კი პირველი სახელმწიფო გახდა ცენტრალურ აზიაში, სადაც რუსულმა ვაქცინამ ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა. რეგისტრაცია გულისხმობს, რომ ქვეყანამ საკუთარ ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენების უფლება ოფიციალურად გასცა.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.


უკრაინაში რუსული ენის გამოყენება მომსახურების სფეროშიც შეიზღუდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 16 იანვრიდან უკრაინაში მომსახურების სფეროში უკრაინული ენის გამოყენება სავალდებულო გახდება.

მოვლენა დეტალურად: 2019 წლის აპრილში მიღებული კანონის „უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“ მოთხოვნით, უკრაინული მომსახურების სფეროში მთავარი ენა უნდა გახდეს. 16 იანვრიდან მომხმარებლებმა საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაცია პირველ რიგში უკრაინულ ენაზე უნდა მიიღონ. კლიენტის თხოვნით მას შეიძლება პერსონალურად მოემსახურონ იმ ენაზეც, რომელიც მხარეებისთვის მისაღებია. მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუძლია საჩივარი შეიტანოს სახელმწიფო ენის დაცვის ომბუდსმენთან.

უკრაინული ენის გამოყენება უკვე სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სამხედროებისთვის, მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და ნოტარიუსებისთვის. 2020 წლის სექტემბრიდან უკრაინული ენის გამოყენება სავალდებულო გახდა სახელმწიფო სკოლებშიც, რის გამოც რუსულენოვან სკოლებსაც უკრაინულ ენაზე გადასვლა მოუწია.

უკრაინული ენის გამოყენების არეალი შემდეგ წლებში სულ უფრო გაფართოვდება. 2021 წლის ივლისიდან კულტურული და გასართობი ღონისძიებებიც უკრაინულ ენაზე უნდა ჩატარდეს. 2022 წლიდან სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ვებგვერდებზე აუცილებლად უნდა იყოს უკრაინული ვერსიაც. 2024 წლიდან გაიზრდება უკრაინული ენის წილი ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობაშიც.

ახალი კანონის ამოქმედება მწვავედ შეაფასეს რუსეთის სახელმწიფო დუმაში, სადაც უკრაინული ენის სავალდებულო გამოყენების მოთხოვნას რუსული ენის შევიწროების მცდელობად მიიჩნევენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინული იდენტობის ფორმირების პროცესში უკრაინულ ენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კანონის მომხრეების აზრით, უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უკრაინული ენის პოზიციების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება წარმატებული უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობა.

 

ყაზახეთში ლათინურ ანბანზე გადასვლა 2031 წლამდე გადავადდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 28 იანვარს ყაზახეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზახური ენის ლათინურ ანბანზე გადასვლა, ეტაპობრივად, 2031 წლამდე მოხდება და არა - 2025 წლამდე, როგორც ეს ადრე იყო გადაწყვეტილი.

მოვლენა დეტალურად: ყაზახური ენის კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადასვლა 2023 წლიდან 2031 წლამდე ეტაპობრივად იგეგმება. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ასკარ მამინის შეფასებით, ანბანის დახვეწილი ვერსია იმპულსს მისცემს ყაზახური ენის განვითარებას და ხელს შეუწყობს მის მოდერნიზაციას თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. მამინმა განკარგულება გასცა ყაზახური ენის ანბანის დახვეწის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობაში ფართო საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოს ჩატარებაზე.

ახალი ანბანი. წყარო: ყაზახეთის მთავრობის ვებგვერდი

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის 2017 წლის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის ყაზახური ენა კირილიციდან ლათინურ ანბანზე უნდა გადასულიყო. ამ პერიოდისთვის ყველა გამოცემა, დოკუმენტი თუ ქუჩის ნიშნები ლათინურზე უნდა ყოფილიყო გადასული. თუმცა, პროცესი გეგმის  მიხედვით ვერ წავიდა, რადგან ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ლათინური ანბანის საბოლოო ვარიანტი.

საბჭოთა კავშირის მუსლიმი მოსახლეობა არაბულ დამწერლობას იყენებდა, რომელიც 1926 წელს ლათინურმა შეცვალა, 1940 წელს კი კირილიცას გამოყენება დაიწყეს. ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის გარდა, კირილიციდან ლათინურ ანბანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ თურქმენეთსა და უზბეკეთში. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კვლავ კირილიცას იყენებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის განმტკიცებას და რუსულ და საბჭოთა იმპერიულ წარსულთან დისტანცირებას. ყოფილი კოლონიების მხრიდან კირილიცაზე უარის თქმა რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მისი კულტურული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვასაც ისახავს მიზნად. ამავე დროს, ყაზახეთის მთავრობა აღიარებს, რომ მსგავსი მასშტაბური რეფორმისთვის მეტი დროა საჭიროა და რუსული ენის გავლენისგან განთავისუფლება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. 
 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენის მშენებელი გემის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 19 იანვარს აშშ-ის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის მშენებელ რუსულ გემ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა.

მოვლენა დეტალურად: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ საქმიანობის ოფიციალურად დაწყებამდე ერთი დღით ადრე ამერიკული სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობაში ჩართული კომპანიის წინააღმდეგ პირველად ამოქმედდა პრაქტიკაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდა რუსულ მილსადენების მშენებელ გემ „ფორტუნას“ და მის მფლობელ კომპანია „კვტ-რუსს“, კრასნოდარის მხარეში რეგისტრირებულ ფირმა „რუსტანკერს“ და ასევე ტანკერებს - „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“. ნებისმიერ კომპანიას თუ ბანკს, რომელიც „ფორტუნასთან“ და მის მფლობელ კომპანიასთან რაიმე ფორმით ითანამშრომლებს, სანქციები შეეხება.

შენიშვნა: სანქციების მიუხედავად, „ფორტუნამ“ დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მუშაობა 24 იანვარს მაინც დაიწყო.

ამერიკული სანქციები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ პირველი სანქციები 2019 წლის დეკემბერში დაწესდა. სანქციების გამო შვეიცარიულმა კომპანიამ (Allseas), რომელიც ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი, პროექტის გაგრძელებაზე  თქვა უარი. ამის შემდეგ სანქციები გაფართოვდა და მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა პროფილის კომპანიებმა ამერიკული სანქციების შიშით უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. სანქციების საკითხში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იზიარებს დონალდ ტრამპის ადმინისტრიციის პოზიციას.

პროექტის შესახებ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ. არსებული მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი მონაკვეთი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამერიკული სანქციების პრაქტიკაში ამოქმედება გზავნილია ყველა ეკონომიკური სუბიექტისა თუ ევროპული მთავრობისათვის, რომ ვაშინგტონი პროექტის წინააღმდეგ სერიოზულად არის განწყობილი და ყველანაირად ეცდება ევროპაში რუსეთის ენერგოგავლენის ზრდა შეაფერხოს.
 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი შეიცვალა

მთავარი მოვლენა: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2021 წლის 20 იანვრის ბრძანებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორმა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა თანამდებობა დატოვა.

მიხაილ ბაბიჩის სამუშაო ვიზიტი აფხაზეთში, 2020 წლის 21 აგვისტო. წყარო: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 20 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ დაფინანსებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორი კი ბაბიჩი გახდა, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ხშირად ხვდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს. გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა.

ბაბიჩი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სამსახური იარაღის ექსპორტსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ლიცენზირებაზე ახორციელებს კონტროლს. სამსახური თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია.

სხვა მოსალოდნელი ცვლილებები

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სხვა საკადრო ცვლილებების შესახებაც. გაზეთ „კომერსანტის“  ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი ვლადიმირ ჩერნოვი მალე დატოვებს თანამდებობას. ჩერნოვის სამმართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური იყო 2005-2013 წლებში. შემდგომში ამ მიმართულებით სამმართველოს გავლენა შესუსტდა.

არსებული ინფორმაციით, ჩერნოვს მისი მოადგილე იგორ მასლოვი შეცვლის, რომელიც ბოლო წლებში მოლდოვის მიმართულებას კურირებდა. ჩერნოვის გადადგომის მიზეზად მის ასაკს ასახელებენ. მალე მას 70 წელი შეუსრულდება, რაც საჯარო მოხელის მუშაობისთვის მაქსიმალური ზღვრული ასაკია.

გარდა ამისა, მოსალოდნელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს გავლენის გაზრდა უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს გავლენის შესუსტების ხარჯზე. ამჟამად საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უშუალო პასუხისმგებლობის სფეროში შედის აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. ორივე სამმართველოს კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკია, რომელიც 2020 წლის იანვრიდან რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ყველაზე გავლენიანი საჯარო მოხელეა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2021 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით დაიწყო. ახალ კადრებს გარკვეული დრო დასჭირდებათ დე ფაქტო ლიდერებთან კავშირების დასამყარებლად და მიმდინარე პროექტებში გასარკვევად, რაც მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებას შეაფერხებს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.