X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 26

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N26

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 თებერვალი, 2021

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში „რუსული სამყაროს“ იდეა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
  • რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის მსურველთა დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა.
  • რუსეთმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენა დაიწყო.
  • კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთი რუსულ ვაქცინას - „სპუტნიკ V-ს“ - გამოიყენებს.
  • რუსეთის პრეზიდენტი დონბასელ სეპარატისტებს მხარდაჭერას უცხადებს.
  • უკრაინა რუსეთის აგრესიას სოციალურ მედიაშიც ებრძვის.
  • რუსეთმა უკრაინულ კომპანიებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
  • უზბეკეთი კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადასვლას ორ წელიწადში დაასრულებს.
  • თურქმენეთი ახალი საექსპორტო გაზსადენების მშენებლობას ცდილობს.

 

რუსეთმა ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის ახალი რედაქცია მოამზადა

მთავარი მოვლენა: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე სერგეი ვახრუკოვის განცხადებით, უშიშროების საბჭომ სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის  ახალი რედაქცია მოამზადა.

მოვლენა დეტალურად: ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტის მიღების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დროს, 5 თებერვალს, განიხილა. პუტინმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან მუშაობის მნიშვნელობას. პუტინის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, „რუსული სამყარო იყო, არის და მუდამ იქნება რუსეთის სახელმწიფოს პრიორიტეტი“. ამ თემაზე საუბრისას პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაც „რუსული სამყაროს“ ნაწილია, რადგან უკრაინაში ბევრი რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში „რუსული სამყაროს“ იდეის პოპულარიზაციას „რბილი ძალის“ გამოყენების გზით გეგმავს, რაც ისეთი მეთოდების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა თავისი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. როგორც ჩანს, რუსეთის პრიორიტეტი და მეთოდები უახლოეს პერიოდშიც არ შეიცვლება.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის რუსეთში სწავლა კვლავ მიმზიდველია

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 იანვრიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კამპანია ონლაინფორმატში დაიწყო. კამპანია 20 თებერვალს დასრულდება.

მოვლენა დეტალურად: დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს ცნობით, რუსულ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მისაღები კამპანია პირველად ჩატარდება ონლაინფორმატში. რუსული უნივერსიტეტები მთავრობის მიერ გამოყოფილი კვოტების საფუძველზე უცხოელ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევენ უფასო სწავლის შესაძლებლობას.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით მსურველები სპეციალურ საგანმანათლებლო სუპერსერვისზე რეგისტრირტდებიან. სუპერსერვისი ონლაინპლატფორმაა, სადაც უცხოელ სტუდენტებს დარეგისტრირება და სასურველ რუსულ სასწავლო დაწესებულებაში განაცხადის გაკეთება შეუძლიათ. მისაღები კამპანიის პირველ ორ კვირაში სულ 20 ათასი განაცხადი შევიდა და მათი 40% ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან არის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მსურველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან დარეგისტრირდა, მხოლოდ ტაჯიკეთიდან - 1644 მსურველი, 1000-ზე მეტი განაცხადია დარეგისტრირებული თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. ყველაზე ნაკლები განაცხადია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: განათლება რუსული საგარეო პოლიტიკის „რბილი ძალის“ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მაღალი კონკურენციის პირობებში, რუსეთი ცდილობს უფასო სწავლის შესაძლებლობის შექმნით მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ახალგაზრდები მიიზიდოს და ამით ამ ქვეყნების მომავალ ელიტებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მიეცეს.

 

რუსეთი ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან სატრანსპორტო კავშირის აღდგენას იწყებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 3 თებერვალს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო და სარკინიგზო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან მოიხსნება.

მოვლენა დეტალურად: ბრძანების მიხედვით, სამგზავრო მატარებლები კვლავ დაიწყებენ მგზავრების მომსახურებას მოსკოვსა და მინსკს შორის, ასევე ბელარუსის ტერიტორიის გავლით მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის. მინსკის მიმართულებით ასევე აღდგება ფრენები რამდენიმე რუსული ქალაქიდან.

თვის განმავლობაში ფრენები და ფრენის სიხშირე პერიოდულად აღდგება ყირგიზეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. პანდემიის გამო ქვეყნებს შორის გადაადგილება თვეების განმავლობაში  იყო შეზღუდული. გასულ წელს რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა ათასობით მიგრანტმა, რამაც საზღვრებზე მიგრანტთა კრიზისიც კი წარმოშვა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა და ვაქცინის გამოყენების დაწყების ფონზე, რუსეთმა ჩაკეტილი საზღვრების გახსნა, პირველ რიგში, იმ ქვეყნებთან დაიწყო, რომლებსაც თავის მოკავშირეებად ან პარტნიორებად მიიჩნევს.

 

რუსულ ვაქცინას სომხეთიც მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 1 თებერვალს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ოფიციალურად დაარეგისტრირა.

მოვლენა დეტალურად: პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის განცხადებით, სომხეთში ვაქცინის რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების საფუძველზე, სომხეთში დამატებითი კვლევების ჩატარების გარეშე. 2020 წლის ნოემბერში მოსკოვმა სომხეთს გადასცა „სპუტნიკ V-ის“ რამდენიმე ნიმუში. ნიმუშები ერევანში პირადად ჩაიტანა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ. ვაქცინა გაიკეთა 15 ადამიანმა, მათ შორის, იმდროინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.

ვაქცინა „სპუტნიკ V“. წყარო: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსული ვაქცინა უკვე დარეგისტრირებული აქვს ბელარუსს, თურქმენეთსა და ყაზახეთს. 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, „სპუტნიკ V-ით“ ვაქცინაცია დაიწყო ან დაიწყება შემდეგ ქვეყნებში: ბოლივია, ალჟირი, ყაზახეთი, თურქმენეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პარაგვაი, უნგრეთი, სომხეთი, ვენესუელა და ირანში. ვაქცინაცია ასევე დაიწყება პალესტინასა და სერბთა რესპუბლიკაში. უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 12 თებერვალს რუსული ვაქცინით დაიწყო ვაქცინაცია.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს უკრაინა. უკრაინის პარლამენტმა რუსული ვაქცინის რეგისტრაცია აკრძალა. რუსული ვაქცინის გამოყენებას არც საქართველო აპირებს.

რუსული ვაქცინა

კორონავირუსის წინააღმდეგ „მსოფლიოში პირველი ვაქცინის“ რეგისტრაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 11 აგვისტოს განაცხადა. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ შექმნა და წარმოება პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა დააფინანსა, წარმოება კი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა და უმსხვილესმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბინოფარმმა“ უზრუნველყო. ვაქცინის წარმოება 15 აგვისტოს დაიწყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ვაქცინის ფართო გამოყენება და ვაქცინის ეფექტურობა რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მოწინავე სამეცნიერო ქვეყნად წარმოაჩენს და საგარეო პოლიტიკაში ვაქცინის, როგორც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

 

პუტინი დონბასს მხარდაჭერას ჰპირდება

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 13 თებერვალს წამყვანი რუსული გამოცემების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ისინი დონბასს არ მიატოვებენ“.

მოვლენა დეტალურად: მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის პუტინი დონბასის საკითხსაც შეეხო. პუტინის თქმით, „ჩემ თვალწინ არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ტრავმები და დასახიჩრებები, განსაკუთრებით, ბავშვებმა დონბასიდან. ჩვენ (ხელისუფლება და მედია) გვაწევს რუსეთისადმი უზარმაზარი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯისგან გამოწვეულ შედეგზე. დონბასს ჩვენ არ მივატოვებთ, რაც არ უნდა იყოს“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინის მხრიდან ასეთი განცხადება გზავნილია, რომ დონბასის საკითხში იგი ბოლომდე რუსეთის ინტერესებს დაიცავს და უკრაინას ამ საკითხში მოსკოვის მხრიდან უკან დახევის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

 

უკრაინა რუსეთის აგრესიას „ტვიტერშიც“ ებრძვის

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 თებერვალს აშშ-ში უკრაინის ელჩმა ვოლოდიმირ იელჩენკომ „ტვიტერს“ წერილი გაუგზავნა, სადაც ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ანგარიშის გაუქმებას ითხოვს.

მოვლენა დეტალურად: ელჩის შეფასებით, ყირიმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ანგარიში არ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურად და ლეგიტიმურად. ანგარიში ეკუთვნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობას სიმფეროპოლში. 15 თებერვლის მონაცემებით, ანგარიშს 12 ათასი მიმდევარი ჰყავს.

ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის „ტვიტერის“ ანგარიში: წყარო „ტვიტერი“

„ტვიტერში“ ანგარიში გახსნა აფხაზეთში რუსეთის „საელჩომაც“, რომელსაც 15 თებერვლის მონაცემებით, 300-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. 15 თებერვლისთვის ორივე ანგარიში ხელმისაწვდომია.


აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ „ტვიტერის“ ანგარიში: წყარო „ტვიტერი“

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სოციალურ მედიაში მსგავსი ანგარიშები რუსეთის პროპაგანდისტული იარაღია, რომელიც რუსეთის აგრესიის ლეგიტიმაციას და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.

 

რუსეთმა უკრაინულ კომპანიებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 თებერვალს რუსეთმა ცხრა უკრაინულ კომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

მოვლენა დეტალურად: „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებები“ შეეხო ხომალდების მწარმოებელ, საბუქსირო მომსახურების, ტვირთების გადამზიდავ, ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს. უცნობია აღნიშნულ კომპანიებზე სანქციების დაწესების ზუსტი მიზეზი. დღემდე, ჯამში, რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა 84 უკრაინულ კომპანიას.

უკრაინას და რუსეთს შორის ურთიერთობა 2014 წლიდან დაიძაბა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამბოხს დაუჭირა მხარი. პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების გარდა, ხშირია ორივე მხარის მიერ ჯაშუშების გამოვლენის ფაქტებიც.

