თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში - 25-31 იანვრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. რუსების ინფორმაციით, რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა, 29 იანვარს, გზა გადაუჭრა ნორვეგიულ თვითმფრინავს ბარენცის ზღვის თავზე. არაოფიციალური წყაროების ცნობით, ბალტიის ფლოტის „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი სტოიკი, რომელიც ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება 2020 წლის 16 დეკემბრიდან, სუეცის არხის გავლით, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის აუზში გადავიდა. 30 იანვარს, აზერბაიჯანში გაიხსნა ერთობლივი რუსულ-თურქული ცენტრი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის მიზნით. ცენტრი ინფორმაციას შეაგროვებს დისტანციურად, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საშუალებით. მასში ჩართულია 60 რუსი და 60 თურქი სამხედრო მოსამსახურე.
სტრუქტურული ცვლილებები რუსულ წყაროებში არსებული ინფორმაციით, კალინინგრადის ოლქში დაიწყო ახალი მექანიზებული პოლკის ფორმირება. აღნიშნული პოლკის განთავსება დაგეგმილია სოვეტსკში (ყოფილი ტილზიტი), ლიეტუვის საზღვართან. შესაძლებელია დანაყოფს ეწოდოს 75-ე მექანიზებული პოლკი. ახალი მექანიზებული პოლკის ადგილმდებარეობა, წინასწარი ინფორმაციის თანახმად გავრცელებული ცნობით, 2020 წლის 1 დეკემბერს კალინინგრადის ოლქში შეიქმნა მექანიზებული დივიზიის შტაბ-ბინა. დივიზიის ჩამოყალიბება, გეგმის თანახმად, 2021 წელს გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქში ჩამოყალიბების პროცესშია ახალი ჰაერსაწინააღმდეგო ბრიგადა. გეგმის თანახმად, ბრიგადა აღიჭურვება Buk-M3 და Buk-M2 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 30 იანვარს, ახალი, „ბუიან-მ“ კლასის (პროექტი 21631) სარაკეტო კორვეტი „გრაივორონი“ შეუერთდა შავი ზღვის ფლოტს. კორვეტის დისლოკაციის ადგილად განისაზღვრა სევასტოპოლის საზღვაო-სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).
სწავლებები* მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 3500-ზე მეტმა სამხედრომ ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის, სმოლენსკის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ერთდროული სწავლებები გამართეს. 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) დაახლოებით 3000-მა სამხედრომ, წვრთნები ჩაატარა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ოკუპირებულ ყირიმში, (უკრაინა), შავი ზღვის ფლოტის მე-15 სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადის (სევასტოპოლი) Bastion-P ტიპის სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებმა სწავლება გამართეს. ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე კიდევ ერთი წვრთნა ჩატარდა, ამავე ბრიგადის Bal ტიპის სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებისა და შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის მონაწილეობით. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |