X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 73, 1 - 7 თებერვალი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 1-7 თებერვლის კვირაში, დონბასის ფრონტზე დაიღუპა 3 ხოლო დაიჭრა 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. კვირის განმავლობაში, რუსული ჰიბრიდული ძალები ყოველდღე ხსნიდნენ ცეცხლს უკრაინელების მიმართულებით.

ომი სირიაში - 2 და 3 თებერვალს, რუსეთის საჰაერო ძალებმა, საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიაში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსები, სირიაში მდებარე ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე, აფართოებენ ერთ-ერთ ასაფრენ ბილიკს, რათა ბაზამ შეძლოს დიდი ზომის საფრენი აპარატების მიღება.

ომი ლიბიაში - გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერისსამხედროებმა ჩამოაყალიბეს ახალი ბაზა ქალაქ ბრაქთან, სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში

ესტონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსული Il-76MD ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავი, 3 თებერვალს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

რუსულმა Su-24 ტიპის მოერიშე თვითმფრინავმა სახიფათო მანევრი შეასრულა აშშ-ს საესკადრო ნაღმოსან „დონალდ კუკის“ სიახლოვეს, კერძოდ მას დაბალ სიმაღლეზე ჩაუფრინა. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 31 იანვარს, შავ ზღვაში.

ბალტიის ფლოტის სტერეგუშჩისკლასის (პროექტი 20380) კორვეტი „სტოიკი“, რომელიც 2020 წლის 16 დეკემბრიდან ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება, 6 თებერვალს წითელი ზღვიდან ადენის ყურეში შევიდა.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში ახალი სანაპირო დაცვის დივიზია აამოქმედა. დივიზიის პირველი სანაპირო დაცვის პოლკი 2020 წლის ბოლოს შეიქმნა. პოლკის დისლოკაციის ზუსტი ადგილი უცნობია. დივიზიის ამოცანაა აღკვეთოს მოწინააღმდეგის სადესანტო ოპერაცია და დაიცვას ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის აღმოსავლეთი ნაწილი.

ახალი რუსული ცნობების თანახმად, ბალტიის ფლოტის ახალი მექანიზებული პოლკი (რომელზეც ვწერდით დაიჯესტის წინა გამოცემაში), რომელიც განთავსდება სოვეტსკში (ყოფილი ტილზიტი), ლიეტუვის საზღვართან, ჩამოყალიბდება 79-ე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. ბრიგადა ამჟამად დისლოცირებულია გუსევში, კალინინგრადის ოლქის აღმოსავლეთში. აღნიშნული პოლკი დაექვემდებარება ახალ მექანიზებულ დივიზიას, რომლის ჩამოყალიბებაც კალინინგრადის ოლქში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

2020 წლის ბოლოს, ლენინგრადის ოლქში ჩამოყალიბდა ახალი მობილური ჰაერსაწინააღმდეგო პოლკი მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) სარდლობის ქვეშ. პოლკის ამოცანას ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან (უსა) თავდაცვა წარმოადგენს. იგი დაკომპლექტებულია Pantsir-S ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით. 

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

კრასნოდარის მხარეში არსებულ ერთ-ერთ რუსულ დანაყოფს გადაეცა 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (მანპადი). რუსულ წყაროებს არ დაუსახელებიათ ხსენებული დანაყოფის სახელი, თუმცა სავარაუდოდ ეს უნდა იყოს 49- არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 90- ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა (აფიპსკი, კრასნოდარის მხარე).

მანპადი Verba

როსტოვის ოლქში განლაგებულ მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) დანაყოფს, გადაეცა 7 ერთეული Ka-52 ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე შვეულმფრენი.

36- არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში) მე-5 სატანკო ბრიგადას (ულან-უდე, ბურიატეთი) Aleut-ის ტიპის მისაბმელიანი ყველგანმავალი მანქანები გადაეცა.

 

კოსმოსი

2 თებერვალს, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებულმა Soyuz-2.1b ტიპის რაკეტამ ორბიტაზე რუსული სამხედრო თანამგზავრი გაიტანა.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 13 000 სამხედრომ, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფებიდან, ბაზებიდან სხვადასხვა პოლიგონზე გადაინაცვლა, სადაც ტაქტიკური სწავლებების სერია გაიმართება. წვრთნები ჩატარდება რუსეთის მთელი სამხრეთის მასშტაბით, ასევე სომხეთში, ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა), აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (საქართველო).

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო), რუსეთის 500-მა სამხედრომ უსა-ს გამოყენებით სწავლება ჩაატარა. დაახლოებით იგივე ოდენობის რუსმა სამხედრომ, ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო), უსა-საწინააღმდეგო წვრთნა გამართა. 

ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა) განლაგებულმა შავი ზღვის ფლოტის Pantsir-S1 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, უსა-საწინააღმდეგო სწავლება გამართეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

ყაზახეთმა მიიღო რუსული Buk-M2E ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები. ქვეყანას უკვე გადაეცა პირველი ბატალიონის სამყოფი სისტემების პარტია.

რუსეთის მიერ ყაზახეთისთვის მიწოდებული სისტემები

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.