2 თებერვალს უკრაინაში ამოქმედდა სანქციები პარლამენტის პრორუსი წევრის, ვიქტორ მედვედჩუკის (მისი ქალიშვილის ნათლია ვლადიმერ პუტინია) თანამებრძოლ ტარას კოზაკის წინააღმდეგ. სანქციები ითვალისწინებს სამი ტელეარხის (112 უკრაინა, NewsOne და Zik) დაბლოკვას, რომელთა იურიდიული მფლობელიც კოზაკია, თუმცა ფაქტობრივ მმართველად მედვედჩუკი მიიჩნევა.

გადაწყვეტილება კიევს მოუწონა ვაშინგტონმა, თუმცა კიევი გააკრიტიკეს მოსკოვსა და ბრიუსელში. ევროკავშირმა თავისუფალი მედიის შევიწროება არ მოიწონა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. უკრაინა რუსული გავლენისგან განთავისუფლებას ცდილობს, რუსეთი კი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით უკრაინაზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას ესწრაფვის.

 

უზბეკეთი ლათინურ ანბანზე გადასვლას ორ წელიწადში დაასრულებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 11 თებერვალს უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ ლათინურ ანბანზე გადასვლის საგზაო რუკის დამტკიცების შესახებ განაცხადა.

მოვლენა დეტალურად: საგზაო რუკის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა ორგანიზაციამ საქმის წარმოებასა და ზოგადად თავის საქმიანობაში უზბეკური ენის ლათინური ანბანი უნდა გამოიყენოს. საგზაო რუკის მიხედვით, გათვალისწინებულია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მართლწერის წესების ახალი რედაქციის მომზადება.

ლათინურზე დაფუძნებული განახლებული უზბეკური ანბანის პროექტი 2019 წლის მაისში მომზადდა.  

უზბეკეთში ლათინურ დამწერლობას 1926 წლიდან იყენებდნენ, რომელიც 1940 წელს კირილიცათი შეიცვალა. 1992 წლიდან ლათინური კვლავ ოფიციალური დამწერლობა გახდა და ის სკოლებში 2005 წლიდან ისწავლება. უზბეკური ენის პოპულარიზაციის მიუხედავად, ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბროდ, ყოველდღიურ ყოფასა და ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის მაინც აქტუალურია რუსული ენა. 

ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთის გარდა, კირილიცადან ლათინურ ანბანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ თურქმენეთსა და ყაზახეთში. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კვლავ კირილიცას იყენებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უზბეკეთის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის განმტკიცებას და რუსულ და საბჭოთა იმპერიულ წარსულთან დისტანცირებას. ყოფილი კოლონიების მხრიდან კირილიცაზე უარის თქმა რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები მისი კულტურული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობენ, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვასაც ისახავს მიზნად.

 

თალიბები თურქმენული გაზსადენის მშენებლობას ლობირებენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 6 თებერვალს თალიბების დელეგაციამ თურქმენეთს გაზსადენის მშენებლობის დაჩქარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მილსადენის უსაფრთხოება შესთავაზა.

მოვლენა დეტალურად: თალიბების დელეგაცია თურქმენეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. თალიბების ვიზიტის მიზანი თურქმენების დარწმუნება იყო, რომ ისინი თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენის (TAPI) უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. თალიბების წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი პროექტების (გაზსადენი და თურქმენეთისა და ავღანეთის დამაკავშირებელი რკინიგზა) სასწრაფოდ აშენება ხელს შეუწყობს ავღანეთში მშვიდობის დამყარებას და ეკონომიკურ განვითარებას.

1814 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი თურქმენეთიდან დაიწყება და ავღანეთისა და პაკისტანის გავლით ინდოეთში დასრულდება. მილსადენის თურქმენეთის მონაკვეთის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. ავღანეთში მილსადენის მშენებლობის დაწყებას 2021 წელს ვარაუდობენ. პროექტის განხორციელების მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების რისკია, რომელიც თალიბების საქმიანობას უკავშირდება.

TAPI-ს გაზსადენის მარშრუტი. წყარო: insightsonindia.com

თურქმენეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

2021 წლის 21 იანვარს თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კასპიის ზღვაში მდებარე სადავო საბადოს ერთობლივი გამოკვლევისა და განვითარების შესახებ. საბადო აქამდე ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების საგანი იყო. მსგავსი მემორანდუმი ხელს შეუწყობს სადავო საბადოს განვითარებას და პერსპექტივაში თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ენერგორესურსებით მდიდარი თურქმენეთისთვის მთავარი გამოწვევა სარფიანი გასაღების ბაზრებზე გაზის ექსპორტის უზრუნველყოფაა. ამ ეტაპზე მას გაზის ექსპორტი რუსეთში, ჩინეთსა და ირანში შეუძლია. ახალი, მათ შორის, სარისკო მარშრუტების ძიებაც, მისი ენერგოპოლიტიკის ნაწილია, რაც  გასაღების ახალ ბაზრებზე გასვლას გულისხმობს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნების (თურქმენეთი, ყაზახეთი) მიერ ახალი საექსპორტო მილსადენების მშენებლობა ამ ქვეყნების ენერგორესურსების ექსპორტზე გავლენას შეამცირებს, რაც პერსპექტივაში მათზე ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების შესუსტებასაც გამოიწვევს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.